მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, რობერტ დევრესემ მრავალი წელი მიუძღვნა თეოდორე მოფსუესტიელის საკითხის შესწავლას და მისმა შრომამ ნაყოფი გამოიღო უამრავი სტატიების(რომლებიც დაიბეჭდა ავტორიტეტულ თეოლოგიურ-სამეცნიერო ჟურნალებში) და რამოდენიმე წიგნის სახით, რის მერე ბევრი სხვა მეცნიერიც დაინტერესდა თეოდორეს საკითხით…
დევრესემ გაანალიზა იმ ფრაზების წარმომავლობა, რომელიც მეხუთე მსოფლიო კრებაზე თეოდორეს საწინააღმდეგოდ დააციტირეს, შეადარა რა ისინი ჩვენს ხელთ არსებულ მის რეალურ ნაშრომებს. იმ 71 ფრაზიდან, რომლებიც ციტირებულ იქნა მეხუთე მსოფლიო კრებაზე, 54 ქრისტოლოგიას ეხება. მართალია ყველა ფრაზის გადამოწმება ვერ მოხერხდა, რადგან თეოდორეს ბევრი ნაშრომი დღეს დაკარგულია, მაგრამ ზოგიერთის გადამოწმებამ საინტერესო შედეგები მოგვცა. 54-იდან 21 ფრაზის გადამოწმება შეუძლებელია. ფრაზები რომელთა გადამოწმებაც შესაძლებელია ესენია: 13-16, 19, 21-24, 26, 31, 33-36, 41, 42. მაგალითად ფრაგმენტი #13, რომელიც არის აღებული თეოდორეს იოანეს სახარების განმარტებიდან, აბსოლუტურად “უნაკლოა” კონტექსტის გათვალისწინებით. ფრაგმენტი #14, რომელიც აღებულია თეოდორეს მიერ ფსალმ. 8:5-ის განმარტებიდან, დამახინჯებულია. თეოდორე საუბრობს ორ ბუნებაზე, თუმცა ციტირებულ ფრაზაში ორი პიროვნება წერია. ფრაგმენტი #20-ს მიხედვით თეოდორე უარყოფდა მესიანისტურ წინასწარმეტყველებს ძველ აღთქმაში. მსგავსი რამ აბსოლუტურად შეუსაბამოა თეოდორეს მიდგომასთან, რომელიც მან არაერთხელ დააფიქსირა მის ნაშრომში “განმარტებები მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების”. ფრაგმენტი #21 ახდებს ციტირებას თეოდორეს აზრისა ფსალმუნების განმარტებიდან, რომელიც დამახინჯებულია. ფრაგმენტი #26 შეიცავს ზედმეტ ფრაზას
“domesticum Dei et amicum” ქრისტესთან მიმართებაში. ზოგადად ამ ეპიზოდში თეოდორე განმარტავს ნათანიელის მიდგომას ქრისტეს მიმართ. ეს იყო მისი აზრი, რომ ნათანიელს ქრისტე ღმერთი არ ჰგონებია და მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება წმ. კირილე ალექსანდრიელის აზრს, ვერავინ დაამტკიცებს ნათანიელი რას ფიქრობდა იმ მომენტში. თეოდორე წერს: “ნათანიელმა უწოდა რა მას ღვთის ძე, უწოდა მას არა როგორც ღმერთს არამედ როგორც ადამიანს. რამდენად უფრო მშვენიერია, როცა ადამიანი ხდება ასეთი წოდების ღირსი.” ციტირებულ ფრაგმენტებში(თუნდაც #33-ში და #34-ში) ხშირად ხდება ნათანიელის, ცენტურიონის და სხვათა აზრების თეოდორეს აზრებად გასაღება, რაც ნათლად აჩვენებს ლეონტი ბიზანტიელის “კეთილსინდისიერებას”. რაც ხდება მსოფლიო კრებაზე ციტირებულ #31-ე ფრაგმენტში, არ არის უმნიშვნელო. ფრაგმენტი დამახინჯებულია ისე, რომ ნესტორიანულ ფრაზას “secundum coniunctionem”-ს მიაწერს ჰიპოსტატურ ერთობას. რეალურად, თეოდორე იმ ფრაგმენტში უარყოფს, რომ homo secundum carnem(ბუნებით ადამიანი) არის naturaliter Deus(ბუნებით ღმერთი). ეს წინადადება კონტექსტის მიხედვით შეიძლება მართლმადიდებლურად განიმარტოს. მაგრამ ფრაგმენტ #31-ში სიტყვა “naturaliter”(ბუნებით) ორჯერ არის გამოტოვებული. ფრაგმენტ #35-ში თეოდორე უარყოფს იმას, რომ “დავითის ძე” არის “ღვთის ძე”. ეს ის შემთხვევაა, როცა თეოდორე, თავის მერვე ჰომილიაში ამბობს პრობლემატურ ფრაზას, მაგრამ სათანადოდ არ განმარტავს მას. ფაკუნდი ჰერმიანელის მიერ შემონახულ თეოდორეს განმარტებაში რომაელთა 1:3-ისა წერია: “Duae enim naturae, unum autem quiddam connexione intelligunt. Altera quidem est assumpti hominis, altera vero Dei Verbi. Concurrunt autem in unum ambae propter assumptionem, et propter adunationem, quae ex assumptione facta est, quae ad Deum habet servi forma.” რა თქმა უნდა ეს არ არის იდეალური, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლური თვალსაზრისით მწვალებლური ნამდვილად არ არის. ბატონი დევრესე ნამდვილად არ ცდება როცა ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რატომ არ იქნა ეს ფრაზა ფრაგმენტებთან ერთად ციტირებული – ფრაზების შემგროვებლებმა იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. ფრაგმენტი #36 არამარტო კონტექსტიდან არის ამოგდებული, არამედ სიტყვებიცაა შიგ ჩასწორებული. ფრაგმენტი #51 ფაკუნდი ჰერმიანელის მიერ სხვანაირად არის ციტირებული. ბერძნული ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ფაკუნდის ვარიანტს ენიჭება უპირატესობა. თეოდორე უკეთებს პერეფრაზს ცენტურიონის ნათქვამს: “მე(ც) ადამიანი ვარ” მაგრამ კრებაზე ციტირებული ფრაგმენტი შეიცავს ჩამატებას: “Cum sis homo accipiens a Deo”(ადამიანს, რომელსაც იღებ ღმერთისგან) რაც უკვე ცენტურიონსაც ნესტორიანელს ხდის, რაც სრული აბსურდია. თეოდორეს იდეა უბრალოდ იყო ის, რომ ცენტურიონი ქრისტეს ესაუბრება როგორც ადამიანს და არა ღმერთს. ფრაგმენტში კი ჩანს ისე, თითქოს თეოდორეს მიდგომა იყო ის, რომ ქრისტე ღმერთი არაა.
საბოლოო ჯამში ბატონი დევრესეს დასკვნა, რომელიც თანხმობაშია სხვა მეცნიერთა(თუნდაც პიროტის, ამანტის და ა.შ.) დასკვნებთან არის შემდეგნაირი – თეოდორეს ქრისტოლოგიურ სისტემაში არის ხარვეზები, მაგრამ ბრალდებათა უმეტესობა რაც მის მიმართ მეხუთე მსოფლიო კრებაზე გაჟღერდა უსამართლოა. კრებაზე ციტირებულ ფრაგმენტთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა გადამოწმებაც მოხერხდა, შეიცავს დამახინჯების და კონტექსტის გარეშე ციტირების მიზანმიმართულ მცდელობებს. ამის გამო, იმ ფრაგმენტების ავთნტურობა, რომელთა გადამოწმებაც ვერ მოხერხდა, ასევე დგება ეჭვქვეშ.
წყარო: documentsingeorgian
წყარო: documentsingeorgian
Комментариев нет:
Отправить комментарий