ბათუმ შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი პატრიარქისა და სინოდისადმი მიწერილ წერილებში ილია მეორეს ეკლესიაში „გაბატონებული უზნეობის“ გამო აკრიტიკებს და გადადგომას სთხოვს. წერილები, რომელიც 1983-1984 წლებშია დაწერილი, საკმაოდ ვრცელია და მათში პატრიარქი, სხვა საკითხებთან ერთად, „მამათმავლების მფარველობისთვის“ არის გაკრიტიკებული.
„17 მაისი“ 1984 წლის 30 ივლისით დათარიღებული წერილის ნაწილს გთავაზობთ, სადაც მიტროპოლიტი შიო ჰომოსექსუალობაზე, როგორც „ეკლესიაში არსებულ პრობლემაზე“ საუბრობს.
ცნობისთვის, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი 1909 წელს ხარაგაულში დაიბადა. 1975 წელს სოხუმში დასახლებამდე პერიოდი მან საბჭოთა რეჟიმისგან დევნასა და პატიმრობაში გაატარა. სოხუმში ყოფნის პერიოდში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილს დაუახლოვდა. გადაწყვეტილი ჰქონდა ბერად აღკვეცა და მონასტერში ცხოვრება (ციმბირში ყოფნისას სოფლის მღვდლობაზე ოცნებობდა). მიტროპოლიტმა ილია შიოლაშვილმა აღკვეცა ბერად, შემდეგ აკურთხა დიაკონად, მღვდლად და აღიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.
1978 წლის 27 ივლისს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1979 წლის 30 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღიყვანა მიტროპოლიტის ხარისხში. 1978-1979 წლებში იყო პატრიარქის ქორეპისკოპოსი. მოღვაწეობდა ქუთაის-გაენათისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიებში. 1985 წელს იძულებული გახდა გასულიყო პენსიაზე. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა თბილისში. გარდაიცვალა 1991 წლის 25 მარტს. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.
დამატებანი …
სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიატქ ილია მეორესა და წმიდა სინოდის წევრებზე მიწერილ წერილზე 1984წლის 16 ივლისის თარიღით.
„[…] თქვენ და თქვენი მფარველობის ქვეშ მყოფებმა უარყავით ქრისტიანული გზა – მონანიება და შენდობა – და აირჩიეთ ძალის პოზიცია. ამრიგად, თქვენ არ გაგაჩნიათ მდგომარეობის მოგვარების უნარი, სამაგიეროდ გამწვავების მეფე ბრძანდებით და თქვენ გაამწვავეთ საქმე ისე, რომ ამ გამწვავებას თქვენი დაუყოვნებლივ გადადგომა დააცხრობს მხოლოდ. თქვენ ყოველივეს აკეთებთ იმისათვის, რომ განიდიდოთ თქვენი თავი. ამისთვის კი, თქვენი გაგებით საჭიროა მონობაში გყავდეთ მთელი სამღვდელოება, რის უზრუნველსაყოფადაც ხელდასხმას უკეთებთ მხოლოდ მათ, ვინც ივარგებს თქვენს მონად. მაგრამ ივარგებენ თუ არა ისინი მოძღვრებად, ეს თქვენ სულაც არ გაინტერესებთ. კვალდაკვალ რომ მივყვეთ იმ მანკიერებათა აღწერას, რაც თქვენი მოღვაწეობისას გაბატონდა, ეს წერილის ფორმას დაშორდება. ამ კვალდაკვალობას მომავლისათვის გადავდებ. იმ ოცდაათი წლის მანძილზე, რაც ჩემმა სიმდაბლემ ღვთის მოწყალებით უნდა იცოცხლოს, ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებ. და მე დავწერ ყოველივეს მოთმინებითა და საინტერესოდ. ახლავე გავამხელ. რომ სათაური ჩემი მომავალი დოკუმენტალური ნაწარმოებისა იქნება „შვიდი წელი, რამაც შეძრა პატიოსნება“. მაგრამ ჯერ კიდევ თქვენზეა დამოკიდებული, რომ არ დაიწეროს არავითარი ასეთი დოკუმენტალური ნაწარმოები. მისათვის საჭიროა დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ყოველივე ის, რამაც შეძრა საქართველოს ეკლესიის ღირსება და პატიოსნება.
ერთი ამბავიც უნდა აღვწერო. მე ამ ამბავს სიმართლით აღვწერ, მთელი სიზუსტით, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, რომ შევეცადო რაიმე დასკვნის გაკეთებას. დასკვნა თავად გააკეთეთ და მსჯავრიც თქვენ თვითონ დაადევით საკითხს, მსჯავრი ნამდვილად ქრისტიანული, პატიოსნებით და სიმართლით სავსე. ათასი ვაქოთ ერთმანეთი „ჯვარი ვაზისას“ ფურცლებზე და ვადიდოთ ჩვენი საქმეები, ეს არას მოგვცემს. გულთმისანმა ხალხმა იცის ყველა ჩვენი ნაბიჯი. და მეც აქ მხოლოდ იმას აღვწერ, რაც ღმერთმა იცის და ხალხმაც.
მცხეთის სასულიერო სემინარია თქვენ და პატრიარქმა ეფრემმა ჩამოაყალიბეთ და თქვენ ბრძანდებოდით ამ სემინარიის რექტორი 1973 წლამდე. თქვენთვის ამ სემინარიისა და იქიდან გამოსული სტუდენტების ავლადიდება ისეა ცნობილი, როგორც ნათელი დღისა. ისიც ცნობილია, რომ სემინარიის ყოფილი სტუდენტები ღენტორ მახარაძე, ცეზარ ანანიაშვილი და თამაზ კოჭლამაზაშვილი სემინარიაში მოსვლამდე მამათმავლობდნენ და რადგან „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“, ისინი არც სემინარიაში ივიწყებდნენ თავიანთ „ჩვეულებას“. ეს თქვენთვისაც არ იყო დაფარული. შემდგომ პერიოდში ცეზარ ანანიაშვილმა სამღვდელო ხარისხი მიიღო და ცხაკაიაში დაიწყო მოღვაწეობა, ხოლო ღენტორ მახარაძემ და თამაზ კოჭლამაზაშვილმა ვერსად მოიკიდეს ფეხი. თბილისის პირველი მაისის რაიპროკურატურის გამომძიებელ ბერიძეს აწ განსვენებული პატრიარქის, დავით მეხუთის პირადმა მდივანმა გიორგი ცქიფურიშვილმა აჩვენა, რომ დავით მეხუთემ მახარაძესა და კოჭლამაზაშვილს პირდაპირ განუცხადა: „თქვენ სამღვდელო ხარისხში ვერ აგიყვანთ, რადგან მამათმავლები ხართო“. დიდხანს ელოდნენო სამღვდელო ხარისხს, მაგრამ არავინ ისურვა მათი კურთხევა მათივე ცუდი სახელის გამო. 1976 წელს კი ჩამოვიდა სოხუმიდან მიტროპოლოტი ილია და მან განაცხადაო თანხმობა მათ წაყვანაზე. და თქვენ, ბატონო ჩვენო, თქვენთვის დიდი ხნიდან ცნობილი ორი მამათმავალი ჩამოიყვანეთ სოხუმში და მღვდლებად აკურთხეთ. არ გასულა ერთი თვეც, რომ სოხუმის საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ მახარაძე და კოჭლამაზაშვილი მამათმავლობდნენ. მე მახსოვს, როგორც თქვენი კანცელარიის იმდროინდელ თანამშრომელს, რომ ეს ყოველივე თქვენც იცოდით. კერძოდ კოჭლამაზაშვილის ზნეობრივი დაცემა იმდენად თავშეუკავებელი იყო, რომ ბევრი აურზაური გამოიწვია სოხუმში, რის გამოც თქვენ იძულებული გახდით ეკლესიის კანცელარიაში მიგეჩინათ მისთვის საცხოვრებელი ბინა.
დრომ გაიარა პატრიარქი დავით V მარადიულობას ჩაბარდა და თქვენ აგირჩიეს პატრიარქად. კოჭლამაზაშვილი სოხუმიდან თბილისის სიონში გადმოიყვანეთ, ხოლო მახარაძე და ანანიაშვილი ეპისკოპოსის ხარისხში აღამაღლეთ. ზოგიერთნი – და მათ შორის მეც – ფიქრობდნენ, რომ თქვენ მიეცით მამათმავლებს სასტიკი გაფრთხილება და ისინიც იძულებულნი გახდებოდნენ, შეეწყვიტათ ბიწიერება. მომავალმა თვეებმა და წლებმა დაგვანახა, რომ ისინი კიდევ მეტი თავხედობით მიეცნენ ბიწიერებას და გრძნობდნენ რა თქვენს აშკარა მფარველობას, პირდაპირ ზეიმობდნენ თავიანთი ბიწიერებით. მას შემდეგ, რაც ხუთმა მღვდელმთავარმა მოითხოვა მათი საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვა, თქვენ მამათმავლებს მიეცით ჩვენი საწინააღმდეგო პროვოკაციების მოწყობის საშუალება და პირადად თქვენც, თქვენი ძმის ვიქტორ შიოლაშვილისა და სხვა პროვოკატორების დახმარებით დაგვიწყეთ მთელი სიძულვილითა და შურისძიებით დევნა, რომელიც გრძელდება დღემდე.
ხუთი მღვდელმთავრის მიერ თხოვნის შემოტანის შემდეგ თქვენ პირადი ავტორიტეტის გაწირვის ფასად შეეცადეთ დაგეხსნათ მამათმავლები. რაში გჭირდებოდათ ეს? თხოვნაზე ხელისმომწერი ხუთი მღვდელმთავრიდან სამი – მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე, მთავარეპისკოპოსი ათანასე ჩახვაშვილი და ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე – თქვენი უხეში ძალდატანებით აიძულეთ უკან დაეხიათ. მაგრამ 1983 წლის 3 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მათ მაინც დაუჭირეს მხარი მამათმავლების ეკლესიიდან გაძევებას. ასეთია სიმართლის ძალა.
როგორც მოგეხსენებათ, ამ სამარცხვინო ამბების შესახებ ძალიან ვრცელი ისტორიაა შექმნილი და ამ ისტორიას მე აქ არ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თამაზ კოჭლამაზაშვილის მიერ ეკლესიაში მოგვიანებით შემოყვანილი მამათმავალი ანანია ჯაფარიძე თქვენ გასაოცარი აჩქარებით აღამაღლეთ ეპისკოპოსის ხარისხში მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიაში იყვნენ ხირატონიით, ცოდნითა და ყველა სხვა მონაცემებით უპირატესი და მაღლა მდგომი ადამიანები. რატომ გააკეთეთ ეს?
1979 წლის 26 ოქტომბერს თქვენმა ქორეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაიძემ თქვენ წარმოგიდგინათ დეკანოზ ამირან შენგელიასა და მესანთლე ანთიძის მიერ ხელმოწერილი საბუთი (ამ საბუთის დედანი ამჟამად ჩემთან იმყოფება) იმის შესახებ, რომ მღვდელი კოლოსოვსკი აშკარად მამათმავლობდა და გთხოვათ განგეკვეთათ იგი სამღვდელო ხარისხიდან. თქვენ, როგორც ცნობილია, ვინც თქვენი მონა არაა, ისე უყურებთ, როგორც მეცხვარის ძაღლს და თქვენი ქორეპისკოპოსიც მოხევის ძაღლივით გამოაძევეთ თქვენი კაბინეტიდან, ხოლო მღვდელ კოლოსოვსკის ლოცვა-კურთხევა მიეცით გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა. როგორ შეკადრეთ ცისქვეშეთს ასეთი რამ?
ცნობილი ფაქტია, რომ მღვდელმთავრებიდან ყოვლად გაბატონებული მდგომარეობა ეჭირათ მიტროპოლიტ ნიკოლოზ მახარაძეს და მთავარეპისკოპოს იოანე ანანიაშვილს ისიც ცნობილია, რომ არც ერთ მათგანს თავიანთ ეპარქიებში არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ანანიაშვილმა საკუთარი ორსართულიანი სახლი წამოჭიმა ცხაკაიაში, ხოლო მახარაძე სოხუმიდან გამოაძევეს და თქვენ კი ქუთაისში გადმოიყვანეთ იგი ჯილდოს ჯილდოზე აძლევდით მას, ვინც განთქმული იყო თავისი ბიწიერებით ამრიგად, იყავით რა დარწმუნებული სინოდის წევრების თქვენდამი მონურ დამოკიდებულებაში, რაც გნებავდეთ, იმას აკეთებდით და აკეთებთ დღესაც საიდან დაისადგურა თქვენში ასეთმა საშინელმა სურვილმა, რომ საქართველოს ეკლესია მონობის ინსტიტუტად და ბიწიერებისა და უკუღმართთა თავშესაფრად გექციათ?
მე ზემოთ მოგახსენეთ, რომ არ შევეცდები რაიმე დასკვნის გაკეთებას. ასე უკეთესი იქნება თქვენთვისაც ეკლესიისთვისაც და ერისთვისაც. თუ არ ინებებთ დასკვნის გაკეთებას და არ მიიღებთ სწორ განჩინებას, მაშინ სამართალს აქ დაწერილი და დაუწერელი ფაქტების ლოგიკა გამოიტანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий