вторник, 5 мая 2015 г.

მაქს ვებერი - რელიგიის სოციოლოგია


ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ - მაქს ვებერი

მთარგმნელები ნინო ფირცხალავა და ემზარ ჯგერენაია


ისტორიის უნივერსალურ პრობლემებს თანამედროვე ევროპული კულტურული სამყაროს პირმშო, ევროპელი ადამიანი, უცილობლად და სრული უფლებამოსილებით განიხილავს იმ კუთხით, თუ გარემოებათა რა გადაჯაჭვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ სწორედ დასავლეთის ნიადაგზე და მხოლოდ აქ იჩენს თავს კულტურის მოვლენები - თუნდაც როგორც ეს ჩვენ სურვილისამებრ წარმოგვიდგენია - რომელთა განვითარება უნივერსალური მნიშვნელობისა და ვარგისიანობის მიმართულებით წარიმართა.



   მხოლოდ დასავლეთში არსებობს "მეცნიერება" განვითარების ისეთ სტადიაში, რომელსაც ჩვენ "ვარგისად" მივიჩნევთ. ემპირიული ცოდნა, სამყაროსა და სიცოცხლის პრობლემების გააზრება, ფილოსოფიური და აგრეთვე უღრმესი თეოლოგიური ცხოვრებისეული სიბრძნე - თუმცაღა, სისტემატური თეოლოგიის სრულყოფილი განვითარება, ელინისტური ზეგავლენაგანცდილი ქრისტიანობისთვისაა ნიშანდობლივი (რისი ჩანასახები მხოლოდ ისლამში და რამდენიმე ინდურ სექტაში თუ მოიპოვება) - უაღრესად სუბლიმირებული ცოდნა და დაკვირვება, სხვაგანაც, პირველ ყოვლისა: ინდოეთში, ჩინეთში, ბაბილონში, ეგვიპტეში არსებობდა. მაგრამ ბაბილონურ და ყველა სხვა ასტრონომიას აკლდა ის მათემატიკური დაფუძნება, რაც ამ მეცნიერებას მხოლოდ ელინებმა შესძინეს - ეს მით უფრო გასაოცარს ხდის ბაბილონელების მოძღვრებას ციურ სხეულთა შესახებ. ინდური გეომეტრია არ შეიცავდა რაციონალურ "დამტკიცებას", რაც თავის მხრივ ელინური სულის პროდუქტია, რომელმაც ასევე პირველმა შექმნა მექანიკა და ფიზიკაც. უფრო მეტად დაკვირვების განხრით განვითარებულ ინდურ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს აკლდა ანტიკურობაში ჩასახული და შემდეგ რენესანსის არსებით პროდუქტად ქცეული რაციონალური ექსპერიმენტი და თანამედროვე ლაბორატორია, შესაბამისად, ინდოეთში ემპირიულ-ტექნიკურად მაღალგანვითარებულ მედიცინას არ გააჩნდა ბიოლოგიური და განსაკუთრებით კი ბიოქიმიური საფუძველი. რაციონალური ქიმია, გარდა დასავლეთისა უცნობია ყველა სხვა კულტურული რეგიონისათვის. მაღალგანვითარებულ ჩინურ ისტორიოგრაფიას აკლია თუკიდიდესეული პრაგმატულობა. მაკიაველის ყავს წინამორბედნი ინდოეთში. მაგრამ სახელმწიფოს შესახებ აზიაში არსებულ ყველა მოძღვრებას აკლია არისტოტელესეული სისტემურობის ანალოგი და საერთოდაც რაციონალური ცნებები. სამართლის რაციონალურ მოძღვრებას, მიუხედავად ჩანასახოვანი ნიშნებისა ინდოეთში (მიმამსას სკოლა), მიუხდავად ყოვლისმომცველი კოდიფიკაციებისა, განსაკუთრებით წინა აზიაში, და მიუხედავად ინდური და სხვა სამართლის წიგნებისა, ყველგან აკლია რომაული და მის ნიადაგზე გაწაფული დასავლური სამართლის მკაცრი იურიდიული სქემები და აზროვნების ფორმები. სამართლის ისეთ ფორმას, როგორიცაა კანონიკური სამართალი, იცნობს მხოლოდ დასავლეთი.





წიგნის შინაარსი

პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება

კონფესია და სოციალური დაფენიანება

კაპიტალიზმის "სულისკვეთება"

ლუთერისეული მოწოდების კონცეფცია. გამოკვლევის მიზანი

ასკეტური პროტესტანტიზმის პროფესიული ეთიკა

საერთო ასკეზის რელიგიური საფუძვლები

ასკეზა და კაპიტალისტური სულისკვეთება

მსოფლიო რელიგიათა სამეურნეო ეთიკა

შუალედური დაკვირვება

მაქს ვებერის ბიოგრაფია






წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში

რესურსი 2


        



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий