понедельник, 22 июня 2015 г.

რა არის პირველქმნილი ცოდვა?


მოდით ცოდვის მესამე მნიშვნელობაზე ვილაპარაკოთ. ერთია სიტყვა, მეორე კი მისი მნიშვნელობა, რომელიც აი, რას უკავშირდება: ცოდვას ადამიანის ბუნების იმ დაზიანებასაც უწოდებენ, რომელიც პირველ წინაპართა ცოდვის შედეგად წარმოიშვა. პირველწინაპრებმა პირველებმა შესცოდეს, დაარღვიეს რჯული და მცნება. მე კვლავ მოვიყვან პატარა ანალოგიას, რომლის მოყვანაც მჩვევია ხოლმე: გემიდან მყვინთავი წყალში ეშვება მილით, საიდანაც მას ჟანგბადი მიეწოდება. . . და აი, მყვინთავს ფსკერი ძალიან მოსწონს- სილამაზე, მარჯნის რიფები, ათასნაირი თევზი. ზემოდან კი მილს ექაჩებიან და ახსენებენ, რომ დაბრუნების დროა. მყვინთავი აღშფოთებულია-„რატომ უნდა ვიყო ვინმეზე დამოკიდებული, მე ხომ თავისუფალი პიროვნება ვარ“,- და იმისათვის, რომ აღარ შეაწუხონ, დანით მილს ჭრის. წარმოგიდგენიათ ამას რა მოჰყვა? -ნამდვილი საშინელება (კოშმარი), ადამიანმა სიცოცხლესთან კავშირი გაწყვიტა, რადგან ამ მილის მეშვეობით მისთვის აუცილებელი ჟანგბადი მიეწოდებოდა. ცოდვამ გაწყვიტა კავშირი ღმერთსა და ადამს შორის.

რა მოსდის ადამიანს ამის შემდეგ? სული ეხუთება, კარგავს ცნობიერებას და ბოლოს, თუ მის გადარჩენას დავაყოვნებთ ე. წ. შეუქცევადი პროცესები დაიწყება და ადამიანი ფუნქციონირებას შეწყვეტს.
აი, აქაც ერთგვარი შეუქცევადი პროცესი მოხდა: ღმერთთან ადამიანის კავშირის გაწყვეტის შედეგად ადამის პირველქმნილი ბუნება დაზიანებისკენ შეიცვალა. წმინდა მამათა მემკვიდრეობაში ადამიანურ ბუნებაში წარმოშობილი ეს შეუქცევადი პროცესები სხვადასხვაგვარად იწოდება: ბუნების დაზიანება, ღვთის ხატის დაზიანება, პირველქმნილი ბუნების დარღვევა, ცოდვა–ადამის ცოდვიდან ბუნების ცოდვა წარმოიშვა.
ანუ რას ნიშნავს ცოდვა? ცოდვა ეს დაზიანებაა და ამ დაზიანებასაც ცოდვა ეწოდება. როგორია ეს ცოდვა? რა კავშირი აქვს მას ადამის შემდგომ კაცთა მოდგმასთან? – შთამომავლობით გადადის. ბავშვები ადამის ხატად და მსგავსად იბადებიან. დაზიანებული ბუნებისგან კვლავ დაზიანებული ბუნება იბადება. როგორც კი მუტაცია ჩნდება, უკვე მთელი შემდგომი შთამომავლობა ამ თვისებით იბადება. გახსოვთ ჰაბსბურგების ტუჩი? საკმაოდ დიდია და ყველა ჰაბსბურგი ამ ტუჩით იბადება, ძალიან საინტერესოა მათი მოდგმის პორტრეტების ცქერა. აქ ადგილი აქვს მუტაციას და ამიტომ ყველა ასეთი იბადება.
ასევეა ამ შემთხვევაშიც: მოხდა სულიერი მუტაცია და მთელი კაცობრიობა, ადამის ყველა შთამომავალი ამ შთამომავლობითი სენით, ამ შთამომავლობითი ცოდვითა და დაზიანებით იბადება. განა ამის გამო ადამის შთამომავლები დამნაშავენი არიან? ან პასუხს აგებენ ამ ცოდვისთვის? რათქმა უნდა არა: უდანაშაულოები არიან და არც პასუხს აგებენ. დამნაშავეები არიან, რომ სასიკვდილო სენით არიან დაავადებულები? არ არიან, მაგრამ მაინც კვდებიან. რატომ? ეს ხომ სასიკვდილო ავადმყოფობაა. ადამიანს არ მიუძღვის ბრალი იმაში, რომ ეს სენი სჭირს, მაგრამ კვდება. ადამი იყო დამნაშავე (ცოდვილის მნიშვნელობით), მან დაარღვია რჯული სამოთხეში, უგულვებელყო ღვთის ნება და ჩაიდინა ცოდვა (ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობით). ადამის ყველა შთამომავალი კი ამ დაზიანებით იბადება, მაგრამ ამ დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის, ადამის პირველი საქციელის გამო დამნაშავენი არ არიან და სინდისის ზნეობრივ კანონს პირველწინაპრებისგან პირველი ურჩობის შედეგად მემკვიდრეობით მიღებული დაზიანებისაგან გამომდინარე არღვევენ.
სამწუხაროდ, პირველქმნილი ცოდვის საკითხი (ტერმინი „პირველქმნილი ცოდვა ‘’ დასავლეთის ღვთისმეტყველებმა ადამის და ევას პირადი ცოდვის აღსანიშნავად შემოიღეს, რომლითაც, მათი განმარტებით, ღმერთი უსაზღვროდ შეურაცხყვეს და რომლის გამოც დანაშაული ყოველ მის შთამომავალს ეკისრება), განსაკუთრებით დასავლურ ღვთისმეტყველებაში, წმინდად სქოლასტიკური პოზიციიდან განიხილება. ძალიან ბევრია მასში იურიდიზმის, კერძოდ კი დამნაშავეობის ელემენტი შეტანილი. ასეთი საღვთისმეტყველო მსჯელობების შედეგია რწმენა, რომ ადამიანი კი არ უნდა შეიცვალოს და ვნებებთან ბრძოლის პროცესში მიუახლოვდეს ღმერთს, არამედ ღმერთს სჭირდება შეცვლა, რათა საკუთარ თავში მრისხანებას სძლიოს და მთელი რიგი ,,მისი მაამებელი მოქმედებების“ მეშვეობით, რომლითაც ადამიანს სურს, ვითომ განრისხებული ღმერთის გულის მოლბობა, მრისხანება მოწყალებით შეცვალოს. უცვლელი რჩება ადამიანი, მაგრამ თურმე ღმერთი უნდა შეიცვალოს, რაც საბოლოო ჯამში ღვთის უცვლელობის შესახებ წმინდა წერილის მოწმობას არ შეესაბამება:,, რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს“ (1ინ.4,8) ვინაიდან ,,იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13,8) ,,რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი, და არა ვიცვალები და თქუენ ძენი იაკობისნი.“ (მალ. 3,6) და ,, ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების. მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ-იქმნის და შვის სიკუდილი. ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ. “ (იაკ. 1, 13–17)
სინამდვილეში კი ეკლესიის წმინდა მამებს პირველქმნილი ცოდვის რაობის შესახებ იმდენად მრავალრიცხოვანი გამონათქვამები აქვთ, რომ ეს საკითხი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს.
წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: „ პირველწინაპართა ცოდვა მათი ბუნების დაცემულობაშია, კერძოდ მათ ვნებასა და მატერიალურისაკენ მიდრეკილებაში. “
აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ნათქვამია: „ დაცემის ტვირთს და შედეგს უშუალოდ ცოდვას კი არ ვუწოდებთ, როგორებიცაა მაგალითად: უკეთურება, ღვთის გმობა, მკვლელობა, სიძულვილი და სხვა, რომელიც ადამიანის ბოროტი გულიდან წარმოდგება, არამედ ცოდვისადმი მიდრეკილებას.“
მნათობი ეგნატე ბრიანჩანინოვი იმის შესახებ, მაინც რა იყო ცოდვით დაცემის შედეგი, ამბობს: „ ჩემი არსების შემადგენელი სხვადასხვაგვარი ნაწილები:გონება, გული და სხეული დანაწევრებულები და გათიშულები არიან, შეუთანხმებლად მოქმედებენ და ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ღვთისთვის საძულველი წუთიერი თანხმობით მაშინ მოქმედებენ, როცა ცოდვას ემსახურებიან.“ (1905 წ.გამოცემა ტ.II,გვ 22)
აი, რას წერენ წმ. მამები იმის შესახებ, თუ რა არის „პირველქმნილი ცოდვა“. სხვათა შორის, ეს ტერმინი „პირველქმნილი ცოდვა“ გვიანდელია, სქოლასტიკურია, წმინდად დასავლური წარმოშობისაა, ვინაიდან წმინდა წერილი და მამები ცოდვაზე ლაპარაკობენ როგორც დაზიანებაზე, არანორმალურობაზე და ა. შ.
აი რას წერს ამის შესახებ იოანე ოქროპირი (IV საუკუნე) : „ სწორედ ადამის ურჩობის ცოდვა იყო საყოველთაო დაზიანების მიზეზი.“
მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: „ ასე რომ ცოდვა ადამიანის ბუნებაში ადამის დანაშაულის მეშვეობით შემოვიდა, ხოლო ცოდვის მეშვეობით კი–ვნებიანობა .“
ციტატა არქიმანდრიტ ანტონის დოგმატური ღვთისმეტყველებიდან: „პირველქმნილი ცოდვის“ სახელწოდება ადამიანის თანდაყოლილ დაზიანებასა და ბუნების სრულ ხრწნას გულისხმობს.“ (არქიმანდრიტი ანტონი. მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება. მოსკოვი. 1852წ. გვ. 129)
მღვდელი მალინოვსკის დოგმატური ღვთისმეტყველებიდან: „მაგრამ ადამის შთამომავლები, მათი შეგნებითა და თავისუფლებით, ადამის ცოდვიან საქმეში არ მონაწილეობდნენ, ამიტომაც ადამის შთამომავლებში მემკვირეობით ცოდვადაც ადამის ცოდვიანი საქციელი და ამ საქციელის მათთვის ცოდვად შერაცხვა კი არ უნდა ვივარაუდოთ, არამედ ბუნების ცოდვიანი მდგომარეობა. “ (მღვდ. ნ. მალინოვსკი . მართლმ. დოგმ. ღვთისმეტყველება 4, 2 სტავროპოლი 1903, გვ, 341, 346 ) – ხედავთ, ის ხაზს უსვამს,რომ არ შეიძლება ადამის ცოდვა ადამის შთმომავლებს შევურაცხოთო. რადგან შთამომავლებში ცოდვიანობა (amartia) მემკვიდრეობითია და ბუნების თანდაყოლილი თვისებააო.
ამის შესახებ ძალიან კარგად ლაპარაკობს ღირსი მაქსიმე აღმსარებელი თავის ორმოცდამეორე პასუხში აბბა თალასესადმი. აბბა ეკითხება: „როგორ უნდა გავიგოთ წერილის გამოთქმა, მან (მამამ)(ქრისტე), რომელმაც ცოდვა არ იცოდა, ჩვენთვის ცოდვად აქცია, ქრისტეს ცოდვას რატომ უწოდებს? “ მაქსიმე აღმსარებელი პასუხობს: „ძველ დროში როცა ადამში ბუნებრივი გონების ნება ხრწნილებას დაექვემდებარა, მაშინ მასთან ერთად გაიხრწნა ბუნებაც, რომელმაც უხრწნელობის მადლზე უარი განაცხადა. მაშინ წარმოიშვა პირველი და გაკიცხვის ღირსი ცოდვა ანუ ნებელობის მოწყვეტა სიკეთიდან ბოროტებისკენ; პირველი ცოდვის მეშვეობით კი წარმოიშვა მეორეც, რომლის გაკიცხვაც არ შეგვიძლია: ბუნების შეცვლა უხრწნელობიდან ხრწნადობისკენ, რადგან ღვთაებრივი მცნების დარღვევის შედეგად პირველ წინაპარში ორი ცოდვა წარმოიშვა (ყურადღება მიაქციეთ, ერთი კი არა ორი): ერთი გაკიცხვის ღირსი, ანუ ჩვეულებრივი ცოდვა როგორიცაა ურჩობა; მეორე კი, რომლის მიზეზიც პირველი იყო, და შეუძლებელია რომ გაკიცხულ–იქნას,– ბუნების დარღვევა. პირველი სიკეთეზე ნებაყოფლობით უარისმთქმელი ნებელობისგანაა, მეორე კი ბუნებისგანაა იმ ნებელობის შედეგად, რომელმაც უკვდავება უნებურად უარყო.“ (ქმნილ. წიგნ. 2. გვ. 110).
ასე რომ, აქედან გამომდინარე, ცოდვის მესამე გაგება (მნიშვნელობა), რომელსაც შემდგომში დასავლურმა ღვთისმეტყველებამ „პირველქმნილი“ უწოდა, სხვა არაფერია თუ არა, ადამიანური ბუნების დაზიანება, რომელიც ადამის საქციელის გამო დანაშაულს არ გულისხმობს, არამედ დამოუკიდებელი და მემკვიდრეობითი თვისებაა და რომლის წყალობითაც ადამიანი დაბადებიდანვე ცოდვისკენაა მიდრეკილი, ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობით და გაგებით. აი ასეთია ცოდვის ეს სამი გაგება.
წმინდა ანტონი დიდი წერს: „ღმერთი სახიერი, მიუკერძოებელი და უცვალებელია. თუკი ვინმე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის უცვალებლობას ჭეშმარიტად აღიარებს და აკურთხევს, მაინც გაურკვევლობაშია, რომ ის (ღმერთი), რომელიც ასეთია, როგორღა შეჰხარის კეთილთ და ბოროტთაგან კი პირს აბრუნებს,ცოდვილებზე მრისხანებს, ხოლო როცა ნანობენ, მათდამი მოწყალებას ავლენს? ამიტომ ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უგუნურება იქნებოდა გვეფიქრა, რომ ადამიანთა საქმეები ღმრთაებისთვის ან სასიკეთოა ან ცუდი. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს კი არავის აყენებს, ვინაიდან ყოველთვის ერთი და იგივეა. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, რადგან ღმერთს ვემსგავსებით, მასთან ურთიერთობაში შევდივართ, ხოლო როცა ვბოროტდებით, იმის გამო რომ ღმერთს აღარ ვგავართ, მას ვემიჯნებით.როცა სათნოდ ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, გაბოროტებულნი კი მისგან მოკვეთილებად ვიქცევით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ჩვენს მიმართ მრისხანება ჰქონდა, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები ღმერთს ჩვენში გაბრწყინების საშუალებას არ აძლევენ და მტარვალ დემონებთან გვაკავშირებენ. ხოლო შემდგომ თუკი ლოცვებითა და ქველის საქმეებით ცოდვებისგან განხსნას მოვიპოვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს გული მოვულბეთ და შევცალეთ, არამედ იმას, რომ ამგვარი მოქმედებებისა და ღვთისადმი მიქცევის მეშვეობით ჩვენში არსებული ბოროტებისგან განვიკურნეთ და კვლავ მოგვეცა საღმრთო მადლის გემოსხილვის უნარი. ასე რომ იმის თქმა, თითქოს ღმერთი ბოროტთთაგან პირს აბრუნებსო, იგივეა, რომ ვთქვათ: მზე უსინათლოებს ეფარებაო.“ წმ. ანტონი დიდი. სათნოებათმოყვარეობა. ტ. 1. წმ. სერგის წმ. სამების სახელობის ლავრა. 1993 წ.გვ.90.
 ალექსი ოსიპოვი


წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий