среда, 17 июня 2015 г.

,,ყოვლისმცოდნე” მოძღვრები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები



“განაგდეთ ყველა შიში და გულისმოსაგები ცრურწმენა, რომელთაც სუსტი ჭკუა მონურად ფეხქვეშ ეგება. დაე, თქვენ გხელმძღვანელობდეთ გონება, მიანდეთ მას ყოველი ფაქტი, ყოველი აზრი. ნუ შეგეშინდებათ, ეჭვქვეშ დააყენოთ თვით ღმერთის არსებობაც კი, რადგან, თუ ის არსებობს, მაშინ მას მეტად მოეწონება გონების სინათლე, ვიდრე ბრმა შიში”, _ ტომას ჯეფერსონი, ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, “აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის” ავტორი
შესავალი

ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი სიყვარული და ჩვენზე ზრუნვა მხოლოდ გულით შეიძლება შეიგრძნო და ირწმუნო. შესაბამისად, იდეალურ პირობებშიც კი, წარმოუდგენელია ღმერთის არსებობაში ადამიანს ეჭვი არ შეგეპაროს.
თუ აქვე დავუმატებთ: თანამედროვე სამღვდელოთა უკიდეგანო ამპარტავნებას და უპირობო უცთომელობას, მათ წრეში გავრცელებულ მომხვეჭელობას, მოძღვრების XXI საუკუნისთვის მიუღებელ მოთხოვნებს (“დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა!”) და ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ, რასისტულ განცხადებებს, მორწმუნეთა რიგებში გამეფებულ ფარისევლობას, _ შეუძლებელია არ აღშფოთდე კიდეც, არ დაგებადოს მრავალი კითხვა. მაგალითად, რა კავშირი აქვს ამ “ყოვლისმცოდნე კრებულს” “მართალ სარწმუნოებასთან”, ღმერთთან? რამდენად საჭიროა ამგვარი შუამავლები უზენაესთან?!
ნუთუ, უფალი მართლა იმისთვის არსებობს, რათა გვაიძულოს, მონაწილეობა მივიღოთ გაუგებარ რიტუალებში და მოვუშვათ გრძელი წვერი, ყოველ მოსახვევსა თუ გორაკზე ვუშენოთ მას უსახური ბეტონის ტაძრები და გაუთავებლად ვუგროვოთ შესაწირი, ვუკეთოთ დიდი და პატარა მეტანიები, ვიქადაგოთ რუსი ოკუპანტის სიყვარული და “მასონური” ამერიკის დაძირვა, გაშმაგებით ვეძებოთ სამარხვო “ბარამბო” თუ კატლეტი, საათობით ვიკითხოთ უმრავლესობისთვის გაუგებარი არქაული ტექსტები? ვის სჭირდება ასეთი გარეგნული, მხოლოდ წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე დაფუძნებული, “ტაძრული” რწმენა? ნუთუ, ჩვენ მხოლოდ “მიწიერი ღმერთების” ნებას ვასრულებთ და მეტი არაფერი? მაშ, რატომ ვდუმვართ, “ცოცხალი კერპების” გვეშინია?
I. ვის და რისთვის სჭირდება “ტაძრული რწმენა”
პასუხი კითხვაზე: რა მიზნით იყენებდნენ “მიწიერი ღმერთები” ადამიანთა გულწრფელ სწრაფვას სიკეთისადმი, სინანულისადმი _ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში თვით დიდმა ილიამ გასცა: “...დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი საკუთარი სტომაქისთვის იღვწის და საკუთარი სარგებლის დევნაშია გართული. მხოლოდ ორიოდ პირი მოსჩანს ჩვენს სამღვდელოებაში ისეთი, რომელსაც ქვეყნისადმი ძველთა მამამთავართა გულმტკივნეულობა აქვს შემორჩენილი და რომელთა არსებობაც გვათქმევინებს: ჯერ კიდევ მსახურნი მართალთა ღმერთის-მსახურებისა არ წარსწყმედილან ჩვენშიო”. წმ. ილია (მართალი) ჭავჭავაძე (VI, 171-172).
   შეგახსენებთ, იმხანად საქართველოში მოღვაწეობდნენ კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, “დიდი დეკანოზი” _ დავით ღამბაშიძე და მრავალი სხვა. დავსვამ მორიგ რიტორიკულ კითხვას: რაღას უნდა ველოდოთ დღეს _ 70-წლიანი კომუნისტური ათეიზმისა და შემდგომი სამოქალაქო ომის განუკითხაობის, გაუნათლებლობის პერიოდის შემდეგ?
პოსტსაბჭოური ოცი წლის უკიდურეს სასოწარკვეთაში, ჩვენ სულის მანუგეშებელი ნავთსაყუდელი და ერის გამაერთიანებელი დოქტრინა გვწყუროდა. ეკლესიას უამრავი ხალხი მიაწყდა, მისმა გავლენამ საყოველთაო ხარისხი შეიძინა. იმხანად ათასობით გაუნათლებელმა, საეჭვო მორალისა და რეპუტაციის მქონე ადამიანმა რელიგიის, ეკლესიის მეშვეობით იპოვა საკუთარი თავი, იშოვა საქმე და შემოსავლის წყარო. მათ შეავსეს და გაამაგრეს კომუნისტების მიერ შელახული იერარქიული პირამიდა, ააშენეს უამრავი რკინა-ბეტონის აკლდამა, სადაც საბჭოური მენტალობითა და “ღვთის სახელით” შეუდგნენ კომუნისტური იდეოლოგიის რწმენით ჩანაცვლებას. “მასწავლებლების” მიერ “პრავოსლავიეს” მიხედვით ინტერპრეტირებული “ღვთის სიტყვა”, გარდა საქართველოს ავტომატური “გაბრწყინებისა”, გულისხმობდა საბჭოურ-რუსული მტრის ხატების დანერგვასა და დასავლეთის დემონიზაციას. წარმოიშვა გაქვავებულ დოგმებსა და წეს-ჩვეულებებზე დამყარებული “ახალი ქრისტიანობა” _ რელიგია სიყვარულისა და თავგანწირვის გარეშე, ავტორიტეტებისადმი უკრიტიკო, მონური მორჩილებით, ორმაგი ფარისევლური სტანდარტებით _ ერთის აღიარებით ეკლესიაში და მეორეს კეთებით გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ე.წ. “ტაძრული” რწმენით.
ისე, რომ ვთქვათ, დიდი და გასაკვირი არც არაფერი მომხდარა… განმეორდა უძველესი “ბაბილონის კოშკის” ამბავი _ ღვთის ნების ადამიანურით ჩანაცვლება …და “ცოცხალი კერპების” მიერ გაუნათლებელი, დაბეჩავებული მასის დამორჩილება.
…გავიდა დრო _ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა, საზოგადოება განვითარდა, ბევრმა საკუთარი თვალით იხილა დასავლეთი, აიწია ინფორმირებულობისა და განათლების დონემ _ შესაბამისად, თითქოს შეიცვალა მოთხოვნებიც… უხეშ და “ყოვლისმცოდნე” მოძღვრებს კი მრევლი მხოლოდ მოემატა. ეს გარკვეულწილად შეიძლება საბჭოეთიდან გადმოყოლილ უკრიტიკო აზროვნების ინერტულობასაც დავაბრალოთ. ამას გარდა, ადამიანები მაინც დადიან ეკლესიაში, რათა არ მოსწყდნენ საზოგადოებას, არ დაიმკვიდრონ ურწმუნოსა თუ ათეისტის “სამარცხვინო” სახელი, ხოლო თუ გავითვალისწინებთ “მართალი მორწმუნეების” აგრესიულობას, ბევრს უბრალოდ ეშინია და ერიდება ზედმეტ პრობლემებს.
II. მორწმუნის “ევოლუცია”
ეკლესიური ცხოვრების დასაწყისი ხშირად ემთხვევა ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ცხოვრებისეულ პრობლემებს, გასაჭირს. შემდეგ ადამიანი ექცევა ტაძრის დიდებულების, ძველი ფრესკებისა და ხატების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ტყვეობაში, მას ხიბლავს გალობა და საიდუმლო წეს-ჩვეულებები, მღვდელმსახურთა მდიდრული სამოსი, ის აღფრთოვანებულია რელიგიური სასწაულებით, ეკლესიურ გადმოცემათა გმირული პათოსით და თავგანწირულ მოწამეთა ცხოვრებით, მას მოსწონს, რომ თანაზიარია ეროვნული იდეის, რაღაც განსაკუთრებულისა და ამაღლებულის.
თუ აქვე დავუმატებთ ჩვენში გავრცელებულ საბჭოურ ინფანტილიზმს, ყოველივე გასაგებია _ ბავშვები ხომ ჭეშმარიტი “თეოლოგები” და მეოცნებეები არიან და... ასეთებად შეიძლება დარჩნენ ცხოვრების ბოლომდე.
ასეა თუ ისე, დროთა განმავლობაში ეკლესიაში მისული მორწმუნე შეუძლებელია, არ დაფიქრდეს, არ გაუჩნდეს ეჭვი და მრავალი კითხვა. ხშირად, ეს ნაკლებადაა ბრძოლა კრეაციონიზმსა და ევოლუციონიზმს შორის, უფრო მეტად ეს რელიგიურ ტექსტებში მოთხრობილის ან გადმოცემებისა თუ აშკარა ცრურწმენებისა და რაციონალიზმის შეტაკებაა.
აბა, რამდენად წარმოსადგენია, რომ ადამიანი არ დაფიქრდეს, როგორ მოხდა და რამდენად რეალურია უბიწო ჩასახვა?.. როგორ უნდა განხორციელდეს საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა?..
ჩვეულებრივ, ჩვენს საზოგადოებაში ამ კითხვების დასმაც კი უზრდელობად შეიძლება ჩაგითვალონ, ასე მოქცევა ხომ მიუღებელია! და რატომ?! პასუხი ცხადია _ რადგან მოპასუხე მხარეს არ გააჩნია რაიმე რაციონალური ახსნა და შენ მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებ. ასე ხდება ამ კითხვების მიჩუმათება, მიჩქმალვა. ამ მეთოდს ორი შედეგი მოჰყვება: პასუხგაუცემელი კითხვები, კრიტიკულად მოაზროვნე გონებაში მეტ ეჭვს ბადებს, ხოლო ინერციული, ინფანტილური ტვინი _ დევნის და ივიწყებს მათ. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი განაგრძობს ფიქრს… დასაწყისში მორწმუნეს ჰგონია, რომ ის ლოცვით მალე გადააადგილებს მთებს, მოახდენს სასწაულებს, ხოლო მარხვითა და ასკეტიზმით გააკვირვებს ჯერ მრევლს, შემდეგ კი მთელ სამყაროს! შედეგი კი აყოვნებს...
ლუის კეროლის ზღაპარში “სარკის გავლით” ალისა ბავშვური უშუალობით სვამს კითხვას: “რისთვისაა საჭირო ღმერთი, თუ ის არ ახდენს სასწაულებს და არ პასუხობს ლოცვებს?”.. აი, რისთვის! რადგან ლოცვით ნატვრის აღსრულება სულ უფრო ეფემერული ხდება, ხოლო მოსალოდნელი სასწაული ჰიპოტეტური, მორწმუნეს ეკლესიის წიაღში დასარჩენად უკვე სხვა დასაყრდენი სჭირდება და მას უმალ ახალ ყავარჯენს სთავაზობენ კიდეც _ ესაა სხვაზე უპირატესობის განცდა, ხიბლი, ამპარტავნება!
III. აღმატებულობის განცდის დამათრობელი სურნელი
უპირატესობის შეგრძნება დაფუძნებულია ისტორიულ-რელიგიურ მითებზე და ის ყოველდღიურად იკვებება “ქურუმების” ქადაგებებით. “უძველესი გადმოცემებით” წარმოებს ისტორიის თვითნებური გადაკეთება, წარსულის ზღაპრულად გაზვიადება და ჰეროიზაცია. მასების უკრიტიკო გონებაც ამ ზემოდან მოწოდებული წარმოსახვითი უპირატესობის ქართული მითებით ტკბება. ასეთია: ხალხის სიამაყით და უსაფუძვლო მნიშვნელოვნების განცდით, რასობრივი უპირატესობის ზღაპრებით, მხოლოდ “რჩეული ერისთვის” სასუფევლის მუდმივად “ღია კარის დღით” და დანარჩენი ცოდვილი მსოფლიოს ჩაძირვითა თუ ჯოჯოხეთში ამობუგვით, _ “თრობის” ტექნოლოგია. მოძღვრების მიერ დანერგილი ეს უპირატესობის განცდა ხშირად, დასაწყისში მაინც, შეიძლება გაუცნობიერებელიც იყოს, ის თანდათან, შეუმჩნევლად ეპარება რიგით ადამიანს.
მიწიერმა კერპებმა შეითავსეს ზეციური ღმერთების ფუნქცია, იქცნენ ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე არსებებად, რომლებიც აქვე, დედამიწაზე არიგებენ ზეციური სასუფევლის საგზურებს ან სჯიან მთელ ერებს! ასე გადააქციეს ღმერთი საკუთარი აღმატებულობის წარმოსაჩენ ობიექტად. ახლად გამომცხვარ “მუდამ მართალ მორწმუნეებსაც” წესად ექცათ, ჩვევად გამოუმუშავდათ, აგრესიულად ამტკიცონ საკუთარი უპირატესობა. “ქურუმების” კვალდაკვალ, მხოლოდ მათ იციან ჭეშმარიტება, თითქოს მეტნი არიან რაღაცით შენზე და პრივილეგირებულთა კლასს _ ღვთაებრივ საიდუმლოს ნაზიარებ კასტას წარმოადგენენ! მახსენდება ჩემი მოძღვარი, რომელიც ისეთი აპლომბით საუბრობდა ღმერთზე და დარწმუნებით პასუხობდა დასმულ კითხვებს, თითქოს წმინდა სამების თათბირიდან ახლად დაბრუნებული იყო.
აი, ასეთია მთავარი მოტივი და მიზეზი დღევანდელი მათი რწმენისა _ უპირატესობის განცდა! ჩვენ, დანარჩენები _ “უგუნურები”, “უწმინდურები”, “უვიცები” და “ამორალურები” ვართ!
ასე ადვილად, უშრომლად, მეტანიებითა და ლოცვებით, განათლებისა და კითხვის ავლით, სიყვარულისა და მოყვასისთვის თავგანწირვის გარეშე გახდნენ ისინი უპირატესნი. სწორედ ეს აღმატებულობის განცდა ათრობს ამ ადამიანებს და ამავდროულად, რადგან დასმულ კითხვებზე მისაღები პასუხები კვლავ არ გააჩნიათ, “მთვრალი” მორწმუნეები ღიზიანდებიან და აგრესიულები ხდებიან.

არ შეიძლება, მტკიცე რაციონალური არგუმენტები ჰქონდეს ღმერთის არსებობას! მაშ, რით დაგიმტკიცოს, თუ არა ყვირილით, გინებითა და მუშტი-კრივით?
ამის უფლებას მათ აღმატებულობის კასტობრივი მორალი აძლევს _ ჩვენ ხომ არ ვთვლით ამორალურად ღორის დაკვლას, ან ცხენის გაშოლტვას…
ასეთია ამ ეიფორიისა და თრობის ნარკოტიკული ეფექტი. შედეგიც სათანადოა _ მითოლოგიური, ანუ ზღაპრული, ანუ მხოლოდ წარმოსახვითი დიდება!
P.შ.
დღეს, გარდა წინ წასული დარვინისეული ევოლუციონიზმისა, არსებობს და ვითარდება მეცნიერების ისეთი დარგები, როგორიცაა _ პალეონტოლოგია, არქეოლოგია, ასტრონომია, გეოლოგია. მუზეუმებში რეალურად ვხედავთ დინოზავრების ჩონჩხებსა და პირველყოფილი ადამიანების თავის ქალებს, ვამჩნევთ ამ ფაქტების ბიბლიურ ტექსტებთან აშკარა შეუსაბამობას _ დედამიწის არსებობის არა ათასობით, არამედ მილიონობით წლების შესახებ.
ასტრონომია გვამცნობს, რომ მანძილი უახლოეს გალაქტიკამდე მილიონი სინათლის წელია... დავფიქრდეთ _ მილიონი სინათლის წელი უახლოეს გალაქტიკამდე! სინათლის სიჩქარე უდრის 300 000 კმ/წამში, ანუ ეს უახლოესი გალაქტიკა ჩვენგან დაშორებულია იმდენი კილომეტრით, რამდენ წამსაც იტევს ერთი წელი და დამატებით გამრავლებული 300 000!!! ყოველივე კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მტვრის ნამცეცი ვართ კოსმოსური აფეთქებით წარმოქმნილ მილიარდობით ნატეხს შორის… და ესაა უახლოესი გალაქტიკა. ასეთი გალაქტიკები გაცილებით შორსაა და რაოდენობითაც ურიცხვია!.. ასე რომ, შეგვიძლია ვაღიაროთ _ ჩვენი ცოდნა უზომო “შავ ხვრელებსა” და გალაქტიკის უსასრულობაში იკარგება... ვინ რა იცის ამ სამყაროს შესახებ?! რა თქმა უნდა, არავინ _ არაფერი! ზოგიერთი მხოლოდ იჩემებს, რომ იცის.
ამიტომ, მე მირჩევნია სოკრატეს კვალდაკვალ ვაღიარო _ “მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი” და თუ მაინცდამაინც რაიმე ჯგუფთან კუთვნილებაზეა, მიჯობს, აგნოსტიციზმის პოზიციებზე დავრჩე. ვიცი, მეტყვიან, ღმერთი გონებით არ შეიცნობა, ის მხოლოდ გულით შეიძლება ირწმუნოო. დიახ, ვიცი, ვეთანხმები კიდეც, და მაინც, მე მირჩევნია, რომ გონება და გული ასეთ შეურიგებელ წინააღმდეგობაში არ იყოს ერთმანეთთან.
დიდი და მნიშვნელოვანიც არაფერი მოხდება, მე ხომ მხოლოდ ერთი, რიგითი მტვრის ნაწილაკი ვარ ამ უკიდეგანო გალაქტიკაში და სხვა არაფერი... თუმც, ისიც ცხადია, რომ ცალკე ნაწილაკი ანარეკლია მთელი სამყაროსი და ეს უმნიშვნელო, მიკროსკოპული ნატეხი შესაძლოა, იტევდეს კიდეც მას. ხოლო თუ ოდესმე მის წინაშე წარვდგები და ის მკითხავს, რატომ არ ვირწმუნე, მე ბერტრან რასელთან ერთად მივუგებ: “ძალიან ცოტა მტკიცებულებაა, უფალო, ძალიან ცოტა მტკიცებულება”, _  და შემდეგ დავსძენ: “...მით უმეტეს, უფალო, თუ გავითვალისწინებთ “ყოვლისმცოდნე” მოძღვრებს და უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს”. ეგაა სულ, რის თქმაც მინდოდა.
გაზეთი "პრემიერი", ზურაბ ოდილავაძე. 2011, სექტემბერი



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий