ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ საუბრისას ორი პოლარულად განხვავებული განცდა შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ეს განცდები სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში მეტნაკლებად განსხვავდება, მაგრამ ზოგადი ფორმა მას მაინც საერთო აქვს – მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ წარსულში (შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება) საუბრისას, მის მიმართ უდიდესი ნდობა და იმედი გამოიხატება, თანამედროვე ან მომავლის კონტექსტში კი – პირიქით, უდიდესი უნდობლობა და შიში.
გაუგებარია რა ლოგიკა, ან ისტორიული გამოცდილება აძლევს მომავალი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწინააღმდეგეთ იმის საფუძველს, რომ ჯერ არ შემდგარი კრება აკრიტიკონ და აპრიორი არამართლმადიდებლურად შერაცხონ. რა ჭეშმარიტებას, ან რომელ ავტორიტეტს ეყრდნობა მათი სულისკვეთება მაშინ, როდესაც ეკლესიის წიაღში – წმინდა წერილში, საეკლესიო კრებების დეკრეტებსა თუ წმინდა მამათა შრომებში, მსგავსი არაფერი იძებნება. ნებისმიერ შემთხვევაში შიში და უნდობლობა არსებობს და ჩვენი ვალია მათი პირველმიზეზების ძიება და მათში გარკვევა. ამ მხრივ, ბევრის მომცემი იქნება იმის მოკლე მიმოხილვა თუ რა წინასამზადისია გაწეული მომავალი მსოფლიო საეკლესიო, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ ყოველთა მართლმადიდებელთა (პანორთოდოქსული) კრების მოსაწვევად.
სტატია პირველწყაროებზე დაყრდნობით სპეციალურად ბლოგისთვის მომაზადეს:
გიორგი ვაჩაძემ და არჩილ მეტრეველმა
ახალი მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ საუბარი იყო ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე დაიწყო და განსაკუთრებით კი XX საუკუნის ოციან წლებში გახშირდა. თუმცა, ერთადერთი რეალური პანორთოდოქსული კრება იყო 1923 წლის საეკლესიო კრება პატრიარქ მელეტიოს მეტაქსაკისის ხელმძღვანელობით კონსტანტინოპოლში, რომელმაც დაადგინა ბევრი რადიკალური რეფორმა, მაგრამ ეკლესიის ცხოვრებაში გატარება მხოლოდ ერთის – კალენდარული რეფორმის შეძლო. მსოფლიო საეკლესიო კრების საჭიროებაზე საუბარი იყო პრესინოდალური კომიტეტის შეხვედრაზე ვატოპედის მონასტერში 1930 წელს და „მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების პირველ კონფერენციაზე“ ათენში 1936 წელს, მაგრამ არაფერი განსაზღვრული არ განხორციელებულა.
1961 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათენაგორა სერიოზულად მოეკიდა მსოფლიო კრების მოწვევის იდეას, იმავე წელს მან მოიწვია როდოსზე პირველი პანორთოდოქსული კონფერენცია, რათა მიეღოთ გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებზეც უნდა იმსჯელონ მომავალ კრებაზე. შემოთავაზებული იქნა მრავალი (ასამდე) საკითხი.
კიდევ ორი საყოველთაო მართლმადიდებლური კონფერენცია ჩატარდა როდოსზე (1963-1964 წწ.), მაგრამ მხოლოდ მეოთხე კონფერენციაზე (შამბეზი, 1968წ.) დაიწყო სისტემატიური მომზადება მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის.
როდოსზე შემოთავაზებული საკითხებიდან შენარჩუნდა მხოლოდ ექვსი და ისინი დასამუშავებლად დაინიშნა სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვის. „მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისია“ შეიკრიბა (შამბეზი, 1971წ.), რათა გამოეხატათ საერთო მართლმადიდებლური მოსაზრება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: 1. ეკონომიკა; 2. საერო პირთა მონაწილეობა; 3. მარხვის წესების გადახედვა; 4. სასულიერო პირთა ქორწინებაზე წესების შეცვლა; 5. კალენდარული საკითხი; 6. ღვთაებრივი გამოცხადება.
მომზადების შემდეგი საფეხური იყო პირველი პრესინოდალური საყოველთაო მართლმადიდებლური თათბირის მოწვევა, რომელზეც დაისახა ამოცანა შედგენილიყო საბოლოო ერთობლივი მასალა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ხუთი წელი დასჭირდა ამ კონფერენციისთვის მზადებას. ბოლო მიზნით, ქალკიდონელი მიტროპოლიტი მელიტონი 1976 წლის აპრილში და მაისში გაიგზავნა, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქის საგანგებო წარმომადგენელი ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინაშე (იხ. ეპისკეპსისი, nos 146-148, 1976წ.) მათთან ერთად პირველი წინასწარი სინოდალური კონფერენციისთვის მოსამზადებლად.
შედეგები ამ ბოლო, საყოველთაო მართლმადიდებლური კონფერენციისა დაიბეჭდა ეპისკეპსისში (1976წ. გამოცემა 158, ფრანგულ ენაზე) და მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალში (1977წ, №3, გვერდები 4-14, რუსულ ენაზე). ეს შედეგები მოიცავს სამი კომიტეტის მოხსენებებს, საერთო დადგენილებას, კომუნიკეს და ზოგიერთი იერარქის ოფიციალურ განცხადებებს.
პირველი კომიტეტისგან მოხდა საკითხთა სიის შეთავაზება, რაოდენობით ათი, მომავალი კრების დღის წესრიგისთვის და ასევე შემოთავაზებული იქნა მომზადების გაგრძელება საღვთისმეტყველო კვლევის ფორმით დღის წესრიგის საკითხებზე
მეორე კომიტეტმა განიხილა მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მთელი ისტორია და დიალოგი ანგლიკანებთან, ძველკათოლიკეებთან, „ქალკიდონამდელ“ აღმოსავლურ ეკლესიებთან, ლუთერანებთან და კათოლიკეებთან. ასევე გაკეთდა მოწოდება „დიალოგის გაფართოვებისკენ არაქრისტიანული რელიგიების წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სოციალური სამართლიანობა, მშვიდობა და ყველა ხალხის თავისუფლება“.
მესამე კომიტეტმა განიხილა აღდგომის ერთიანი თარიღის საკითხი ყველა ქრისტიანული აღმსარებლობისთვის, მოუწოდა რა კონფერენციაზე მეცნიერებათა და ღვთისმეტყველების ექსპერტებს შემდგომი ძიებისთვის.
საბოლოო დადგენილებამ და კონფერენციის კომუნიკემ, ერთხმად მიღებულმა მონაწილეთა მიერ, დაამტკიცა სამი კომიტეტის რეკომენდაციები.
მართლმადიდებლური პრესის ყველა ჩანაწერებით და შემდგომი მდგომარეობით, მართლმადიდებელი იერარქების შეხვედრა აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი საზოგადოების ლიდერები შეთანხმდებიან არა მხოლოდ წმინდა და დიდი კრების აუცილებლობაზე, არამედ იმ პერსპექტივებზეც, რაც უნდა გააცხადოს კრებამ. ერთმა ოფიციალურმა მართლმადიდებლურმა გაზეთმა გამოხატა ეს საკმაოდ გულახდილად და მარტივად: „დიდი კრება საჭიროა, რათა განაახლოს ეკლესია და მიიღოს ახალი დროის გამოწვევები“ (კარპატო-რუსული ეკლესიის მაცნე, 13 თებერვალი, 1977წ. გვ.2). კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დემეტრიოსმა თავის საშობაო ენციკლიკაში 1976 წელს, გაიმეორა ეს: „კრების მიზანი არის ქრისტეშობის მიზანი: ჰუმანურობა. ჰუმანურობა დღეს და ჰუმანურობა ყველა დროში… პირველ, საყოველთაო მართლმადიდებლურ პრესინოდალურ კონფერენციაზე ერთხმად გადაწყდა, რომ ჩვენი წმინდა ეკლესია უნდა იყოს მიმართული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისკენ, რომელიც ეხება წმინდა სამღვდელოებასა და მორწმუნეებს, განავითარებს რა საქმიანობას ქრისტიანული ერთობისთვის… და პარალელური მიმართულებით მართლმადიდებელი ეკლესია თანამშრომლობს ყველა რელიგიასთან, რათა საშობაო სახარება გახდეს სიმშვიდის რეალობა დედამიწაზე და კეთილი ნება კაცთა შორის“. გარდა ამისა „მთელი მართლმადიდებლობის ამ წმინდა და გულუხვი გრძნობის ინტერპრეტირებით… ჩვენ ვაცხადებთ და ვთავაზობთ მსოფლიო საყდრიდან, რომ მომავალი 1977 წელი იყოს წელი სრული რელიგიური თავისუფლების, შემწყნარებლობის, ყველა რელიგიის თანამშრომლობისა კაცობრიობის საკეთილდღეოდ და განსაკუთრებით 1977 წელი იყოს წელი სიფხიზლისა რელიგიური ფანატიზმის დიდი ცოდვის მიმართ… ასე რომ აღმსარებლობის სრული თავისუფლება და შემწყნარებლობა შეძლებს იზეიმოს ხოლო რელიგიური ფანატიზმი გაქრეს დედამიწაზე“ (მართლმადიდებელი დამკვირვებლები, 1977 წლის 5 იანვარი, გვერდი 1,3).
1971 წელს, შამბეზიში, „მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის“ სხდომაზე წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც იძლევა „საერთო მართლმადიდებლურ ხედვას“ ექვს თემაზე, ხოლო ეს თემები კი შეტანილია დიდი და წმინდა კრების დღის წესრიგში. ერთ-ერთი ასეთი მოხსენება, დასათაურებული როგორც „გადახედვა სულიერ დადგენილებათა, რომლებიც ეხება მარხვას, ჩვენი ეპოქის მოთხოვნილებათა შესაბამისად“, რომელშიც შემოთავაზებულია მარხვის შემდეგი განგება: ოთშაბათი და პარასკევი დარჩეს მარხვის დღეებად, ოღონდ ხსნილი ზეთითა და თევზით; აღდგომიდან ამაღლებამდე ყოველგვარი მარხვა უნდა გაუქმდეს; დიდი მარხვა სრულად დაცული უნდა იყოს პირველ და უკანასკნელ კვირებში, დანარჩენ დღეებში დაშვებული უნდა იყოს თევზი და ზეთი გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა (ისევე როგორც მიძინების მარხვაში), შობის მარხვა უნდა შემოკლდეს ორმოცი დღიდან ოც დღემდე, ხოლო პეტრე-პავლეს მარხვა რვა დღემდე; ზეთი და თევზი დაიშვება ყველა დღეს (გარდა შობის მარხვის ბოლო ხუთი დღისა) (ეპისკეპსისი, 1971 წლის 2 ნოემბერი).
მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი კომისიის ეს შემოთავაზება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საყოველთაოდ მიღებული ჯერ არ არის, მაინც საინტერესოა რა გავლენა იქონია ამ ინიციატივამ ზოგიერთ ადგილობრივ კლესიებში. კარპატო-რუსულმა ეპარქიამ ამერიკაში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი) 1977წელს გამოაქვეყნა ოფიციალური „წესები მარხვისა დიდ მარხვაზე სასულიერო პირთა და მორწმუნეთათვის (ეკლესიის მაცნე, 1977წ. 27 თებერვალი, გვ.5), სადაც აღნიშნულია: ორშაბათი, 21 თებერვალი, დიდი მარხვის პირველი დღე, ასევე 8 აპრილი და წითელი პარასკევი მკაცრი მარხვის დღეა. ამ დღეებში არ მიიღება ხორცისა და რძის ნაწარმის საკვები; ოთხშაბათი და პარასკევი არის დღეები ხორცისგან თავის შეკავებისა მთელი მარხვის პერიოდში; ხორცი არ მიიღება მთელი ვნების კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, „ვინც სულითა და ხორცით ძლიერია, ჩვენ მას ვურჩევთ მარხვის უფრო მკაცრ ხარისხს…“.
მსოფლიო საეკლესიო კრების სამზადისის შესახებ საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მეოცე საუკუნის ცალკეულ საეკლესიო მოღვაწეთა მოსაზრებები, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით ეკიდებოდნენ ამ საკითხს.
1930 წელს ღვთისმეტყველების ახალგაზრდა სტუნდენტმა, მოგვიანებით ჯორდანვილის მთავარეპისკოპოსმა ამბერკიმ (ტაუშევი) თავის მოძღვარს, რუსული ემიგრანტული ეკლესიის ღვთისმეტყველს – მთავარეპისკოპოსს თეოფანე პოლტაველს ჰკითხა „მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების“ შესახებ, რაზეც მან უპასუხა: „მერვე მსოფლიო კრების შესახებ მე ჯერ არაფერი მსმენია. მხოლოდ თეოდორე სტუდიელის სიტყვებით შემიძლია ვთქვა: „ეპისკოპოსთა ყველა ყრილობა არ არის კრება, არამედ მხოლოდ იმ ეპისკოპოსების, რომლებიც ჭეშმარიტებაში დგანან. ჭეშმარიტად მსოფლიო კრება დამოკიდებულია არა შეკრებილ ეპისკოპოსთა რიცხვზე, არამედ იმაზე, იმსჯელებს და დაადგენს თუ არა იგი მართლმადიდებლური წესით. თუ ის შორს დადგება ჭეშმარიტებისგან, ის არ იქნება საყოველთაო, თუმცა იგი თავს საყოველთაოდ გამოაცხადებს. ცნობილ „ავაზაკთა კრებაზე“ თავის დროზე იყო უფრო მეტი მონაწილე, მაგრამ მაინც არ გახდა მსოფლიო, არამედ მიიღო სახელი „ავაზაკთა კრება“. (მთავარეპისკოპოს თეოფანეს წერილები, ჯორდანვილი, 1976წ. გვ.45).
თანამედროვე პერიოდის საეკლესიო მოღვაწეთაგან აღსანიშნავია მიტროპოლიტ ილარიონის (ალფაევი) მოსაზრება, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს რა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელს უშუალოდ მონაწილეობს ამ პროცესებში და მთლიანად რუსეთის ეკლესიის პოზიციას გამოხატავს.
უპირველეს ყოვლისა, მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ მსოფლიო კრების სტატუსი, ანუ მისი უცდომელობა, საყოველთაობა და სავალდებულობა განისაზღვრება არა რაიმე გარეგნული ფორმით ან წინაპირობით, არამედ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საყოველთაო საეკლესიო აღიარების გზით. ხოლო თავად ფაქტი, რომ ერთად შეიკრიბება მრავალი ეპისკოპოსი ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან, ერთად ილოცებს და ერთად განიხილავს ეკლესიისთვის საჭირბოროტო საკითხებს, თავისთავად უმნიშვნელოვანესი და უპრეცენდენტოა.
მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განსახილველ საკითხების შესახებ საუბრისას, მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში (1961 წლიდან მოყოლებული) მათი რაოდენობა 10-მდე შემცირდა, რომელთაგან შეთანხმება მოხერხდა რვა საკითხზე, დარჩენილი ორი კი დღემდე ღიად რჩება. შეთანხმებულ საკითხთა შორისაა საეკლესიო კალენდარი, მარხვა, მეორედ ქორწინება, უცხო რელიგიებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დამოკიდებულება და სხვ. მათგან ზოგიერთი (მაგ: უცხო რელიგიებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დამოკიდებულება) დარეგულირდა საერთო კონსენსუსის გზით, ნაწილი კი (მაგ: კალენდრის და მარხვის საკითხები) ადგილობრივ ეკლესიათა კომპეტენციას მიეკუთვნა. აღსანიშნავია, რომ კრების სამზადისი იმდენად დიდ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომ ამ დროის განმავლობაში მიღებულმა დოკუმენტებმა ქმედითობა დაკარგა და არსობრივად თუ არა, ფორმულირების მხრივ მაინც მოითხოვს დახვეწას. გარდა ამისა, ცვლილება განიცადა ცალკეულ რელიგიათა და ქრისტიანულ კონფესიათა გაერთიანებების მიმართ დამოკიდებულებამ და ზოგიერთმა პილიტიკურმა პროცესმა, რის გამოც, მათთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტების პირვანდელი ფორმით დამტკიცება ასევე არ იქნება მიზანშეწონილი.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, შეთანხმების გარეშე დარჩენილი ორი საკითხი: ავტოკეფალიის (ავტონომიის) მოპოვება-მინიჭებისა და დიპტიქის საკითხები, რომელთა გადაუწყვეტელობა, განსაკუთრებით კი უკანასკნელის, თავისთავად ართულებს და შეუძლებელს ხდის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევას.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია რიგი შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებენ, რომ ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი იქნება საერთო მართლმადიდებლური, საერთო საეკლესიო ხასიათის, ანუ ვერც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია ვერ მოიპოვებს ავტოკეფალიას ყველა ადგილობრივი ეკლესიის თანხმობის გარეშე. პრობლემა, რომელიც ამ საკითხს შეუთანხმებელ რეჟიმში ტოვებს დაკავშირებულია მეორე საკითხთან – დიპტიქთან.
საქმე იმაშია, რომ, როგროც ავტოკეფალიის მინიჭების დოკუმენტი (ტომოსი), ასევე მსოფლიო საეკლესიო კრების დეკრეტი უნდა დამტკიცდეს ადგილობრივ ეკლესიათა ხელმოწერებით, რომელთა რიგითობა სწორედ დიპტიქით განისაზღვრება. დიპტიქში ადგილობრივ ეკლესიათა თანმიმდევრობა კი სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში სხვადასხვაგვარია. მაგალითად, საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიქში მეექვსე ადგილზეა, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი ეკლესიისაში კი – მეცხრეზე. შესაბამისად, გაუგებარი რჩება საქართველოს ეკლესიის რიგითი ადგილი საერთო დიპტიქში, აქედან გამომდინარე კი მისი მეთაურის ხელმოწერის რიგითობა საერთო საეკლესიო დოკუმენტებზე.
აგრეთვე, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა გადაწყვეტილების მიღების წესი. შეთანხმებულია, რომ კრება იმუშავებს მხოლოდ საყოველთაო კონსენსუსის პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ კრებაზე დასამტკიცებლად გავა მხოლოდ ის საკითხები, რაზეც არსებობს საყოველთაო კონსენსუსი. ამასთან, კრებამდე და კრების განმავლობაში გარანტირებული უნდა იყოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე.
მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ მომავალ მსოფლიო საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელ ეკლესიაში გავრცელებულია გარკვეული სახის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც თავისთავად, ან უსაფუძვლო შიშებს ემყარება, ან მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დასამტკიცებლად არ გავა არც ერთი ისეთი საკითხი, რომელიც არ იქნება წინასწარ შეთანხმებული საყოველთაო მართლმადიდებლურ დონეზე. ამასთან, ყველა დოკუმენტი წინასწარ იქნება გამოქვეყნებული საჯაროდ.
მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო კრების სამზადისის ისტორიისა და თანამედროვეობის მოკლე მიმოხილვაც კი ცხადყოფს, რომ ასეთი კრების აუცილებლობის განცდა ეკლესიაში დიდია. ასევე დიდია მოცულობა იმ წინა მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უკვე გაწეული. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ გაწეული შრომა საკმარისი ჯერ მაინც არ არის. ამ ყველაფერს აბრკოლებს, ის გარემოება, რომ გაუგებარ თეოლოგიასა და ლოგიკას ამოფარებული ადამიანები არა თუ თავად მოვლენას, არამედ მისი მიზანშეწონილობის დაშვებასაც კი ეწინაამდეგებიან. ეს ადამიანები „გამიჯნულ წმინდანთა“ პოზას რომ არ ირგებდნენ და საკუთარ ენერგიას, განათლებასა და სულიერებას ამ კრების მოსამზადებელ სამუშაოებს უთმობდნენ, მათ სიფხიზლესა და მონდომებას ეგებ აღარც კი დაეტოვა უსაფუძვლო შიშის საბაბი.
ნებისმიერ შემთხვევაში, სამზადისი კრებისთვის მიმდინარეობს. მასში ჩართულია ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე, რომელიც წარმოადგენს მაცხოვრის მისტიურ სხეულს, უფლის სასძლოს ნაწინამძღვრევს სულიწმიდით. სწორედ ეს ღმერთკაცობრივი კავშირი ერთადერთ ქრისტეს მარლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ჭეშმარიტებას, უცდომელობას და უძლეველობას ჯოჯოხეთის ბჭეთა წინაშეც კი. შესაბამისად, ეკლესიის შეცდომისა და დაღუპვის შიში მხოლოდ ურწმუნოთა თვისებაა. მორწმუნეთათვის კი ეკლესია ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე, ერთადერთი სასოებაა.
წყაროები:
Towards the “Eighth” Ecumenical Council
Митрополит Иларион (Алфеев) о подготовке Всеправославного Собора
St. Paul's Orthodox Christian Theology Centre
Комментариев нет:
Отправить комментарий