суббота, 26 апреля 2014 г.

ზურაბ ჯაში - დამახინჯებული მართლმადიდებლობა ღრმად იდგამს ფესვებს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში




პატრიარქის საშობაო  და სააღდგომო ეპისტოლეებმა საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი სუროგატი დედების მიერ გაჩენილთ ან ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს, ასევე ქალებსა და სექსუალურ უმცირესობებს შეეხო და ისინი უარყობით კონტექსტში მოიხსენია. ბავშვები და ქალები ისევ მოექცნენ კრიტიკის ქვეშ სააღდგომო ეპისტოლეშიც, თუმცა აქ ყურადღება გამახვილდა, პატრიარქის შეხედულებისამებრ,სხვა პრობლემურ საკითხებზე, მაგალითად, აზროვნებაში უკიდურესობის მავნებლობასა და ფსევდოლიბერალების მხრიდან გაჩენილ საშიშროებაზე, რომელთაც „სურთ მოსპონ ცოდვის განცდა“. ამ ეპისტოლეებში გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით როგორი ქრისტიანობა იქადაგება დღეს საქართველოში?

„მცოცავ თეოკრატიაზე“, აზროვნების როლზე რწმენის გზაზე, ეკლესიის კრიტიკასა და კრიტიკის მიმართ არსებულ ფობიებზე გვესაუბრება თეოლოგი, ზურაბ ჯაში.


- ჩემი აზრით საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები მაინც დიდად არ განსხვავდება  ერთმანეთისაგან მათში დასმული აქცენტებით და კრიტიკის ტონითაც. საშობაო ეპისტოლე გამოირჩეოდა უფრო მეტი კრიტიკით თანამედროვე ცხოვრების ფორმებისადმი. თავიდანვე ყურადღება არის გამახვილებული ე.წ. პოსტმოდერნიზმის რელატივიზმზე: თითქოს ყველა ცდება ვისაც გამოკვეთილი პოზიცია აქვს ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. დღეს,მცდარად მიიჩნევა მხოლოდ ის პოზიცია, რომელიც განსხვავებული აზრისთვის ადგილს  არ ტოვებს და ზღუდავს მის თავისუფალ გამოხატვას. პრაქტიკულ დონეზე ეს მიდგომა  გარკვეულ სირთულეს ქმნის და სრულყოფამდე ბევრი უკლია, მაგრამ არამგონია  ზოგადად ასეთი მიდგომა მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან წინააღმდეგობაში  მოდიოდეს, რომლისთვისაც სწორედ ადამიანის თავისუფალი ნება და აზროვნების  უნარი ითვლება ადამიანში ჩადებული ღვთის ხატების გამოვლინებად.
ამავე ეპისტოლეში ასევე კარიკატურულად არის დახატული დასავლეთში სექსუალურ უმცირესობათა მდგომარეობა: თითქოს ისინი „ჰუმანიზმის აღიარებულ  წარმომადგენლებად ითვლებიან“. ჰუმანიზმის წარმომადგენლად ნამდვილად არ ითვლება რომელიმე პირი მისი სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, არამედ მისი  შემწყნარებლობით და სხვა მსოფლმხედველობის ადამიანის მიმართ პატივისცემის უნარით. ამ თვალსაზრისით საუკუნეების განმავლობაში დევნილი და ძალადობის  მსხვერპლად ქცეული სექსუალური უმცირესობის სრულუფლებიან ადამიანად აღიარება კი სწორედ რომ ჰუმანიზმის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს, რაც ასევე თანხვდება  ქრისტიანული ზნეობის უმაღლეს პრინციპებს, თუნდაც მისთვის ჰომოსექსუალური  ურთიერთობის ფორმა არსებითად მიუღებელი იყოს. აქვე ასევე საუბარია აბორტზე, ხელოვნურ განაყოფიერებისა და სუროგატი დედების ზნეობრივ  პრობლემებზე. აბორტთან დაკავშირებით, თავიდანვე ცალსახად უნდა ითქვას, რომ  ეპისტოლეში გამოხატული პოზიცია ემთხვევა არა თუ ზოგადად მართლმადიდებლური  ეკლესიის სწავლებას, არამედ ნებისმიერი აღმსარებლობის ქრისტიანულ სწავლებასაც:ჩანასახი უკვე არის ადამიანი და მისი მოსპობა დაუშევებელია. რაც შეეხება ხელოვნურ  განაყოფიერებას, ეპისტოლეში მისი კატეგორიულად დაგმობის საპირისპიროდ დღეს  სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ის ნებადართულია, მხოლოდ იმ პირობით, თუ  ამასთან არ ხდება სხვა განაყოფიერებული კვერცხუჯრედების განადგურება. დაბადებული ბავშვი კი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება „პრობლემატური“.სუროგატული დედობა ზოგადად ეკლესიებში მიუღებლად არის მიჩნეული, მაგრამ აქ ყურადღება ჩვეულებრივ მახვილდება თვითონ სუროგატი დედის მორალურ  პრობლემაზე, მისი სხეულის დროებით გამოყენებით ფუნქციაზე, რის შემდეგაც მან უარი უნდა თქვას მის ბიოლოგიურ შვილზე. მაგრამ თვითონ ბავშვის მდგომარეობა ბუნებრივია ზნეობრივად სრულიად უმანკოდ არის მიჩნეული და მისი მენტალობის სიჯანსაღეც არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.  ამიტომ, გაუგებარია, რას ნიშნავს სიტყვები: „ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ  სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.”.

ამ საშობაო ეპისტოლესგან განსხვავებით ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ამჟამინდელი, სააღდგომო ეპისტოლე, რაიმე მსგავსი სახის პრობლემურ შინაარსს ატარებდეს. ის  იწყება სიყვარულზე ქადაგებით და საუბრობს თანამედროვე სამყაროში სიყვარულის  ნაკლებობაზე, რასაც მივყავართ „საყოველთაო დაცემამდე“. მართალია, ეს სიტყვები ცოტა გადაჭარბებულად ჟღერს, მაგრამ პატრიარქის კრიტიკა თვითონ  მართლმადიდებლებსაც ეხება. შემდეგ არის მოწოდება ახალგაზრდობისადმი ღრმა  აზროვნების განვითარებისკენ და სხვადასხვა სახის ლიტერატურის კითხვისკენ. მაგრამ აქვე წერია, რომ „ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ,სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ  უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად  არ აქციონ.” ეს სიტყვები გახდა საზოგადოების გარკვეული წრეებისთვის კრიტიკის  საგანი. მე გამიჭირდება რაიმე კომენტარი გავაკეთო ამ სიტყვებში  ჩადებულ შინაარსზე, როცა ის გამოთქმულია ღრმა აზროვნებისაკენ მოწოდების კონტექსტში. ალბათ აქ  იგულისხმება აზროვნების რწმენისადმი დაქვემდებარება, რაც მოსალოდნელია  მორწმუნე ადამიანისთვის, მაგრამ რწმენისთვის უპირატესობის მინიჭებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ აზროვნებისთვის ზღვარის დადებას, არამედ პირიქით, სწორედ მის  უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც IV საუკუნის დიდი წმინდანი გრიგოლ  ღვთისმეტყველი ამბობდა, “რწმენა სრულყოფს აზროვნებას”.
- შარშან, 17 მაისის მოვლენების შემდეგ, გააქტიურდა თეოკრატიის საშიშროებასა და საპატრიაქროს დე ფაქტო მმართველობაზე საუბარი, რომ სახელმწიფო ხშირად უკან იხევს საპატრიარქოს წინაშე კანონისა და კონსტიტუციის საზიანოდ.  რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით თითქმის ერთი წლის შემდე, რა სივრეეები დაიპყრო „მცოცავმა თეოკრატიამ“?
- საერთოდ საქართველოში ეკლესიის გავლენა სახელმწიფოზე უკვე დიდი ხანია შეინიშნება, 17 მაისამდე გაცილებით ადრეც. თუმცა, ამ თვალსაზრისით 17 მაისი ალბათ მაინც გამორჩეულ თარიღად შევა ისტორიაში. ჩვენ მივიღეთ ეკლესიის სახელით  მოქმედ პირთა აღვირახსნილი ძალადობა, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ  გასაოცარი უსუსურობა გამოავლინა. ახლახანს პრემიერმა საერთოდ უარყო კიდეც ეს  ფაქტი. მიუხედავად ამისა, თეოკრატიაზე საუბარი ამ ტერმინის თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში დამკვიდრებული მნიშვნელობით მაინც  უმართებულოდ მიმაჩნია. ეკლესია არა იმდენად უშუალოდ სახელმწიფო აპარატზე  ახდენს გავლენას, რამდენადაც პირდაპირ საზოგადოების განწყობებზე და მხოლოდ  საზოგადოების, როგორც ამომრჩევლის, მეშვეობით ხდება მნიშვნელოვანი  ანგარიშგასაწევი ფაქტორი ხელისუფლებისთვის. ამ მხრივ კი მართლაც სავალალო  მდომარეობაა. დამახინჯებული და ფსევდოსულიერების სახელით ნაქადაგები  მართლმადიდებლობა უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს ქართული საზოგადოების  დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში და აფორმირებს მის  მსოფლმხედველობას, რაც გამოიხატება აგრესიულ მიუღებლობაში ზოგადად  კულტურის, მეცნიერების, ასევე დასავლური დემოკრატიული მმართველობის  ფორმებისა და ადამიანის უფლებების უნივერსალური ღირებულებების მიმართ. ამავედროს, ინერგება რუსეთის აგრესიის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება  ერთმორწმუნეობის სახელით. ეს, რა თქმა უნდა,  ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი ქვეყნისათვის არსებულ ვითარებაში.

- ხშირად ისმის საყვედური, რომ გახშირდა ეკლესიის მიმართ კრიტიკა და რომ ნებისმიერი სახის კრიტიკა დედა ეკლესიას ძირს უთხრის? მართლაც ასეთი მოწყვლადია დედა ეკლესია, რომ მას კრიტიკამ ავნოს? ან საერთოდაც მართლა მოიმატა კრიტიკამ თუ ეს მავანის ფობიებია?

- ეკლესია არსებობს უკვე ოცი საუკუნეა და მის ისტორიაში ვერ ვნახავთ შედარებით ხანმოკლე პერიოდსაც კი, როცა არ წარმოებდა კრიტიკა ან მის მიმართ როგორც ინსტიტუციისადმი და მისი რწმენისადმი (განსაკუთრებით მისი დაარსებიდან პირველი  სამი საუკუნე და ბოლო პერიოდი განმანათლებლობიდან მოყოლებული) ან მის წიაღში  ამა თუ იმ კონკრეტული უმაღლესი სასულიერო პირებისადმი. ეკლესია არის ცოცხალი  ორგანიზმი და ბუნებრივია მასში არის და უნდა იყოს კიდეც აზრთა სხვადასხვაობა,ფიქრი და მსჯელობა. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  დამახასიათებელია რაიმე სახის უცთომელობის სტატუსის მქონე ინსტიტუტის  არარსებობა. არც ერთ სასულიერო პირს არ შეუძლია განაცხადოს, რომ მისი  გამოთქმული აზრი არის საღვთო შთაგონებით ნაკარნახევი და ის არ ექვემდებარება  კრიტიკულ განსჯას. გარდა ამისა, დღეს ჩვენთან გავრცელებული ტენდენციის  საპირისპიროდ, ეკლესია არ არის მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ სასულიერო და  საერო პირების ერთობა. უფრო მეტიც, სასულიერო პირების მოვალეობა არის ემსახურონ  ერს და იყვნენ მის წინაშე ანგარიშვალდებული, რაც ასე იყო კიდეც ისტორიულად.აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც არ დგას მისი მოწოდების  სიმაღლეზე პირადი ზნეობით თუ განათლებით, არ არის მისი სამღვდელო ხარისხის   ღირსი და მისი კრიტიკა არა თუ დასაშვები არამედ სავალდებულოც არის ერისკაცის  მხრიდან. სწორედ ასეთი სასულიერო პირების სასჯელებით არის სავსე საეკლესიო კანონმდებლობა.
ჩემი დაკვირვებით, დღეს კრიტიკა ძირითადად ხდება სოციალური ქსელების  მეშვეობით, რასაც ვერ ვიტყვი ტელევიზიაზე და ბეჭდურ მედიაზე. ასე რომ, სასურველ  შედეგამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. კრიტიკის მომატებაში ალბათ გულისხმობენ ისევ  სოციალურ ქსელებს, რომლის მნიშვნელობამაც დღეს უდაოდ იმატა. ჩემი აზრით,ფობიები ე.წ. „ეკლესიის  დამცველებს“ ბუნებრივია აქვთ, მაგრამ უფრო სამწუხარო ის  არის, რომ ის ჟურნალისტებსაც არანაკლები აქვთ, რაც ხელს უშლის მათ ჩვენს ქვეყანაში  მიმდინარე ბევრი საჭირბოროტო მოვლენის ჯეროვნად გაშუქებაში.

- რელიგიის ამ პოლიტიკით, ამ სულისკვეთებით, ამ დინამიკით თუ გაგრძელდა ცხოვრება საქართველოში, როგორ მომავალს შეიძლება „გამოვკრათ ხელი"?

- მომავალი არც ისე სახარბიელო იხატება, თუ მხოლოდ ეკლესიის წარმომადგენლების  მიერ თავსმოხვეულ სრულიად არაეკლესიური იდეოლოგიის ფაქტორს  გავითვალისწინებთ. მაგრამ, ასევე, გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის სწრაფვა  ევროინტეგრაციისაკენ, რაც მოითხოვს რეფორმებს დემოკრატიზაციის მიმართულებით.თუმცა, ამ რეფორმების წარმატებული გატარება ისევ საზოგადოების მიერ მათ  მიღებაზე არის დამოკიდებული, რაც პრობლემური ხდება ამ გაბატონებული ფსევდო-მართლმადიდებლობის ფონზე. მაგრამ მე მწამს, რომ ადრე თუ გვიან ქართველი ხალხის  მნიშვნელოვანი ნაწილი შეძლებს დაუმახინჯებლად დაინახოს იმის არსი, რაც მას  ნომინალურად სწამს. შეძლებს დაინახოს მის მიერ სახელად აღიარებული   მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი არსი. ის აქვე არის, თუნდაც იმ წირვა-ლოცვაზე,  რომელსაც თითქმის ყოველ კვირა დღეს ესწრებიან, ხედავენ და ისმენენ, უბრალოდ არ  უკვირდებიან. ის არის იმ წმინდა მამების ნააზრევში, რომელთა ხატებს თაყვანს სცემენ,მაგრამ მათ ნაშრომებს არ კითხულობენ. ასეთი მდგომარეობა მაგონებს პლატონის  ცნობილ მითს გამოქვებულში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც შეკრულები მისჩერებია  გამოქვაბულის კედელზე მათ ზურგსუკან შემოსული სინათლის მიერ განათებული  საგნების აჩრდილებს, მაგრამ ვერ ხედავენ თვითონ საგნებს. საკმარისია, ისინი უკან  შეტრიალდნენ, რომ იხილავენ სინათლეს და რეალურ საგნებს. უკან მოტრიალება  ძალიან ძნელია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий