დეკანოზი თამაზ ლომიძე: „2013 წლის 17 მაისის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ გარკვეული ნაწილი საქართველოს ეკლესიისა ასცდა იესო ქრისტეს გზას. გზა ქრისტესი არის სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, შებრალების, თავმდაბლობისა და სიმშვიდისა გზა. ამ დღეს ერის სიწმინდის და ზნეობის დაცვის სახელით შეკრებილი გააფთრებული ბერისა და ერისაგან ვერცერთი ეს სათნოება ვერ დაინახა იმედგაცრუბულმა საზოგადოებამ.
რატომ სდევნი ძალადობით განსხვავებულ, თუნდაც ცოდვილ ადამიანს?! განა ასე იქცეოდა უფალი შენი და მოძღვარი იესო ქრისტე?! განა სდევნიდა იგი ვინმეს?! იგი ხომ არ თაკილობდა მეძავებთან, მებაჟეებთან და სხვა ცოდვილებთან საუბარს და მათთან ერთად სუფრასთან ჯდომასაც კი?! იტყვიან ზოგიერთები: “ისინი მონანული ცოდვილები იყვნენ”. მაგრამ, გაიხსენეთ მებაჟე ზაქეს ამბავი. მათ შორის იესო იყო პირველი, ვინც სიყვარულით მიმართა მას და უთხრა: “დღეს შენ სახლში მოვდივარ სტუმრად”. მხოლოდ ამის შემდეგ, ამ დიდი სიყვარულის და კაცთმოყვარეობის დამნახავი ჩავარდა ზაქე სინანულში. თუ ასე აკეთებდა იესო ქრისტე, შენ, ჩვენი დროის მღვდელმსახურო, რატომ არ მიდიხარ პირველი გზააბნეულებთან და რატომ არ ჯდები შენც მშვიდად მათ სუფრასთან?! რატომ პირველი არ უწვდი სიყვარულის ხელს?! იქნებ, მათაც ზაქესავით სურვილი ჰკლავთ, რომ გაიგონ, თუ ვინ ხარ და რას ეტყვი შენ? განა როდესმე დაუშვია ძალადობა იესო ქრისტეს?! განა მან არ უთხრა პეტრეს: “ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან რომელმან აიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს”. შენც, თუ ძალადობას აიღებ ხელში, ძალადობავე დაგიბრუნდება უკან და დაგანგრევს.
ქრისტეს მღვდელმსახურო, ნუ დაგძლევს სურვილი და ხიბლი სახელმწიფო და პოლიტიკის საქმეებში ჩარევისა. ეს არ არის ქრისტეს გზა. გაიხსენე, რომ მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულებრივად დააპურა ხალხი, მოინდომეს მისი ძალით გამეფება ისრაელში. ხოლო იგი, მიხვდა რა მათ სურვილს, სასწრაფოდ განშორდა მათ და განმარტოვდა სალოცავად მთაზე. ასევე, როცა პილატემ ჰკითხა მას: “შენ ხარ იუდეველთა მეფე?”, უარჰყო და მიუგო მან: “ჩემი მეფობა არ არის ამქვეყნიური. […] მე მოვედი მხოლოდ იმისთვის, რომ დავამოწმო ჭეშმარიტება. ვისაც სწყურია ჭეშმარიტება მას ესმის ჩემი”. თუ შენი სულიერი მეუფე გაურბოდა ამქვეყნიურ ძალაუფლებას, შენც მიბაძე მას. ნუ ჩაერევი ამქვეყნიურ საქმეებში. როგორც მოქალაქემ, პატივი ეცი ქვეყნის კანონს, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ მიეცი ყველას კუთვნილი: “ვისაც ხარკი ერგება – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, საშიშარს – შიში, პატივსაცემს – პატივისცემა” და ამავე დროს, როგორც ქრისტეს მღვდელმსახურმა, სიყვარულით და კაცთმოყვარებით ასწავლე სიმართლით ცხოვრება შენს მრევლს. რადგან ვინც შეძლო სიყვარული, მან აღასრულა რჯული.
როგორც ქრისტეს ეკლესიის მღვდელმსახური ქრისტესმიერი სიყვარულით შენდობას ვითხოვ მათ წინაშე, ვინც მსხვერპლი გახდა ფიზიკური და ემოციური ძალადობის. უმორჩილესად გთხოვთ, რომ არ დაბრკოლდეთ და არ დაიჯეროთ, რომ ძალადობა ეკუთვნის ქრისტიანობას.
მოგმართავთ თხოვნით საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ჩვენს მრევლს და მათ, ვისთვისაც ძვირფასია იესო ქრისტეს სახელი და ჩვენი ეკლესიის მომავალი: საჯაროდ, ერთი წინადადებით მაინც გამოთქვით თქვენი აზრი, რომ არ ეთანხმებით ძალადობას და ყველა ადამიანთან მიმრთებაში გწამთ მხოლოდ ქრისტიანული სიყვარულის, შეგონებისა და კაცთმოყვარეობის გზა“.
დეკანოზი თამაზ ლომიძე, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი – მაისი, 2013 წელი.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий