четверг, 29 мая 2014 г.

ზვიად გამსახურდია- სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა



ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: “საჭურველად გარე მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი”, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას – ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფალი ღვთისგანაა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისგან არის და არა – ღვთისგან.
რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტიქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ – მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტიქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია “ენქერი”, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღდველო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე. დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.
მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება”, რაც აგრეთვე ქრისტიანული პრაქსისის საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში. ეკლესიაში ვერ შეაგზავნის. ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს “ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდა თავს ეკლესიას, ჰგვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”.
აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეალს, მით უფრო სრულყოფილია იგი. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (ტემპლუმ), ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად, ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “ტემპლუმ ომნიუმ ჰომინუმ პაცის აბბატ” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი “ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვით­ცნო­ბიე­რებელ ხალხს.
მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთო ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს – საქართველოში აღდგეს ასეთი ეკლესია.
“ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი, ღებულობენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება” – გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა “მახვილი მხილებისა”, ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.
მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყველებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის, ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.
გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: “სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ”. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელს და აბო ტფილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, “უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება”! რწმენას სასწაულები ძალუძს.
ანტიქრისტე თავად უდიდესი ცრუწინასწარმეტყველია. ასე რომ, არ არის გასაკვირი, მისი წინამორბედნი და მსახურნი ბიბლიური სიბრძნისა და წინასწარმეტყველთა ნააზრევის პროფანაციას რომ ისახავდნენ ერთ-ერთ მთავარ მიზნად. რელიგიასა და საღვთო წერილის პროფანაცია ანტიქრისტეს უმთავრესი მიზანია. ამიტომ უწყობენ აგრეთვე ხელს ყოველგვარი ბნელი სექტების გავრცელებას. მაგალითად, სამეგრელოში იეღოველებმა ხალხის დიდი უბედურებით ისარგებლეს და გაავრცელეს ხმა: “1993 წელი არმაგედონის წელია, წელს აღდგება მკვდრეთით და გაცოცხლდება ყველა ის, ვინც იეღოვას იწამებსო”. წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა გაუბედურებულმა და სასო­წარ­კვეთილმა შვილდაკარგულმა მშობელმა ირწმუნა ეს და იწყო ყოყმანი მართლმადიდებლურ რწმენაში. აი, რა მეთოდებით მოქმედებენ ბოროტების მსახურნი. დღეს, დარწმუნებული ვარ, პუტჩისტური სუკ-ი დიდ იმედებს ამყარებს მათზე და საქმითაც იყენებს.
ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ ასეთი ფორმულა მოგვცა: “ღვთის უარყოფა სულის დაავადებაა, ქრისტეს უარყოფა – სულის უბედურება, ხოლო სულის უარყოფა – თვითმოტყუება”. რა უნდა იყოს უფრო სავალალო, ვიდრე ასეთი ადამიანი? ღმერთი და სულიერი სამყარო ჭეშმარიტი სამშობლოა ადამიანის, მიწიერი სამშობლო კი – მისი ხატი.
თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდე­ლოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.
როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა დევიზია კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლების ერთგულება, რამეთუ ასეთი ხელისუფლება ღვთისგანაა ახალი აღთქმის მიხედვით.
ერის ღალატი იგივე მოყვასის ღალატია. ეს თანაბრად მიუტევებელი ცოდვაა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირისათვის. მაგრამ სასულიერო პირს სჯულისკანონის მიხედვით ყველაფერში უფრო მკაცრად მოეთხოვება, ვიდრე ერისკაცს, ისევე, როგორც მოზრდილს უფრო მოეთხოვება დანაშაულისათვის, ვიდრე მოზარდს.
მომნანიე ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით ინანიებს იგი ჩადენილს, თუ მარტოოდენ ლიტონი სიტყვით.
ეროვნული თუ სამოქალაქო მოძრაობის ძალა მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლაშია. ამით დგას განდიზმი მარქსიზმზე მაღლა.
ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობის სიყვარული თანაბრად სჭირდება ყველა რიგით თუ არარიგით ქრისტიანს.
ქვეყნის მმართველი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტეს მბაძავი უნდა იყოს მოყვასის სიყვარულით, სამართლიანობით, შემწყნარებლობით, სიმტკიცითა და ბოროტი ძალებისადმი შეურიგებლობით.
სიყვარული და მკაცრი სამართლიანობა თანაბრად საჭიროა. ერთ-ერთის დომინირება იწვევს ან სენტიმენტალობას და გულჩვილობას, ან უხეშობას და სისასტიკეს.
ვინც მტერს შეისწავლის, ის მას დაამარცხებს. უნდა შევისწავლოთ უღმერთოთა შავბნელი ძალების ტაქტიკა, მათი ფანდების არსენალი და გამუდმებით ვამხილოთ ეს ყოველივე. წარსულში არ გვქონია ამდენი გამოცდილება. დღეს კი, როგორც იტყვიან, “ზოგი ჭირი მარგებელია”, ბევრი რამ გაცხადდა, მრავალი დაფარული გამოვლინდა და ჩვენც უფრო მეტად გავძლიერდით.
ერისა და ეკლესიის ერთგულ შვილებს ვუსურვებ დიდ სიმტკიცეს რწმენაში, ბრძოლაში შეუპოვრობას, დიდ მოთმინებას, რამეთუ “აურაცხელ არიან ჭირნი მართალთანი და ყოველთა მათთაგან იხსნას იგინი უფალმან”. დღეს ჩვენ ყველანი განგებამ უდიდესი გამოცდის წინაშე დაგვაყენა და ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი სარწმუნოების გამოცდაა. ადამიანთა დაცემული ბუნება უწყოდა უფალმა, როდესაც ბრძანა: “მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ”. (იოანე, 5,43). ეს “სხუაი” ანტიქრისტეა. იგი მოვა მომავალში, მაგრამ მისი წინამორბედნი უკვე მოდიან და ვაი მათ, ვინც მათ შეიწყნარებს. ამასთან, გვახსოვდეს, რომ მევენახეთა იგავი მარტო ისრაელის სამღვდელოებას კი არ ეხება, არამედ მთელს კაცობრიობას. უფალი არ ჩქარობს შურისგებას, მაგრამ ამავე დროს გვაფრთხილებს: “ჩემი არს შურისგება და მე მივაგო”. ამასთან, აუცილებელია, რომ ათეისტებმა და არამართლმორწმუნეებმა არ გვაჯობონ მოყვასის სიყვარულში და სიმართლისათვის თავდადებაში, მამულის ერთგულებაში. ერთი დისიდენტი მღვდელი ამბობდა: – დღეს ქრისტიანები როდი აღსდგნენ ადამიანის წმიდათაწმიდა უფლებებისათვის საბრძოლველად, არამედ – ათეისტებიო. ასეთ ქრისტიანებს მე იმ მღვდელს ვადარებ, რომელმაც ნახა გზაზე ყაჩაღთა მიერ გაძარცვული, ნაცემი და ცნობამიხდილი კაცი და არ მიეშველა, თანა წარხდა, ხოლო ის ათეისტები, რომელთაც გააჩნიათ მოქალაქეობრივი შემართება, მე შევადარე კეთილ სამარიტელს.
დღევანდელი დღის სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ათეისტებმა და კომუნისტებმა მიატოვეს ბრძოლა რელიგიასთან. მეორე მხრივ, ეშმაკსაც სწამს და შიშით ცახცახებს კიდეც ღვთის წინაშე, მაგრამ გამოსწორება არ ეტყობა.
“სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს!” – ბრძანებს იაკობ მოციქული. ვიყოთ ქრისტიანები და გეორგიანელები საქმით – აი, ჩვენი მოწოდება.
“შანსი”, # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი 15 ივნისი, 1993 წ.
იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий