вторник, 25 ноября 2014 г.

„ნამდვილი კაცებიც“ ტირიან




„ნამდვილი კაცებიც“ ტირიან
ლელა დუმბაძე  

„რა გატირებს, კაცი არ ხარ?“, „მაგარი ბიჭები არ ტირიან“ - ასეთია მშობლებისა და, ზოგადად, საზოგადოების რეაქცია ბიჭის, კაცის ცრემლებზე. რა შედეგს იღებს იგივე საზოგადოება, სადაც კაცის ტირილი სირცხვილი, მასკულინობა კი ნორმა. არის თუ არა საზოგადოებაში გაზრდილი ძალადობა, კულტურული სტერეოტოპების ანარეკლი  და რას განიცდიან ადამიანები, როცა შინაგანი ემოციური წონასწორობა ირღვევა?
კაცის ტირილი ქართულ მწერლობაში უცხო არ არის. ლიტერატურის გენიოსად აღირებულ ვაჟასა და რუსთაველის შემოქმედებაში, ტირილი არ არის კაცის ღირსების დამაკნინებელი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ ცრემლი კაცს რომ არ აკნინებს, ამას სკოლაში, ლიტერატურის გაკვეთილზეცე სწავლობენ, როცა კითხულობენ იმ ნაწარმოებებს, სადაც ყველაზე მამაცი და ძლიერი პერსონაჟები ტირიან:

„ორ ავტორს მოვიყვან მაგალითად, შოთა რუსთველსა და ვაჟა-ფშაველას, რომელთა ნაწარმოების გმირები ზეკაცები არიან. „ვეფხისტყაოსანში“ როდესაც ვეცნობით ტარიელს, ის ტირის, ცნობილი სტრიქონი გავიხსენოთ - „ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტრალი წყლისა პირსა“. ტარიელი ტირის მაშინ, როცა პირველად შეეჯახა წუთისოფელს, მაშინ, როცა მოკლა ხვარაზმშას შვილი. ტარიელი ავთანდილი და ფრიდონი ტირიან ერთმანეთთან შეხვედრისას - „ერთმანეთსა აუტირდნენ...“


ვაჟასთან, ჩემი საყვარელი გმირი, ალუდა ქეთელაური ტირის მაშინ, როცა აცნობიერებს, რომ მტერი ვაჟკაცია. ეს შეცნობის ცრემლია, განწმენდაა... ტირილი არც ერთ შემთხვევაში არ აკნინებს კაცს, პირიქით, ამ ცრემლით ირღვევა ყველა მანამდე არსებული სტერეოტიპი.
ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელი პოეზია გადაყლაპული ცრემლია, ყელში გაჩრილი ბურთი, რომელიც შემდეგ იქცა პოეზიად. ცრემლი გვხვდება ბევრი სხვა ქართველი თუ უცხოელი ავტორის შემოქმედებაში, ასე რომ ეს ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. ემოციას ვერავინ შეცვლის, სულერთია ქალი ხარ თუ კაცი“.


მიუხედავად იმისა, რომ მაგალითები ქართული ლიტერატურიდან საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ კაცის ტირილი არც უჩვეულოა და არც სირცხვილი, ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ მისი მოსწავლეებისთვის კაცის ცრემლი მაინც უცხოა. „ბოლო დროს ჩვენთან ემოციამ, მგრძნობელობამ და გულწრფელობამ მეორე ეტაპზე გადაინაცვლა თითქოს. თუმცა მე მინახავს ატირებული მოსწავლე მაშინ, როცა მე მასთან გულწრფელი ვარ. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, მე-12 კლასელთან რაღაც შემთხვევა იყო და ბოდიში მოვუხადე, მანაც მომიხადა ბოდიში და ცრემლი მოეძალა. მეც მომერია ცრემლი, მნიშვნელოვანი იყო მისი ემოცია ჩემთვის. კაცის ცრემლი არის ადამიანურობის, მგრძნობელობის ნიშანი და ეს არც სირცხვილია და არც უხერხული. როცა ცრემლი იკარგება და შენ სტერეოტიპების ნაწილი ხდები, გულგრილობა ისადგურებს“, - ამბობს ქეთევან გიორგაძე.



როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ტირილი ადამიანის ემოციური და ბუნებრივი მდგომარეობაა. რა განაპირობებს „ბუნებრივ მდგომარეობაზე“ უარის თქმას. არის თუ არა ძალადობა ამ მდგომარეობის უარყოფის შედეგი? - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარა“ ფსიქოლოგი, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, თემო ქეშელაშვილის აზრით, ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ემოციის დათრგუნვაა.


„რაღაც ეპატზე კაცის მასკულინიზაცია აუცილებელიც იყო, სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა, რადგან ის იყო მეომარი, მონადირე და ა.შ ამიტომ გარკვეულწილად ლოგიკურიც იყო, რომ აღზრდა ემოციური გაუხეშებისკენ წასულიყო. ბუნებრივია, ამას კოგნიტური უნარები (ანუ აზროვნების, შემეცნების, განსჯისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება) ეწირება. დღევანდელ დღეს კი პირიქითაა, სწორედ კოგნიტური უნარები ნიშნავს გადარჩენას“, - ამბობს ფსიქოლოგი.


„ტირილი არ არის კაცური“, მაგრამ „გაბრაზება კაცურია“, - ფსიქოლოგის აზრით, ეს დოგმები ქართულ მენტალობაში მყარად დევს. „კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, რომ ყოველი ქართველი, თავის სახლში პატარა სტალინია. ეს ფაქტორი მიანიშნებს იმაზე, რომ კაცებში შინაგანი ემოციის დართგუნვამ ძალადობრივ ფორმებში იჩინა თავი“.


ფსიქოლოგის აზრით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული არასწორი სტერეოტიპები, განათლების ხარისხზეც აისახება: „მაგალითად, დღემდე მიიჩნევა, რომ ჰომოსექსუალებს, აუცილებლად ახასიათებთ ფემინური მანერები ან ემოციურად სუსტები არიან, მაშინ, როდესაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე თავზეხელაღებულ მეომრებში, ავღანელებში ჰომოსექსუალურიზმი და პედოფილური კულტურა ძალიან გავრცელებულია. კულტურული განწყობები ხშირად არ ემთხვევა სინამდვილეს“.


ფსიქოლოგის აზრით, ცრემლები ყოველთვის არ არის ადამიანური სისუსტის მაჩვენებელი, თუმცა საქართველოს საზოგადოება, რომელიც ძალიან მასკულინურია, კონტროლს აფასებს. „ტირილი კი ნიშნავს, რომ შენ ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს, ანუ თავს ნაკლებად ფლობ. ყველაფრის სათავე მაინც აღზრდასა და განათლებაში დევს. როცა ბავშვი ტირის, მშობელი ეუბნება რომ არ იტიროს, რადგან არაკაცურია. ეს არის ემოციური კომუნიკაციის გაწყვეტა ბავშვთან. ბუნებრივია, თუკი ეს ტირილი არ არის მანიპულირების იარაღი და არის ბუნებრივი, აუცილებელია მშობელმა გაიზიაროს ეს ემოცია. თუ ბავშვი ამბობს, რომ მას სათამაშო წაართვეს, მშობელმა უნდა უთანაგრძნოს მას და არ უნდა უთხრას: „შენც ვერ წაართვი? თუ დაგარტყა, შენ ვერ დაარტყი?“ რადგან, აქედან იწყება ძალადობის წახალისება. აგრესია, რომელსაც აღზრდის შედეგად ღებულობს ადამიანი, არსად ქრება. ის რაღაც მომენტში განდევნილია არაცნობიერში, განიცდის გარკვეულ ინკუბაციას და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ევლინება სოციუმს“.


ამის ნიმუშად თემო ქეშელაშვილს ცნობილი ტირანების ცხოვრება მოჰყვას: „შესწავლილია ჰიტლერის, სტალინის და ბევრი სხვა დიქტატორის ცხოვრება, სადაც აგრესიას დიდი ადგილი ჰქონდა. სტალინის დედის წერილებიდან ვიგებთ, რომ ის იყო აგრესიის მსხვერპლი მამის მხრიდან. ბევრი კვლევა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ათასობით ბავშვი დაობლდა და ბავშვთა სახლები გაივსო მზრუნველობამოკლებული პატარებით. ისინი, ფაქტობრივად, ემოციური დეპრივაციის მდგომარეობაში იზრდებოდნენ. მათი ემოცია არ იყო გაზიარებული. მათი ინტერაქტივის ხარისხი სოციუმთან ძალიან დაბალი იყო, ამიტომ იყო, რომ მათი უმეტესობა ქუჩის ხულიგნად იქცა“.


როგორც ფსიქოლოგი ამბობს, თანამედროვე სამყაროში ბევრმა რამემ განიცადა დეჰუმანიზაცია, რასაც ადამიანის სათუთი თვისებები ეწირება: „წარმატების კულტმა გააჩინა ის, რომ მშობელი შვილს უყურებს როგორც პოტენციურ პროდუქტს, რომლისგანაც აუცილებლად წარმატებული ადამიანი უნდა შედგეს. ეს არის პირობითი, მონეტარული სიყვარული, რომელსაც ბავშვი ან უპასუხებს ან ვერა. ნათელი ხდება, რომ აღზრდის არაჰუმანური, რეგლამენტირებული მიდგომა გახდა პოპულარული. ადამიანებს ძალიან დიდი კონკურენციის, შურის განცდა უჩნდებათ და ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე“.


ფსიქოლოგის აზრით, საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესია და კონფლიქტი ქალსა და კაცს შორის, სწორედ ამ არასწორი მიდგომების შედეგია: „პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ ექსპერიმენტზე წავიდა. საბავშვო ბაღებში ბიჭებს გოგონების სათამაშოებს ურიგებდნენ, რომელიც მათ თანაგრძნობის უნარს უვარჯიშებდა. გოგონებს კი უფრო მასკულინურ სათამაშოებს, რომ მათ შეძლებოდათ ემოციური დაახლოება ერთმანეთთან. როცა ქალს და კაცს ესმის ერთმანეთის, იქ კონფლიქტიც ნაკლებია. თუ მასკულინიზაცია ან ფემინიზაცია ძალიან განსხავავებულად მიმდინარეობს, ასეთ დროს ქალსა და კაცს შორის ურთიერთგაგება რთულდება. სწორედ ამიტომ გაჩნდა ამხელა კონფლიქტი და აგრესია დღეს ქართულ საზოგადოებაში. ქალი და კაცი გაუცხოებულია ერთმანეთის მიმართ. ამას სხვა ბევრი მიზეზიც აქვს ბუნებრივია, მათ შორის სოციალიზაცია, რომლის მთავარი აგურები - აღზრდა და განათლებაა“.


წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий