воскресенье, 24 мая 2015 г.

ღია წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს


თქვენო უწმინდესობავ, ამასწინათ თქვენ ბრძანეთ შემდეგი: ,,უნდა გითხრათ რომ, ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა. მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება, რაც გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, ეს იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი! მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო!“








 მაშ, ასე, ერთად გავიხსენოთ ისტორია…

1

„უგანათლებულესო მეფის ძეო, კათალიკოზო ანტონ!
საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ, საქართველოს ეკლესიაც უთუოდ უნდა შეერთებულიყო უწმინდესის და უმართებულესის სინოდის გამგეობასა. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათალიკოზის ყოფნა… ზემორე აღწერილ მიზეზთა გამო, პატივსა გცემთ რა, ყოვლად უმოწყალესად გთხოვთ, გადადგეთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობიდან…  ს. პეტერბურგი, 10 ივნისს, 1811 წ. ალექსანდრე”.

ამ წერილით მიმართა საქართველოს ეკლესიის უკანასკნელ კათალიკოს-პატრიარქს, ანტონ II-ს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ. მანამ, 1810 წლის 3 მარტს, კათალიკოსი ანტონ II, ვითომდა საქართველოს ეკლესიის საქმეების მოწესრიგების მიზნით, პეტერბურგს გაიწვიეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურად დანიშნეს ვარლამ ერისთავი და უბოძეს საქართველოს ეგზარქოსის ტიტული.
გენერალმა ტორმისოვმა პირდაპირ განუცხადა ვარლამს: „სინოდის ობერ-პროკურორი მამცნობს, რომ ხელმწიფე იმპერატორის სურვილით, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა ისე უნდა მოაწყოთ, რომ იგი დამოკიდებული იქნეს წმინდა სინოდზე”. პროექტის თანახმად, შეიქმნა დიკასტერია და საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია, ანუ გაუქმდა ივერიის უძველესი საკათალიკოსო, სიკვდილამდე კათალიკოსად არჩეულ ანტონ II-ს, დამოუკიდებელი საეკლესიო ოლქისა და მსოფლიო ეკლესიის წევრს, ჩამოერთვა ხარისხი. რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით დაარღვია 30-ე და 35-ე მუხლი მოციქულთა კანონებისა, ასევე 22-ე კანონი ანტიოქიის კრებისა, რომლის მიხედვით, რუსეთის ეკლესიას არ შეეძლო მასზე ძველ საქართველოს ეკლესიაზე განეხორციელებინა დიქტატი.
გარდა ამისა, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის მიმართ ჩაიდინა უკანონობათა მთელი წყება:
1. საქართველოს ეკლესიას ჩამოართვა ადგილ-მამულები და ეკონომიკურად წელში გატეხა იგი;
2. გააუქმა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებები;
3. გარდა კვირა და უქმე დღეებისა ან დიდი რელიგიური დღესასწაულებისა, ტაძარში ლოცვა უნდა ჩაეტარებინათ რუსეთიდან ჩამოსულ ბერებს. ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა დაიწყო სვეტიცხოვლის „რესტავრაცია” და, მისივე განკარგულებით, რუსმა სალდაფონებმა კირით გაათეთრეს სვეტიცხოვლის შიდა კედლები, რის შედეგადაც განადგურდა ბევრი შესანიშნავი ძველი ფრესკა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს უმეტესი ეკლესიების მოხატულობას;
4. საქართველოს სასწავლებლებში ქართული ენა იკრძალებოდა და სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ეგზარქოსმა პავლემ სასულიერო სემინარიებში აკრძალა ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის სწავლება. იგივე ბედი ეწია უძველეს ქართულ საგალობლებს. ანტონ II-სადმი გაგზავნილ წერილში მთავარსარდალი ციციანოვი ასე ახასიათებდა ქართულ გალობას: „ეკლესიის აქაური ქართული საგალობლები თხის კიკინს უფრო ჰგავს, ვიდრე სიმღერას, სჯობს ვასწავლოთ კიევური ნოტები”;



2


5. საქართველოს ეკლესიის მმართველებად ადგენდა ეგზარქოსებს, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა, არ იცნობდნენ ქართველი ერის ისტორიას, ტრადიციებს. რუსმა ეგზარქოსებმა და სასულიერო პირებმა გაძარცვეს ქართული ეკლესია-მონასტრები, შეცვალეს ქართლ-კახეთის ეპარქიათა სტრუქტურა. ეგზარქოსის საქმიანობის პროგრამა კარგად იყო ჩამოყალიბებული შავრაზმელ მღვდელ ვოსტორგოვის სიტყვაში: „საქართველოს ეგზარქოსს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს, რომ ის ვალდებულია, მთელი თავისი ენერგია მოახმაროს ქართველთა გარუსების საქმეს რელიგიურ საფუძველზე”.
ეგზარქოსი ფეოფილაქტი იქამდის მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავს, მაგრამ ღმერთმა აღარ აცალა და იქვე, საფლავთან ამოაძრო სული; ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა ეკლესიები და მონასტრები გაქურდა; ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა; ეგზარქოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი და მექალთანე იყო, გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი, ხატებსა და სამოსლებს ძვირფასი ქვები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასტრის სამოსლის დატაცებაში.
ეგზარქოს პავლეს კიშინიოვიდან სემინარიის რექტორად გამოაყოლეს დეკანოზი ჩუდეცკიც, რომლის მეუღლესთან ეგზარქოსს სამარცხვინო კავშირი ჰქონდა. რექტორი თბილისში სემინარიის ნამოწაფარმა ქართველმა პირადი ანგარიშის გამო მოკლა და მისი ანდერძის აგებაზე ეგზარქოსმა მთელი ქართველობა დაწყევლა. ამის გამო თავადაზნაურთა წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა 8 ივნისს 1887 წელს ეგზარქოსს წერილი მისწერა და შეუთვალა, ბოდიში უნდა მოიხადოთ ქართველი ერის წინაშეო. ამის გამო ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და მალევე პეტერბურგში გაიწვიეს საქმის გამოსაკვლევად, მაგრამ იგი მოსყიდულმა მკვლელმა მოკლა.
ეგზარქოსების მოღვაწეობის შედეგად, XIXს-ის ბოლოს ქართველების დიდ ნაწილში შეიმჩნეოდა გულგრილი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და თვით ქრისტიანული სარწმუნოებისადმი. „დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი თავისი სტომაქისთვის იღვწის და საკუთარი სარგებლის დევნაშია გართული”, – გულისტკივილით აღნიშნავდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).
3


ჩვენი ეკლესიის პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირნი ყოველთვის იდგნენ ხალხის გვერდით, მათი ერთი ნაწილი აქტიურად ჩაება 1900-1906 წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. რუსეთის ცარიზმის მიერ იდევნებოდნენ ეპისკოპოსები კირიონი და დავითი, არქიმანდრიტი ამბროსი, მღვდელი ვასილ კარბელაშვილი და მრავალი სხვა.
რევოლუციის წლებში პროგრესულმა ქართველმა სამღვდელოებამ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. თვითმპყრობელმა მთავრობამ დაარბია ავტოკეფალისტთა ყრილობა და დელეგატების ნაწილი პასუხისგებაში მისცა. დევნის მიუხედავად, 1905 წლის მეორე ნახევარში ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის მთავრობას წარუდგინა მოხსენება, რომელშიც საქართველოს ეკლესიის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტოკეფალიის გაუქმებას ასახელებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ მის აღდგენას. ამასთან დაკავშირებით 1906-1907 წლებში პეტერბურგში გაიმართა სათათბირო სხდომები. საქართველოს მხრიდან შეკრებას ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: ლეონიდე, კირიონი, ექვთიმე, პროფესორები: ა.ცაგარელი, ა.ხახანაშვილი, ნ.მარი. თათბირის მონაწილეთა უმეტესობამ, საკითხი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

4
პირველმა მსოფლიო ომმა და მომდევნო რევოლუციებმა ბიძგი მისცეს საქართველოში პოლიტიკური და ეკლესიური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 1917 წლის 27 თებერვალს რუსეთში გაიმარჯვა რევოლუციამ, დაიწყო იმპერიის რღვევა. ამავე წლის 12 მარტს მცხეთას ათასობით ადამიანი მიაწყდა. წირვის შემდეგ წაიკითხეს „ოქმი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ ცხოვრების აღდგენისა”. მეორე დღეს, 13 მარტს, ეპისკოპოსმა ლეონიდემ გადასცა პლატონს განცხადება საქართველოს ეგზარქოსობიდან მისი გადაყენების შესახებ. მცხეთის კრებამ საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ დანიშნა ეპისკოპოსი ლეონიდე.
ავტოკეფალიის განსამტკიცებლად და კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად საჭირო იყო საეკლესიო კრების მოწვევა. 1917 წლის 8 სექტემბერს 600-მდე დელეგატი შეგროვდა თბილისის სიონის ტაძარში. 17 სექტემბერს კრებამ დაასახელა ორი კანდიდატი: ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. არჩევნები ჩატარდა ფარული ხმის მიცემით და კირიონმა ლეონიდესთან შედარებით მიიღო 11 ხმით მეტი. კრებამ კირიონი არჩეულ კათოლიკოსად გამოაცხადა და უგალობა მას „აქსიოს”. ასე დასრულდა ეს ისტორიული კრება და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 107 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ავტოკეფალია.
1917 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის იმპერიაში ძალაუფლება ხელთ იგდეს ბოლშევიკებმა. დაიწყო ეკლესიისა და სარწმუნოების ტოტალური რბევა-აწიოკება.
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ხოლო 1919 წლის თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელზეც გაიმარჯვეს ათეისტურ პოზიციაზე მდგომმა „მენშევიკებმა”. ამავე დროს თავი იჩინა უთანხმოებამ კირიონსა და ლეონიდეს შორის. 1918 წლის 27 ივნისს, დილით, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე თავის საზაფხულო რეზიდენციაში, მარტყოფში, საძინებელ ოთახში, რევოლვერითგანგმირული იპოვეს. პატრიარქი დაკრძალეს 7 ივლისს სიონის ტაძარში. მარტყოფის ტრაგედია დღემდე ბურუსითაა მოცული.



5



1920 წლის 27 ივნისს სრულიად საქართველოს II საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) კათოლიკოს-პატრიარქად დაამტკიცა. 1921 წლის 11 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე აღესრულა. 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში შედგა მესამე საეკლესიო კრება, რომელმაც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და საქართველოს პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტი ამბროსი (ხელაია).
1921 წლის 25 თებერვალს ,,წითელი არმიის“ ნაწილებმა თბილისი დაიკავეს… ასედაიწყო  საქართველოს ოკუპაციის 70 წლიანი, სისხლიანი ისტორია, რომელმაც 650 000 ადამიანის სიცოცხლე  იმსხვერპლაასიათასობით უდანაშაულო მამულიშვილი კი დაპატიმრებულ და გადასახლებულ იქნა ხალხთა საპყრობილეში – ,,გულაგში“…
„დავიწყოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ, არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით, რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი”– წერდა ლენინი 1922 წლის 10 ნოემბერს ვ.მოლოტოვს. ასე დაიწყო ხელთუქმნელი ძეგლების განუკითხავი, მასობრივი, ბარბაროსული ნგრევა, ხატებისა და ძვირფასი ფრესკების განადგურება, საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიის გუმბათებიდან. გადარჩენილ ტაძრებს იყენებდნენ აბანოდ, პურის საცხობად, თავლად, სამეურნეო საწყობად.




7



1922 წელს ქალაქ გენუაში ტარდებოდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი. კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ მიმართვა გაუგზავნა დელეგატებს, რომელშიც გამოდიოდა ათეისტური საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას და საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენას.
ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მისი ბედი გაიზიარა ეკლესიის ბევრმა მსახურმა. საბოლოო სიტყვაში სასამართლოს სხდომაზე ქართველი ერის სულიერმა მამამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ აღნიშნა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – საქართველოს, ხოლო ლეშს, რაც გსურთ, ის უყავით”. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა: მიესაჯოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. 1927 წელს, 66 წლის ასაკში, ამბროსი ხელაია გარდაიცვალა. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. კომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადა: სოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციაა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში ჩატარებულმა რეპრესიებმა ეკლესიის მრავალი ღირსეული მსახურის სიცოცხლე შეიწირა. „კონტრრევოლუციური საქმიანობის” ბრალდებით დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთეოს ნიკოლაძე, დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე და მრავალი სხვა…
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში არსებობდა 1350 მართლმადიდებლური ეკლესია, 26000 კულტის მსახური, 1706 მონასტერი 1388 ბერით, 6 ქალთა მონასტერი 280 მონაზვნით. 20-30-იან წლებში კომუნისტური პარტიის მიერ ჩატარებული ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ძარცვისა და მღვდელმსახურთა ტერორის შედეგად, 1300 ტაძარი დაიხურა თუ დაინგრა. მოქმედ ეკლესიად დარჩა მხოლოდ 50. მღვდლებისა და ბერების საერთო რაოდენობა 100-მდე შემცირდა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.
P.S.
არსებობს თითქოსდა საფუძვლიანი რელიგიური არგუმენტი, რომლითაც საბუთდება შემდეგი მოსაზრება: ჩვენ, ქართველები, მოვალენი ვართ, განწირულნიც კი, ვიმყოფებოდეთ იდილიურად ძმურ კავშირში ერთმორწმუნე რუსეთთან. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ყურადსაღებია შემდეგი: არასასურველი მოვალეობის შესრულებას, თუ ის ნაკარნახევი არ არის სიყვარულით, მონობა ეწოდება, ხოლო განწირულობას, თუ ის შენთვის მიუღებელია, სასოწარკვეთა ჰქვია და მას მთელი ძალით უნდა შეებრძოლო.
ახლა კერძოდ იმ არგუმენტის შესახებ, რომელიც გვიბრძანებს, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე. რუსეთი არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელიც ზოგიერთის მიერ მესამე რომად და მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანობის მთავარ დამცველად მოიაზრება. ამიტომ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური რწმენა და ნაციონალური იდენტობა, საქართველო უნდა იყოს რუსეთთან სარწმუნოებრივ და ეკლესიურ ერთობაში. ცხადია, დასაბუთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მისაღები, თუ მას აქვს რაიმე ობიექტური და არა ემოციური საფუძველი ორი ერის თანაცხოვრების ისტორიიდან.
ჩვენ ერთად გადავხედეთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის” მატიანის მხოლოდ რამდენიმე ფურცელს. თუ დამატებით გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,  გრძელდება  ჩვენი ერის სულიერების აკვანის ხელყოფა – აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა (XIს) დაბედიის მონასტრის (Xს) ,,ხახვებიანი” გუმბათებით შემკობა, უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების (ბაგრატ III გამოსახულება) მობათქაშება, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად დავასკვათ: ,,ერთმორწუნე ძმა“ საუკუნეებია ცდილობს გააქროს ქართული მართლმადიდებლობის კვალიც კი!
თქვენო უწმინდესობავ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: როდისღა იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, როგორც თქვენ ბრძანებთ – ,,ძმური და მეგობრული“?


Skripka


პატივისცემით ზურა ოდილავაძე. 2013 წელი, ივნისი.


წყარო: ზურა ოდილავაძის ბლოგი




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий