понедельник, 19 января 2015 г.

გამოხატვის თავისუფლება - ტომი I




“მხოლოდ კანონმდებლობა ვერ
დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას.
იმისათვის, რომ ყოველმა ადამიანმა
უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი
შეხედულება, საჭიროა,
საზოგადოება იყოს შემწყნარებელი”.
ალბერტ აინშტაინი


წინამდებარე ნაშრომში აღწერილია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი: შემთხვევები, როდესაც სასამართლომ გამოიყენა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის (შემდგომში- „კონვენციის“) მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) მასმედიის სფეროში საკითხთა იმ ფართო წრის მიმართ, რომლებიც წარმოიქმნა ზემოხსენებულ კონვენციასთან მიერთებულ სახელმწიფოებში. ჩვენ მიზნად ვისახავთ არა სასამართლო პრაქტიკის ყოვლისმომცველი გამოკვლევის ჩატარებას მე-10 მუხლის სხვადასხვა ასპექტის შესახებ, ან იურიდიული პრაქტიკის პროცედურული (პროცესუალური) ასპექტების აღწერას, არამედ, შევეცდებით, გადმოვცეთ სასამართლოს მიდგომა იმ პრაქტიკული საკითხების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნა მასმედიის შესახებ კანონმდებლობისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ქმედებათა დაპირისპირებისას.
ნაშრომში გადმოცემულია ევროკონვენციის მე-10 მუხლის ტექსტუალური მდგომარეობა და მისი გამოყენების მეთოდოლოგია ევროსასამართლოს მიერ, რაც საფუძვლად უდევს მე-10 მუხლს და აყალიბებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს; ასევე გაანალიზებულია ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი შინაარსის რეგულირების საკითხის შესახებ; სხვა პირთა უფლებების და რეპუტაციის აცვასთან დაკავშირებული საკითხები. ნაშრომში განხილულია აგრეთვე აკითხები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფას; ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ელექტრონული მედიის ლიცენზირებას; ეროვნულ უსაფრთხოებას; უხამსობისა და მკრეხელობის რეგულირებას; მართლმსაჯულებისა და მედიის ურთიერთობას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, კომერციულ გამოხატვას.


ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს იურისპრუდენცია გამოხატვის
თავისუფლებასთან მიმართებით



მე-10 მუხლი


„1. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი; მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს სახელმწიფოებს, მოითხოვონ რადიომაუწყებლობის, ტელევიზიის ან კინოწარმოების ლიცენზირება.


2. ამ უფლებათა განხორციელება მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას; ამიტომაც შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებსაც ითვალისწინებს კანონი და რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და მორალის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად“.


მე-10(1) მუხლის პირველ ორ წინადადებაში ჩამოყალიბებულია აზრის გამოხატვის უფლების დაცვის ძირითადი გარანტიები და მექანიზმები. მაგრამ როგორც მე-10(2) მუხლი გვიჩვენებს, ეს უფლება არ არის აბსოლუტური. კონვენცია გამოდის იმ წინაპირობიდან, რომ მე-10(1) მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს სხვა კოლექტიურ ან ინდივიდუალურ ინტერესებთან, რომლებიც როგორც ფუნდამენტური უფლებები გარანტირებულია კონვენციით ან წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული ლეგიტიმური უფლებებით.1 ასე, მაგალითად, მე-10(1) მუხლით გარანტირებული უფლება შესაძლოა, გახდეს სახელმწიფოს მხრიდან „ჩარევის“ საფუძველი, თუ სახეზეა მე-10 (2) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა. გარდა ამისა, თუმცაღა, მე-10(1) მუხლის მესამე წინადადება არაერთაზროვანია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სამაუწყებლო საქმიანობის ლიცენზირება, ასევე, უნდა აკმაყოფილებდეს მე-10(2) მუხლის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლიცენზირება აუცილებლად მე-10(2) მუხლში ჩამოთვლილ პირობებს უნდა პასუხობდეს.

ვრცლად:

  გადმოწერა: ტომი I, ნაწილი პირველიტომი I, ნაწილი მეორე



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий