შესავალი
“უფალი მისცემს მეტყველებას იმათ, რომლებიც მახარობლობენ მრავალი ძალით” (ფს. 67,12) – ფრიად კეთილად აღმოთქვამს მგალობელი, თუმცა კი ამგვარ საქმეს უნდა ესწრაფვოდნენ არა მარტივად ნებისმიერნი, არამედ – ისინი, რომლებიც განათლებულნი არიან ზეგარდმო მადლით, რადგან “ყოველი სიბრძნეც უფლისგანაა”, როგორც ეს დაწერილია, და “ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი სრული ძღვენი ზემოდან არის გადმომავალი სინათლეთა მამისგან” (იაკ. 1,17).
მართლაც, შემაცდენელი და საზიანო ჩანს მრავალთათვის მსჯელობა ყოველთა უზენაესი არსებისა და მისეულ საიდუმლოთა შესახებ, ხოლო საფრთხეთაგან თავისუფალია მდუმარება ამათ გამო. ჩვენც ასე ვსჯით, მივაგებთ რა მდუმარებას ჯეროვანზე ბევრად მეტ პატივს, მაგრამ ის, ვინც არის ყოველთა-ზედა-ღმერთი, განგვაყენებს დადუმებისგან, რაჟამს ასე მიმართავს წმინდანთაგანს ვისმე (პავლე არის ეს წმინდანი): “იმეტყველე და ნუ დადუმდები” (საქ. 18,9). არანაკლებ ცხადია რჯულისმიერი განჩინებაც (განხშოებულ1 სახეში სულიერთა მომასწავებელი), რაც უბრძანებს საღვთო მღვდლობისკენ მოწოდებულთ, საყვირთა ხმოვანებით ამცნონ ხალხს საუწყებელი, რამეთუ, ვფიქრობ, ღმერთი, - საუკეთესო სახით მოსურნე რჯულმდებლობისა, - უმართებულოდ რაცხდა ხალხთა წინამძღვრებისათვის, რომ მათ, წერილისებრ, ხელი დაედოთ პირზე (შდრ. მსჯ. 18,19; იობ. 39,34) და იმის შიშით, რომ არავის ეფიქრა, თითქოს წინდაუხედავად ეშურებოდნენ ისინი მას, რაც აღმატებულია ადამიანურ გონებაზე, განრიდებოდნენ იმგვარ მსჯელობას, აგრერიგად რომ სჭირდებათ კეთილმოშიშებისა და ღვთისმცოდნეობის მსწავლელთ, ირჩევდნენ რა დუმილს, საზიანოს სასწავლებლად მოსულთათვის. გვაშფოთებს ისიც, რაც თქვა ქრისტეს მოწაფემ: “ნუ იქნებით მოძღვარნი მრავალნი” (იაკ. 3,1). კიდევ, გარდა ამისა, უბრძნესი ეკლესიასტეც, იგავურად წარმოაჩენს რა ამგვართა შესახებ სწავლების შემაცდენლობას, ამბობს: “ხეთა მჩეხელი საფრთხეს უქმნის თავის თავს მათგან, თუკი გადავარდება ცული; და თვით მან შეაშფოთა პირი;2 და განაძლიერებს იგი ძალებს” (ეკლესიასტე 10,9).
ეკლესიასტე, ერთი მხრივ, “ცულს” ამსგავსებს გონების სიმახვილეს, - გონებისას, რომელსაც ახასიათებს შეღწევადობა და უშინაგანესთა შიგნით შემავალობა (თუმცა კი აბრკოლებს მას რაღაცნაირად ნივთიერების სიმკვრივე და გამაგრებულობა); კიდევ, მეორე მხრივ, “ხეებს” უწოდებს იგი, უფრო სახეობრივად,3 ღვთივსულიერ წერილში შთანერგილ საჭვრტელთ,4 რომლებიც გონისეულ რამ სამოთხედ განგვიმზადებენ იმ წიგნებს, რაშიც ისინი შთამკვიდრებულად, და, ამასთან, სულიწმინდის ნაყოფიერებასაც გვანიჭებენ. ამიტომ, ვინც შეეცდება ამ გონისეულ5 ხეთა ანუ ღვთივსულიერი წერილის საღვთო და საიდუმლო საჭვრეტელთა გახსნას ძიებისა და გონების უგულმოდგინესი მოკრება-გამახვილების გზით, ამგვარი ვინმე სწორედ მაშინ დგება განსაკუთრებული საფრთხის წინაშე, როდესაც, ეკლესიასტეს თქმით, “გადავარდება ცული”, ესე იგი როდესაც გონება არ წარემართება ნაწერთა ჭეშმარიტი აზრის ანუ მართებული აღქმის შესაბამისად და იგი, - თითქოსდა პირდაპირი გზის დამტოვებელი, - მჭვრეტელობის სხვა რამ გზისკენ წარიტაცება, რაც განდრეკილია მართალი გზისგან. ამის განმცდელი “მშფოთვარებაში” აგდებს “პირს” სულისას,6 ესე იგი გულს და “განაძლიერებს” კიდეც თავისი თავის წინააღმდეგ7 უკეთურ და მოპირისპირე ძალებს, რომლებიც უღირსი და გაუკუღმართებული სიტყვებით ხიბლავენ შეცდენილთა გონებას, რადგან არ ანებებენ მას ზეაღიხილოს ჭეშმარიტების მშვენიერებისკენ, ამრუდებენ რა მრავალგვარად და არწმუნებენ კიდეც, რომ უგვანი აზრებისაკენ მიიქცეს იგი, რამეთუ “ვერავინ იტყვის: ანათემა იესუს”, თუ არა ბელზებულის მიერ (I კორ. 12,3).
ნუ იფიქრებს ვინმე, თითქოს ჩვენგან მოწოდებული განმარტება არასწორია და მხოლოდღა შემაცდენელი. მართლაც, საღვთო წერილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სჩვევია, “ხეებად” თქვას ღვთივსულიერ წერილთა საჭვრეტელნი. თვით ყოვლადბრძენი მოსეს მიერაც რაღაც ამგვარს ეუბნება ყოველთა-ზედა-ღმერთი იმჟამინდელ ადამიანებს: “თუკი გარს შემოერტყმი ქალაქს მრავალი დღე, რომ ბრძოლა გაუმართო მას და დაიპყრო იგი, ნუ აკაფავ და ნუ დაადებ ცულს მის ხეებს, არამედ მათგან ჭამე, მაგრამ ისინი არ მოჭრა. ნუთუ ადამიანია ხე, რომელიც ტყეშია, რომ ციხე-სიმაგრეში გაგერიდოს შენ? არამედ ხე, რომლის ნაყოფიც, იცი, რომ საჭმლად ვარგისი არ არის, ის მოჩეხე და მოჭერი” (II სჯ. 20,19-20).
ვფიქრობთ ყველასთვის ცხადია, რომ ზემორე ნათქვამი მიწიდან აღმოცენებულ ხეებს არ უნდა გულისხმობდეს, რადგან მაშინ არც ყოველთა-ზედა-ღმერთი შერაცხდა გამართლებულად ამ სახის რჯულდების მოცემას ჩვენთვის. ყოველ შემთხვევაში, მაინც საჭიროდ მიმაჩნია, სხვა მცნებისგანაც წარმოვაჩინო, რომ ღმერთი საერთოდ არ ზოგავს, არცთუ რაიმე ყურადღებას იჩენს ამგვართა (ხეთა) მიმართ. მართლაც, რას ბრძანებს იგი, რა უნდა აღსრულდეს ცრუ ღმერთებზე? “ბომონები მათი დაამხეთ, - ამბობს იგი, - და სვეტები მათი შემუსრეთ და სერტყები8 მათი აჩეხეთ” (II სჯ. 7,5); ამასთან, საკუთარი საკურთხევლის გვერდით მთლიანად კრძალავს ღმერთი ხეების მოშენებას, რადგან ნათლად აცხადებს: “არ დარგო შენთვის არანაირი სერტყი შენი უფალი ღმერთის საკურთხევლის გვერდით” (II სჯ. 16,21). თუ კვლავაც საჭიროა დამატებით რაიმეს თქმა, უბრძნესი პავლესებრ ვიტყვი: “ნუთუ ხეები აწუხებს ღმერთს? უთუოდ ჩვენს გამო ამბობს იგი” (შდრ. I კორ. 9,9), რადგან განხშოებულ სახეთა მიერ სულიერთა მჭვრეტელობისკენ წარგვმართავს ჩვენ. ამიტომ, იქნებ გვეთქვა კიდეც უკვე, რომ უღირს მწვალებელთა ნაწერებად უნდა გაიაზრებოდეს “ქალაქები”, რომლებიც არცთუ უნატიფო არიან ალბათ კოშკებდადგმულნი ამქვეყნიური სიბრძნითა და მრავალთხზულ აზრთა ცთომილებებით. მაგრამ ხდება ისე, რომ ამ ქალაქებს მიადგება და გარემოიცავს ანუ რაღაც სახით წრიულად გარს შემოერტყმის იმგვარი ვინმე, ვისაც უპყრია “ფარი სარწმუნოებისა და მახვილი სულისა, რაც არის სიტყვა ღვთისა” (ეფეს. 6,16-17), ვინც დაფუძნებულია სამღვდელო დოგმატებზე და მთელი ძალით ეწინააღმდეგება მწვალებელთა ცრუზღაპრობებს, ვინც, პავლეს თქმისებრ, “იღწვის, რომ დაამხოს გულისზრახვები და ყოველი სიმაღლე, ამაღლებული ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, რაჟამს მოიალაფებს იგი მათ ქრისტესადმი მორჩილებისთვის” (II კორ. 10,4). ამრიგად, როდესაც ამგვარი ვინმე (ესე იგი მხედარი ქრისტესი), როგორც ამბობს ეკლესიასტე, გონებით გარემოიცავს9 მწვალებლობათა საძაგელ ნაწერებს, ვითარცა უცხოტომთა რამ “ქალაქებს”,10 და ადგილ-ადგილ შეხვდება იქ “ხეებს”, რაც ნიშნავს, რომ იპოვის მათში, ცხადია, სიტყვებს ღვთივსულიერი მიზანდასახულობისამებრ მოხმობილთ, და ასევე დამოწმებებს ახალი აღთქმიდან, არ უნდა მიმართოს მან თავისი გონების სიმახვილე, როგორც რამ “ცული”, ამ სიტყვათა ამოსაკაფად და “მოსაჭრელად”. მართლაც, არ შეიძლება, რომ რადგან ეს სიტყვები იმათგან იქნა მოხმობილი, რომლებიც უმეცარნი არიან მართებული განმარტებისა, ამ მიზეზით საერთოდ უკუვაგდოთ ის, რაც ღვთის პირისგანაა. პირიქით, რადგან ნაყოფიერება მოაქვს მას, უმალ შემწედ და მასაზრდოებლად უნდა იყოს იგი შენთვის, რამეთუ რაჟამს სარწმუნოების მართალი აზრისკენ უკუმივაქცევთ წერილის სიტყვას, რაც ზოგჯერ უგუნურად მოიხმობა მწვალებელთაგან, არათუ რაიმეთი მოუძლურებულნი წარმოვჩნდებით ამის გამო, არამედ უმალ ვძლიერდებით მწვალებლობათა წინააღმდეგ პაექრობებში. წერილს მოაქვს კიდეც ის მტკიცებულება,11 რაც გარკვეული სახით აჯერებს მსმენელებს, რომ მათი დამცველობითი მოღვაწეობა12 უნდა წარიმართოს არა საღვთო სიტყვათა დამხობისაკენ, არამედ უმალ მოწინააღმდეგეთა უმართებულო გამონათქვამების აღმოსაფხვრელად: “ნუთუ, - ამბობს, - ადამიანია ხე, ტყეში მდგარი, რომ ციხე-სიმაგრეში გაგერიდოს შენ?” (II სჯ. 20,19; იხ. ზემოთ), რამეთუ განა, - ამბობს – იმას იფიქრებ ოდესმე, როგორც ვინმე ერესიარქთაგანი, რომ წმინდა წერილთაგან მოტანილი გამონათქვამი თავისთავადაა მიმართული ბრძოლისაკენ, და არა უმალ მწვალებელთა უგუნურების მიზეზით არის იგი გამრუდებული? ამრიგად, ნუ მოჭრიო, ამბობს, არამედ იყოს იგი საზრდოც შენთვის, “ხოლო ხე, რომლის ნაყოფიც, იცი, რომ საჭმლად ვარგისი არ არის, ის მოჩეხე და მოჭერი” (II სჯ. 20,20; იხ. ზემოთ), რადგან იმათთვის, რომლებსაც სურთ მართლაზროვნება,13 საჭმლად უვარგისია მწვალებელთა ნაწერების ნაყოფი. სწორედ მათ წინააღმდეგ უნდა აღიმართოს ცული, იქ უნდა გამოჩნდეს სულიერ ტყისმკაფავთა ძალა, მათზე უნდა გაიელვოს დამცველობითი ძალგულოვნების ნაჯახმა.
სხვაგვარმადიდებელთა ნაყბედობის უვარგისობა და უსარგებლობა საუკეთესოდ განგვიმარტა, აგრეთვე, ოსე წინასწარმეტყველმაც, რომელმაც თქვა: “თავთავს არა აქვს ძალა, რომ ფქვილი შექმნას, მაგრამ კიდეც რომ შექმნას, უცხონი შეჭამენ” (ოსე 8,7). მართლაც, ისინი, რომლებიც ცდილობენ, რომ ღვთის სიყვარულისგან გაიუცხოვონ თავი, მწვალებელთა განუსწავლელობის დედაბრულ და უძლურ მოძღვრებას ნთქავენ.
ამრიგად, ვფიქრობ, გვმართებს კვლავ მივუბრუნდეთ იმას, რასაც თავში ვამბობდით, რომ მეტად ძნელია საღვთო საიდუმლოთა განმარტება, თუმცა რადგანაც მრავალი სიტყვით დაგვარწმუნე ჩვენ,14 ჰოი უტკივილთმოყვარესო ძმაო, რომ მსხვერპლად გავიღოთ ეს ნაშრომი, როგორც რამ ბაგეთა ნაყოფი და შესაწირავი, არც ამის ქმნას დავაყოვნებ, მივენდობი რა ბრმათა ბრძენმყოფელ ღმერთს, რომელიც არანაირად არ ეძიებს ჩვენგან რაიმეს ჩვენზე აღმატებულს, პირიქით მდიდრებისებრ15 შეიწყნარებს ღარიბთა ძღვენსაც, რადგან მაშინაც კი, როდესაც იგი, როგორც რჯულმდებელი, ხართა შეწირვას უბრძანებს მას, ვისაც სურს, რომ ძღვენი მიართვას უფალს ყოვლადდასაწველ მსხვერპლად (როგორც ეს გვხვდება “ლევიტელთა” წიგნის თავში), ესე იგი მაშინ, როდესაც იგი საზომს განსაზღვრავს სახეობრივი პატივისას,16 ამავე დროს იქვე ამსუბუქებს კიდეც მას, ამბობს რა, რომ ცხვრების შეწირვა ხამს მათთვის, რომლებიც მეტის შემძლენი არ არიან. ამასთან, უთუოდ იმის მცოდნეცაა იგი, რომ მწარე და უნუგეშო სიღარიბე არც აგრერიგად მცირედის შესაძლებლობას აძლევს მავანთ. ამიტომაც ამბობს: “და შეწიროს მან გვრიტებისგან ანდა მტრედებისგან თავისი ძღვენი” (ლევ. 1,14). ამათ გარდა, პატივს მიაგებს იგი უფრო უბადრუკებსაც, რომლებიც კიდევ უფრო უმნიშვნელო ძღვენით მოდიან, რადგან ასე ამბობს: “გამტკიცული ფქვილი იყოს მათი შესაწირავი” (ლევ. 2,1); ამით, ვფიქრობ, უკვე უთუოდ ყველასთვის ადვილმოსაპოვებელ მისატანს განაწესებს იგი, რაც თვით უკიდურეს სიღარიბესაც კი არ დააწვებოდა დიდ ტვირთად, რადგან უეჭველად ზედმიწევნით უწყოდა რჯულმდებელმა, რომ უმჯობესი იყო და უკეთესი თუნდაც მცირედით მაინც ნაყოფშემწირველობა, ვიდრე ამისგან სრულიად დაკლებულობა, რომ სხვებზე ნაკლებ შემძლედ წარმოჩენის სირცხვილს არ მიეყვანა ვინმე იმგვარ აზრამდე, თითქოს არ იყო საჭირო პატივის მიგება ყოველთა მეუფისადმი.
ამათ ყოველთაგან საფუძვლიანად დაჯერებული და მერყეობის, როგორც დუმილის დამცველის,17 ჩემი გონებიდან უკუმგდებელი საჭიროდ ჩავთვლი, რითაც შემეძლება,18 პატივი მივაგო ჩემს მეუფეს და შევწირო მას (როგორც რამ “გამტკიცული ფქვილი”, ზეთით დაცვარული) მკითხველთა მასაზრდოებელი და გამახარებელი სიტყვა.
დავიწყებ კი იოანეს ნაწერით. ცხადია, მეტად დიდ საქმეს შევეჭიდები ამით, მაგრამ არ მოვუძლურდებით რწმენის გამო; ამასთან უეჭველად უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ უთუოდ შესაფერისზე ნაკლები იქნება ჩვენს მიერ თქმული და შემეცნებული, თუმცა თვით იოანეს ნაწერის დიდი სირთულე, ან კიდევ, რაც უფრო ჭეშმარიტია, ჩვენში მყოფი გონების უძლურება, ვფიქრობ, სარწმუნოს გახდის, რომ ნაკლოვანებათა გამო შენდობის თხოვნაც სამართლიანი იქნება ჩვენი მხრიდან. ვიტყვით იმასაც, რომ ჩვენს სიტყვას ყოველგან წარვმართავთ უფრო დოგმატური განმარტებისკენ და ძალისამებრ შევებრძოლებით სხვაგვარად დამმოძღვრელთა ცრუ აზრებს, თუმცა არათუ იმ ზომამდე განვავრცობთ მსჯელობას, რა ზომითაც საჭიროა ეს, არამედ განვიშორებთ რა სიჭარბეებს, შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ მარტოოდენ ის, რაც მართებულობას მოკლებული არ იქნება. ამასთან, ქვემოწარმოდგენილი მითითებები თავებზე ცხადს გახდის იმ საკითხებს, რომელთა გამოც გარკვეულწილად ვრცელი მსჯელობა გვაქვს შემდეგ. მათ ვურთავთ ციფრებსაც, რათა მკითხველმა ძალიან ადვილად იპოვოს ის, რასაც ეძიებს:
Комментариев нет:
Отправить комментарий