ზელიმხან უძილაური
0.ძირითადი თავისებურებები
ფორმატიული პერიოდის ანუ XIX საუკუნის ამერიკული რელიგიოლოგიის 3 მთავარი მახასიათებელი ანუ თავისებურება:
1.ერთმანეთისგან 2 სრულიად განსხვავებული მოვლენის ანუ რელიგიის და რელიგიოლოგიის(სხვანაირად რომ ვთქვათ, რელიგიის მეცნიერების და რელიგიურ-ტრანსცენდენტული ინტერესების) არამკვეთრი გამიჯვნა, ზოგ შემთხვევაში კი მათი სინთეზი და ურთიერთგადაჯაჭვულობა, განსაკუთრებით კი ე.წ. ‘ტრანსცენდენტალისტების’ აკადემიურ მოღვაწეობაში.
2.საგნის მრავალსახელიანობა: რელიგიოლოგია ანუ რელიგიის მეცნიერება ამერიკაში სხვადასხვა სახელით მანიფესტირებდა, მაგ. როგორიცაა Natural Religion, Etnic Religions, Comparative Theologie, History of Religion, თუმცაღა ამ აკადემიური საგნის მთავარ სახელწოდებად მაინც „შედარებითი რელიგიოლგია“ – Comparative Religion(ბუკვალურად: ‘შედარებითი რელიგია’, მაგრამ იგულისხმება არა რელიგია, არამედ რელიგიის კვლევა) ფიგურირებდა. შედარებითმა მეთოდოლოგიამ სრულიად თუ არა დიდწილად მაინც დაიპყრო ამერიკის იმდროინდელი ჰუმანიტარების – თეოლოგების, ფილოსოფოსების, ფილოლოგების, ისტორიკოსების, ეთნოლოგების გონება და XIX საუკუნის მეორე ნახევარში არაერთმა ტრანსცენდენტალისტმა თავისი მეცნიერული მოღვაწეობა რელიგიის შედარებითი შტუდიების/კვლევების საუნივერსიტეტო დაფუძნებას მიუძღვნა.
3.ამერიკაში რელიგიის კვლევების ანუ ჩვენი კონცეფციის თანახმად, რელიგიოლოგიის და თანამედროვე ინგლისურენოვანი სახელწოდებით, ‘რელიგიის შტუდიების'( Religious Studies) წინამორბედებად აღიარებული 2 ქალბატონი პროტესტანტულ-ლიბერალური წრიდან, ესენია: Hannah Adams(1755-1832) და Lydia Maria Child(1802-1880).
1.წინამორბედების კონკრეტული ღვაწლი
ანა ადამსმა 1784 წელს გამოაქვეყნა მონემუნტური შრომა View of Religious Opinions, რასაც მოგვიანებით, მე-4 გამოცემიდან Dictionary of Religions ეწოდა. რელიგიურ მოძღვრებათა ეს წარმატებული კომპენდიუმი სხვადასვა რელიგიებს მათივე თვალსაზრისების, თვითწარმოდგენებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით განიხილავდა და ავტორი ესწრაფვოდა ყველა რელიგიისადმი ობიექტური, ზეკონფესიური და ‘უპარტიო’ მიდგომა ეჩვენებინა.
მეორე წინამორბედი – ლიდია მარია ჩაილდი იზიარებდა ტრანსცენდენტალურ მსოფლმხედველობას, ცნობილია მრავალმხრივი მოღვაწეობით, როგორც მწერალი, ინდიელების, მონებისა და ქალების უფლებების დამცველი და მსგავსი. იგი არაერთი რომანის თუ გამოკვლევის ავტორია, მათ შორისაა მთელი მსოფლიოს ქალების 2-ტომიანი ისტორია; იბრძოდა კულტურული პლურალიზმისთვის. რელიგიის კვლევის ისტორიაში იგი შევიდა მისი 3-ტომიანი ნაშრომით რელიგიის ისტორიის სფეროში – The Progress of religious ideas. Through succesive ages. მისის ჩაილდს სურდა უცხო რელიგიები განეხილა პრინციპით – with reverence, როგორც ეს ინტელექტუალურ მორწმუნეს შეეფერებოდა.
2.ამერიკაში რელიგიოლოგიის, როგორც აკადემიური საგნის დაფუძნებაში ასევე ღვაწლი მიუძღვით შემდეგ მეცნიერებს:
1.William Fairfield Warren(1833-1929). ბოსტონის უნივერსიტეტში რელიგიის ზეკონფესიონალურ შესწავლას ხელმძღვანელობდა, რწმენით მეთოდისტი, ერთდროულად თეოლოგიური სკოლის დირექტორი და საუნივერსიტეტო კათედრის , – Comparative Theology and Philosophy of Religion, – გამგე. ბოსტონი პირველი უნივერსიტეტია, სადაც რეგულარურდ იკითხებოდა მსგავსი ლექციები და 1876 წელიც, – ჰოლანდიის მსგავსად, -როგორც რელიგიოლოგიის აკადემიური დაბადების ამერიკული თარიღი, ბოსტონის დამსახურებაა. ვარენი დარწმუნებული იყო მსოფლიო რელიგიების ერთიანობაში. მისი სპეციალური ინტერესის სფერო იყო ქრისტიანობის ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიებთან.
2. Freeman Clarke(1810-1888). – ტრანსცენდენტალისტი და უნიტარული თეოლოგიის მიმდევარი, ჰარვარდის დივინაციურ სკოლაში(Divinaty Scool) ჯერ კიდევ 1867 წლიდან კითხულობს ლექციებს შედარებით და ისტორიულ რელიგიოლოგიაში. იგი ამავე წლიდან განაგებს კათედრას სახელწოდებით Natural Religion and Christian doctrine. მისი მთავრი წიგნი ანუ opus magnum დღემდე გამოყენებაშია: Ten Great Religions. An Essay in Comparative Theology.
3.Frank Field Ellinwood(1826-1908), ვინც 1890 წელს ჩაიბარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში Comparative Religion- ის კათედრა, ასევე შედარებითი რელიგიოლოგიის ამერიკული საზოგადოების(American Society of Comparative Religion)ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანია.
4.George Foot Moore(1851-1931), პრესბიტერიანული ეკლესიის თეოლოგი, 1882 წელს კორნელის უნივერსიტეტში(Cornell University) ჩაიბარა რელიგიის ისტორიის(Hystory of Religions) კათედრა.
5. Georg Stephen Goodspeed(1860-1905), ჩიკაგოს უნივერსიტეტში 1892 წლიდან ანუ უნივერსიტეტის დაარსებიდანვე ხელმძღვანელობდა რელიგიოლოგიის სწავლებას და ამ უნივერსიტეტის ფარგლებში შესაბამის ინსტიტუციას სახელწოდებით – Depatrment of Comparative Religion.
ჩიკაგოში საბოლოოდ რელიგიის კვლევის დიდი სკოლა ჩამოყალიბდა, რაც 1946 წლიდან 20 წლის განმავლობაში იოახიმ ვახის სახელს უკავშირდება … ვინ იყო იოახიმ ვახი? მოძებნეთ Joachim Wach…
1935 წლიდან ფაშისტური დევნის გამო ის მიემგზავრება აშშ-ში. მანამდე ლაიფციგში მოღვაწეობდა. მეთოდოლოგიური საფუძვლები: რელიგიოლოგიის, როგორც აკადემიური საგნის მეცნიერული თეორია: რომ საგანი ემპირიულ კვლევებს უნდა დაეფუძნოს, რომ ორ განუყოფელ, -ისტორიული და სისტემატურ ნაწილად მოიაზრება; თეოლოგიისგან და რელიგიის ფილოსოფიისგან პრინციპულად განსხავებული, დამოუკიდებელი დისციპლინა, სპეციალობა და პროფესიაა და ა.შ. გარდა მეთოდოლოგიისა, იკვლევდა რელიგიას როგორც სოციალურ და გამოცდილებით ფენომენს…იმოგზაურობა ინდოეთში. იაპონიაში, რადგან ზრუნავდა საგნის უნივერსალურ, ინტერნაციონალურ გაფართოებაზე.
3.მირჩა ელიადე: ძირითადი ბიოგრაფიული პარამეტრები
1934-38 წწ. ფილოსოფოს იონესკოს ასისტენტია ბუქარესტში.მანამდე ინდოეთში, კალკუტაში იმოგზაურა 1928-31წწ. იოგას თეორიას და პრაქტიკას ეზიარა. დისერტაციის მასალად გამოიყენა ეს ყველაფერი და ეს გამოცდილება რომანშიც ასახა. პუბლიცისტურ, ლიტერატურულ სახელს მოიპოვებს ადრევე, 1938-45 წწ. რუმინეთის ელჩია ლისაბონში, ამვე დროს ამუშავებს რუმინული ფოლკლორის მასალებს. = ოსტატ მანოლეს ბალადა. 1945 წლიდან პარიზშია, სადაც ის ამერიკაში გამგზავრებამდე ფრანგულად უმნიშვნელოვანეს წიგნებს აქვეყნებს რელიგიის კვლევის სფეროში.
ამერიკაში გრანდიოზულ წარმატებას აღწევს, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები: 1.გარდა საუნივერსიტეტო მოღვაწეობისა, აარსებს ჟურნალს ‘რელიგიების ისტორია’ – 1961, History of Religions; 2.მონოგრაფია ‘რელიგიური იდეების ისტორია’, 1976, 3 ტომი; 3.Encyclopedia of Religion, 1987, 16 ტომი.
ელიადეს კვლევის არეალი უკიდეგანოა. იოგადან ავტრალიურ შამანიზმამდე, ქართული თეთრი გიორგის კულტიდან ბუშმენების პუბერტიტულ რიტუალამდე…წერისას ლიტერატურული და მეცნიერული კომბინაციის გზით მისი ქმნილებები საინტერესოდ იკითხება ყველა დაინტერესებული მკითხველის მიერ, მეცნიერის თუ დილეტანტის თვალებით.
წმინდა სივრცე: ქალაქები და ტაძრები კოსმიური განლაგების მიხედვით შენდება, ხოლო მსხვერპლის მიზანია სამყაროს შექმნის განმეორება. ელიადე აღწერს არამხოლოდ არქაულის საქციელს, არამედ არქაულ მეტაფიზიკას და ონტოლოგიას.
ისტორიის იუდაურ-ქრისტიანული, სწორხაზობრივი გაგება არ მოსწონს. ამ გაგებით, ისტორია უნდა დამთავრდეს, ადამიანი აღსასრულს ელის და ამიტომ ის მუდმივ შიშშია, თავის განიხილავს როგორც ისტორიის ობიქტს და აგენტს და ამიტომ უარყოფს ტრანცენდენტალურს.
ხოლო ინდური, წრიული კონცეფციით ყველაფერი ხელახლა ბრუნდება, ჩვენ ისევ დავიბადებით და 3-4 საუკუნის შემდეგ საქართველოში რელიგიოლოგიის პირველ კათედრას დავაარსებთ! ქართული აკადემიური სფერო ამისთვის უკვე მზად იქნება!
მოკლედ, ელიადეს კრეატიულ-ჰერმენევტიკული კონცეფციით, ‘რელიგიური ფენომენი, მაგ. პრიმიტიული მესიანიზმი ისევე უნდა შეისწავლებოდეს, როგორც ღვთაებრივი კომედია’. და რელიგიოლოგიასაც განსაკუთრებული მისია ეკისრება – იგი მხსნელი დისციპლინაა: saving discipline!
4.ელიადეს ზემოქმედება
არერთი სემინარი ერთად ჩაუტარებიათ ჩიკაგოში პაულ თილიხს და მირჩა ელიადეს. თილიხი 1964 წელს აღნიშნავს, რომ ელიადესთან ერთობლივი სემინარის შემდეგ მისთვის თითოეულმა ქრისტიანულმა რიტუალმა სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა.
ეს თავი დამუშავების პროცესშია
5. კრიტიკა ელიადეს მისამართით
Kurt Rudolp: ელიადეს homo religiosus, სრულიად დანთქმული კოსმიურ საკრალურობაში, არც არსებობდა ოდესმე და არც მომავალში იარსებებს. Ninian Smart: ელიადე, როგორც რელიგიოლოგი, ძაან ნოსტალგიურია, არქაულობაში ჩაძირული, თანამედროვე განვითარებას არ ცნობს, არ იკვლევს და ა.შ.
ზოგიერთი ემპირიულად ორიენტირებული მეცნიერის(მაგ. Edmund Leach), თანახმად, ელიადეს პროფეტთან და შამანთან მეტი საერთო აქვს, ვიდრე რელიგიის მკვლევართან. სხვები თეოლოგიასავით ნორმატიულობას საყვედურობენ და ა.შ.
მაგრამ ელიადეს აპოლოგეტები და მოწაფეები, თაყვანისმცემლები და მკითხველი გაცილებით მეტი ყავს, ვიდრე კრიტიკოსი.
საბოლოოდ, თუ ელიადეს თეორიებს მივიღებთ არა როგორც ონტოლოგიურ, არამედ როგორც ანთროპოლოგიურ თვალსაზრისებს, მაშინ ყველაფერი თავის რიგზე მოჩანს.
კითხვები:
1.დაუკვირდით ბოლო დებულებას: რატომაა ელიადეს მსოფლმხედველობა როგორც ონტოლოგია მეცნიერულად მიუღებელი, მაგრამ ანთროპოლოგიურად გამართლებული?
2.შეეცადეთ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია, ვიდრე ზემორე ტექსტშია, მაგ.: ვინ იყვნენ ამერიკელი ტრანსცენდენტალისტები?
3.როგორ ეწოდება ფრანგულად იმ წიგნებს, რომლებიც მირჩა ელიადემ პარიზულ პერიოდში გამოაქვეყნა? როგორ უყურებს ის შამანიზმს? გადახედეთ ელიადეს ბიბლიოგრაფიას და მისი წიგნების თარგმანების რუსულ ნუსხას. იპოვეთ ქართული თარგმანები!
4.შეეცადეთ მოიპოვოთ ინფორმაცია ამერიკაში რელიგიოლოგიის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. – აკრიფეთ გუგლში Department of Religious studies და იპოვეთ ის ამერიკული ქალაქები და უნივერსიტეტები, სადაც ასეთი დეპარტამენტები ფუნქციონირებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий