მუხრან გულიაშვილი
ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებამ აქტუალური გახადა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მიზეზებზე საუბარი.
ამ კუთხით საინტერესოა ჩვენი დროის უდიდესი ამერიკელი ინტელექტუალის ნოამჩომსკის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის მოშლას. ის თავის ერთ-ერთ გამოსვლაში საუბრობს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ეკონომიკის განადგურებას იწვევენ. ის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სახელმწიფოს მიერ მეცნიერების დაფინასების შემცირებას ასახელებს. მისი თქმით, ინოვაციების უმრავლესობის წყარო ტექნოლოგიასა და ბიოლოგიაში, რაც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა, სწორედ სამეცნიერო ინსტიტუტები და უნივერსიტეტებია, და არა რომელიმე კერძო კომპანია: კერძო სექტორი უბრალოდ ყიდულობს ინოვაციებს უნივერსიტეტებისგან და შემდეგ უფრო ძვირად ყიდის მას. მეცნიერების როლს ეკონომიკაში კარგად აცნობიერებს ჩინეთის მთავრობა, რომელიც ყოველწლიურად ზრდის მეცნიერების დაფინანსებას. არსებობს პროგნოზი, რომ 2019 წლისთვის ის ამ კუთხით მსოფლიოს ყველა ქვეყანას გაასწრებს.
საინტერესოა ჩვენთან როგორ ხედავს სახელმწიფო მეცნიერების როლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით? აპირებს თუ არ დაფინანსების გაზრდას? ეს კითხვები საინტერესო და აქტუალურია განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად უსწრებს ექსპორტისას (სავაჭრო ბალანსი 2012 წლის მონაცემებით მინუს 45%).
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის საშუალებით შევეცდები: პირველი დოკუმენტია საქართველოს მთავრობის დადგენილება - ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020", რომელიც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 6-წლიან პერსპექტივას განსაზღვრავს. მეორე დოკუმენტი ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განათლებისა და მეცნიერების განვითარების 10-წლიანი სტრატეგია.
დავუბრუნდეთ კითხვებს: გააზრებულია თუ არა მეცნიერების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში? იგეგმება თუ არა დაფინანსების გაზრდა?
„საქართველო 2020“-ის მიხედვით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სამი ძირითადი ფაქტორი უშლის ხელს. ესენია: კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასაკმარისად განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.
როგორც ხედავთ, ეკონომიკური განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის მეცნიერების როლი არ არის გამოკვეთილი, თუმცა სტრატეგიაში მეცნიერების საკითხზე გამახვილებულია ყურადღება:
„კერძო სექტორის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მთავრობა ხელს შეუწყობს კვლევასა და განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს როგორც გამოყენებითი კვლევების განხორციელების ხელშეწყობას მათი სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობის ზრდით, ასევე, სხვა ინსტრუმენტების შემუშავების მეშვეობით. მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისზრდას განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც, თავისმხრივ, ინოვაციის მამოძრავებლები არიან“.
როგორც ხედავთ, დოკუმენტში ნახსენებია სახელმწიფოს მიერ დაფინანსების ეფექტურობის გაზრდა და სხვა გზების შემუშავება მეცნიერებისთვის ხელშესაწყობად, თუმცა რაც ცალსახად არასწორია არის ის, რომ მთავრობა კერძო სექტორს ინოვაციების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს: „მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, ინოვაციის მამოძრავებლებიარიან“. როგორც ზემოთ იყო ნახსენები კერძო სექტორში ინოვაციები ნაკლებად ხდება, გარდა ამასა არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი კვლევებში ფულს ჩადებენ. კომპანიების დანახარჯების კუთხით კვლევასა და განვითარებაზე საქართველო მსოფლიოში 128-ე ადგილზეა.
ანუ სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერების დაფინანსების თუნდაც ნაწილობრივ კერძო სექტორზე მინდობა, რაც დოკუმენტიდან იკვეთება, არ იქნება შედეგის მომცემი.
აღნიშნული დოკუმენტი კონკრეტულ პასუხს ვერ გვაძლევს, რამდენი დაიხარჯება მომავალში გაიზრდება მეცნიერების დაფინანსებაზე, (როცა 2012 წლის მონაცემებით მეცნიერებაზე გდპ 0.5 იხარჯებოდა), ასევე მეცნიერების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში არ არის გამოკვეთილი.
ახლა მეორე დოკუმენტის „განათლებისა და მეცნიერების განვითერების 10 წლიანი სტრატეგია“ შესახებ. აქ საუბარია პრობლემებზე, თუმცა კონკრეტულად დაფინანსების გაზრდაზე არც ამ დოკუმენტშიც არაფერი წერია: „სამინისტრო გააგრძელებს და ეტაპობრივად გაზრდის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციურ დაფინანსებას მუდმივი განვითარების გარანტიების შექმნისა და ცალკეული მიმართულებების სტაბილური განვითარების ხელშეწყობისათვის“.
რაც შეეხება მეორე კითხვას, გააზრებულია თუ არა მეცნიერების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში? დოკუმენტში ვკითხულობთ: „სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაატარებს გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერის პოლიტიკას და იმუშავებს კვლევითი პროდუქციის კომერციალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის ეროვნული სისტემის ამოქმედების მიმართულებით“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს მიერ მეცნიერების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით მკაფიოდ დანახული არ არის. მოცემული დოკუმენტები ასევე ვერ გვაწვდის ინფორმაციას, რამდენით და როგორ გაიზრდება მეცნიერების დაფინასება მომდევნო წლების განმავლობაში.
მუხრან გულიაშვილი
სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში:„სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება".
Комментариев нет:
Отправить комментарий