ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა
საკუთარი თავის, სახელმწიფოსა და მოყვასის წინაშე
საკუთარი თავის, სახელმწიფოსა და მოყვასის წინაშე
რუბრიკის სტუმარია გივი ლომიძე
მაკა ყიფიანი
— გამარჯობა გივი, პირველ რიგში, გაგვაცანი შენი ბიოგრაფია...
— უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემდამი ინტერესისათვის, თქვენს გაზეთში რუბრიკის სტუმრად რომ მომიწვიეთ. ჩემი მოკლე ბიოგრაფია ასეთია: 2000 წელს დავამთავრე ხარაგაულის ¹3 საჯარო სკოლა. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გადავუხდი ჩემი სკოლის საყვარელ მასწავლებლებს.
ჯერ კიდევ მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მოვინათლე. სწორედ ამ პერიოდიდან გამიჩნდა სურვილი, სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გამეგრძელებია, ასეც მოხდა. სემინარიის დასრულების შემდეგ, 2004 წელს, სწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე, რომელიც 2005 წელს, პირადი თხოვნის საფუძველზე, ორი მიზეზის გამო დავტოვე. პირველი გახლდათ ის, რომ სწავლის დონე და პროფესორები აღმოჩნდა იგივე, რაც სასულიერო სემინარიაში. დრო უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის, ვიდრე კიდევ 5 წელი აკადემიაში სწავლა. მეორე მიზეზი (რომელიც პირველთან არსებით კავშირშია) გახლდათ ის, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა აკადემიაში დავსვით რამდენიმე საკითხი, კერძოდ, სწავლის უფრო მაღალი ხარისხის, კვალიფიციური პროფესორების მოწვევის და მთლიანობაში, სამეცნიერო დონის ამაღლების შესახებ. აგრეთვე შევქმენით სტუდენტური წრე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ პრობლემებს სწავლობდა და მასზე ღიად და გამბედავად საუბრობდა. სამწუხაროდ, ჩვენი კითხვებიც და სურვილებიც (იმისათვის, რომ სასულიერო სასწავლებელში და ასევე მთლიანად ჩვენს ეკლესიაში არსებული პრობლემების მოგვარების გზები გვეძებნა, რათა უკეთესი აწმყო შექმნილიყო, როგორც სასულიერო სასწავლებელში ასევე ჩვენს ეკლესიაში) მხოლოდ სურვილებად დარჩა, რის გამოც მე და ჩემი მეგობრები იძულებულნი გავხდით, პირადი თხოვნის საფუძველზე, სასწავლებელი დაგვეტოვებინა.
— სასწავლებლის დატოვების შემდეგ, თეოლოგიის შესასწავლად, გერმანიაში გაემგზავრე. მიამბე აიხშტეტის უნივერსიტეტის შესახებ
— დიახ, 2008 წელს თეოლოგიის შესწავლა გერმანიაში, ბავარიაში, ქალაქ აიხშტეტში გავაგრძელე. აქ სწავლის პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება: პირველ რიგში, უცხოელმა სტუდენტმა უნივერსიტეტში უნდა გაიაროს გერმანული ენის ერთწლიანი კურსი. ენის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მას აქვს უფლება (იმის გათვალისწინებით, თუ ღვთისმეტყველების ცოდნის რა დონეს ფლობს, რომელსაც უნივერსიტეტი საათების რაოდენობის მიხედვით აჯამებს და საზღვრავს) სწავლა თეოლოგიის მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში განაგრძოს. მე სადოქტოროზე გავაგრძელე, რომელსაც რამდენიმე თვეში დავასრულებ.
— როგორ ფიქრობ, საქართველოში და საზღვარგარეთ რამდენად მოთხოვნადი პროფესიაა თეოლოგია. როგორია თეოლოგიური განათლების დონე საქართველოში და ევროპაში? ზოგადად, როგორ შეაფასებ საქართველოში არსებულ სასულიერო განათლების ხარისხს, ევროპაში არსებულთან?— თეოლოგიის შემეცნება, მისი აკადემიურ დონეზე შესწავლა უმნიშვნელოვანესია არა მარტო თვით ეკლესიისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოების ჰუმანიზაციისა და მისი განვითარების თვალსაზრისითაც კი, ამ მხრივ, ის მნიშვნელოვანი ელემენტია. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის, კერძოდ, გერმანიის ასეთი ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფუძვლების ძებნისას, ალბათ, პირველი ყველას მარტინ ლუთერი გვახსენდება, რომლის ბიბლიურმა, აკადემიურმა თეოლოგიურმა აზროვნებამ მისცა ბიძგი გერმანიის მრავალმხრივ განვითარებას. საქართველოს შემთხვევაში, დღეს სწორი საღვთისმეტყველო აკადემიური განათლება განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკლესიამ ისევ იპოვოს და დაიბრუნოს საკუთარი თავი წმინდა წერილში, იესოს სიტყვასა თუ წმინდა მამების აზროვნებაში; იპოვოს თავი მეორე ადამიანში — მოყვასსა თუ მტერში; ყველა ადამიანი არის ღმერთის უდიდესი, საბოლოო ქმნილება, რომელიც ღმერთს, განურჩევლად მისი ბიოლოგიური თუ ნაციონალურ-რელიგიური მონაცემებისა, ისე უყვარს, რომ მისთვის ადამიანი გახდა, რათა ის განეღმრთო და პირველსავე დიდებაში — სასუფეველში აეყვანა.
რაც შეეხება თეოლოგიური განათლების დონეს საქართველოში, სამწუხაროდ, ამ მხრივ, არც ისე სახარბიელოდ გვაქვს საქმე. დღემდე არსებული ქართული საღვთისმეტყველო სასწავლებლები დაბალი აკადემიური დონით გამოირჩევიან. ეს, დიდწილად, განპირობებულია საქართველოს საპატრიარქო სპოლიტიკით და პრიორიტეტების გემოვნების ხარისხით. საქართველოს საპატრიარქო არსებითად ხელს უშლის აკადემიური საღვთისმეტყველო განათლების განვითარებას. ხსენებული პრობლემის წინაშე მხოლოდ საქართველო არ დგას. შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიებს, მეცნიერებისადმი ერთგვარი შიში და ინერტულობა ახასიათებთ. დასავლეთში, კერძოდ გერმანიაში, თეოლოგიას, როგორც მეცნიერებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ამ მხრივ, არსებობს მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიცია, გამოცდილება, ცოდნის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვი, რაც დღეს ლოგიკურად ქმნის იმ ოპტიმალურ სივრცეს, სადაც თეოლოგიის, როგორც ერთ-ერთი მდიდარი მეცნიერული დისციპლინის, მრავალმხრივ შესწავლა ყველას შეუძლია.
— როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის სწავლება სკოლაში, რა დოზით, ფორმით ან მიმართულებით უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს რელიგიური აღზრდა... ვინ უნდა ასწავლოს რელიგია სასწავლო დაწესებულებაში? დამეთანხმები ალბათ, რომ ხშირად რელიგიას ასწავლიან ის ადამიანები, რომლებიც თავად არ არიან რელიგიურები, რამდენად გამართლებულია ასეთი დამოკიდებულება?— სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს ასეთი ტენდენცია — როცა რელიგია ისწავლება არა ისტორიულ ჭრილში, (მაგალითად, როდის წარმოიშვნენ რელიგიები, ვინ არიან მათი ავტორები, რა სწავლებას მოიცავენ ისინი) არამედ, უმეტესწილად, სკოლებში მიმდინარეობს მართლმადიდებლობის, პირდაპირი გაგებით, ქადაგება, მცდელობა იმისა, რომ არამართლმადიდებელი მოსწავლე გახადონ მართლმადიდებელი, რაც უდიდესი შეცდომა და იმთავითვე სხვა რელიგიებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ შუღლს და დაპირისპირებას ბადებს. მსგავსი ეტაპის გავლის შემდეგ, უკვე ახალგაზრდები უნივერსიტეტსა თუ მის შემდგომ, საზოგადო მოღვაწეობაში გამოირჩევიან შეუწყნარებლობით „სხვის“, ანუ უკვე მათი გაგებით „უცხოსადმი“, კერძოდ, არა ქართველის და არა მართლმადიდებელისადმი. ბუნებრივია, როდესაც საქართველოში წამყვან საღვთისმეტყველო სასწავლებლებში, სამწუხაროდ, არ არსებობს აკადემიური თუ სწორი მეცნიერული გამოცდილება, ჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოხდეს რელიგიის პედაგოგების სწორად მომზადება ან გადამზადება? ჩემი აზრით, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს რელიგიების ისტორია და არა მარტო მართლმადიდებლობა. ამისათვის კეთილი ნება კი უპირველესად საქართველოს საპატრიარქოში უნდა დაიბადოს, რათა ეკლესიაში განათლება პრიორიტეტი გახდეს, საამისოდ კომპეტენტური ადამიანები უნდა შეირჩნენ. საღვთისმეტყველო სასწავლებლის ხელმძღვანელი უნდა იყოს ნასწავლი, კომპეტენტური, აკადემიური ცოდნის მქონე პიროვნება. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი არა მარტო სკოლებში, არამედ მთლიანად საზოგადოების ყველა სპექტრში (სადაც რელიგიას რაიმე სახის შეხება და დანიშნულება აქვს) რელიგიის და რელიგიურობის ნორმალური სახით ფუნქციონირება.
— ისევ აიხშტეტის უნივერსიტეტს დავუბრუნდეთ. როგორ ხდება სტიპენდიების და გრანტების გამოყოფა უცხოელი სტუდენტებისთვის (ზოგიერთ ქვეყანაში სტიპენდიები გამოიყოფა საკონკურსო საწყისებზე ნიჭიერი სტუდენტებისთვის უშუალოდ სასწავლო დაწესებულების მიერ, შენ შემთხვევაში როგორ არის). რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები?
— დიახ, დაფინანსების მრავალი ფორმა არსებობს. ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ კერძო პირებმა გამიკვლიეს გზა დასავლეთისკენ, რომელთაც გერმანიასა და ზოგადად, ევროპაში თეოლოგია ჰქონდათ ნასწავლი. მათ მოძებნეს გერმანიაში ფონდები, რომელთაც ჩემთვის სტიპენდია გამოყვეს. თუ მაგალითად შენს სამშობლოში თეოლოგია გაქვს ნასწავლი, ფლობ თეოლოგიის დიპლომს და ქართველი ეპისკოპოსი გაგიწევს წერილობით რეკომენდაციას, ადვილი შესაძლებელია გერმანიაში სტიპენდიის მოძიება. მე სწორედ ამ გზით მოვედი დღემდე. აქვე მინდა აღვნიშნო და ისევ გავიმეორო ის სამწუხარო ფაქტი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრიორიტეტი არ არის განათლება, ახალგაზრდებზე მუშაობა. სინამდვილეში კი, ეკლესიის მომავალს, მისი ახალგაზრდა თაობა წარმოადგენს. რამდენადაც დიდ ინვესტიციებს ჩავდებთ ახალგაზრდებში, იმდენად ძლიერი ეკლესია და ძლიერი არა მარტო სამღვდელოება გვეყოლება, არამედ კომპეტენტური რელიგიათმცოდნენიც სკოლებში.
— გივი, შენ სასულიერო აკადემიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად სწავლის და სწავლების დაბალ ხარისხზე და არაკვალიფიციური კადრების არსებობაზე საუბრობ. რა შეგიძლია მიამბო აიხშტეტის სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ. ასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად კვალიფიციურ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი, რამდენად გაკმაყოფილებს სასწავლებელში სწავლისა და სწავლების დონე, აქვე მინდა ისაუბრო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე.— აიხშტეტის უნივერსიტეტის პროფესორები ძალიან მაღალი აკადემიური დონითა და კომპეტენტურობით გამოირჩევიან. აქ შეუძლებელია პირადი ნაცნობობის საფუძველზე გახდე თეოლოგიის პროფესორი, რასაც ვერ ვიტყვი საქართველოზე, სადაც საღვთისმეტყველო სასწავლებელში ლექტორად ან მის დეკანად დანიშვნის შემთხვევაში ერთადერთი წინაპირობა — ნდობა და ნაცნობობაა. სამწუხაროდ, ქართული საღვთისმეტყველო ბიბლიოთეკები ძალიან მწირია. საქართველოს ეკლესიის მხრიდან არ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და თანამშრომლობა, თუნდაც ხელნაწერთა ინსტიტუტთან, რომელიც უდიდესი საღვთისმეტყველო ცოდნის კერაა, სადაც ინახება უამრავი ქართული საღვთისმეტყველო ხელნაწერი, ძველი ქართული თარგმანები სირიულიდან, სომხურიდან, ბერძნულიდან, ყველაზე გვიან, მეშვიდე საუკუნიდან დაწყებული. მსგავს შესაძლებლობებს, რომ ასეთი დიდი საუნჯე გქონდეს და მას არ ეხებოდე, ხელიდან არ გაუშვებს გერმანიის საუნივერსიტეტო და საეკლესიო ხელმძღვანელობა. სწორედ ასეთმა უინტერესობამ, ჩვენი საკუთარი წარსულის გაკვეთილების გაუთვალისწინებლობამ, მათმა არასწორმა რეფლექსიამ და მხოლოდ განსხვავებული სასმისებით წინაპრების სადღეგრძელოების მირთმევამ მიგვიყვანა იმ სტადიამდე, რომელშიც ერიც და ბერიც ვიმყოფებით.
— სწავლის პერიოდში, სასწავლებლიდან, ალბათ, სხვა ქვეყანაშიც მოგიწია წასვლა, რამ მოახდინა მოგზაურობისას ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
— გერმანიაში უკვე 5 წელია ვცხოვრობ. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, მქონდა საშუალება სხვა ქვეყნებშიც მემოგზაურა. ვნახე რამდენიმე ქვეყანა. გავეცანი მათ კულტურას, ხალხს, საზოგადოების მოწყობის ფორმებს, იდეებს და ინტერესებს. განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან ყველაზე დიდი განცდა, რომელიც დღემდე არ მშორდება, იყო ისრაელში მოგზაურობა. ეს იყო ყველაზე დიდი სიამოვნება, მენახა ადგილები, სადაც მაცხოვარი დაიბადა, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა პალესტინაში, ქართული ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, სადაც ჩვენი წინაპრები უდიდეს რელიგიურ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდნენ. მათი იქ მოღვაწეობა არის ნიშანი იმისა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე სირიულ-პალესტინურ წიაღიდან იღებს სათავეს.
— მიამბე, როგორ ცხოვრობენ გერმანელი ახალგაზრდები, რა არის მათთვის ყველაზე პრიორიტეტული, სად და როგორ ატარებ თვისუფალ დროს?— სტიპენდია იმდენი მაქვს, რომ შემიძლია ვიარსებო. წელიწადში ერთხელ, ან საქართველოში ჩამოვიდე, ან სადმე, სტუდენტურ მოგზაურობაში მივიღო მონაწილეობა. მუშაობის უფლება მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე მაქვს. თუმცა, ყოველთვის ვერ ვსარგებლობ ამ უფლებით, რადგან დისერტაციაზე მუშაობა უდიდეს დროს და ენერგიას მოითხოვს. დრო კიდევ მკაცრი და დაუნდობელია. ყველაზე მთავარს, რასაც გერმანელ ახალგაზრდებში ვამჩნევ, არის ის, რომ ძალიან მოტივირებულნი არიან. გათვლილ დროს ძალიან სწორად იყენებენ. ცდილობენ, დღის მოკლე დროში მაქსიმუმი შეძლონ. ერთი დღეც კი არ არსებობს მათთვის მომდევნო დღეებთან ან თვეებთან კავშირის გარეშე. ისინი, დროის ათვისების კუთხით, ძალიან ფხიზელნი არიან. გერმანელები ძალიან დისციპლინირებული, ორგანიზებული, ცოდნაზე ორიენტირებული, ჰუმანური და ყურადღებიანი ხალხია. ახალგაზრდების დიდი ნაწილი უფრო ეკონომიკას და მედიცინას ეუფლება. თავისუფალ დროს, ჩემს ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად ვატარებ. საინტერესოა მათი აზრის მოსმენა, მათი კულტურის შესახებ ცოცხალი ინფორმაციის მიღება. მიყვარს მათთან ერთად ლუდის მირთმევა.
— როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს და რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური განათლება ჩვენი ქვეყნისთვის?
— თუ რუსეთში ვისწავლიდი, მაშინ უკეთესი პერსპექტივა გაჩნდებოდა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, მე კათოლიკოს პატრიარქის, წმინდა ამბროსი ხელაიას სურვილი და ხედვა შევასრულე. თქვენ იცით, რომ როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია, 1921 წელს, გერმანიის საელჩოს საქართველოში, ქართველი სტუდენტის და დღეს უკვე წმინდა მღვდელმოწამე გრიგორ ფერაძის გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნის შესახებ წერდა, აღნიშნავდა, რომ: „ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს“ (ციტატა მოყვანილია თამარ ჭუმბურიძის წერილიდან, გრიგოლ ფერაძის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. ჟურ. არტანუჯი. თბ. 2003. ნ. 11, გვ. 99.). შეიძლება ითქვას, რომ წმ. ამბროსის სიტყვები წინასწარმეტყველებას შეიცავდა და მოხდა ისე, რომ გერმანიაში და ზოგადად, დასავლეთში, უკვე რამდენიმე ადამიანი სწავლობს თეოლოგიას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს საპატრიარქო, ჩვენს ქვეყანას, ძალიან გააზრებულად რუსეთისკენ მიაქანებს. სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიაში იესო ქრისტეს ფიგურა დღემდე ბოლომდე არ გააზრებულა. ჩვენი ეკლესია, ორივე ფილტვით — ძველი აღთქმითა და რუსული „მართლმადიდებლობით“ სუნთქავს. თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ კიდეც. სამწუხაროა, რომ ევანგელიზაცია, ანუ წმიდა წერილის სწორი გააზრება, დღემდე ვერ მოხდა საქართველოში. ეს უკვე ევროპის ქვეყნებმა გაიარეს. მაგალითად, ლუთერის რეფორმაციამ განსაზღვრა გერმანიის ამ ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელსაც მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო შენატრის. თუ ევროპა და განსაკუთრებით გერმანია, დღეს, ასე ძლიერია, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეკლესიის დამსახურებაცაა. სწორედ რომ მთელი სამოქალაქო აზროვნება, ადამიანის უფლებები, სახარებისეული პრინციპების და ღირებულებების შესწავლის, მათი სწორად რეფლექსიის შუქზე დაიბადა. ალბათ, ამიტომაც ევროპულ აზროვნებაში ცენტრალური ადგილი ადამიანს უჭირავს და არა რაიმე სხვა მეორეხარისხოვან საგანს. აგრეთვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ განიცადა სხვადასხვა ქვეყნების ინტერესების გავლენა, მათი უღლის ქვეშ ცხოვრება. ამასთანავე, ჩვენ გამოვტოვეთ ბევრი რამ, მათ შორის საეკლესიო რეფორმაციები, განმანათლებლობის პროცესი. აუციელებლია, საზოგადოება უფრო წიგნიერი გახდეს. სხვა შემთხვევაში საქართველოს მომავალს ვერ ვხედავ.
— დაბოლოს, საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი, ალბათ, უფრო მეტად ფიქრობს სამშობლოზე. როგორია შორიდან ჩვენი ქვეყანა?
— სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. უნდა დასრულდეს ქართული სადღეგრძელოებით ტრაბახი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე სახელმწიფოსა და მოყვასის წინაშე.
წყარო: ახალი განათლება
Комментариев нет:
Отправить комментарий