четверг, 28 мая 2015 г.

ლაშა ოთხმეზური - სტალინი ინტელექტუალი




რადიო თავისუფლებაზე ჩემი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი ვინმე რატი შავგულიძემ დადო: „კი მართალია სტალინი უწიგნური იყო და ბეცი მაგრამ მაინც.." და ამგვარად მიმითითა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე „სტალინი, მკითხველი კაცი“. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არცერთი ფაქტი, რომელიც ლევან ბერძენიშვილს მოჰყავს ამ ლექციაში, არ შეესაბამება სინამდვილეს, - სტალინი მწიგნობარი, სტალინი უფრო დიდი ჯალათი ვიდრე ჰიტლერი, სტალინი კიროვის მკვლელი და ა.შ. , - მე აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი ლევანის დასკვნას: წიგნი არ აკეთილშობილებს ადამიანს. პირიქით, ისტორიაში ბევრია მაგალითი, როცა წიგნი ნორმალურ ადამიანს დიდ ბოროტმოქმედად ხდის. თუმცა ეს ნაკლებად ეხება როგორც ჰიტლერს, ასევე სტალინს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ლექციას „სტალინი, მკითხველი კაცი“. თვით ბატონი ლევანი ლექციის დასაწყისში საიმონ საიბეგ მონტეფიორეს ახსენებს და მის წიგნს, ახალგაზრდა სტალინს იშველიებს, როგორც ინფორმაციის წყაროს. სამწუხაროდ, მონტეფიორემ კრიტიკული მიდგომის გარეშე გამოიყენა სტალინის ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე არსებული მოგონებები - ე.წ. საბავშვო ლიტერატურა - და აქედან დაგვიხატა პორტრეტი ინტელექტუალი ყაჩაღისა, რომელიც
გ. რუბლიოვი: "ი.ბ. სტალინის პორტრეტი". 1935
გ. რუბლიოვი: "ი.ბ. სტალინის პორტრეტი". 1935
თან პლატონს კითხულობდა ორიგინალში და თან ბანკებს ქურდავდა. სანამ ინტელექტუალ სტალინზე ვისაუბრებდე, უბრალოდ ვახსენებ, რომ სტალინი ყაჩაღი არ ყოფილა და 1907 წლის ივნისში თბილისის გახმაურებული „ექსპროპრიაცია“ მისი მოწყობილი არ იყო: 5 წელია, რაც გამოქვეყნებულია არქივის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ სიმონ ტერ-პეტროსიანს, მეტსახელად კამოს, ექსპროპრიაციის ორგანიზებაზე პირდაპირი შეთანხმება ლენინთან ჰქონდა დადებული და სტალინი არანაირ როლს მასში არ ღებულობდა. (ეს მითი მაინც ძალზედ სიცოხლისუნარიანი აღმოჩნდა და წიგნიდან წიგნში მოგზაურობს. სულ ბოლოს იგი ვნახე პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორ სტივენ კოტკინის ახლახან გამოსულ სტალინის ბიოგრაფიაში.
თავის საჯარო ლექციაში ბატონი ლევანი სტალინის ბიბლიოთეკაში არსებულ და წაკითხულ 20 000 ტომზე საუბრობს.
კითხვა 1: ზოგადად ძალუძს ადამიანს თავის სიცოცხლეში 20 000 წიგნი წაიკითხოს?
საფრანგეთის აკადემიურ წრეებში იტალიელ უმბერტო ეკოს, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ერუდიტს, „სტახანოველ მკითხველად“ მოიხსენიებენ, რადგან, როგორც თვით უმბერტო ეკო ამტკიცებს, ის კვირაში 5 წიგნს კითხულობს, რაც ნიშნავს რომ მას 20 000 ტომი ჯერ კიდევ არ წაუკითხავს (77 წელი დასჭირდება ამ რაოდენობის წიგნების წასაკითხად).
თვით სტალინის ბიბლიოთეკაში არის მხოლოდ 397 წიგნი. მკითხველს ამ ბმულებზე შეუძლია სტალინის ბიბლიოთეკა დაათვალიეროს:

1) Опись 3. Книги из библиотеки И.В. Сталина с его пометками

2)  Книги из библиотеки И.В. Сталина с его пометками
მიუხედავად ბატონი ლევანის მტკიცებისა, ამ 397 წიგნში რადიო თავისუფლების მკითხველი (განსხვავებით ჰიტლერის სამჯერ უფრო დიდი ბიბლიოთეკისაგან) ვერ ნახავს ვერც გერმანული და ვერც ინგლისური მხტვრული ლიტერატურის კლასიკოსებს. 397 ტომში მხატვრული ლიტერატურის ნაკლებობა კომპენსირებულია ლენინის (72 ტომი), მარქსის და ენგელსის (13 ტომი), თვით სტალინის (25 ტომი), ტროცკის, კაუცკის, პლეხანოვის, ბოგდანოვის, ბუხარინის და სხვა მარქსისტების ნაწარმოებებით. სულ მარქსისტული ლიტერატურა ბიბლიოთეკაში 200 ტომზე მეტი წიგნითაა წარმოდგენილი. სტალინის ბიბლიოთეკაში მრავლად არის ასევე წიგნები ომზე, ავიაციაზე და რუსეთის და საქართველოს ისტორიაზე. რუსეთის და საქართველოს ისტორია სტალინს განსაკუთრებით აინტერესებდა, რადგან მასში ხედავდა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტს. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ის ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია ივან ტოლსტოის სამიოდე, ლევ ტოლსტოის და სალტიკოვ-შჩედრინის თითო-თითო ნაწარმოებით.
ჯუღაშვილისთვის, როგორც ჭეშმარიტი ბოლშევიკისთვის, ვისთვისაც ლიტერატურას მხოლოდ უტილიტარული მნიშვნელობა ჰქონდა, წიგნების ასეთი კრებული ტიპური იყო. სიმარტივე და ხელმისაწვდომობა, простота и доступность - აი, ორი ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელსაც სტალინი იყენებდა თავისი მხატვრული იდეალის აღსაწერად.
კითხვა 2: ზოგადად, 397 წიგნი სახელმწიფოს მეთაურის ბიბლიოთეკაში დიდი ციფრია თუ პატარა?
სტალინი დღეში ღებულობდა 50-ზე მეტ დოკუმენტს. ეს გახლდათ დადგენილებები, დადგენილებების პროექტები, რომლებსაც ჯუღაშვილი რედაქტირებას უკეთებდა. იგი ასევე ყოველდღიურად ღებულობდა უცხოური პრესის მიმოხილვას, მოსკოვში აკრედიტირებული ჟურნალისტების სტატიებს. სტალინი ხშირად თვითონ უკეთებდა რედაქტირებას გაზეთ „პრავდის“ მოწინავე სტატიებს. კოლექტივიზაციის დროს ამ ზღვა დოკუმენტებს ემატებოდა ყოველდღიური ინფორმაცია ხორბლის დამზადებაზე, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს - ყოველდღიური ინფორმაცია ესპანეთიდან, დიდი ტერორის დროს - სხვადასხვა პირების დაკითხვების აქტები, ხოლო 1938 წლის თებერვლიდან - ყოველდღიური ინფორმაცია ავიამრეწველობაზე. თუ ამას დავუმატებთ დროს, რომელსაც სტალინი უთმობდა თათბირებს ან რეგულარულ ღამის ვახშმებს და კინოფილმების ყურებას ვიწრო წრეში (მაგალითად, ფილმი „ჩაპაევი“ მან 38-ჯერ ნახა 1934-1936 წწ-ში), გასაგები ხდება, რომ ჯუღაშვილი ვეღარ იცლიდა კლასიკური ლიტერატურის წასაკითხად.
მაშ საიდან მოდის მითი სტალინ ერუდიტზე ან სტალინ ინტელექტუალზე? პასუხი მარტივია, იოსებ ჯუღაშვილმა თვითონ შექმნა ეს მითი: 1947 წელს სტალინის ბიოგრაფიის რედაქტირებისას, რომელიც 13-მილიონიანი ტირაჟით გამოვა, იოსებ ჯუღაშვილი ასეთ წინადადებას დაამატებს:„ოსტატურად ასრულებდა რა პარტიის და ხალხის ბელადის ამოცანებს და გააჩნდა რა სრული მხარდაჭერა მთელი საბჭოთა ხალხისა, სტალინს, მიუხედავად ამისა, არ ჰქონდა დიდი წარმოდგენა თავის თავზე და თავის მუშაობაში არ უშვებდა იოტისოდენა ქედმაღლობას და ნარცისიზმს“.
ამ ფრაზის ბოლო ორი სიტყვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში სტალინი აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო დებატებში ფიზიკიდან დაწყებული, გენეტიკით დამთავრებული.
თუ სტალინამდე მარქსიზმ-ლენინიზმის საასპარეზო ველი ფილოსოფიითა და პოლიტიკური ეკონომიით იწურებოდა, „მეცნიერების კორიფე“ სტალინისთვის (ეს ის ბოლო ტიტულია, რომელსაც სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი იოსებ ჯუღაშვილი თავისი თავისათვის გამოიგონებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) ეს სივრცე ვიწრო გახდება და იგი ფიზიკიდან და გენეტიკიდან დაწყებული და ლინგვისტიკით დამთავრებული ყველა დისციპლინისთვის შეეცდება დიალექტიკური მატერიალიზმის მიყენებას. იყო ეს დაბერებული გენერალისიმუს-მეცნიერების კორიფეს მხრიდან მეგალომანიის მორიგი გამოვლინება თუ იყო ნაწილი სტალინის ბრძოლისა „კოსმოპოლიტიზმის“ წინააღმდეგ? თუ, უბრალოდ, სტალინი აღარ სჯერდებოდა ფაქტს, რომ შექმნა ქვეყანა რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელი მარქსიზმ-ლენინიზმზე იყო დაფუძნებული და ამჯერად ცდილობდა, შეექმნა დიალექტიკურ მატერიალიზმზე დაფუძნებული უნივერსალური თეორია, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სტალინი არა მარტო პრაქტიკოსი მარქსისტი, არამედ აგრეთვე დიდი თეორეტიკოსი გახლდათ? ამ და სხვა შესაძლო ვერსიებზე პასუხი რადიო თავისუფლების მკითხველისათვის მიმინდვია.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий