დავით თინიკაშვილი
პასტორი მარტინ ნიმიოლერი
„ჰიტლერი დიდი ადამიანია?“ - ჰკითხა ნიმიოლერს მეუღლემ. პასტორმა ასე უპასუხა: „ის დიდი მშიშარაა“. შემდეგ ცოლი გააფრთხილა, რომ ჰიტლერის დავალებით უთვალთვალებენ, რადგან ერთ-ერთ საჯარო შეკრებაზე ფიურერი გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ ნიმიოლერის სახლი აფეთქდა.. მეგობრებმა ურჩიეს მას ოჯახთან ერთად შვედეთში, ნეიტრალურ ქვეყანაში, გახიზნულიყო და დახმარებაც შესთავაზეს. მან თავაზიანად უარყო შეთავაზება.
ნიმიოლერი რომ მომავალში ევროპის უბოროტესი ადამიანის შეუპოვარი მოწინააღმდეგე გახდებოდა, ამის ნიშნებს მისი ხასიათი და სულისკვეთება თავიდანვე ავლენდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, წყალქვეშა ნავზე მსახურობისას, ერთხელ ნიმიოლერი მეგობრებთან ერთად ომის ფენომენის შესახებ მსჯელობდა. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო არ არის მორალურად წმინდა ადგილი, რომ ადამიანები ხშირად ივიწყებენ მორალურ პრინციპებს, მსოფლიო ომის პირობებში კი შეუძლებელია ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. იმ დღეს წყალქვეშა ნავის ოფიცერმა დღიურში ჩაიწერა: „შევძლებთ თუ ვერა სუფთა სინდისის შენარჩუნებას ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევის შემდეგ, დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, გვწამს თუ არა ცოდვების პატიების შესაძლებლობისა“.
ნავიდან ამბიონამდე
მარტინ ნიმიოლერი დაიბადა 1892 წლის 14 იანვარს ლუთერანი პასტორის ჰენრიხ ნიმიოლერისა და მისი მეუღლის პაულა მიულერის ოჯახში. იგი საკმაოდ კონსერვატიულ გარემოში იზრდებოდა. 1900 წელს მისი ოჯახი ელბერფელდში გადავიდა, სადაც მარტინმა სკოლა 1910 წელს დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მას სურდა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი გამხდარიყო და ეს სურვილი განახორციელა კიდეც.
1915 წელს იგი წყალქვეშა ნავის ხელმძღვანელია პირველ მსოფლიო ომში. თავდაპირველად „ტიურინგენის“ სახელწოდებით ცნობილ ნავზე, იმავე წლის ოქტომბერში კი წყალქვეშა ნავ „ვულკანზე“ მსახურობს. 1916 წლის თებერვალში იგი მეორე ოფიცრად გადაიყვანეს ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნილ წყალქვეშა ნავზე.
სამხედრო დამსახურებებისთვის ნიმიოლერი პირველი ხარისხის რკინის ჯვრით დაჯილდოვდა.
როდესაც პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, გადაწყვიტა პასტორი გამხდარიყო. მისი შეგნების ამ ევოლუციაზე იგი დაწვრილებით საუბრობს ავტობიოგრაფიულ ნაშრომში „წყალქვეშა ნავიდან ამბიონამდე“.
1919 წლის 20 ივლისს ნიმიოლერი ელზა ბრემერზე დაქორწინდა. იგი სერიოზულად ფიქრობს სასულიერო მოღვაწეობაზე ლუთერანულ ეკლესიაში, რისი სურვილი მანამდეც არაერთხელ გამოუთქვამს. 1919 წლიდან 1923 წლამდე თეოლოგიას სწავლობს მიუნსტერში. მისი მოტივაცია ნათელი იყო: არცთუ მორალური და ერთობ არასრულყოფილი საზოგდოებისთვის საზრისის მოპოვებაში ხელის შეწყობა და მორალური პრინციპებისადმი პატივისცემის აღდგენა სახარების მეშვეობით.
1922 წელს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების გამო ნიმიოლერი იძულებულია სემინარიაში სწავლას ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო შეუთავსოს, რაც რკინიგზაზე სხვადასხვა სადურგლო სამუშაოების შესრულებას გულისხმობდა. 1923 წლიდან იგი ვესტფალიის ლუთერანული მისიის განყოფილებაში იწყებს მუშაობას. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს ახორციელებდა ვესტფალიის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის სახელით.
პარალელურად 1924 წლიდან იგი ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, ქრისტე მაცხოვრის ტაძრის მღვდელმსახურია. ამ უბანში მისი სამრევლო იმდენად ღარიბი იყო, რომ მათი შემოწირულობებით მოძღვარი ოჯახის საარსებომინიმუმის უზრუნველყოფასაც კი ვერ ახერხებდა. ამის გამო ერთხელ მეუღლემ მისი ძველი სამხედრო უნიფორმიდან ოქროს ზონარებიც კი მოხსნა და იუველირს მიჰყიდა.სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი ოფიცრის პენსიით, რომელიც გერმანული ეკონომიკის დეგრადაციის გამო ძალიან გაუფასურებული იყო, ნახევარი პურის ყიდვას თუ ახერხებდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ნიმიოლერი დაწერს: „ამ დროიდან მოკიდებული მე კარგად ვიცნობ იმ მწველ შეგრძნებას, რომელიც მაშინ გეუფლება, როცა სტაბილურ სამსახურსა და ნორმალურ, ადამიანური არსებობისთვის საკმარის მატერიალურ სახსარს მოკლებული ხარ“.
1931 წელს იგი თავს ანებებს ვესტფალიის ლუთერანული მისიის განყოფილებაში მუშაობას და ბერლინის წმ. ანას სახელობის ეკლესიაში მესამე - უმცროს -პასტორად იწყებს მსახურებას.
ნაცისტურ გერმანიაში
პროტესტანტი პასტორების უმრავლესობის მსგავსად, თავიდან ნიმიოლერიც ნაცისტებს უჭერდა ხარს. 1933 წელს იგი მიესალმა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას, გულწრფელად სწამდა რა, რომ ეს გერმანიის ეროვნული აღორძინების საწინდარი იქნებოდა. იგი, როგორც მონარქისტი, დარწმუნებული იყო, რომ გერმანიას მტკიცე ხელი სჭირდებოდა. როცა ასპარეზზე ჰიტლერი და აციონალ-სოციალისტური პარტია გამოჩნდა, მტკიცე ეროვნული ერთიანობისა და ეკლესიის
ავტონომიურობის ლოზუნგებით, ნიმიოლერმა ხმა მისცა მათ 1933 წლის მარტის არჩევნებში. როდესაც ნიმიოლერი თავისი ყურით ისმენდა, თუ როგორი ხაზგასმით საუბრობდა ჰიტლერი ქრისტიანობის მნიშვნელობაზე გერმანიის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ერის მორალური ღირებულებების აღდგენის საქმეში, იგი ენთუზიაზმით მიესალმებოდა მესამე რაიხს.
ნიმიოლერი თავისი ქადაგებებით მხარს უჭერდა ჰიტლერის შეხედულებებს რასისა და ნაციონალიზმის თაობაზე. 1933 წელს მან ნაცისტური პროგრამა მოიხსენია, როგორც „ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული განმაახლებლური მოძრაობა“. მომდევნო
წელს იგი აქვეყნებს ჩვენ მიერ ზემოთ უკვე ნახსენებ წიგნს „წყალქვეშა ნავიდან ამბიონამდე“. მასში გადმოცემულმა მემარჯვენე ნაციონალისტურმა შეხედულებებმა ომისა და მისი შედეგების თაობაზე დიდი პოპულარობა მოუტანა პასტორს. ნაცისტური პარტიის წევრებს შორის პირველივე კვირებში ამ წიგნის 90 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
მაგრამ 1933 წელს ნიმიოლერმა უკმაყოფილება გამოხატა, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა „თავისი კაცი“, ლუდვიგ მიულერი, გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის ეპისკოპოსად დანიშნა. მამა მარტინი სხვა უკმაყოფილო პასტორთა ჯგუფთან ერთად ბონის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორის, კარლ ბართის, დახმარებით 1934 წლის მაისში აყალიბებს ორგანიზაციას, რომელიც შემდგომ ცნობილი ხდება როგორც „აღმსარებელთაეკლესია“ („confessing Church“. ეს ორგანიზაცია 3 000-მდე პასტორს აერთიანებდა. ამ მოძრაობის მიზანი იყო დაპირისპირებოდა გერმანული პროტესტანტული ეკლესიების მოქცევას ნაცისტური იდეოლოგიის წნეხ ქვეშ. ნაცისტური ხელისუფლების მიერ გერმანიის სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გადაბირების გამო „აღმსარებელთა ეკლესიამ“ საკუთარი თავი ერთადერთ ჭეშმარიტ ლუთერანულ ეკლესიად გამოაცხადა, რომელიც „უშუალოდ ღვთისგან“ ღებულობდა ინსპირაციას. მგზნებარე მქადაგებლის, პასტორ ნიმიოლერის, ფიგურამ უდიდესი პოპულარობა მოიხვეჭა მთელ გერმანიაში ხელისუფლებისადმი მიმართული კრიტიკული ქადაგებების გამო.
როდესაც ნაცისტურმა მთავრობამ თავისი პოლიტიკა უცვლელად განაგრძო, ნიმიოლერი დიტრიხ ბონჰოფერთან ერთად პასტორთა ლიგას აყალიბებს და ოფიციალურ დოკუმენტს
აქვეყ-ნებს, რომლითაც ჰიტლერის რელიგიურ პოლიტიკას აკრიტიკებს. ნიმიოლერი განსაკუთრებით შეშფოთებული იყო ჰიტლერის გადაწყვეტილებით ეკლესიიდან ქრისტიანი ებრაელების განდევნის თაობაზე. პასტორის აზრით, ქრისტიანობაზე მოქცეულ ებრაელებს უნდა მისცემოდათ ეკლესიაში დარჩენის ნება. როგორც ბონჰოფერი აღნიშნავდა, თუმცა ნიმიოლერი კრიტიკულად იყო განწყობილი თავად ჰიტლერის მიმართ, იგი მაინც ნაცისტური პარტიის მხარდამჭერად რჩებოდა.
ამ პერიოდში ნიმიოლერი არ აკრიტიკებდა ნაცისტურ პარტიას პოლიტიკური ოპონენტების საკონცენტრაციო ბანაკებში მოთავსების გამო, მაგრამ იგი ხმამალა იწყებს რეჟიმის კრიტიკას, როცა ნაცისტებმა ეკლესიის წევრების დაპატიმრება დაიწყეს.
1936 წელს მან ხელი მოაწერა პროტესტანტ საეკლესიო მოღვაწეთა პეტიციას, რომელშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ნაცისტური პოლიტიკა. ნაცისტური რეჟიმის რეაქციამაც არ დააყოვნა: 800-მდე პასტორი და საეკლესიო სამართლის სპეციალისტი დააკავეს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ნიმიოლერს ერთბაშად და გადაჭრით არ უარყვია თავისი ნაციონალისტური და ზოგჯერ ანტისემიტური შეხედულებებიც. მაგალითად, 1935 წელს, როდესაც იგი ლუთერანულ ეკლესიაში მოქცეულ ქრისტიან ებრაელებს იცავდა, ერთ ქადაგებაში შემდეგი რამ განაცხადა: „რა არის მიზეზი ებრაელთა აშკარა სასჯელისა, რაც ათასწლეულებია გრძელდება? ძვირფასო მეგობრებო, ამის მიზეზი ცნობილია: ებრაელებმა ქრისტე ჯვარზე გააკრეს!“
ეს ნათქვამი შემდეგ ანტისემიტიზმში მისი დადანაშაულების საფუძველი გახდა. ჰოლოკოსტის მკვლევარი რობერტ მიქაელი მარტინ ნიმიოლერის გამონათქვამებს ტრადიციული ანტისემიტიზმის გამოვლინებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ნიმიოლერი ამ ეტაპზე ფაქტობრივად ეთახმებოდა ნაცისტურ პოლიტიკას „ებრაელთა საკითხის“ თაობაზე. ამერიკელი სოციოლოგი ვერნერ კოუნი, ნაციზმის ბატონობისას გერმანიაში მცხოვრები ებრაელი, ასევე მიუთითებს ნიმიოლერის ანტისემიტურ განცხადებებზე.
მაგრამ ნაციზმთან ამგვარი იდეური თანხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. თუმცა ამ „თანხვედრის“ დროსაც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ნიმიოლერსა და ნაცისტებს შორის:პასტორი განაგრძობდა ქრისტიანული ეკლესიის წევრი (ანუ არაიუდეველი) ებრაელების დაცვას, ნაცისტებისთვის კი ყველა ებრაელი, განურჩევლად მათი რწმენისა, დევნის ობიექტი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ ნიმიოლერი ნაცისტური რეჟიმის ყველაზე გამოკვეთილ მტრად გადაიქცა.
ისტორიკოსი რაიმონდ ლამერსდორფი ნიმიოლერს მიიჩნევს „ოპორტუნისტად, რომელიც მანამდე არ უპირისპირდებოდა ნაცისტებს, სანამ ისინი ეკლესიას არ დაემუქრნენ“. სხვა მკვლევარები არ იზიარებენ ამ შეხედულებას და მიუთითებენ ნიმიოლერის სიმამაცეზე, როცა მან საკუთარი თავი დიდი ხიფათის წინაშე დააყენა ნაცისტებთან დაპირისპირებით. „აღმსარებელთა ეკლესიაში“ ისეთი ადამიანებიც იყვნენ (მაგალითად, პასტორი ჰერმან მაასი), რომლებიც თავიდანვე ყოველგვარი გაორებისა და ფუჭი იმედების გარეშე ეწინააღმდე გებოდნენ ჰიტლერის რეჟიმს.
მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აქვე სხვა ცნობილი ადამიანებიც გავიხსენოთ, რომელთა დადანაშაულებაც ასევე შეიძლებოდა „ოპორტუნიზმში“ (ლამერსდორფის შეფასება რომ გავიმეოროთ). მაგალითად, „აღმსარებელთა ეკლესიის“ სხვა წევრი, ცნობილი თეოლოგი, რუდოლფ ბულტმანი, მიუხედავად იმისა, დიდად არ მოსწონდა არსებული რეჟიმის წარმომადგენელთა რასისტული შეხედულებები, დუმილს ამჯობინებდა. ასევე კარლ ბართი, გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი თეოლოგი და „აღმსარებელთა ეკლესიის“ თანადამფუძნებელი, ტოვებს გერმანიას და შვეიცარიაში ბრუნდება. მას ერთი სიტყვითაც არ დაუგმია ებრაელთა მიმართ ჰიტლერის დამოკიდებულება. კარლ იუნგიც მიესალმა ჰიტლერის მოსვლას ხელისუფლებაში, ფიურერის მიერ სხვადასხვა მითებისა და სიმბოლოების გამოყენებით აღფრთოვანებული. უნდა გავიხსენოთ დასავლეთის პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებმაც იცოდნენ, რომ გერმანიაში ჰოლოკოსტს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მათაც დუმილი ამჯობინეს იმ მოტივით, რომ ებრაელთა დახმარების საუკეთესო გზა ომის მოგება იყო. ფრანკლინ რუზველტს თვითმხილველებმა მოახსენეს, რომ 1943 წლის გაზაფხულს ორი მილიონი ებრაელი იყო უკვე განადგურებული, მაგრამ დაპირების მიუხედავად მას არაფერი მოუმოქმედებია.
დაპატიმრება
1937 წლის 27 ივნისს ბერლინში პასტორ მარტინ ნიმიოლერმა უკანასკნელად იქადაგა. მსახურებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა: „ჩვენ აღარ შეგვიძლია დუმილი მაშინ, როცა ღმერთი მის ამოღებას გვავალებს. ჩვენ ღმერთს უნდა ვემორჩილებოდეთ და არა ადამიანებს!“, განაცხადა მან. ჰიტლერი სასტიკად განრისხდა, როცა მას ნიმიოლერის ამ ქადაგების შესახებ აუწყეს. იგი ისედაც უკვე ვეღარ იტანდა ამ პასტორს. მორწმუნენი კი კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც, ნიმიოლერს ეროვნულ გმირად თვლიდნენ. 1937 წლის 1 ივლისს იგი დააპატიმრეს.
ნიმიოლერის საქმე „სპეციალური სასამართლოს“ განსჯის საგანი გახდა. საქმის განხილვა არაერთგზისი გადავადების შემდგომ) 1938 წლის 3 მარტს დაიწყო. მას ბრალი დასდეს სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობაში, 2 000 მარკით დააჯარიმეს და შვიდი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს „სამქადაგებლო მოღვაწეობის ბოროტად გამოყენებისთვის“. ნიმიოლერი ბერლინის ერთ-ერთ ციხეში მოათავსეს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირთათვის იყო განკუთვნილი.
სასჯელის სიმსუბუქით აღშფოთებული ჰიტლერი აცხადებს, რომ „ნიმიოლერი ციხეში მანამდე უნდა იჯდეს, სანამ არ გალურჯდება“. იგი სასამართლოს მთელ შემადგენლობასაც დაემუქრა. რვა თვე (ანუ მისჯილ ვადაზე ერთი თვით მეტი) დაჰყო ნიმიოლერმა საპყრობილეში და გამოუშვეს, მაგრამ მალე გესტაპომ დააპატიმრა „პრევენციული მიზნით“. მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე პასტორი საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ. 1945 წელს, რვა წლის პატიმრობის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს.
როდესაც პასტორი ბერლინის ციხეში მიიყვანეს, მას ციხის კაპელანი მიუახლოვდა. პატიმარმა ასში წყალქვეშა ნავის ყოფილი ოფიცერი ამოიცნო, რომელიც ახლა ნაცისტების ყურმოჭრილი ღვდელმსახური გამხდარიყო. „პასტორო ნიმიოლერ, რატომ ხართ ციხეში?“ - ჰკითხა კაპელანმა. ნიმიოლერმა შეკითხვითვე უპასუხა: „თქვენ რატომ არა ხართ ციხეში?“
სანამ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანდნენ, მან ითხოვა მისთვის ორი ნივთის -ბიბლიისა და საქორწინო ბეჭდის წაღების უფლება მიეცათ. დაპატიმრების შემდეგ მისი მეუღლე შვიდ ბავშვთან ერთად საკუთარი სახლიდან გააძევეს და ბედის ანაბარა, ოველგვარი მატერიალური სახსრისა და ბინის გარეშე დატოვეს.
დაპატიმრების შემდეგ პასტორი ნიმიოლერი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საკმარისად არ გაისარჯა ნაციზმის მსხვერპლთა დასახმარებლად. მას ამ დროს უკვე ზურგი ჰქონდა შექცეული საკუთარი ნაციონალისტური წარსულისათვის. იგი იყო ერთ-ერთ ინიციატორი „ttgart Declaration of Guilt“ - ის გამოქვეყნებისა, რომელსაც გერმანიის საეკლესიო მოღვაწეებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტში აღიარებული იყო, რომ ეკლესია ვერ აღმოჩნდა ნაცისტური რეჟიმის ღირსეული მეტოქე.
როდესაც ნიმიოლერის თანამესაკნე, ლეო შტაინი, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ამერიკაში გადავიდა, ჟურნალისთვის „The National Jewish Monthly“ სტატია დაწერა ნიმიოლერის შესახებ. შტაინი წერს, რომ, მის შეკითხვაზე -რატომ უჭერდა მხარს თავის დროზე ნაცისტურ პარტიას? -, მარტინმა ასე უპასუხა: „მე დიდი ინტერესი მქონდა ამ პარტიისადმი, ისე-თივე დიდი, როგორიც ახლა ჩემი სინანულია ამის გამო. ჰიტლერმა იმედები გამიცრუა. მე, როგორც პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენელს, აუდიენცია მქონდა მასთან 1932 წელს,როცა იგი კანცლერი გახდა. მან პატიოსანი სიტყვა მომცა, რომ დაიცავდა ეკლესიას და არ გამოსცემდა არავითარ ანტიეკლესიურ კანონს, არც დარბევებს მოუწყობდა ებრაელებს. ასე თქვა: „ებრაელებისთვის დაწესდება გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ გერმანიაში არც გეტოები იქნება და არც არავინ დაარბევს მათ“.
„მე ეს მჯეროდა, - განაგრძობს ნიმიოლერი, -გარდა ამისა, იმ დროისთვის ძალიან მაღიზიანებდა მზარდი ათეისტური მოძრაობა, რომელსაც ყველანაირად უწყობდნენ ხელს სოციალ-დემოკრატები და კომუნისტები. ეკლესიისადმი მათი მტრობა კიდევ ერთი ფაქტორი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მთელი ჩემი იმედები ჰიტლერზე დამემყარებინა. ძალიან ძვირად დამიჯდა ეს შეცდომა, და არა მხოლოდ მე, ჩემნაირები ათასობით არიან“.
მართლაც, ძნელი იყო არ მინდობოდი ეროვნულ ლიდერს, რმელიც აცხადებდა, რომ ააყვავებდა ქვეყნის ეკონომიკასა და აღადგენდა გერმანელი ხალხის ღირსებას, აღმოფხვრიდა აღვირახსნილი ცხოვრების წესს დიდ ქალაქებში და სხვ.
მაგრამ ნიმიოლერმა აღმოაჩინა, რომ ჰიტლერი ქრისტიანული რწმენის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობდა. ფიურერმა საეკლესიო მსახურთაგან დეკლარაციის წაკითხვა მოითხოვა, სადაც მთავრობა ქება-დიდებით იხსენიებოდა საკუთარ თავზე „ეკლესიის რეორგანიზების ტვირთისაღებისთვის“. ნიმიოლერმა უარი განაცხადა ამ მოთხოვნის შესრულებაზე, რადგან ის უკვე კარგად აცნობიერებდა, რომ ჰიტლერს ეკლესიის მხარში ამოყენება მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებისთვის სჭირდებოდა.
განთავისუფლება და ომის შემდგომი მოღვაწეობა
1945 წლის 5 მაისს ნიმიოლერი გაათავისუფლეს. იგი არასოდეს უარყოფდა თავის წილ დანაშაულს, ნაცისტური რეჟიმის დროს ჩადენილს. 1946 წლის იანვარში პასტორი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ამბობს: „ჩვენ ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ, რომ არ ვართ უდანაშაულონი ნაცისტების მიერ განხორციელებულ მკვლელობებში, გერმანელი კომუნისტების, პოლონელების, ებრაელებისა და გერმანელების მიერ ოკუპირებული ქვეყნების მოქალაქეთა ჟლეტაში. მართალია, სხვებმაც დაუშვეს გარკვეული შეცდომები, მაგრამ დანაშაულის შეუჩერებელი ტალღა სწორედ აქ, ჩვენთან დაიწყო და აქვე მიაღწია თავის პიკს. დანაშაული არსებობს, ეს უდავოა და ამ დანაშაულზე მთელი გერმანელი ხალხია პასუხისმგებელი, მეტიც ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროსაც ეკისრება, რადგან ეს დანაშაული ჩვენს დროში და ჩვენი სახელით განხორციელდა“.
ამ მოსაზრების ერთგვარი გაგრძელების სახით აქვე დამატებით სხვა ქრისტიანი თეოლოგის, მარკუს ბრეიბრუკის, სიტყვებსაც დავიმოწმებთ: „მართალია, ზოგიერთი ქრისტიანი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ებრაელებს (მათ შორისაა, მაგალითად, წმ. გრიგოლ ფერაძეც. - მთარგმ.), მაგრამ საერთო ჯამში ძალზე ცოტა ქრისტიანი აღუდგა წინ ნაციზმს. ამის შთამბეჭდავ მოწმობას წარმოადგენს ქრისტიანულ ეკლესიათა დუმილი ებრაელთათვის ამ ძნელბედობის ჟამს“.
1959 წელს ნაციზმის ისტორიის ებრაელმა მკვლევარმა, ალფრედ ვეინერმა, ნიმიოლერს ებრაელთა მიმართ მისი ადრინდელი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხა აზრი. ვეინერისადმი მიმართულ წერილში იგი წერს, რომ ნაცისტების მიერ ნაჩუქარი რვაწლიანი პატიმრობა გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რის შემდეგაც მას ბევრი რამის გადაფასება მოუწია.
1965 წელს ნიმიოლერმა აშშ-ის გაღიზიანება გამოიწვია ჩრდილოეთ ვიეტნამში ვიზიტისა და ჰო ში მინთან შეხვედრის გამო. პასტორმა მოგვიანებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ერთი რამ ცხადია: ჩრდილოეთ ვიეტნამის პრეზიდენტი არ არის ფანატიკოსი. ის საკმაოდ მტკიცე და პრინციპული ადამიანია, მაგრამ შეუძლია სხვისი მოსმენა, რაც იშვიათად ხელეწიფებათ ასეთ თანამდებობაზე მყოფთ“.
ომის შემდეგ ნიმიოლერი გერმანიის ევანგელური (ლუთერანული) ეკლესიის ერთ-ერთი ლიდერი ხდება. საბჭოთა კავშირში ვიზიტის შემდგომ ნიმიოლერი შეუერთდა მოძრაობას მსოფლიო მშვიდობისათვის. იგი თავის მეგობარს, კარლ ბართს, სწერდა, რომ სოციალიზმის იდეებმა გაიტაცა: „ჩემი აზროვნების ქვაკუთხედი ის არის, რომ ყოველგვარი ბოროტების მიზეზი ფულია. საჭიროა მდიდრების დამხობა უფრო ჰუმანური საზოგადოებრივი წყობის დასამყარებლად“.
ნიმიოლერი ცივი ომის წინააღმდეგაც ილაშქრებდა. ნიუ-იორკში წარმოთქმულ სიტყვაში იგი ამბობს: „მე წინააღმდეგი ვარ იმ ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა, რომ აუცილებელია ბოლშევიზმის წინააღმდეგ ომი ქრისტიანული ეკლესიებისა და ქრისტიანობის გადასარჩენად. სრულიად არაქრისტიანულია, როდესაც ომს იწყებ ქრისტიანული ეკლესიის გადასარჩენად, რადგან ქრისტიანული ეკლესია არ საჭიროებს ვინმეს მხრიდან გადარჩენას. ეკლესიას არ უნდა ეშინოდეს არც ბოლშევიზმისა და არც ნაციზმისა. ეკლესია უნდა ზრუნავდეს როგორც კომუნისტებზე, ასევე ყველა ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს ის. ეკლესია უარყოფს კომუნიზმს როგორც მრწამსს, როგორც იდეოლოგიას, სხვა მიუღებელი იდეოლოგიების მსგავსად. კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სულიერი იარაღით არის საჭირო. ყველა სხვა საშუალება აუცილებლად მარცხისთვის იქნება განწირული“.
1954 წლის ივნისში ნიმიოლერი ოტო ჰანს შეხვდა, რომელსაც ბირთვული ქიმიის მამად მოიხსენიებდნენ. მათ ბირთვული იარაღის შექმნის პროცესზე ისაუბრეს. პასტორს თავზარი დაეცა, როდესაც ჰანისგან შეიტყო, რომ უკვე შესაძლებელი იყო ისეთი ატომური მოწყობილობის შექმნა, რომელიც შეძლებდა არა მხოლოდ მთელი კაცობრიობის, არამედ ყველა ცოცხალი ორგანიზმის განადგურებასაც დედამიწაზე. იმ ღამეს პასტორმა ხელახლა გადაიკითხა მათეს სახარებაში ქრისტეს ქადაგება მთაზე, რის შემდეგაც მტკიცედ გადაწყვიტა, რომ იგი არასოდეს გაამართლებდა პოლიტიკური მიზნებით სამხედრო ძალის გამოყენებას. მარტინმხურვალე პაციფისტი და ბირთვული განიარაღების მგზნება-რე მომხრე ხდება. იგი უკიდურესად ამორალურ საქციელად მიიჩნევდა ატომური ბომბების ჩამოგდებას ჰიროსიმასა და ნაგასაკში. მან აშშ-ის მთავრობის გულისწყრომაც გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ ჰიტლერის შემდეგ ჰარი ტრუმენი „მსოფლიოში უდიდესი მკვლელია“.
1958 წლის აპრილში იგი მიემგზავრება ინგლისში, სადაც მონაწილეობას იღებს დემონსტრაციაში, რომელიც ბირთვული განიარაღების ადგილობრივი კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.
მალე პასტორი ნიმიოლერი ომის შემდგომ გერმანიაში სამშვიდობო მოძრაობის წამყვან ფიგურად გვევლინება. 1959 წელს მას სასამართლოსთანაც კი მოუწია ურთიერთობა სამხედროების არცთუ სასიამოვნო სიტყვებით მოხსენიების გამო.
1961-1968 წლებში პასტორი მარტინ ნიმიოლერი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტია.
ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი თომას მანი აშშ-ში აქვეყნებს ნიმიოლერის ქადაგებებს. თომას მანი აღფრთოვანებული იყო მისი სიმამაცით.
პასტორი მარტინ ნიმიოლერიგარდაიცვალა 1984 წლის 6 მარტს, 92 წლის ასაკში. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მას უთქვამს: „ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, რომ სახარების ღირებულებების დაცვისთვის უნდა მეზრუნა. ახლა, მოხუცებულობის ჟამს კი, ვხედავ, რომ სახარება თვითონ მიცავდა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში“.
სიკვდილის შემდეგ მარტინ ნიმიოლერის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა ცნობილ ლექსს სათაურით „როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ“:
„როცა ნაცისტები კომუნისტებს
მიადგნენ,
ხმა არ ამომიღია, რადგან
კომუნისტი არ ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ
ამომიღია,
რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.
პროფკავშირებს მიადგნენ და
ხმა არ ამომიღია,
რადგან პროფკავშირის წევრი
არ ვყოფილვარ.
კათოლიკებზე გადავიდნენ და
ხმა არ ამომიღია,
რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.
შემდეგ მე მომადგნენ...
და აღარავინ იყო დარჩენილი,
რომ ხმა ამოეღო...“
წყარო
მიადგნენ,
ხმა არ ამომიღია, რადგან
კომუნისტი არ ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ
ამომიღია,
რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.
პროფკავშირებს მიადგნენ და
ხმა არ ამომიღია,
რადგან პროფკავშირის წევრი
არ ვყოფილვარ.
კათოლიკებზე გადავიდნენ და
ხმა არ ამომიღია,
რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.
შემდეგ მე მომადგნენ...
და აღარავინ იყო დარჩენილი,
რომ ხმა ამოეღო...“
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий