суббота, 21 февраля 2015 г.

41 კითხვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს




''მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია. 
სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.''
ა.აინშტაინი


 

ავტორი: სოსო სიგუა 


1. 1977 წლის 18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ყოფნის დროს, თქვენს მიერ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თენგიზ ონოფრიშვილის სახელზე გაგზავნილ ხელნაწერ წერილში ნათქვამია " მომავალში ყოველი საეკლესიო საკითხი და ოფიციალური გამოსვლა წინასწარ იქნება შეთანხმებული ". ამან ხომ არ გადაწყვიტა საპატრიარქო არჩევნებში თქვენი გამარჯვება ?  
2. საპატრიარქო არჩევნებში თქვენი უშუალო კონკურენტი იყო მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი. თქვენი გაპატრიარქების შემდეგ იწყება მისი დევნა, რაც დასრულდა მისი განკვეთით და დაპატიმრებით. წმიდა სინოდმა და სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა ბრალდების დამამტკიცებელი მასალები. რატომ გაიგზავნა სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივ ბრალმდებლად წმიდა სინოდის მღვდელმთავარი, რაც აკრძალულია საეკლესიო სამართლით ?
3. რატომ არ განიხილა წმიდა სინოდმა პატიმრობიდან დაბრუნებული ყოფილი მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის საქმე, თუნდაც სამართლიანობის აღდგენის მიზნით ?
4. თქვენს მიერ ეპისკოპოსებად ხელდასხმულ იყვნენ იოანე ანანიაშვილი და ნიკოლოზ მახარაძე, რომლებიც შემდგომ წმიდა სინოდის მიერ, სოდომგომორული ცოდვის გამო (ესე წერია სინოდის ოქმში), იქნენ განკვეთილნი. რატომ მოხდა მათი ხელდასხმა ეპისკოპოსებად, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი იყო მათი არაბუნებრივი მიდრეკილებები ? 
5. რატომ გაიგზავნა იოანე ანანიაშვილის სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივ ბრალმდებლად წმიდა სინოდის მღვდელმთავარი ?
6. მამათმავლობისთვის ნასამართლევი და სასულიერო ხარისხიდან განკვეთილი იოანე ანანიაშვილი დასაფლავებულ იქნა სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე.მის საფლავზე არსებული წარწერა გვაუწყებს , რომ იქ განისვენებს მთავარეპისკოპოსი იოანე ?! რა სამართლებრივი ან სასულიერო საფუძველი ჰქონდა, თქვენი აზრით, ამ გაუგებარ გადაწყვეტილებას ?
7. სასულიერო ხარისხიდან განკვეთილი ნიკოლოზ მახარაძეს საფლავს თბილისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში აქვს წარწერა, რომ იქ განისვენებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ხომ არ არის ეს  ისტორიის გაყალბების მცდელობა ?
8. საქართველოში ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. შემდგომში ის ცხოვრობდა რუსეთში და მონაწილეობდა (საეკლესიო სამართლის ნორმების დარღვევით) სხვადასხვა სქიზმატური დაჯგუფებების საქმიანობაში, რის გამოც საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ის განკვეთა. ვარდების რევოლუციის სემდეგ მას მიეცა საქართველოში დაბრუნების საშუალება.მან არაერთგზის მიმართა წმიდა სინოდს აღდგენის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.გარდაცვალების შემდეგ ის დაკრძალეს შიო მღვიმევის მონასტერში, არა როგორც განკვეთილი, არამედ როგორც მღვდელმთვარი - მთავარეპისკოპოსი ამბროსი. საეკლესიო სამართლის რომელი ნორმებით ხელმძღვანელობდით მისი განკვეთის, აღდგენაზე უარის თქმის და პატივით დაკრძალვის დროს ?
9. ხომ არ იყო მთავარეპისკოპოს ამბროსის განკვეთა საეკლესიო სამართლის ნორმების დარღვევა ?
10. თვითმფრინავის ბიჭების სასამართლო პროცესის შედეგად დახვრეტილი იქნა სრულიად უდანაშაულო მღვდელ-მონაზონი თეიმურაზ ჩიხლაძე. საზოგადოებაში გროვდებოდა ხელმოწერები, რომ სასიკვდილო განაჩენი შეეცვალათ პატიმრობით, თქვენ ამაში მონაწილეობაზე უარი თქვით. რატომ არ გააპრიტესტეთ უდანაშაულო სასულიერო პირის სასიკვდილო განაჩენი ?
11. რატომ შემოიფარგლეთ მაშინ მხოლოდ სატელევიზიო კომენტარით მისი არასათანადო სასულიერო განათლების შესახებ ?
12. წმიდა სინოდის შემადგენლობაში დღეს 15 მღვდელმთავარს არ გააჩნია არანაირი სასულიერო განათლება. ნუთუ ეს არ არის თქვენთვის ცნობილი ?
13. აფხაზეთის ტერიტორიაზე ინსპირირებული კონფლიქტის დროს, ამ ეპარქიის მღვდელმთვრმა ეპისკოპოსმა დანიელ დათუაშვილმა,იმის მაგივრად რომ ეტვირთა შუამავლის ფუნქცია , თქვენი ლოცვა კურთხევით გახდა ამ კონფლიქტის მხარე და არა სულიერი მამა.შედეგად წყალში ჩაიყარა ის ფასდაუდებელი შრომა, რომელიც მისმა წინამორბედმა მიტროპოლიტ დავით ჭკადუამ გასწია ქართველთა და აფხაზთა შორის ძმური ურთიერთობების განვითარებისათვის. რატომ არ გადადგით სწორი ნაბიჯები მდგომარეობის განმუხტვის მიზნით ?
14. რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, ქართული სამღვდელოება იძულებულია (არასწორი მოქმედებების გამო) დატოვოს ეს ტერიტორიები.რუსეტის ეკლესია კი აქტიურად მოქმედებს და აგზავნის ათეულობით სასულიერო პირს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა სათანადო საჯარო (ვიმეორებ საჯარო) თანხმობა ამაზე საქართველოს საპატრიარქოს არ მიუცია.რატომ არც ერთხელ 20 წლის განმავლობაში არ გააპროტესტეთ რუსეთის ეკლესიის ეს  უკანონო ქმედება ? რატომ არ მიმართეთ მსოფლიო პატრიარქს ამ საკითხთან დაკავშირებით და არ მოსთხოვეთ საერტო მართლმადიდებლური დონეზე (მსგავსი პრაქტიკა არსებობს) რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური მოქმედებების განხილვა ?
15. 2008 წლის რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შემდეგ თქვენ რამდენჯერმე ბრძანდებოდით ვიზიტით რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ უკრაინისა და რუსეთში.ამ ვიზიტების დროს უხეშად ირღვეოდა პროტოკოლური პროცედურები; დახვედრა-გაცილება, ლიტურგიული წესები,მატ შორის თქვენი ტიტულის არასრულად გამოყენება და სხვა,რაც მიზნად ისახავდა ჩვენი ეკლესიის და ეკლესიის მეთაურის დამცირებას. რატომ არ გააპროტესტეთ ეს უმსგავსობა ? 
16. რუსეთში თქვენი ბოლო ვიზიტის დროს და მის შემდეგ თქვენ გააკეთეთ ოპტიმისტური განცხადებები,რასაც არსებითი საფუძველი არ გააჩნია.საქართველოში დაბრუნების შემდეგ თქვენ პირველი კვირის წირვას არ ატარებთ (ეს იყო უკვე ორჯერ). ხომ არ არის ამის მიზეზი ,ის რომ ოპტიმიზმი არა იმედია, არამედ ილუზიის მომცემი ?
17. საქართველოს ეკლესიამ, იერუსალიმის საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად,ისრაელი გაგზავნა სასულიერო პირები და მონაზვნები, რასაც მოჰყვა იერუსალიმის საპატრიარქოს მკვეთრი სამართლებრივი რეაქცია,რომელიც დამთავრდა თქვენი გაგზავნილების განდევნით. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს საპატრიარქო მოიქცა ამ შემთხვევაში საეკლესიო სამართლის ნორმების დარღვევით ?
18. ბევრი გვსმენია იმის შესახებ, რომ თქვენ გაგაჩნიათ უდიდესი ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში.თუმცა ამავე დროს არცერთ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ გაუპროტესტებია რუსეთის ეკლესიის უკანონო ქმედებები ჩვენი ეკლესიის ტერიტორიაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის თქვენი და წმიდა სინოდის დუმილის და შემგუებლობის შედეგი ?
19. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური კონფლიქტის მოგვარება არის (უნდა იყოს) ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რაც წარმოუდგენელია მათთან პირდაპირი კონტაქტების გარეშე.მოსკოვში წლების წინ თქვენ შეხვდით მღვდელ ბესარიონ ფილიას,რომელიც ფაქტობრივად მართავს აფხაზეთის (ანუ თქვენ უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ) ეპარქიას.ეს შეხვედრა იმედის მომცემი იქნებოდა, რომ არა საპატრიარქოს წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებები იმის შესახებ,რომ ბესარიონ ფილიამ გთხოვათ შენდობა და აიღო ლოცვა-კურთხევა.ამან გამოიწვია რუსეთის ეკლესიის მწვავე რეაქცია მის მიმართ,რამაც ყველას დაუკარგა სურვილი თქვენთან კონტაქტების გაგრძელებისა.თქვენს გარემოცვას მოჰყავს თქვეთან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები და წარმოგიდგენენ ,როგორც აფხაზეთიდან ჩამოსულებს. სინამდვილეშ ისინი წლებია არ ყოფილან აფხაზეთში. რატომ არ არის დღემდე შექმნილი კომისია , რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით ?
20. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხშირად სტუმრობს ჩეხეთის და სლოვაკიის ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ქრისტეფორე.შეხვედრები მასთან ეწყობა ჩეხეთშიც, სადაც თქვენ პერიოდულად მკურნალობთ.მიტროპოლიტ ქრისტეფორეს საჯაროდ არაერთხელ განუცხადებია ,რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს არ შედიოდა საქართველოში და საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში.ეს გააპროტესტა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენ კი ისევ დუმილი და " კაიკაცობა-სულიერობა" ვარჩიეთ.ცნობისათვის, სწორედ მოსკოვის საპატრიარქომ უყიდა მიტროპოლიტ ქრისტეფორეს რეზიდენცია პრაღაში.მას ფინანსურად ასევე ეხმარებიან იქ მცხოვრები ქართველები. ამის მიუხედავად ის ისევ რჩება სასურველ სტუმრად საპატრიარქოში. რატომ არ მოითხოვთ მისგან ,ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, პასუხს ?
21. დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ID ბარათების შემოღებამ.ამის მთავარი მიზეზი იყო სამღვდელოების გაუნათლებელი ნაწილის უგუნური მოქმედებები და ქადაგებები.წმიდა სინოდმა განიხილა ეს საკითხი და დაადასტურა, რომ ეს ბარათები არ წარმოადგენენ ანტიქრისტეს ბეჭედს და,რომ მისი აღება შესაძლებელია.გადაწყვეტილების ეს ნაწილი სრულიად მართებულია, მაგრამ პრობლემა მაინც დარჩა.პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამის მიუხედავად სინოდი ითხოვს ალტერნატიული საბუთის შემოღებასაც.უბრალო ენით რომ ვთქვათ ეს ნიშნავს შემდეგს- მართალია, ამ საბუთს არ შეუძლია იმოქმედოს ადამიანის ცხონებაზე, მაგრამ ისინი ვისაც სინოდის არ სჯერა,დავტოვოთ ცდომილებაში. რა ლოგიკით ხელმძღვანელობდით, როდესაც იღებდით ამ გადაწყვეტილებას ?
22. მოსკოვში თქვენი უკანასკნელი ვიზიტის დროს ისევ აქტუალური გახდა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის საკითხი, რომელზეც წმიდა სინოდს არც კი უმსჯელია.თქვენი და მიტროპოლიტ გერასიმეს (მას ერთი დღეც კი არ უსწავლია სასულიერო სასწავლებელში) მიერ ითქვა, რომ კრება უნდა მოწვეულ იქნას ყველა სადავო საკითხის შეთანხმების შემდეგ,ხოლო კრებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ერთხმად.გვსურს შევახსენო მიტროპოლიტ გერასიმეს ,რომ შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა არა აღლუმის ჩასატარებლად, არამედ გადაუჭრელი სადავო საკითხების განსახილველად.აქვე დავსძენ,რომ არასდროს არცერტ საეკლესიო კრებას გადაწყვეტილებები კონსესუსის პრინციპით არ მიუღია და მსგავსი არც მოთხოვნა არც ტრადიცია არ არსებობს. ხომ არ თვლით, რომ მსგავსი განცხადებები იყო მორიგი რევერანსი მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ, რომელიც ვერ ეგუება მართლმადიდებლურ სამყაროში კონსტანტინეპოლის ლიდერობას ?
23. ვინაიდან არც თქვენ, არც წმიდა სინოდს საჯაროდ არასდროს გაუპროტესტებია მოსკოვის საპატრიარქოს არაკანონიკური ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვრცელდება (მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიებში) მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს და მოსკოვის საპატრიარქო შეთანხმებულია შემდეგზე - საქართველოს საპატრიარქო არაფერს არ აპორტესტებს , ხოლო მოსკოვის საპატრიარქო არ აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეკლესიებს დამოუკიდებლად. რამდენად საფუძვლიანი არის ეს საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება ?
24. საქართველოს ეკლესიის გენერალური ინკვიზიტორი ისევ შორენა თეთრუაშვილია, რომლის ვიზირების გარეშე სინოდის სხდომის არცერთი ოქმი არ ქვეყნდება.ვიზირების პროცესში მას ოქმში შეაქვს ცვლილებები, დამატებები, გამოკლებები და ა.შ. მეუფეებს არაერთხელ გაუპროტესტებიათ მისი თავხედობა , მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ის არის უშუალო ხელმძღვანელი ისეთი ტოტალიტარული ჯგუფებისა , როგორიცაა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი,დავითიანი და სხვათა. რატომ არ გსურთ ჩამოაცილოთ ეს ქალბატონი ამ ცენზურულ საქმიანობას ?
25. საგულისხმოა თქვენი ეპისტოლარული მოღვაწეობაც.პირველად 2003 წლიდან თქვენი საშობაო ეპისტოლე არ შეხებია პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს.წინა ხელისუფლების დროინდელ ეპისტოლეებში (ისევე როგორც საჯარო განცხადებებში და ქადაგებებში) დიდ ნაწილს ყოველთვის შეადგენდა ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის მძაფრი კრიტიკა.თქვენთვის ცნობილია, რომ სინოდის უმრავლესობა არ იზიარებს ამ კრიტიკას. რატომ ვერ ბედავთ ეხლა ხელისუფლების იმ ნაბიჯების კრიტიკას, რაც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს ?
26. 2003 წელს (ისევე როგორც 90-ან წლებში) საქართველოში უამრავი ადამიანი დადიოდა პატრიარქის გადახაზული და გადაბრუნებული სურათებით, რაც ყველასთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო.სწორედ სააკაშვილის შემდეგ დაიწყო ეკლესიის გაძლიერება, რაშიც ლომის წილი ხელისუფლების უშუალო ძალისხმევის შედეგია.ნაციონალურმა ხელისუფლებამ შეუქმნა ეკლესიას იდეალური პირობები.მარტო ის რად ღირს, რომ ამ წლების განმავლობაში ეკლესიას გადასცა უძრავი ქონება და დაფინანსება დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობით.მათი საგრძნობი ნაწილი დაიხარჯა სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებებზე.დღეისათვის ეკლესიისათვის გადაცემული ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი არის ისევ ეკლესიის საკუთრებაში.დანარჩენი გადაეცა საქართველოს საპატრიქროსთან დაახლოებულ პირებს პირად საკუთრებაში. ფიქრობთ თუ არა , რომ უნდა მოხდეს ეკლესიისათვის გადაცემული ქონების სრული ინვეტარიზაცია, რათა საბოლოოდ დადგინდეს ქონების გაფლანგვის და მითვისების მაშტაბები ?
27. წმიდა ილია მართლის სიტყვები "მამული, ენა, სარწმუნოება " თქვენი თქმით განავითარეთ და მიიღეთ " ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ". სინამდვილეში, ჩვენთვის გაუგებარი მოზეზებით , წმიდა ილიას სიტყვებიდან თქვენ ამოიღეთ "ენა" . რით დაიმსახურა ქართულმა ენამ თქვენი ესოდენ მკაცრი რისხვა ?
28. უკვე წლებია,რაც მიდის საუბარი იმ სულიერი აღორძინების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში.თუმცა,სინამდვილე სულ სხვაა და ეს დაადასტურა ბოლო პერიოდმა.საპარლამენტო არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდი ხასიათდება ისეთი მოვლენებით,რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ქრისტიანული სულისკვეთება ხდება უცხო.რას ვგულისხმობთ ? ჩამოვთვლი მცირე ნაწილს : თქვენი და მღვდელმთავართა ნაწილის აქტიური ჩართვა პოლიტიკაში,რაც გამოიხატა პოლიტიკური ქადაგებებით და განცხადებებით; სასულიერო პირთა მიერ ამბიონიდან წყევლა-კრულვა, პოლიტიკური შეხედულებების გამო უზიარებლობით დასჯა;სასულიერო პირთა აქტიური მონაწილეობა იმ ძალადობრივ აქციებში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ რეგიონებში; ისინი ,ვინც გვმოძღვრავს მოთმინებისა, თავდაბლობისა და მორჩილების აუცილებლობის შესახებ ,თავად ვერ ავლენენ ამ თვისებებს ცუდ მაგალითს აძლევენ მრევლს.ნუტუ ეკლესიამ უკვე გადაწყვიტა ყველა საეკლესიო პრობლემა და დადგა პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობის დრო ?  სად იყავით როცა შევადნაძე ანგრევდა საქართველოს ? მაშინ რატომ დუმდით ? რით დაიმსახურეს თქვენი ესოდენ დიდი რისხვა ზვიად გამსახურდიამ და მიხეილ სააკაშვილმა და ესოდენ დიდი სიყვარული ჯაბა იოსელინმა ,თენგიზ კოტოვანმა,სიგუამ, ედუარდ შევარნაძემ და ბიძინა ივანიშვილმა ?
29. ბევრი ჩვენი თანამემამულე მიიჩნევს, რომ მხოლოდ თქვენ შეგწევთ ძალა დაალაგოთ ქართულ-რუსული ურთიერთობები. ისინი მოგვიწოდებენ- დააცადეთ პატრიარქს ! ჩვენ ვიცდით უკვე 20 წელი, თუმცა არნაირი დადებითი შედეგი ამას არ მოჰყვა ! ხომ არ მიგაჩნიათ , რომ ეს თქვენი შემრიგებლური პოლიტიკა არის მცდარი ?
30. მოსკოვში ბოლო ვიზიტი დროს თქვენ მადლობა გადაუხადეთ პატრიარქ კირილეს, რომელიც მხოლოდ ჩვენი ეკლესიის დამცირებას ფიქრობს. მადლობა უთხარით იმ ადამიანს , რომელმაც მიითვისა ჩვენი 2 ეპარქია და საერთაშორისო დონეზე ცდილობს დააკანონოს დღევანდელი დეფაქტო მდგომარეობა. როდემდე არ იქნება თქვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი ერის და ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება ?
31. როდესაც საკითხი ეხება რუსეთს, თქვენი მთავარი არგუმენტი ყოველთვის იყო და არის ერთმორწმუნეობა. მსმენია,რომ ერთმორწმუნეობა არის ერთობა ჭეშმარიტებაში და სიყვარულში. იქ, სადაც სიყვარული არ არის არ შეიძლება იყოს ერთმორწმუნეობაც. ამ ერთმორწმუნოებით ხსნით იმას, რომ არ აკრიტიკებთ რუსეთს და მის ეკლესიას. ამავე დროს პერმამენტულად აკრიტიკებდით სააკაშვილის ხელისუფლებას , ამ კრიტიკამ დღეს განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო . ნუთუ სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო ერთმორწმუნეთაგან შემდგარი ?
32. განათლების შესახებ მიღებული კანონი თქვენ ექსკლუზიურად განიჭებთ სამეცნიერო ხარისხების მინიჭების უფლებას. ხომ არ ემსახურება ეს ეკლესიაში სამეცნიერო მუშაობის ხელის შეშლას, როცა ხარისხები მიენიჭება მხოლოდ თქვენთან დაახლოებულ პირებს ?
33. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე ეროვნული მოძრაობა ატარებდა საპროტესტო მიტინგს, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.თქვენ მიმართეთ მომიტინგეებს , რომ შეეწყვიტათ მიტინგი, რაც ფაქტობრივად ამ პოლიტიკური მოთხოვნის გაპროტესტებას ნიშნავდა. ბუნებრივია, რომ მომიტინგეებმა უარი განაცხადეს მსგავს კაპიტულატობაზე. რამ განაპირობა ის, რომ ერის სულიერი მამა უპირისპირდება ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ?
34. რატომ მიატოვეთ მომიტინგეები, როდესაც დაიწყო მათი ბარბაროსული დარბევა ?
35. ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წამოწყებულმა სამხედრო ამბოხმა მოახდინა ეროვნული ხელისუფლების დამხობა. რატომ დაუდექით გვერდით ამ პუტჩის სულისჩამდგმელს და ორგანიზატორს ედუარდ შევარდნაძეს ?
36. საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის წინ, პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა და კრიმინალებმა განიზრახეს საზეიმო აღლუმის ჩაშლა, აღლუმის ადგილზე მიტინგის ჩატარების გზით.თქვენ ცალსახად იყავით მომიტინგეთა მხარეზე და არც კი გიცდიათ მისი დროებით შეწყვეტა.(1989 წლის 9 აპრილს თქვენ ეს მოთხოვეთ). რატომ არ დაიკავეთ სახელმწიფოებრივი პოზიცია ? ეს ხომ არ იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დაბადების დღე ? ეს იყო ევროვნული დღესასწაული !
37. ხელისუფლება იძულებული გახდა მიემართა ძალისმიერი (კანონიერი) მოქმედებებისათვის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.გაუგებარი პროტესტის ნიშნად თქვენ უარი თქვით საზეიმო აღლუმზე დასწრების შესახებ და ამავე დროს 1 კვირის მანძილზე საპატრიარქოში მალავდით სწორედ იმ ადამიანს , რომლის მოქმედებას მოჰყვა ერთი სამართალდამცავის სიკვდილი. ვაანალიზებთ რა 1989 წლის 9 აპრილის და 2011 წლის 26 მაისის თქვენს ქმედებებს , გვსურს გკითხოთ : რამ გამოიწვია თქვენი ესოდენ არაადეკვატური და არაეროვნული გადაწყვეტილებები ?
38. როდესაც პარლამენტი ღებულობდა ცვლილებებს რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით, თქვენ მოიწვიეთ წმიდა სინოდის სხდომა.სინოდზე ექსპერტების სახით მოწვეულ იქნენ ზ.ქუცნაშვილი, თ.წულუკიანი და სხვები. ექსპერტებს, თქვენ თხოვნით, უნდა დაერწმუნებინა წმიდა სინოდი იმაში, რომ ეს კანონი არის დანაშაული.სინოდმა მათი შეხედულებები არ გაიზიარა. დღეს, როდესაც ზ.ქუცნაშვილი არის "ქართული ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელი პარლამენტში , ხოლო თ.წულუკიანი - იუსიტიციის მინისტრი, თქვენ არც კი ფიქრობთ იმ კანონის შეცვლაზე. იქმნება შთაბეჭდილება , რომ მაშინ ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრების შესაძლებლობა და მეტი არაფერი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საკითხმა დაკარგა აქტუალობა და საპატრიარქოს 9 წლიანი საპროტესტო მუხტი უცებ გაქრა. რატომ ?
39. თქვენი პუტინთან შეხვედრის დროს , რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შეცვალს არ აპირებს. რატომ არ გახადეთ ეს ინფორმაცია საჯარო ?
40. ამ ბოლო შეხვედრის დროს თქვენ მადლობა გადაუხადეტ პუტინს, რომლის სინდისზეა თქვენი სულიერი შვილების მრავალათასიანი დევნილების არმია.რა დამსახურება აქვს მას თქვენს წინაშე, ნეტავ ? ეს კაპიტულაციის ის ფორმაა , რომელზეც ჩვენი ერი არასდროს თანხმდებოდა.როგორ შეიძლება ვიფიქროთ , რომ თქვენი ეს მადლობა სასიკეთო შედეგს გამოიღებს, როცა თქვენმა 20 წლიანმა დუმილმა კატასტროფული შედეგები მოუტანა საქართვლოს ?
41. ყოველდღე ისმის სიტყვები ცალკეულ ადამიანებზე, რომლებმაც გააფუჭეს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, რომლებიც მხოლოდ თავის სკამზე ფიქრობენ და ასე შემდეგ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში შეიცვალა 7 ხელისუფლება - შევარდნაძე, პატიაშვილი, გუმბარიძე, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ოკუპანტ რუსეთთან გაქვთ ესოდენ თბილი პირადი ურთიერთობები და ამავე დროს მეთაურობთ საქართველოს ეკლესიას. როგორ მოახერხეთ ტახტის შენარჩუნება ?

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий