среда, 26 июня 2013 г.

ტერიტორიული იურისდიქცია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მიხედვით




 ეთნოფილეტიზმის ფენომენი დღევანდელობაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს ეროვნებით ქართველი

გთავაზობთ მეტად მნიშვნელოვან ნაშრომს ამ საკითხზე, რომელიც განიხილავს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მდგომ მეტად სერიოზულ პრობლემას – ეთნოფილეტიზმს (ბერძნ. έθνος ეთნოს– “ერი” + φυλετισμός ფილეტიზმოს – “რასიზმი”). სტატიის დედანი განთავსებულია მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ⇒
ნაშრომი წარმოდგენილი იყო კანონიკის საერთაშორისო კონგრესზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2-7 სექტემბერი, 2001). სტატია www.orthodoxtheology.ge ბლოგისათვის საგანგებოდ თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.
ადრეულ ეკლესიაში ყველა ქალაქს ჰყავდა თავისი ეპისკოპოსი, რომელიც ევქარისტული საკრებულოს წარმომადგენელი და მწყემსი იყო, მქადაგებლობითი საქმიანობის ყველა ფორმის პასუხისმგებელი და პიროვნება, რომელიც “მართლად ანაწილებდა სიტყვას ჭეშმარიტებისას”. პატარა დასახლებები და მცირე რეგიონებიც კი წარმოადგენდნენ საეპისკოპოსო საყდრებს და თითოეული მათგანი თავის მცირე იურისდიქციაში მოქმედებდა დამოუკიდებლად ქალაქის ეპისკოპოსისაგან. დევნის გამო, რაც ეკლესიას პრობლემურ და მძიმე პირობებში აყენებდა, რთული იყო თითოეული საეპისკოპოსო იურისდიქციის საზღვრების განსაზღვრა. ამის გამო, ეკლესიის ადმინისტრაციაში ხშირად ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და კონფლიქტს სამღვდელოების ხელდასხმის ირგვლივ ანდა პრესვიტერების ორ ეპისკოპოსზე დამოკიდებულებას გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ერთ და იმავე ადგილას ორი ეპისკოპოსი იყო. როდესაც ქრისტიანებზე დევნა შეწყდა, ეკლესიას მიეცა საშუალება დაედგინა ის ფარგლები, სადაც თითოეულ ეპისკოპოსს შეეძლო გამოეყენებინა თავისი მწყემსმთავრული უფლებები. ასე ჩამოყალიბდა კანონიკური ადგილობრივი ადმინისტრაცია.
IV და V საუკუნეებში რომის იმპერიის ეპარქიების დედაქალაქებში მიტროპოლიტებს და ეპისკოპოსებს მიენიჭათ უფრო დიდი უფლებები და ამ მსხვილ ქალაქებში მათ მიერ ხდებოდა მნიშვნელოვანი საეკლესიო საკითხების განხილვა. ქრისტიანული სამყაროს ხუთი უმნიშვნელოვანესი ქალაქის მიტროპოლიტებს დაერქვათ პატრიარქები, მაშინ როდესაც უფრო მცირე ქალაქების მიტროპოლიტებმა დროთა განმავლობაში დაკარგეს სრული დამოუკიდებლობა, თუმცა შეინარჩუნეს მიტროპოლიტის ტიტული და თავიანთი ეპარქიები. გეოგრაფიულ ეკლესიური რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იხილებოდა პატრიარქალური სინოდის კრებით, რომლის მეშვეობით ხორციელდებოდა ახალი მიტროპოლიტების ჯერ არჩევა და მერე პატრიარქის მიერ მათი დაყენება. დასაწყისში პატრიარქალური სინოდი, რომელსაც პატრიარქი ხელმძღვანელობდა, შედგებოდა მხოლოდ მიტროპოლიტებისაგან, მოგვიანებით მათ დაემატათ იმავე გეოგრაფიული რეგიონის ეპისკოპოსებიც. მართალია, რეგიონალური საკითხები ისევ განიხილებოდა მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით ადგილობრივი მიტროპოლიტურ / საეპისკოპო კრებაზე, მაგრამ ისინი ადგილობრივი პატრიარქისა და მისი სინოდის, რომელშიც ისინიც მონაწილეობდნენ, კანონიკური დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ.
საპატრიარქოს საზღვრები არის მხოლოდ გეოგრაფიული და სხვა არაფერი. ისინი არაა ეთნოფილეტური, კულტურული, ლიტურგიკული ან სხვა ამის მსგავსი, და განსაზღვრული იყო მსოფლიო კრებების მიერ საეკლესიო კანონებისა და წესების მიხედვით. ეს გადაწყვეტილებები სრულ შეესაბამისობაშია მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასთან, სჯულის კანონსა და სამოძღვრო მოთხოვნილებებთან და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ქრისტიანულ სწავლებასთან.
I მსოფლიო კრების მე-6 კანონი ბრძანებს “დაე ძველი წესებიც მმართველობდნენ ახალ კანონებთან ერთად” და ამტკიცებს რომის, ალექსანდრიის და ანტიოქიის გეოგრაფიულ საზღვრებს. “დაე ადრეული წესი, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიაში და პენტაპოლისში, უპირატესობდეს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსს მიეცეს საეპისკოპოსო უფლება ყველა ამ ტერიტორიაზე, ვინაიდან მსგავსი უფლებებით სარგებლობს რომის ეპისკოპოსიც. იგივე ეხება ანტიოქიას და სხვა პროვინციებს, დაე იერარქიულობა შენარჩუნებული იყოს ეკლესიაში”. შესაბამისად “ალექსანდრიის ეპისკოპოსი უპირატესია ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისის პროვინციაში, აფრიკაში; ამის მსგავსად ანტიოქიის ეპისკოპოსი წინამძღოლობს სირიას, კოელეს, მესოპოტამიასა და ორივე კილიკიას…” ანუ აღმოსავლეთის ეპარქიას; “და რომის ეპისკოპოსი უპირატესია დასავლეთ პროვინციებში” [1].
იერუსალიმის ეპისკოპოსი, ამ ქალაქის განსაკუთრებული სიწმინდისათვის “უფლის მხსნელი ვნებების” გამო [2], პატრიარქად გამოცხადებული იყო IV მსოფლიო კრების მიერ და მისი იურისდიქცია მოიცავდა პალესტინის სამ პროვინციას, რომელიც ცნობილი იყო როგორც “სამი პალესტინა” [3]. ამდაგვარად, იერუსალიმი უპირატესი იყო “პალესტინის, არაბეთის და ფინიკიის პროვინციებს…” შორის [4].
იერუსალიმს, როგორც საპატრიარქოს, ეკავა მე-5 ადგილი ანტიოქიის საპატრიარქოს შემდეგ [5], მაშინ როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მომხდარი სქიზმის მერე მან მართლმადიდებელ ეკლესიათა სიაში გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე. იერუსალიმის შემთხვევაშიც კრიტერიუმი, რომლითაც IV მსოფლიო კრებამ დაადგინა მისი კანონიკური იურისდიქცია, იყო აგრეთვე მხოლოდ გეოგრაფიული.
მსოფლიო პატრიარქს , კონსტანტინეპოლის – ახალი რომის ეპისკოპოსს, მართლმადიდებელ ეკლესიათა კანონიკურ სტრუქტურაში უკავია პირველი ადგილი – უპირატესობის პატივი[6]. მისი ეს პოზიცია, ისევე როგორც მისი კანონიკური იურისდიქციის კრიტერიუმი განსაზღვრული იყო მსოფლიო კრებათა წმინდა კანონებით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუქცევადი გადაწყვეტილებებით [7], რისი განხორციელებაც სავალდებულოა ყველა მართლმადიდებლისათვის.
კონსტანტინეპოლის უპირატესობის პატივი დაკანონებული იყო ეკლესიის II (კანონი 3), IV (კანონი 28) მსოფლიო კრებების და ტრულის (კანონი 36) კრების მიერ. ამდაგვარად: “კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდარმა ძველ რომთან ერთად თანატოლი უპირატესობის უფლებებით უნდა ისარგებლოს, და რომის შემდეგ მეორე ადგილას მდგომი, მასთან ერთად თანაბრად უნდა განიდიდოს” [8]. სქიზმიდან მოყოლებული მართლმადიდებელ ეკლესიაში კონსტანტინეპოლს უპყრია ღირსებისა და διακονια (მსახურების) უპირატესობა.
IV მსოფლიო კრებამ 28-ე კანონით, რომელიც უნივერსალურია, დაამტკიცა მსოლფიო საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის ფარგლების დადგენის ეკლესიის ხანგრძლივი ტრადიცია. მისი იურისდიქცია გაფართოვდა და მოიცავდა რომის იმპერიის მაშინდელ ადმინისტრაციებს პონტოში, ასიაში, თრაკეაში და ამავე დროს “ბარბაროსთა” ტერიოტორიებს, ანუ იმ გეოგრაფიულ ადგილებს, რომლებიც რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ იყო: “… მხოლოდ პონტოს, ასიის და თრაკეას ეპარქიების მიტროპოლიტები დანიშნულნი უნდა იყვნენ ზემოთ ხსენებული კონსტანტინეპოლის წმინდა ეკლესიის წმინდა საყდრის დადგენილებით, და იგივე ითქმის იმ ეპისკოპოსებზეც, ვინც ბარბაროსთა მიწებზე არიან…”.
ზედსართავი სახელი “ბარბაროსთა” განსაზღვრავს არსებით სახელს “ერებს”, რომელიც გამოტოვებულია ამ კანონის ტექსტში, მაგრამ ზონარას ინტერპრეტაციის მიხედვით ასე უნდა იგულისხმებოდეს [9]. როგორც უკვე ნახსენები იყო, ბარბაროსთა ერები ანდა ქვეყნები წარმოადგენდნენ იმ პროვინციებს, რომლებიც IV მსოფლიო კრების დროინდელ რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ მდებარეობდნენ: “მაშინ როდესაც მათ ერქვათ ალანიის, რუსეთის და სხვა ბარბაროსთა საეპისკოპოსოები” [10]. 28-ე კანონის არისთენოსის განმარტების მიხედვით, ალანიის და რუსეთის გარდა ბარბაროსთა სხვა ტერიტორიები განიხილებოდა ზოგადად როგორც “ბარბაროსები”: “… პონტოს და თრაკეას და ასიის, ისევე როგორც ბარბაროსების, ეპისკოპოსები იკურთხებიან კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ…”.
“Notitiae episcopatuum”- ის მიხედვით, რომელიც იმპერატორ ლევ ბრძენის (886-912) სახელს ატარებს, თუმცა რეალურად XI საუკუნეს განეკუთვნება [11], სამხრეთ იტალიის, ანუ კალაბრიისა და სიცილიის, ეპარქიები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ქვეშაა. გარდა ამისა, იმპერატორ ანდრონიკოს II პალეოლოგის (1282-1328) “Exposition”- ის მიხედვით, რომელიც ძალაში XIX სუკუნემდე იყო, ეს ეპარქიები მსოფლიო საპატრიარქოზე იყვნენ დამოკიდებულნი. თუმცა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება თანდათანობით შესუსტდა იმის გამო, რომ ეს პროვინციები რომის სიახლოვეში იყვნენ და თანაც იმიტომ, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის ქვეშ იყო, არ ჰქონდა შესაძლებლობა მათთან კავშირი ჰქონოდა.
მსოფლიო საპატრიარქოს 1855 წლის საბუთში – “აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის საყდრები” – ეს ეპარქიები არაა ნახსენები [12].
უფრო მეტიც, დაწყებული VIII საუკუნიდან აღმოსავლეთ ილორიკიას (ბალკანეთის რეგიონი თრაქეას საზღვრებიდან ადრიატიკის ზღვამდე) ყველა პროვინცია რომის იურისდიქციიდან კონსტანტინეპოლის კანონიკური იურისდიქციის ქვეშ იქნა გადაყვანილი.
შედარებით ახალი ქვეყნები, როგორებიცაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, შორეული აღმოსავლეთი და ა.შ. და ასევე სხვა ტერიტორიები, რომლებიც ადგილობრივი ეკლესიების (განსაზღვრულია რა წმინდა კანონებით, მსოფლიო კრებების დადგენილებებით და აგრეთვე პატრიარქალური და სინოდალური ტომოსებით) ფარგლებს გარეთაა, IV მსოფლიო კრების და სხვა კრებების საერთო ტერმინოლოგიის მიხედვით თეორიულად და, შესაბამისად, პრაქტიკულადაც განეკუთვნებიან “სხვა” ბარბაროსულ ტერიტორიებს. და ეს არაა არანაირ კავშირში ეთნიკურ ანდა სხვა თანამედროვე კულტურულ, არამედ მხოლოდ მის გეოგრაფიულ განსაზღვრებასთან. და ეს იმიტომ, რომ ისინი ხსენებული კრების დროს არ შედიოდნენ რომის იმპერიაში და არ იყვნენ დასახელებულნი კანონიკურ წყაროებში როგორც ალანია და რუსეთი [13].
შესაბამისად, კონსტანტინეპოლის მსოფლიო საყდარს კანონიკური იურისდიქცია გააჩნია მართლმადიდებლებზე, რომლებიც ყველა ხსენებულ “ბარბაროსულ” ქვეყანაშია და ამ კანონიკური უფლების პრაქტიკაში ხორცშესხმა ამ ტერიტორიებზე არანაირ შემთხვევაში არ განიხილება როგორც ფარგლებს გარეთ მოქმედება [14]. პატრიარქალური სინოდალური ტომოსების და ოქმების საშუალებით განსაკუთრებული მიტროპოლიები და ეპარქიები, რომლებიც მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციაში მყოფი გეოგრაფიული რეგიონების ნაწილი იყო, გადაეცა ახალ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიებს რუსეთში, ბალკანეთში და მათ გარეთაც. ამ ავტოკეფალურ ეკლესიებს ამ ტერიტორიებზე მიენიჭათ კანონიკური, ადმინისტრაციული და სამოძღვრო მზრუნველობის უფლება. მათი ნებისმიერი ადმინისტრაციული ან მქადაგებლური მოღვაწეობა დადგენილი გეოგრაფიული ფარგლების გარეთ ეროვნული, რასობრივი, ლინგვისტური ან კულტურული კრიტერიუმების მიზეზით კანონიკური სიზუსტის მიხედვით განიხილება როგორც ქმედება “ფარგლებს გარეთ” (υπερόριον) და სხვა პროვინციაში შეჭრა (εισπήδησιν), რაც ეწინააღმდეგება კანონიკური იურისდიქციის ფუნდამენტალურ პრინციპებს და ეკლესიის ტრადიციას.
ქრისტიანობის კონსტანტინეპოლიდან დიდ და მცირე რუსეთში (X საუკუნე) გადასვლის ისტორია კარგადაა ცნობილი, ისევე როგორც ცნობილია ისტორია ამ ეპარქიის შესვლისა მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის ქვეშ.
“Notitiae episcopatuum”- ის, ანუ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიების, საარქიეპისკოპოსოების და საეპისკოპოსოების კონსტიტუციური სიის მიხედვით რუსეთის (კიევის) მიტროპოლიას იმ დროს 61-ე ადგილი ეკავა [15].
ამ მიტროპოლიას დიდ რუსეთში 12 ეპისკოპოსი ყავდა (ნოვგოროდი, ჩერნიგოვი, სუზდალი, როსტოვი, ვლადიმირი, ხმელინცკი, დიდი ბელგოროდი, კიევის სიახლოვეს, იურიევი, პოლოცკი, რიაზანი, ტვერი და სარაი).
ანალოგიურად, კიევის მიტროპოლიის ქვეშ მცირე რუსეთში 7 ეპისკოპოსი იყო (დასავლეთ რეგიონი: გალიცია, ვოლინია, პერემისლი, პუცკი, ტუროფი, ხოლმი და სმოლენსკი).
მსოფლიო საპატრიარქოს ქვეშ მყოფი კიევის (რუსეთი) მიტროპოლიის კანონკურ გეოგრაფიულ ფარგლებში შედიოდა დიდი და მცირე რუსეთი. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამინს შეეძლო მიეღო სახარებისეული, მქადაგებლური და ადმინისტრაციული მზრუნველობა.
ისტორიულმა მოვლენებმა მიტროპოლიის გეოგრაფიულ ფარგლებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და მოგვიანებით პოლიტიკური და ეკლესიური ცენტრი გახდა მოსკოვი და მისი ეპისკოპოსი აღიარებული იქნა როგორც რუსეთის მიტროპოლიტი. 1459 წელს, მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს შორის დაკავშირების სირთულეების გამო, რასაც აგრეთვე მოყვა თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღება (1453), რუსეთის მიტრპოლიტი მსოფლიო საპატრიარქოსაგან დამოუკიდებელი გახდა იმ საკითხში რაც მის არჩევას შეეხებოდა, მაშინ როდესაც მთელი მიტროპოლია გაიყო ორად: მოსკოვისა და კიევის მიტროპოლიებად.
1588 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II მოსკოვს გაემგზავრა, სადაც ის დათანხმდა მოსკოვის მიტროპოლიტის პატრიარქის რანგში აყვანაზე და, ზეწოლის ქვეშ, მოსკოვის მიტროპოლიტი (ავადმყოფი) იობი აიყვანა პატრიარქის რანგში. ეს მოხდა 1589 წლის 26 იანვარს.
პატრიარქ იერემიას მიერ მოწვეული იყო ენდემუსას კრება კონსტანტინეპოლში, რათა მოეხდინა მოსკოვის მოვლენების რატიფიკაცია. კრება ხელახლა იყო მოწვეული 1593 წელს და ამჯერად რუსეთის მეფის სურვილით, რათა ამ კრებას დასწრებოდა ალექსანდრიის პატრიარქი მელეტიოს პეგასი, რომელიც მოვლენათა ასეთი განვითარების წინააღმდეგი იყო. კრებამ მოსკოვის მიტროპოლიტის პატრიარქის რანგში აყვანის რატიფიცირება მოახდინა და დიპტიხში მიუჩინა მას მეხუთე, ანუ იერუსალიმის პატრიარქის მომდევნო, ადგილი. მოსკოვის პატრიარქი არჩეული უნდა ყოფილიყო მოსკოვის საპატრიარქოს იერარქების მიერ.
ენდემუსას კრების პატრიარქალური და სინოდალური ოქმების მიხედვით: “საყდარი დიდად პატივსაცემი და მართლმადიდებლური ქალაქისა მოსკოვისა არის და უნდა იწოდოს საპატრიარქოდ… და სრულიად რუსეთი და შორეული-ჩრდილოეთ ტერიტორიები უნდა იყოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო საყდრის დაქვემდებარების ქვეშ… წმინდა დიპტიხში და საეკლესიო კრებებში მისი ადგილი არის მისი უნეტარესის იერუსალიმის [საპატრიარქოს] შემდეგ … ჩვენ მტკიცედ ვიცავთ წმინდა მამების მიერ ადრე ჩამოყალიბებულ კანონებს… იგი თავია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის რეგიონის და შორეულ-ჩრდილოეთ ტერიტორიებისა და ასე უნდა აღიარებოდეს წმინდა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა 34 კანონის შესაბამისად…” [16].
ამგვარად, პატრიარქალური და სინოდალური ოქმის მიხედვით, რომელმაც დააფუძნა მოსკოვის საპატრიარქო და რატიფიცირება გაუკეთა ყველაფერს რასაც ადგილი ჰქონდა მოსკოვში (1589) პატრიარქ იერემია II-ს დროს, მოსკოვის პატრიარქის, რანგით მეხუთეს დიპტიხის მიხედვით იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ, კანონიკური იურისდიქცია მოიცავდა მოსკოვს, რომლის ეპისკოპოსიც თვითონ იყო, და სრულიად რუსეთს და შორეულ-ჩრდილოეთ ტერიტორიებს რუსეთის სახელმწიფოს შიგნით. როგორც ადგილობრივ ეკლესიას, მოსკოვის საპატრიარქოს, მისი დაფუძნების განმსაზღვრელი ოფიციალური ოქმების მიხედვით, გააჩნია კანონიკური იურისდიქცია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ფარგლებში და ეს შესაბამისობაში მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასა და ეკლესიოლოგიასთან. მისი კანონიკური იურისდიქცია – მისი “საფუძველი” – ფარავს “სრულიად რუსეთს”, ანუ როგორც ადრე იყო ნახსენები, რუსეთის სახელმწიფოს და არა მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიებს. ამას აგრეთვე მოყვება ის, რომ მისი “მისიონერული საფუძველი” აგრეთვე ვრცელდება მის ოფიციალურად განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ გაფართოებაში და მოიცავს რუსეთის სახელმწიფოებრივ სფეროს, და არა მის გარეთ ტერიტორიებს.
ადგილობრივი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის გეოგრაფიული ფარგლების გარეთ ამ ეკლესიის წევრების მიერ ანდა მათი სახელით ჩატარებული მისიონერული მოღვაწეობა არაკანონიკურია და ეკლესიოლოგიურად მიუღებელია. ეს შეიძლება ჩაითვალოს კანონიკურად და ეკლესიოლოგიურად დაშვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ეკლესიის წევრეს ადგილობრივ ეკლესიაში მისიონერობისათვის მიღებული აქვთ ამ პირველისაგან დაპატიჟება და სადაც ისინი თავისი მისიონერული მოღვაწეობის განმავლობაში იქნებიან ადგილობრივი კანონიკური ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში. მსახურებების დროს მათ უნდა მოიხსენიონ მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსის სახელი და აღასრულონ თავისი მისიონერული საქმიანობა მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსის სახელით, და ამ შემთხვევაში მათი საქმიანობა კანონიკური, სუფთა და შეუბღალავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება “ფარგლებს მიღმა” ჩარევა (“υπερόριος”) და სხვა პროვინციაში შეჭრა (“εισπήδησις”), რაც წმინდა კანონებისა და მსოფლიო კრებების დადგენილებებით განსაკუთრებულად აკრძალულია: “დაე არც ერთმა ეპისკოპოსმა არ შეასრულოს ხელდასხმა თავის საკუთარ ფარგლებს გარეთ, ანდა ქალაქებში და ტერიტორიებში რომელიც მას არ ეკუთვნის. და თუ დამტკიცდა, რომ ეპისკოპოსმა ასეთი ქმედება ჩაიდინა იმათ ნებართვის გარეშე, ვის განკარგულებაშიცაა ეს ქალაქები ან ტერიტორიები, დაე იგი და ისინიც, ვისი ხელდასხმაც მოხდა, გადაყენდნენ” [17].
“დაე არც ერთმა ეპისკოპოსმა არ გაბედოს ერთი პროვინციიდან მეორეში გადასვლა და ეკლესიაში ვინმეს ხელდასხმა… სანამ ის არ იქნება წერილობით მიწვეული ამ ტერიტორიებში მყოფი ადგილობრივი მიტროპოლიტის და სხვა ადგილობრივი ეპისკოპოსების მიერ. და თუ ვინმე მოპატიჟების გარეშე წავიდა და ხელსდაასხა ვინმეს ეკლესიაში არსებული წესრიგისდა მიუხედავად… მის მიერ შესრულებული ნებისმიერი ქმედება ბათილად ჩაითვლება. ის თვითონ თავის თავზე მოიწევს შესაბამის სასჯელს თავისი კანონსაწინააღმდეგო და უაზრო ქმედებისათვის ჩაითვლება უკვე რა გადაყენებულად წმინდა კრების მიერ” (ანტიოქიის კრების მე-13 კანონი)[18].
ამრიგად, მართლმადიდებლური კანონიკური სწავლებისა და ეკლესიოლოგიის მიხედვით, “ყოველი პატრიარქი უნდა დასჯერდეს თავის პრივილეგიებს და არ მიიტაცოს ისინი სხვა ეპარქიებიდან, ვინაიდან ისინი თავიდანვე მის ხელში არ იყო…” [19].
ეკლესიის ეს კანონიკური წყობა, რომელიც ეკლესიოლოგიურ დოგმატიკის პირობებზეა დაყრდნობილი, ანუ ეკლესიის შესახებ სწავლებაზე, მის სტრუქტურაზე, ეპისკოპოსებზე, მოღვაწეობაზე, იურისდიქციაზე და ა.შ., არის მისი ოფიციალური და ურყევი პოზიცია. ის დაფუძნებულია წმინდა წერილზე, წმინდა კანონებსა და მსოფლიო კრებათა დადგენილებებზე, რომლებიც როგორც ეკლესიის შეუმცდარობის გამოხატულება, სავალდებულოა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. გარდა ამისა, მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია, მისი ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციის მიუხედავად, არის კვლავ ერთი ერთობლივი რწმენით და დოგმით. იგივე მაკურთხეველი საიდუმლოებებია მის შიგნით და იგივე სინოდური კანონები არეგულირებენ მისი ცხოვრების წესრიგსა და საკითხებს.
ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით სამყაროში მოგვივლინა ეკლესია ყველა ადამიანის (განურჩევლად რასისა) და თვით სამყაროს ხსნისათვის, და არა პოლიტიკური ანდა პირადი ამბიციების ანდა სხვა სეკულარული და ოპორტუნისტული მიზნების მსახურებისათვის. ეკლესია არ არის რუსული ანდა ბერძნული, სერბული ან რუმინული და ა.შ., მაგრამ მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია საბერძნეთში, რუსეთში, სერბეთში, რუმინეთში და ა.შ. ადგილობრივი ეკლესიების ფარგლები არის მხოლოდ გეოგრაფიული, და დადგენილი იყო არა ეროვნული ან რასისტული კრიტერიუმებით, არამედ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც პასუხობდა რომის იმპერიის (წმ. ფოტიუსი) სამოქალაქო ადმინისტრაციულ დაყოფას რათა უფლის ხალხისათვის, განურჩევლად რასისა, მიეცა საუკეთესო მამობრივი მზრუნველობა მათი ქრისტეში ხსნისათვის.
ეთნოფილეტიზმი, როგორც მოვლენა, წარმოიშვა XVIII-XIX საუკუნეებში. ის წარმოადგენდა განმანათლებლობისა და ფრანგული რევოლუციის პროდუქტს და იყო ახალი პოლიტიკური თეორია, რომლის საფუძველზეც ევროპაში, და კერძოდ კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, წარმოიშვა ეროვნული სახელმწიფოები. ეს თეორია, სამწუხაროდ, ისევ ხმარებაშია ბალკანეთში, სადაც სახეზეა მისი დამანგრეველი შედეგები ამ რეგიონის მშვიდობისათვის და ადამიანთა სიცოცხლეებისათვის.
XVIII საუკუნემდე (ანუ ფრანგულ რევოლუციამდე) ისტორიულ წყაროებში, სახელმწიფოებრივ ფორმირებაში და უბრალო ადამიანთა ცხოვრებში “ერის” იდეას არ ჰქონია ის ეთნოფილეტური გაგება, რაც მას დღეს აქვს. ადრეულ ისტორიაში და XVIII-XIX საუკუნემდე, “ერი” განისაზღვრებოდა რელიგიით და კულტურით და არა ეროვნებით. ეს იყო სპარსელების, ბერძნების, წარმართი რომაელების და აგრეთვე ქრისტიანი რომაელების (ბიზანტიელების) ისევე როგორც ებრაელების (რაც დღესაც ასევეა) და მუსულმანების პოლიტიკურ-რელიგიური თეორია. როდესაც მუსულმანებმა, ჯერ არაბებმა და მერე ოსმალებმა, რომის (ბიზანტიის) ქვეყნები და ტერიტორიები დაიპყრეს, მათ მოახდინეს ამ ტეორიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა “ერების” (მილეთი), ანუ რელიგიური საზოგადოების და არა ეროვნებების მიხედვით. მუსულმანურ სახლემწიფოებში ამ საზოგადოებების რელიგიური ლიდერები იყვნენ აგრეთვე ამ საზოგადოებების ეთნარქებიც. შესაბამისად, კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი ოსმალეთის იმპერიის მართლმადიდებელი “ერის” ეთნარქი იყო განურჩევლად ეროვნებისა და ენისა, ისევე როგორც სხვა პატრიარქები, მიტროპოლიტები და ადგილობრივი ეპისკოპოსები. სულთანი / ხალიფი მუსულმანთა ეთნარქი იყო განურჩევლად ეროვნებისა და ა. შ. [20]. როგორც უკვე ითქვა, ფრანგულმა რევოლუციამ (1789) და განმანათლებლობამ წარმოშვა ახალი პოლიტიკური თეორია, რომელმაც რელიგიის და კულტურის, როგორც საზოგადოების და ადმინისტრაციული ერთეულის განმსაზღვრელი ელემენტების, იგნორირება მოახდინა. სახელმწიფოებრივი ერთეულები იმ დროს უკვე ყალიბდებოდა ამ დომინანტური თეორიის – ეთნოფილეტური კრიტერიუმის – მიხედვით. ეს ეხებოდა უკვე არსებულ ან, ძირითადში, იმ ერთეულებს რომლებიც პოლიტიკური პროპაგანდით იყო შექმნილი – ჩვენთვის ცნობილი მელანქონიური შედეგებით (ეთნიკური წმენდით და ა.შ.). რასაკვირველია, ქრისტესათვის და მისი ეკლესიისათვის, “არა არს ჰურიაება, არცა წარმართება…რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ” (გალ. 3, 28).
მეტწილად XIX საუკუნეში დომინირებულმა ამ “ეროვნების პოლიტიკამ” შექმნა ეროვნული სახელმწიფოები ევროპაში, და განსაკუთრებით კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ამის პირდაპირი შედეგი იყო საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამ განვითარების ძირითადი მნიშვნელოვანი პუნქტები იყო:
1. ეროვნული ეკლესიების ჩამოყალიბება, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთისაგან გაუცხოვებულნი იყვნენ, და
2. აღმოსავლეთში სეკულარული (პროფანული) სულისკვეთების თანდათანობითი შეღწევა და, განსაკუთრებით კი, ინდივიდუალური ლიბერალიზმი, რომელიც დაფუძნებული იყო დასავლეთიდან იმპორტირებულ ინტელექტუალურ დინებებზე [21].
ისინი, ვინც აღჭურვილი იყვნენ ამ ეთნოფილეტიზმის სულისკვეთებით, თანამშრომლობდნენ უცხოურ პოლიტიკურ ძალებთან და წარიმართნენ, რომ განეცხადებინათ ეკლესიების თვითნებური ავტოკეფალიები საბერძნეთში (1883), რუმინეთში (1865), ბულგარეთში (1870) და ალბანეთში (1922-1928-1937). სერბეთის ეკლესიამ ამ მხრივ გამოამჟღავნა განსხვავებული და უფრო მშვიდობიანი სულისკვეთება.
ფაქტია, რომ მაშინდელი დიდ ძალები გეგმავდნენ ოსმალეთის იმპერიის დაშლასა და მის შეზღუდვას აზიაში, და არა აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) აღდგენას, რომელიც მათთვის იქნებოდა ბალკანეთსა და ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ მიდამოებში მათი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების მეტოქე. გამეფებული ეთნოფილეტიზმის პოლიტიკური თეორიის საფუძველზე, მათ ერჩივნათ პატარა და სუსტი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, რომლებიც მათზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი. ამ ამბიციების მისაღწევად, ხსენებული რეგიონის სულიერი, კულტურული და ეკლესიური ერთობა უნდა შერყეულიყო, და ჩამოყალიბებულიყო ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიები, რომლებიც დამოკიდებულნი იქნებოდნენ შექმნილ სახელმწიფოებზე და ეს უკანასკნელნი თავის მხრივ, გარემოებათა მიხედვით, დამოკიდებულნი იქნებოდნენ ერთ-ერთ გარეშე დიდ ძალაზე.
მსოფლიო საპატრიარქო, როგორც ეკლესიის პირველი საყდარი, გათვითცნობიერებული თავის პასუხისმგებლობაში მართლმადიდებლობის მიმართ, იმ დროს გამეფებული პირობებისაგან დამოუკიდებლად, ამ საშიში მოვლენის წინააღმდეგ პოზიციაზე დადგა. თავდაპირველად, მან დაგმო ბერძნების გადაწყვეტილება (1833-1850) და მოგვიანებით დიდ ადგილობრივ კრებაზე კონსტანტინეპოლში (1872) დაგმო ეთნოფილეტიზმი, რომელიც არის არა მარტო ეროვნებისა და სახელმწიფოს მიმართ ჯანსაღი სიყვარულიდან გადახვევა, არამედ წარმოადგენს მსოფლიოში ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თანამშრომლობის რეალურ შეფერხებას და არის ეკლესიის ერთობის ყველაზე დიდ მტერი.
ამ კრებამ გამოაქვეყნა “რეზოლუცია”, რომელიც გმობს ეთნოფილეტიზმს ეკლესიაში და რომელიც დაფუძნებული იყო ამ კრების სპეციალური კომიტეტის მიერ ფორმულირებულ ძირითად პრინციპებზე [22].
ეს ძირითადი პრინციპები შემდეგია:
“… ქრისტიანულ ეკლესიაში, საზოგადოება რომელიც სულიერია და მოწოდებულია თავისი თავით და დამფუძნებლით მოიცავდეს ყველა ეროვნებას ერთ ქრისტიანულ საძმოში, ფილეტიზმი უცხოა და სრულიად წარმოუდგენელი. და, მართლაც, ფილეტიზმი, ანუ განსაკუთრებული ეროვნული ეკლესიების ფორმაცია ერთდაიმავე ადგილას, რომელიც ღებულობს ერთი და იგივე ეროვნების წარმომადგენლებს, მაგრამ გამორიცხავს სხვა ეროვნებებს და რომელსაც მეთაურობს იგივე ეროვნების წარმომადგენელი, გაუგონარია და უპრეცენდენტო, თუმცა ეს არის ის რისკენაც ფილეტიზმის მიმდევრები მიისწრაფვიან“.
ყველა ქრისტიანული ეკლესია, რომელიც დაფუძნებული იყო სხვა და სხვა ადგილას, იყო თავიდანვე ადგილობრივი შეიცავდა რა ამა თუ იმ ქალაქის ან რეგიონის მორწმუნეებს ეროვნული დისკრიმინაციის გარეშე. და, ამრიგად, იგი ატარებდა ამ ქალაქისა თუ რეგიონის სახელს, მაგრამ არა წევრების ეროვნულ წარმომავლობის სახელს.
პირველ რიგში, იერუსალიმის ეკლესია, როგორც კარგადაა ცნობილი, შეიცავდა ებრაელებს და პროზელიტებს სხვადასხვა ეროვნებებიდან. ასეთივე გზით, ანტიოქიის, ალექსანდრიის, ეფესოს, რომის და ყველა სხვა ეკლესია შედგებოდა ებრაელებისაგან და წარმართებისაგან. თითოეული ეკლესია თავის თავშივე წარმოადგენდა რაღაც განუყოფელს და კომპაქტურს, თითოეული აღიარებდა თავის მოციქულებად ქრისტეს მოციქულებს, რომელთაგანაც ყველა ეროვნებით ებრაელი იყო; როგორც პირველი ქრისტიანული ეკლესიის ისტორია მოწმობს, თითოეულს ყავდა ამ მოციქულების მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსი, განურჩევლად ეროვნებისა.
ასეთივე გზით ფუძნდებოდა ეკლესიები სხვადასხვა ადგილებში მოციქულების ეპოქის შემდეგაც, ანუ რეგიონალური ანდა საეპარქიო ეკლესიები, რომლებიც განსაზღვრული იყვნენ არსებული სამოქალაქო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ან სხვა ისტორიული მიზეზების მიხედვით. ამ ეკლესიების მორწმუნე მრევლი შედგებოდა ყველა ეროვნებისა და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ქრისტიანებისაგან.
ამგვარად, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქო საყდრის ეკლესიები და კვიპროსის სამთავარეპისკოპოსო, რომელიც უფლის მადლით შემოგვენახა დღევანდელ დღემდე, არიან ადგილობრივი ეკლესიები, იმ გაგებით, რომ ისინი შემოფარგლულნი არიან გეოგრაფიულ საზღვრებში. ისინი არ არიან ეროვნული ეკლესიები. სწორედ ამიტომაა, რომ მათ დაერქვათ დედაქალაქის სახელწოდება და არა იმ ეროვნებების სახელწოდებები, რომლებისაგანაც ეს ეკლესიები შედგებიან: ბერძნები, ეგვიპტელები, სირიელები, არაბები, ვალაქიელები, მოლდოველები, სერბები, ბულგარელები და სხვა ვინც ამ ეკლესიების მახლობლად ცხოვრობენ.
ასეთივე იყო აგრეთვე ოხრიდის, პეკის და ტურნავოს სამთავარეპისკოპოსოების საზღვრები, ანუ ეკლესიების შემოფარგლულ საზღვრებს შიგნით. ისინი არ იყვნენ დაფუძნებულნი ფილეტიზმის ან მათი წევრების ეროვნულ და ენობრივ პრინციპებზე. მოგვიანებითი გამონათქვამები “ლათინური, ბერძნული, სომხური ეკლესია” და ა. შ., ზოგადად არ წარმოადგენენ დისკრიმინაციას ეროვნულობის მიხედვით, არამედ განსხვავებას დოგმაში. იმავე გზით, საბერძნეთის, რუსეთის, სერბეთის, ვალაქიას, მოლდოვას ეკლესია, ან, უფრო არასათანადოდ, რუსული, ბერძნული, სერბული და ა.შ. ეკლესია ნიშნავს ავტოკეფალურ ან ნახევრად დამოუკიდებელ ეკლესიებს ავტონომიურ ანდა ნახევრად დამოუკიდებელ რეგიონებში და სხვა განსაზღვრულ ფარგლებში: იმ პოლიტიკურ სფეროებში, რომლის გარეთაც მათ არ გააჩნიათ ეკლესიური იურისდიქცია. აქედან გამომდინარეობს, რომ ისინი არსებობენ არა ეროვნულობის გამო, არამედ პოლიტიკური ვითარების გამო, და რომ მათი წევრები არ არიან ერთი ეროვნების და ენის წარმომადგენლები.
წმინდა კრებების მამები, იქნებოდა ეს ადგილობრივი თუ მსოფლიო, თავის თავს არ წარმოადგენდნენ თავისი ანდა მათი მრევლის ეროვნების სახელით, არამედ იმ ეკლესიის სახელით რომლის თავნიც ისინი იყვნენ. და თუ ეკლესიის ისტორიაში პირველი კრებების ოქმებში ჩვენ მართლაც გვხდება ეპისკოპოსები, რომლებიც განსაზღვრულნი იყვნენ არა ქალაქით ანდა ტერიტორიით, არამედ ეროვნებით, ისეთი როგორც იყო სარაცინთა, გოთების ან სკვითების ეპისკოპოსი, ეს გამოწვეული იყო იმ დროისათვის ამა თუ იმ ერში ცუდად განსაზღვრული პოლიტიკური და სოციალური პირობებით. ასეთი სახელწოდება ამ კუთხით ადვილად აიხსნება, ვინაიდან ამ ერების მხოლოდ რაღაც ნაწილმა მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და ჯერ არ შეგროვილა ერთად ქალაქებში.
და თუ ჩვენ ამოვიკითხავთ წმინდა კანონებს, რომლებზეც ეკლესიის სტრუქტურაა დაფუძნებული, ჩვენ ვერ ვნახავთ იქ ფილეტიზმის ვერანაირ კვალს. არც ერთი კანონი, რომელიც არეგულირებს ეპისკოპოსის, მიტროპოლიტის და პატრიარქის ხელდასხმას, ისევე როგორც სხვა ეკლესიის თანამდებობაზე ვინმეს დანიშვნას, არ განსაზღვრავს ეროვნულ ფაქტორს როგორც ხელდასხმის თუ დანიშვნის აუცილებელ პირობად. ისინი გულისხმობენ პიროვნების მხოლოდ ზნეობრივ და რელიგიურ თვისებებს, რაც ნაგულისხმები ჰქონდა წარმართების მოციქულს ტიმოთესა და ტიტეს მიმართ ეპისტოლეში. ზუსტად ასევე, ადგილობრივი ეკლესიების წმინდა კანონებს, რომლებიც გამიზნული იყო ეკლესიის მოწყობისათვის, ერთიანობისათვის ანდა ეპარქიებისა და სამრევლოების დაყოფისათვის რაც გამოწვეული იყო ეკლესიური ან პოლიტიკური აუცილებლობით, არასდროს ჰქონია ეთნოფილეტური მისწრაფებები.
ფილეტიზმის პრინციპი ამხობს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სტრუქტურას. მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურა, მისი ადმინისტრაციული ორგანიზაცია როგორც ხილული ერთიანობა, გამოიხატება მისი კანონმდებლობის ერთიანობაში, რაც წარმოადგენს წმინდა კრებების და წმინდა მოციქულების საღვთო და წმინდა კანონებს. ნებისმიერი ქმედება ეკლესიის მიმართ და მცდელობა ამ კანონების დარღვევისა როგორც მთლიანად ასევე ნაწილობრივ, არსებითად არღვევს ეკლესიის სტრუქტურას… მაგალითად, I მსოფლიო კრების მე-8 კანონი ამბობს, რომ: “ერთ ქალაქში არ უნდა იყოს ორი ეპისკოპოსი”. მაგრამ ეთნოფილეტიზმის პრინციპის მიხედვით ორ, სამ და უფრო მეტ ერთი და იგივე სარწმუნოების ეპისკოპოსს შეიძლება ჰქონდეს საყდარი ერთსა და იმავე ქალაქში; სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმდენი საყდარი შეიძლება იყოს რამდენი ეროვნებაც ცხოვრობს იმ ქალაქში. IV მსოფლიო კრების მე-12 კანონის მიხედვით: “დაე არ იყოს ორი მიტროპოლიტი ერთ და იმავე ეპარქიაში”. თუმცა, ფილეტიზმის მიხედვით, ერთი და იგივე პროვინცია შეიძლება წარმოადგენდეს ორი ან მეტი მიტროპოლიტის, იქ მცხოვრები ეროვნებების რაოდენობის მიხედვით, ეპარქიას [23].
ფილეტიზმის შედეგად ეკლესიური პოლითემის [24] მოშლა უფრო საგრძნობლად ვლინდება ეკლესიების ეპარქიებში (საპატრიარქოები და ავტოკეფალური ეკლესიები). II მსოფლიო კრების მე-2 კანონი ამბობს: “დაე ეპისკოპოსებმა არ იმგზავრონ ეკლესიებში, რომლებიც მისი ეპარქიის ფარგლებს გარეთაა…”
ამ ეპარქიების სინოდები ეპარქიების მწყემსმთავართან, არქიეპისკოპოსთან, ეგზარქთან ან პატრიარქთან ერთად წარმოადგენენ უმაღლეს ეკლესიურ ავტორიტეტს ეპარქიის მთელ ტერიტორიაზე. და, არსებული წყობის თანახმად, ისინი რჩებიან მართლმადიდებელ პატრიარქებად აღმოსავლეთ ტერიტორიებში, და, სხვა რეალობებში, ადმინისტრაციულ სინოდებად მწყემსმთავართან ერთად. თუმცა, ფილეტიზმის მიხედვით, არ არსებობს რაიმე განსაზღვრული ადგილი ადგილობრივი ეკლესიის მართველობისათვის. ეროვნული ეკლესიური იურისდიქცია ფართოვდება და იკუმშება ერის მიგრაციის მიხედვით. შესაბამისად, ერთსა და იმავე ეპარქიაში, ერთის მხრივ, იქნება ერთი და იმავე სარწმუნოების მრავალი ეგზარქი ან პატრიარქი, და, მეორეს მხრივ, იმავე სარწმუნოების მრავალი ადმინისტრაციული სინოდი, წმინდა კანონებისდა მიუხედავად. რომ შევაჯამოთ, ფილეტიზმის პრინციპის მიხედვით, შეუძლებელია არსებობდეს ეპარქიული, პატრიარქალური, პროვინციალური თუ სამიტროპოლიტო ეკლესია, თუნდაც მარტივი სამრევლო სადმე სოფელში ან დასახლებაში, თუ ისინი აპირებენ ჰქონდეთ თავიანთი ტერიტორია და მოიცვან ყველა მანდ მცხოვრები ერთმურწმუნენი.
ეს მოხსენება, რომელიც შეიცავს სხვა ისტორიულ და კანონიკურ არგუმენტებს, ასკვნის: “თუ მდგომარეობა მართლაც ისეთია, როგორიც ჩანს, ფილეტიზმი მართლაც ეწინააღმდეგება და კონფლიქტში მოდის ქრისტეს სწავლებასა და სულისკვეთებასთან…”
აქ ხსენებული ძირეული თეოლოგიური, ისტორიული და კანონიკური პრინციპები მხედველობაში იქნა მიღებული წმინდა და დიდი ადგილობრივი კრების მიერ, რომელიც ჩატარდა 1872 წლის აგვისტოს ქალაქ კონსტანტინეპოლში. მან დაგმო ფილეტიზმი და გამოსცა “რეზოლუცია” (Όρος) ამის თაობაზე, სადაც სხვასთან ერთად აღნიშნულია: “ვგმობთ რა მას, ჩვენ ვუარყოფთ ფილეტიზმს რაც არის რასობრივი დისკრიმინაცია და ეროვნული გარჩევა, მტრობა და წინააღმდეგობა ქრისტეს ეკლესიაში, რაც ეწინააღმდეგება სახარების სწავლებას და ჩვენი წმინდა მამების წმინდა კანონებს…”  
ამის მიუხედავად, ფილეტიზმი, როგორც მოუთოკავი ნაციონალიზმი, კონსტანტინეპოლის კრების დადგენილების შემდგომაც, სამწუხაროდ, კვლავ გავლენას ახდენს ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის შეხედულებებზე და ქმედებებზე, სულ ცოტა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, ეკლესიის ერთიანობის საზიანოდ. ეს აშკარაა ეგრედ წოდებულ მართლმადიდებლურ დიასპორაში, სადაც მეფობს კანონიკური არეულობა და სადაც ძლიერია ნაციონალისტური ელემენტები [26].
მართლმადიდებელი მორწმუნეები, სხვა და სხვა ადგილობრივი ეკლესიის და სახელმწიფოების წარმომადგენლები გადასახლდნენ ახალ ქვეყნებში და იქ ცხოვრობენ. ისინი აღარ ეკუთვნიან, ეკლესიური ტერმინოლოგიით, იმ ეკლესიურ პროვინციებს საიდანაც ისინი გადმოსახლდნენ, ვინაიდან როგორც ახალი ქვეყნების მაცხოვრებლები, უკვე ეკუთვნიან იმ ახალ ეკლესიურ პროვინციებს, სადაც ისინი დაფუძნდნენ და სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთ ევქარისტულ და სულიერ ცხოვრებას. შესაბამისად, ისინი არიან ადგილობრივი ეკლესიის წევრები ადგილობრივი ეპისკოპოსის მფარველობის ქვეშ. ასეთი იყო ყოველთვის კანონიკური წყობა, ასეთი იყო ადრეული ეკლესიის გამოცდილება და ტრადიცია და ეს ასეა დღევანდელ დღესაც რეგიონებში გარდა ზემოთ ხსენებული ახალი ქვეყნებისა. მაგალითად, ეგვიპტეში, ლიბიაში, პენტაპოლისში და აფრიკის სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ალექსანდრიის საპატრიარქოს ეკუთვნის, ახალი ეკლესიებია დაფუძნებული სხვადასხვა მისიონერის თუ ემიგრანტის მიერ. ეს ახალი საზოგადოებები დამოუკიდებელია ამ მისიონერების თუ ემიგრანტების სამშობლოსაგან, დამოუკიდებელია იმ ავტოკეფალური ეკლესიისაგან, საიდანაც ისინი წამოვიდნენ. მისიონერები და ემიგრანტები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ იმ რეგიონში, რომელიც ალექსანდრიის საპატრიარქოს ქვეშაა, და სადაც მისი კანონიკური დაშვებით იმყოფებიან, ავტომატურად ხვდებიან მისი იურისდიქციის ქვეშ. იგივე ითქმის ანტიოქიის, ან იერუსალიმის და ა.შ. შემთხვევაში. იგივე უნდა იყოს ამერიკის, ავსტრალიის და სხვ. ახალ ეკლესიურ პროვინციებში, თუმცა ეს ასე არაა, ვინაიდან დრევანდელ დღეს აქ ეთნოფილეტიზმის პრინციპი უფრო სჭარბობს [27].
ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესია ხედავს იმ ეკლესიურ თუ კანონიკურ დარღვევებს, რომლებიც XIX საუკუნეში გამოწვეული იყო ეთნოფილეტიზმით და რაც აშკარაა ამერიკასა და სხვა ადგილებში ახალი პროვინციების ჩამოყალიბებით.
ამის გამო, მომავალი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კრების განხილვის ერთ-ერთი საკითხი უნდა იყოს ე.წ. დიასპორის საკითხი, რომელიც უნდა შეფასდეს კანონიკური წყობის და მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის და არა ეთნოფილეტიზმის საფუძველზე. ამ კუთხით კრების მოსამზადებელი კომიტეტის მიერ უკვე კარგი შედეგები იქნა მიღწეული. კანონიკური წყობის გამოყენება ე. წ. მართლმადიდებლურ დიასპორაში არ ნიშნავს სამრევლოების ერთგვაროვნებას. დღევანდელი მოძღვრული რეალობა და მიზანშეწონილობა არ დაუშვებს ერთის მიერ მეორეს შთანთქმას და ამით ყველაფრის გადასწორებას. გარდა ამისა, როგორც ჩვენ სახარებიდან ვხედავთ, იესუ ქრისტემ, “კეთილმა მწყემსმა” და ეკლესიის “მწყემსმთავარმა”, არ უარყო თავისი გარემოცვის კულტურული თავისებურებები.
მან კი არ დაამსხვრია ის რასაც აფასებდნენ, არამედ გამოიყენა ეს თავისებურებები ადამიანებთან კავშირისა და მათი ხსნისათვის. ხალხმა უპირველეს ყოვლისა უნდა შეინარჩუნოს თავისი რწმენა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს თავისი კულტურის აბუჩად აგდების და თავისი ფესვებიდან მოწყვეტის ხარჯზე [28].
ამ მრავალფეროვნებამ, რომელიც ახალ პროვინციებში ამდიდრებს ეკლესიურ ცხოვრებას და აშკარად აუცილებელია, ადგილობრივ მორწმუნეთა საზოგადოებების განვითარებისა და გადარჩენისათვის, უნდა ჰპოვოს გამოხატულება ეკლესიოლოგიურ და კანონიკურ ჩარჩოში, რომელიც განსაზღვრული იყო წმინდა კანონებით და მსოფლიოს საპატრიარქოს პატრიარქალური და სინოდალური დადგენილებებით უახლესი ავტოკეფალური ეკლესიების ავტოკეფალიის სტატუსთან დაკავშირებით და, ამგვარად, უზრუნველყოს მრავალფეროვნება კანონიკურ ერთიანობაში, ადგილობრივი ეკლესიების დადგენილ ტერიტორიულ ფარგლებში.
——————————————————————————–
[1]. ვალსამონი, I მსოფლიო კრების მე-6 კანონზე კომენტარი. იგივე კანონზე მსგავსი კომენტარები აქვთ ზონარას და არისტენოს, RALLIS AND POTLIS, საღვთო და წმინდა კანონების კრებული… (ბერძნულად), ტომ. II, გვ. 129
[2]. ვალსამონი, I მსოფლიო კრების მე-6 კანონზე კომენტარი, RALLIS AND POTLIS, ტ. II, გვ. 131.
[3]. MANSI 7,179.
[4]. ვალსამონი, I მსოფლიო კრების მე-6 კანონზე კომენტარი, RALLIS AND POTLIS, ტ. II, გვ. 129.
[5]. ტრულის საეკლესიო კრების 36-ე კანონი.
[6] კონსტანტინეპოლის პატრიარქის ეს წოდება ხმარებაში იყო VI საუკუნიდან. ის არის რომის იმპერიის დედაქალაქის ეპისკოპოსი, ანუ რომაელთა პოლიტიკური თეორიის მიხედვით – მთელი ცივილიზირებული მსოფლიოსი.
[7]. II მსოფლიო კრების მე-3 კანონი, IV მსოფლიო კრების 28-ე კანონი, ტრულის კრების 36-ე კანონი.
[8]. ტრულის კრების 36-ე კანონი. იუსტინიანის 131 ნოველა, ბასილიკა, წიგნი V, სათ. 3.
[9]. ზემოთ ხსენებული კანონის ზონარას მიერი განმარტება.
[10]. IV მსოფლიო კრების 28-ე კანონის ვალსამონის მიერი განმარტება.
[11]. RALLIS AND POTLIS, ტ. V, გვ. 474, იხილეთ აგრეთვე Cataloque of Neilos Doxapatris in Goar in Allatius’ de Consensu, p. 411 (note 1 in RALLIS AND POTLIS).
[12]. გ. ფერარის, ბარის თეოლოგიური სკოლის პროფესორი პატროლოგია და დოგმატიკაში, მტკიცებულების თანახმად, პარონაქსიის მთავარეპისკოპოსი მივლინებული იყო მსოფლიო პატრიარქის მიერ ამ ეპარქიებში XVIII საუკუნეში დასამოძღვრად.
[13]. “ბარბაროსის” ტერმინთან დაკავშირებით იხილეთ მაქსიმე, სარდის მიტროპოლიტი, მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიაში (ბერძნულად), თესალონიკი 21989, გვ. 277.
[14]. Sead. Vlasios PHEIDAS, “Οικουμενικός Θρόνος και Ορθόδοξος Διασπορά” in Ορθόδοξος
Μαρτυρία και Σκέψις art. 19, 1979, pp. 5-6.
[15]. RAlLIS and POTLIS, ტ. V, გვ. 474. Cf. the registers of Darrouzes and Gelzer “Notitiae episcopatuum…”.
[16]. RALLIS AND POTLIS, ტ. V, გვ. 149 ff.
[17]. მოციქულთა 35-ე კანონი.
[18]. I მსოფლიო კრების მე-6 და მე-15 კანონები და მათი განმარტებები ზონარას, ვალსამონის, არისტენოსის მიერ. იხილეთ აგრეთვე III მსოფლიო კრების მე-8 კანონი და ზემოთ ხსენებული კომენტატორების განმარტებითურთ.
[19]. I მსოფლიო კრების მე-6 კანონზე არისტენოსის განმარტება, RALLIS AND POTLIS, ტ. II, გვ. 131.
[20]. სირ სტეფანე რუნკიმანი, მართლმადიდებელი ეკლესიები და სეკულარული სახელმწიფო, გვ. 26, ოკლანდი ოხფორდი 1971. წმინდა კანონებში “ერის” განმარტებისათვის იხილეთ მოციქულთა 34-ე კანონი, რომელიც ანტიოქიის კრების მე-9 კანონში მეორდება. იხილეთ აგრეთვე ზონარას განმარტება ამაზე. წმინდა კანონებში “ერი” ნიშნავს სამიტროპოლიტო პროვინციას როგორც გეოგრაფიულ ფარგლებს.
[21]. მაქსიმე, სარდის მიტროპოლიტი, მსოფლიო საპატრიარქო, გვ. 320, გერასიმე კონიდარისი, საბერძნეთის ეკლესია როგორც კულტურული ძალა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ისტორიაში (ბერძნულად), გვ. 28-29.
[22]. მოხსენების ტექსტისათვის იხილეთ მაქსიმე, სარდის მიტროპოლიტი, ზემოთ ხსენებული ნაშრომი, გვ. 232-330.
[23]. მოხსენების ტექსტი ეხება აგრეთვე მოციქულთა 34 და 35-ე კანონებს, I მსოფლიო კრების მე-6, II მსოფლიო კრების მე-2, III მსოფლიო კრების მე-8 და IV მსოფლიო კრების 28-ე კანონები.
[24]. ეკლესიის “პოლითემა” არის ეკლესიაში მართველობის სისტემა მის ეკლესიოლოგიურ და კანონიკურ განზომილებაში.
[25]. მაქსიმე, სარდის მიტროპოლიტი, ზემოთ ხსენებული ნაშრომი, გვ. 323-330.
[26]. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ პანტელეიმონ როდოპოლუსი (ტიროლოს და სერენტიონის მიტროპოლიტი), ეკლესიოლოგიური და კანონიკური თვალსაზრისი მართლმადიდებლურ დიასპორაზე, in his collection Meletai A’, Thessaloniki 1993, pp. 180-181 (in Greek).
[27]. პანტელეიმონ როდოპოლუსის ზემოთ ხსენებული ნაშრომი, გვ. 184-185.
[28]. სილევრიის მიტროპოლიტი აიმილიანოსი, ადგილობრივი საზოგადოების განახლება, (ბერძნულად), Επίσκεψις 192 (1978), გვ. 10.


წყარო ⇒

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий