მთხოვეს მომეთხრო თქვენთვის, რა სწამთ ქრისტიანებს. დავიწყებ იმით, თუ რა არ უნდა სწამდეთ, რისი არ უნდა სჯეროდეთ ქრისტიანებს. თუ ქრისტიანი ხართ, არ უნდა გჯეროდეთ იმისა, რომ სხვა დანარჩენი რელიგიები თავიდან ბოლომდე მცდარია. თუ ათეისტი ხართ, უნდა აღიარებდეთ, რომ ყველა რელიგიის საფუძველი ერთი უდიდესი შეცდომაა. თუ ქრისტიანი ხართ, უნდა დაუშვათ, რომ ყველა რელიგია, მათ შორის ყველაზე უცნაურიც კი, რაღაც ჭეშმარიტების მარცვალს მოიცავს. როცა ათეისტი ვიყავი, თავს ვარწმუნებდი, რომ კაცობრიობის უმეტესობა ყოველთვის ცდებოდა იმ საკითხში, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის. როცა გავქრისტიანდი, შევძელი უფრო ლიბერალური თვალსაზრისის მიღება. ცხადია, იყო ქრისტიანი, არ ნიშნავს ფიქრობდე, თითქოს, სადაც ქრისტიანობა სხვა რელიგიებისაგან განსხვავდება, იქ სხვები ცდებიან, ქრისტიანობა კი არა; საკითხი ისე დგას, როგორც არითმეტიკაში: მხოლოდ ერთი პასუხია სწორი, სხვა დანარჩენი - არა. მაგრამ ამ არასწორ პასუხთაგან ზოგიერთი უფრო მიახლოებულია სწორს.
ძალიან ზოგადად კაცობრიობა შეიძლება დაიყოს უმრავლესობად, რომელთაც სწამთ ღმერთისა თუ ღმერთებისა და უმცირესობად, რომელთაც არ სწამთ მათი. ამ აზრით ქრისტიანები განეკუთვნებიან უმრავლესობას ძველ ბერძნებთან, რომაელებთან, თანამედროვე ველურებთან, სტოიკოსებთან, პლატონისტებთან, ინდუსებთან,მაჰმადიანებთან და ა.შ. ერთად და არა თანამედროვე დასავლელ ევროპელ მატერიალისტებს.
შეიძლება ეს დაყოფა გავაგრძელოთ. ადამიანები, რომელთაც ღმერთი სწამთ, შეიძლება დაიყონ იმის მიხედვით, თუ როგორი ღმერთი სწამთ. ამაზე ორი ძალზედ განსხვავებული აზრი არსებობს. ერთი აზრი ასეთია: ღმერთი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. ჩვენ, ადამიანები, ერთ რამეს კარგს ვუწოდებთ, მეორეს - ცუდს. მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი შეხედულებაა და რაც სიბრძნე გემატება, მით უფრო გიჭირს რამეს კეთილი ან ბოროტი უწოდო და მით უფრო ნათლად ხედავ, რომ ნებისმიერი რამ ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ - ცუდი, რომ არაფერია ბოლომდე განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანთა აზრით, სანამ ღვთაებრივ თვალსაზრისამდე მიხვალთ, მანამდე ეს განსხვავება უკვალოდ გაქრება. კიბოს დაავადებას ცუდს ვუწოდებთ იმიტომ, რომ ის კლავს ადამიანს, მაგრამ შეიძლება ქირურგიც მივიჩნიოთ ცუდად, რადგან ის კლავს კიბოს. ყველაფერი დამოკიდებულია თვალსაზრისზე. მეორე და საპირისპირო აზრი ისაა, რომ ღმერთი პრინციპულად „კარგია“ და „სამართლიანი“; იგი იმის მხარეზეა, ვისაც უყვარს სიყვარული და ვისაც სძულს სიძულვილი; მას სურს ვიქცეოდეთ სწორედ ამგვარად და არა სხვაგვარად. პირველი თვალსაზრისი, რომ ღმერთი სიკეთესა და ბოროტობის მიღმაა, არის პანთეიზმი. ამ აზრს იზიარებდა უდიდესი პრუსიელი ფილოსოფოსიჰეგელი და რამდენად მე გამეგება - ინდუსები. მეორე თვალსაზრისზე დგანან ებრაელები, მაჰმადიანები, ქრისტიანები.
პანთეიზმსა და ღმერთის ქრისტეანულ იდეას შორის ამ დიდი განსხვავების გარდა, არსებობს სხვა განსხვავებაც. პანთეისტებს, ჩვეულებრივ, სჯერათ, ღმერთი, ასე ვთქვათ, ასულიერებს სამყაროს, როგორც თქვენ - თქვენს სხეულს; რომ სამყარო თითქმის ღმერთია; რომ არ არსებობდეს სამყარო, არ იარსებებდა ღმერთი; ყოველი არსებული სამყაროში არის ღმერთის ნაწილი. ქრისტიანები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ღმერთმა გამოიგონა და შექმნა სამყარო მსგავსად იმისა, როგორც კაცი ქმნის ნახატს ან თხზავს მელოდიას. მხატვარი არ არის ნახატი; ის არ მოკვდება, თუ მისი ნახატი განადგურდა. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მან ნახატში თავის „მე“-ს დიდი წილი ჩადო იმ აზრით, რომ ნახატის მთელი სილამაზე და ინტერესი მოდის მხატვრის თავიდან. მისი უნარი და ნიჭი ნახატს მიეკუთვნება არა იმგვარად, როგორც მის თავს ან თუნდაც ხელებს. ვიმედოვნებ, ამჩნევთ, რომ პანთეისტებსა და ქრისტიანებს შორის განსხვავებას სხვა განსხვავებაც მოსდევს. თუ სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას ძალიან სერიოზულად არ უდგებით, მაშინ იოლია სათქმელად, რომ სამყაროში ყოველივე არსებული ღმერთის ნაწილია. მაგრამ, ცხადია, თუ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი რამ მართლაც ცუდია, ხოლო ღმერთი ნამდვილად კარგი, ამგვარად აღარ ილაპარაკებთ. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ღმერთი სამყაროსგან განცალკევებულია და სამყაროში არსებული ზოგიერთი რამ ეწინააღმდეგება მის ნებას. კიბოს დაავადებაზე ან საცხოვრებელი ჯურღმულების თაობაზე, პანთეისტს შეუძლია გითხრათ: თუ შეძლებთ ამათ ღვთაებრივი პოზიციიდან შეხედოთ, მიხვდებით, რომ ესენიც ღმერთის ნაწილია. ამაზე ქრისტიანი წამოიძახებდა: მორჩით ამ წყეულ უაზრობას! (ერთმა მსმენელმა შენიშვნა მომცა: სიტყვა „წყეულის“ ხმარება ქრისტიანს არ ეკადრებაო. მაგრამ მე სწორედ იმას ვამბობ, რასაც ვგულისხმობ: უაზრობა დაწყევლილია ღვთის მიერ და ვისაც უაზრობის სჯერა, ღვთის მადლისაგან დამოუკიდებლად მარადიული სიკვდილი ელის.) ქრისტიანობა მებრძოლი რელიგიაა. ის ფიქრობს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო; სივრცე და დრო, სიცხე და სიცივე, ყველა ფერი და გემო, ყველა ცხოველი და მცენარე ღმერთმა შექმნა თავისი თავიდან, როგორც, მაგალითად, კაცი შეთხზავს მოთხრობას. მაგრამ ის იმასაც ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი რამ მცდარი გზით წავიდა, ხოლო ღმერთი მოითხოვს, და მოითხოვს ძალიან დაბეჯითებით, მათ სწორ გზაზე დაბრუნებას. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს ძალიან დიდ კითხვას. თუ კეთილმა ღმერთმა შექმნა სამყარო, რატომ წახდა იგი? წლები და წლები ამ კითხვაზე ქრისტიანთა პასუხებს არად ვაგდებდი, რადგან ასე განვსჯიდი: „რაც არ უნდა თქვათ და რაც არ უნდა ჭკვიანური იყოს თქვენი არგუმენტები, განა უფრო მარტივი და იოლი არაა იმის აღიარება, რომ სამყარო არავითარ გონიერ ძალას არ შეუქმნია? თქვენი ყველა არგუმენტი, უბრალოდ, იმის მცდელობა ხომ არ არის, რომ თავი აარიდოთ იმას, რაც თავისთავად ცხადია?“ მაგრამ ასეთმა განსჯამ სხვა სიძნელეს შემაჯახა.
ღმერთის არსებობის წინააღმდე ჩემეული არგუმენტი ემყარებოდა იმას, რომ სამყარო მეჩვენებოდა მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო. მაგრამ საიდან გამიჩნდა თავად იდეა სამართლიანობის და უსამართლობის? კაცი ხაზს მრუდს ვერ უწოდებს, თუ წარმოდგენა არა აქვს სწორ ხაზზე. რას ვუდარებდი ამ სამყაროს, როცა მას უსამართლოს ვუწოდებდი? თუ ყველაფერი ამ წარმოდგენაში ანიდან ჰოემდე ცუდი იყო და უაზრო, მე ამ წარმოდგენის მონაწილეს, რატომ მეუფლებოდა ეგზომი აღშფოთება მის წინააღმდეგ? კაცი გრძნობს სისველეს, როცა წყალში ხვდება, იმიტომ, რომ ის წყლის ცხოველი არ არის: თევზი არ გრძნობს, რომ სველია. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო შევლეოდი სამართლიანობის ჩემეულ იდეას იმის თქმით, რომ ის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა. მაგრამ ეს რომ მექნა, მაშინ განქარდებოდა ღმერთის არსებობის წინააღმდეგ ჩემი არგუმენტიც, რადგან იგი ემყარება იმის აღიარებას, რომ სამყარო ნამდვილად უსამართლოა და არა ჩემს პირად ფანტაზიებს. ასე რომ, სწორედ ღმერთის არარსებობის ანუ სინამდვილის უსაზრისობის მტკიცების მცდელობამ მაიძულა მეღიარებინა, რომ სინამდვილის ერთ ნაწილს, სახელდობრ, სამართლიანობის იდეას საზრისი გააჩნია. აქედან გამომდინარე, ათეიზმი აღმოჩნდა შედარებით მარტივი. თუ მთელი სამყარო იქნებოდა უსაზრისო, მაშინ ვერასოდეს მივხვდებოდით, რომ მას საზრისი არ გააჩნია - სამყაროში რომ არ იყოს სინათლე და არ ყოფილიყვნენ თვალების მქონე არსებანი, ვერასოდეს მივხვდებოდით, რომ ვცხოვრობთ სიბნელეში. სიბნელეს არ ექნებოდა საზრისი.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий