понедельник, 22 июня 2015 г.

დეკანოზი თამაზ ლომიძე: არ დაიჯეროთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ღმერთის ნებაა



დეკანოზი თამაზ ლომიძე: “როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და შეგნებულ ქრისტიანულ ცხოვრებას ვიწყებდი, ზოგიერთი მეც მასწავლიდა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ღმერთის ნებაა და ამიტომ, საჭირო არ არის ფიქრი და ზრუნვა მათზე. მათი თქმით, თუ მორწმუნე ხარ, არაფერზე არ გჭირდება ზრუნვა, რადგან ყველაფერი თავისით ანუ ღმერთის ნებით მოხდება და ჩვენი ჩარევა საჭირო არ არის. ეს იმ საშინელ 90-იან წლებს დაემთხვა და ცხოვრების რაღაც ეტაპზე მეც დავიჯერე ეს “მომხიბვლელი” მიდგომა. ამის გამო, ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ძვირფასი დრო დავკარგე უმოქმედობაში. დღეს, როცა კიდევ მესმის ხოლმე ასეთი ქადაგება, მინდა ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვუთხრა: ასე ფიქრი არის ხიბლის მდგომარეობა. არ დაიჯეროთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ღმერთის ნებაა და თქვენ არაფერზე არ ხართ პასუხისმგებელი!
არ დაიჯეროთ, რომ ყველაფერს მხოლოდ ღმერთი მართავს ზეციდან და თქვენ თქვენი ადამიანური, აქტიური ნება არ უნდა გქონდეთ!
ღმერთი ყველგან მყოფი და ყოვლისშემძლეა, მაგრამ თქვენს თავისუფალ ნებაში და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაში არ ერევა. გაიხსენეთ მთავარი საფუძველი მართმლადიდებლობისა: ქრისტეს პიროვნებაში არსებული ორი ბუნება და ორი ნება – ღვთაებრივი და კაცობრივი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მისი ადამიანური ნება არ შერწყმია ღვთაებრივს ანუ სხვა სიტყვებით: ღვთაებრივ ნებას არ გაუუქმებია ადამიანური ნება.
მთელი სახარება მაგალითია იმისა, რომ ქრისტეს ჰქონდა საკუთარი ადამიანური ნება, რომელიც სრულ ჰარმონიაში იყო ღვთაებრივთან. შესაბამისად, თუ ქრისტეს ვბაძავთ ქრისტიანები, რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენს რწმენასთან ერთად აქტიურად გამოხატული ადამიანური ნება, რომელიც ჩვენს სარწმუნოებასთან იქნება სრულ ჰარმონიაში. ღმერთის რწმენა არ ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც ადამიანი, შენი ადამიანური ნებით და სურვილებით აღარ არსებობ.
ღმერთის ნება არ არის გაუსაძლისი გაჭირვება, შიმშილი, გლოვა და მწუხარება, უსამართლობა და ჩაგვრა, ავადმყოფობა და სხვა მრავალი ამქვეყნიური უბედურება. თუ ჩვენ ჩაგვრის, გაჭირვების და შიმშილის მსხვერპლი გავხდით, ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ღმერთის ნებაა და გულ-ხელი დავიკრიფოთ, არამედ უნდა დავსხდეთ და აქტიურად ვიფიქროთ, გავაანალიზოთ, ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამის დასაძლევად. შემთხვევით არაფერი ხდება. ბევრი რამ ჩვენი საკუთარი ან სხვა ადამიანების ცოდვებისა და შეცდომების გამო გვემართება, ხოლო ზოგიერთი რამ, მაგ. ავადმყოფობა, ჩვენი ნაკლული მატერიალური ბუნებიდან გამომდინარეობს.
ეს რომ ასეა, წმ. პავლე და წმ. იაკობ მოციქულები გვიდასტურებენ: „ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დათესავს, იმასვე მოიმკის“ (გალ. 6,7) და ასევე: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი სურვილებით ცდუნდება და წარიტაცება.“ (იაკ. 1,13-15)
იცხოვრეთ და დატკბით (თუ ეს შესაძლებელია) დღევანდელი დღით, იმედიანად და შიშის გარეშე იფიქრეთ და დაგეგმეთ მომავალი. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ როგორც კი “გამორთავთ” გონებას და შესაბამისად “გათიშავთ” თქვენს საკუთარ ნებას, იმ წუთიდან დიდი საშიშროების წინაშე დგახართ.
ყოვლადმოწყალე ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!”
დეკანოზი თამაზ ლომიძე, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, – ყველაფერი, რაც ხდება, არ არის ღმერთის ნება! – 29 მაისი, 2015 წელი.



წყარო





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий