четверг, 29 мая 2014 г.

ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში



დიმიტრი იურიევიჩი



ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ცნობილი და პოპულარული გახდა ფსიქოლოგიის ის დარგი, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და ჟესტიკულაციებში მის გამოვლენას შეისწავლის. მრავალი გამოკვლევა, რომელიც სხეულის მოძრაობათა ახსნა-განმარტებას ეძღვნება, აცხადებს, რომ მოცემული სფერო ახალია და არასაკმარისად არის შესწავლილი (Пиз А. Язык телодвижений. М., 1996). მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი არის ერთ ერთი გამომხატველობითი საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ქრისტეანი ხატმწერები.

ჯერ კიდევ ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან, მისი ჩასახვის დროიდანვე, ხატწერა გამოიკვეთა როგორც მხატვრული ხელოვნების ცალკეული სფერო. ეს განპირობებული იყო ხატის ამოცანით: გამოსახულ ყოფილიყო არა მარტო იესუ ქრისტეს პიროვნების კაცობრივი ბუნება ან წმინდანთა ხატები, არამედ, შეძლებისდაგვარად, გრაფიკული, ხელთქმნილი საშუალებებით გადმოცემულ ყოფილიყო უქმნელი მადლი, რომელიც ქრისტეში, როგორც ღმერთკაცში, ხოლო წმინდანებში - მათი მართალი და წმიდა ცხოვრების ძალით გამოვლინდა. 

ხატის მიზანია გამოსახოს ქმნილი ბუნების ფერისცვალება ღვთაებრივი სულით. ეს მიზანი მხოლოდ ბიბლიურ ან საეკლესიო-ისტორიულ მოვლენათა დინამიკის ჩვენებაში როდი მდგომარეობს, - რადგან ხატის, როგორც უწიგნურთა ბიბლიის შემეცნება, ხატმწერთათვისაც იყო მისაღები. ხატმა მის წინაშე მდგომ და მლოცველ ადამიანს უნდა წარმოუჩინოს სულის ის მდგომარეობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მასზე გამოსახული მოღვაწისთვის. როდესაც წმინდანთა ხატებს შევცქერით, თავის მხრივ, მივისწრაფვით მივემსგავსოთ არა მარტო მასზე გამოსახულ წმინდანს, სიკეთის გარეგნული ქმნის თვალსაზრისით, არამედ ღვთიური მადლით შინაგანი კაცის ბუნების ფერიცვალებითაც. ხატის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იყოს სულიერი მდგომარეობის ნიმუში ლოცვის დროს და სწორი ლოცვითი მოღვაწეობის სახელმძღვანელო (Успенский Л. А. Богословие иконы Православной Церкви. Б/м, Изд-во Зап.-Европ. Экзархата Моск. Патриархата, 1989, [репр.: М., 1998,] 476 с, илл.).

თავისი განსაკუთრებული დანიშნულების ძალით, ხატს უძველესი დროიდანვე გააჩნია საკუთარი განსაკუთრებული მხატვრული სტილი, რომელიც საფუძვლიანად განასხვავებს მას საერო სურათისგან. ამ განსხვავების დანახვა ადვილია ტრადიციული, კანონიკური ძველრუსული ხატებისა და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი დასავლური სურათების (მხატვრული ტილოების) ურთიერთშედარებით. დასავლურ ტილოებზე ჩვენ ვხედავთ აშკარა მცდელობას მატერიალისტური საშუალებებით გამოსახულ იქნეს სულიერი საწყისი: მაგალითად, ნიმბების მაგიერ ვხედავთ თავისგან გამომავალ სხივებს, ხატებზე გამოსახული პერსონაჟების სახეების სითეთრე ხაზს უსვამს სხეულებრივ სიჯანსაღეს, გამოსახული სახეები პათეთიკურად ჟესტიკულირებენ. 

ამგვარი სურათების ავტორები საღმრთო ისტორიის მოვლენებს უყურებენ მხოლოდ გარეგანი მხრიდან და მოვლენის სულიერ არსში წვდომას არ ცდილობენ (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). ავიღოთ, მაგალითად, ქრისტეს აღდგომის დასავლეთიდან ჩვენთან შემოსული იკონოგრაფიული ტიპაჟი: ქრისტე ამოდის საფლავიდან ან თეთრ სავანეში გახვეული დგას მის გვერდით ჯვრით ხელში. ქრისტეს ირგვლივ შეგვიძლია ვიხილოთ შეშინებული და პირქვედამხობილი დარაჯები და მოწიწებით მუხლმოყრილი ანგელოზები (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, 144-145 с.). ჟესტიკულაცია ასეთ ხატებზე გადმოსცემს სწორედ გარეგან დინამიკას, მოძრაობას, და თუმც საკმაოდ დახვეწილად აკეთებს ამას, დავტოვებთ მას განხილვის გარეშე, რადგან ჩვეულებრივ სურათებზე გამოსახული ან თეატრალური ჟესტიკულაციის სიმბოლიკის მსგავსია და ახალს არაფერს გვაძლევს.
მაგრამ, აღდგომის კანონიკურ ხატზე ჩვენ ვერ ვხედავთ ქრისტეს აღდგომის მომენტს და არცთუ შემთხვევით - რადგან, სახარების მიხედვით აღდგომის მომენტი არავის უნახავს: მოწაფეებს ეცხადებოდა უკვე მკვდრეთით აღმდგარი უფალი. ამიტომაც, "ის, ვინც ცდილობს წარმოიდგინოს ქრისტეს აღდგომის გარეგნული მხარე, ... იძულებული ხდება მისდიოს საკუთარ გამონაგონს" (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). აღდგომის კანონიკურ ხატს ჩვენამდე მოაქვს იესუს ჯოჯოხეთში შთასვლისა და ჯოჯოხეთის უფსკრულიდან კაცობრიობის მოდგმის პირველწინაპართა, ადამისა და ევას, ასევე ყველა ძველაღთქმისეული მართლის გათავისუფლების ახალ აღთქმაში აღწერილი ამბავი. ამგვარად, ტრადიციული ხატი მიისწრაფვის უპირველეს ყოვლისა ჩვენამდე მოიტანოს იესუ ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვის წყევისგან ჯვარზე სიკვდილით გამოსყიდვისა და მისი დიდებით აღდგომის შინაგანი არსი.

სულიერი საწყისის გრაფიკული საშუალებებით გამოსახვისთვის კანონიკური ხატი მიმართავს გამოხატვის განსაკუთრებულ ენას. მაგალითად: შებრუნებულ პერსპექტივას, მოღვაწის სახის გამოსახვას ერთგვარი, შინაგანად აღმობრწყივნვებული დაუღამებელი ნათლით, რაც წარმოადგენს მასში ღვთიური მადლის მყოფობის სიმბოლოს. ერთი საგნის ფონზე მეორის გამოსახვა ნიშნავს, რომ პირველი იმყოფება შიგნით, მეორის საზღვრებში. ამიტომაც ქრისტეს შობის ხატზე ბაგა, რომელშიაც წევს ახალშობილი მაცხოვარი, გამოსახულია გამოქვაბულის გარეთ, მის ფონზე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე "ორანტა" ყრმა ემმანუელი დაწერილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლის ფონზე.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატზე ყოველთვის გამოისახებიან რეალური და არა გამოგონილი პირები და მოვლენები საღმრთო ისტორიიდან. იმისათვის, რათა ხაზი გაესვას ამ კავშირს ისტორიასთან, გამოისახოს დინამიკა, და ამავდროულად გადმოსცეს გამოსახულ წმინდანთა შინაგანი მდგომარეობა და მოვლენის არსი, ანუ სტატიკა, ხატი თავის ენაში მიმართავს ჟესტების სიმბოლიზმს, რომელზეც დეტალურად უნდა შევჩერდეთ. 

ყველამ კარგად იცის ქრისტეს წელზედა ხატი, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ხალხურ შეგნებაში ეს წყობა, ჩვეულებისამებრ გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. ხატი 1).




ამიტომაც, XIX-XX საუკუნეების ხატებზე მაცხოვრის მარჯვენა ხელის თითები უკვე შეკრულია ე. წ. სამღვდლო კურთხევის "სახელობითი" წყობით, როდესაც ისინი გამოსახავენ ბერძნულ ასოებს IC XC (იხ. ხატი. 2). მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველ ხატებს ვერ ვიპოვით, არამედ ვნახავთ, რომ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია




 .


ხატი 2                                                                                             ხატი 3

თუ მივმართავთ ისტორიულ წყაროებს, გაგვიკვირდება იმის შეტყობა, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ იმის სიმბოლოს, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492 с). ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს სახალხოდ სიტყვაზე გამოსვლის მომენტის აღსანიშნავად და აღებულ იქნა იმდროინდელი საზოგადოებრივი პრაქტიკიდან. აშურელებსა და ეგვიპტელებს, ასევე ინდოელებს ჰქონდათ ჩვეულება თითების წყობით გადმოეცათ ის, რომ სურათზე გამოსახული პირები უნდა აღქმულიყვნენ ვითარც მოლაპარაკენი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492-1). მოგვიანებით ჟესტიკულაციის ტრადიცია შეიმჩნევა უკვე ძველი შუამდინარეთის კულტურაში: ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც ადიოდნენ კათედრაზე, მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად და სიჩუმის დასამყარებლად, აწევდნენ თითებშეკრულ ხელს და სიტყვის წარმოთქმის დროს  განსაკუთრებული წესით ჟესტიკულირებდნენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с 493).    

კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. მაგალითად, არათითისა და ცერის შეერთება, რომლის დროსაც დანარჩენი გამართულია (ასეა გამოსახული მაცხოვარი უამრავ ხატზე), არის ჟესტი, რომელიც მიანიშნებდა ქადაგების დაწყებას, ასევე თვით ქადაგების პროცესს, ზოგჯერ - გაკიცხვას ან ბრალდებას (იხ. ხატი 3).

ორი შუათითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერთება, ხოლო დანარჩენის აღმართვა, მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას (იხ. ხატი 4). ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა (იხ. ხატი 4) წარმოადგენდა გაკიცხვას, ან უშუალოდ, მითითებას. კვინტილიანესა და აპულეოსის ჩანაწერთა მიხედვით შეგვიძლია დავითვალოთ ბერძენ და რომაელ ორატორებში ათამდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჟესტი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М.,

ხატი 4



დღემდე შემონახულია იმ კლასიკურ ან წარმართულ ნაწარმოებთა სიები, რომლებიც დამშვენებულია მრავალფეროვანი მინიატურებით, რომლებზეც გამოსახულია "მოლაპარაკე" ორატორები აწეული ხელითა და სიმბოლურად შეკრული თითებით. მაგალითად, ჰომეროსის თხზულებაში, რომელიც დაცულია მილანის ამბროსისეული ბიბლიოთეკაში; ვირგილიუსის "ენეიდაში", რომელიც დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში (იხ. სურ. 5); დიოსკორიდეს თხზულებებში, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, თითების წყობის გამოყენება გასაუბრების ნიშნად ცნობილია არაქრისტეანულ სკულპტურულ ძეგლებშიც, კერძოდ ბერძნულ ნიმუშებში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 494-495).





სურ. 5


ეს არის "ენეიდა" ვატიკანის ბიბლიოთეკიდან. "დოდონასა და ენეას ნადიმი". სრულიად ცხადია, რომ აქ არავინ არავის "აკურთხებს", ეს არის უბრალო ნადიმი.
როგორც ისტორიული ძეგლებიდან და წყაროებიდან ცხადყოფილია, ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა ასევე წარმოადგენს გასაუბრების, ქადაგების სიმბოლოს. მაცხოვარი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და მღვდელმთავრები გამოისახებიან ხატებზე გარკვეული თითების წყობით იმის ნიშნად, რომ ისინი არიან ცათა სასუფევლის მახარობლები, სახარების მქადაგებლები. ამას ადასტურებს VI საუკუნეში მცხოვრები სილენციარიუსი, იუსტინიანეს მიერ კონსტანტინეპოლში აშენებული წმ. სოფიის ტაძარის აღწერილობაში. 



აი, როგორ აღწერს პავლე ქრისტეს გამოსახულებას საკურთხევლის ერთ ერთ კრეტსაბმელზე: "ის გამოსახულია მარჯვენა ხელის წინგაშვერილი თითებით, - ნიშნად იმისა, რომ ქადაგებს მარადიულ სიტყვას, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს წიგნი, რომელიც შეიცავს ღმრთის სიტყვას (ანუ ხელში უპყრია სახარება)" (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 496).



მნიშვნელოვან მოწმობას წარმოადგენს IV თუ V საუკუნეში დაწერილი ნაწყვეტი მოსეს ხუთწიგნეულისა, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. ის დამშვენებულია 24 მინიატურით, რომელიც წარმოადგენს ხუთწიგნეულის ილუსტრაციას. ამ მინიატურებზე გამოსახულ პირებს ისეთ სიცუაციებში აქვთ შეკრული თითები, როდესაც ეს ჟესტი სრულიად შეუძლებელია გაგებულ იქნას კურთხევის ან ლოცვის (პირჯვრისწერის) თვალსაზრისით - ეს იქნებოდა უბრალოდ შეუსაბამობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მკრეხელობაც კი. (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).


მაგალითად, ასეთი ჟესტით არის გამოსახული ესავი, რომელიც პირველშობილობას ჰყიდის იაკობზე; იოსები, რომელიც სიზმარს უყვება თავის ძმებს. მინიატურაში, სადაც იოსები გამოსახულია საპყრობილეში მეპურესთან და მეღვინესთან ერთად, საპყრობილის წინ გამოსახულია კარისკაცი თავისი ცოლითურთ: ისინი დგანან პირისპირ გარკვეული წყობის მქონე თითებით - სრულიად ცხადია, რომ ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-1) (იხ. ხატი



.


ხატი 6



მინიატურაში, რომელიც გამოსახავს ადამისა და ევას ილუსტრაციას, ზემოთ, ღრუბლიდან გამოშვერილია ხელი, რომელიც ნიშნავს, რომ ღმერთი მათ რაღაცას ეუბნება, თან ცხადია, რომ ის არ აკურთხებს მათ ცოდვით დაცემის გამო, არამედ ცოდვით დაცემაში ამხელს.

ზუსტად ასეა დაწერილი ადამის სამოთხიდან განდევნაც (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-2).

სხვა მოწმობად შეგვიძლია წარმოვადგინოთ XII საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, რომლის მინიატურაზე მოლაპარაკე პირები გამოსახულნი არიან ხელის თითების შემდეგი წყობით: ცერი და შუათითი შეერთებულია ბოლოებით, არათითი მოკეცილია ხელისგულზე, ხოლო საჩვენებელი და ნეკა გამართულია (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).

სახელაგანთქმული რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, რომლისგანაც ვისესხე ფაქტოლოგიური მასალის ნაწილი ამ მოხსენებისთვის, მიუთითებს, რომ იკონოგრაფიაში თითების წყობის განხილული მნიშვნელობა დაცული იყო უკიდურეს შემთხვევაში XV საუკუნემდე (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с.500). მხოლოდ ამ დროიდან (შესაძლოა უფრო ადრეც) რუსულ ეკლესიაში გაშვერილი ხელი ტრადიციული ორთითიანი წყობით (ცერი, ნეკა და არათითი შეერთებულია, ხოლო საჩვენებელი და შუათითი გამართული და ოდნავ მოხრილი) ხატებზე გამოსახავს ორი თითით კურთხევის სიმბოლოს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500). XVIII საუკუნის დასაწყისის ძველმოწესე აპოლოგეტები, ვიგოველი ძმები დენისოვები (დენისოვები იყვნენ ე. წ. "ბეზპოპოვცები" - ადმ.) თავიანთ სახელგანთქმულ წიგნში «Поморские ответы» ("პომორული სიტყვისგებანი"), ორი თითის ავტორიტეტულობისა და სიძველის ნიშნად იმოწმებენ საკმაოდ დიდ ჩამონათვალს ძველრუსული ხატებისა, სადაც ორი თითი უკვე საკურთხებელი მნიშვნელობით არის გამოსახული ([Братья Денисовы.] Поморские ответы. Мануиловский Никольский монастырь, 1884).

ზემოთაღწერილი ხელის თითების წყობის სიმბოლიკის გადმოცემისას იბადება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: კი მაგრამ, მაშინ როგორღა გამოისახებოდა ხატებზე ლოცვის პროცესი? - ძველი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ლოცვის აღმნიშვნელი ჩვეულებრივი ჟესტი იყო ხელთაღპყრობა. ეს ჟესტი წარმოადგენდა სიმბოლოს, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი შინაგანი მხურვალე და გულწრფელი ლოცვის გარეგან გამოხატულებას. წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ლაპარაკობს ახალდაფუძნებული თემების ეკლესიური ცხოვრების მოწყობაზე, ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეში წერს: "ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2:8). 

ამ მხრიც, ყველაზე მკაფიო და კარგად ცნობილი ხატმწერლობითი ტიპი, რომელიც გამოხატავს მსგავს პრაქტიკას, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ორანტა" (იხ. ხატი 7). საერთოდ, XV საუკუნემდე ხელთაღპყრობა ლოცვაზე გამოიყენებოდა როგორც ძირითადი ჟესტი, ხოლო პირჯვრისწერა იყო მხოლოდ თანმხლები ქმედება, რომლითაც იწყებდნენ ან ამთავრებდნენ ხელთაღპყრობით ლოცვას (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500-501). ასე არიან გამოსახულნი, მაგალითად, მლოცველები იმპერატორ ბასილის თვენში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 502-2).


ხატი 7
"ორანტა"



ზემოთმოტანილი მოწმობანი უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი წარმოადგენს ქრისტეანული ხატწერის ენის ერთ ერთ განუყოფელ და გამომხატველ თვისებას. ეფუძნება რა ძველი სამყაროს ჟესტების სიმბოლიკას, ის გამოიყენება ხატწერაში მისი უმთავრესი ამოცანის აღსასრულებლად: გრაფიკული საშუალებებით გადმოსცეს არა მარტო დაწერილი მოვლენის გარეგანი მხარე ან წმინდანის პიროვნება, არამედ პირველის (მოვლენის) შინაგანი არსი, ხოლო მეორის (წმინდანის) სულიერი მდგომარეობა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий