ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ბევრი მითი შეიქმნა. ამ მითების საპირისპიროდ, კანონი არ აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას (ქორწინების საკითხებს აწესრიგებს მხოლოდ სამოქალაქო კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს ქორწინებას(მუხლი 1106: „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი...“; ეს მუხლი უცვლელი დარჩა), არ აუქმებს არასრულწლოვანთა დაცვის ღონისძიებებს (მაუწყებლობის შესახებ კანონი, მუხლი 56.5: „იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს,“ - ეს პუნქტიც უცვლელი დარჩა), არ კრძალავს განსახვავებული სექსუალური ურთიერთობის მოხსენიებას ცოდვად (იკრძალება მხოლოდ შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია. იხ. მაუწყებლობის შესახებ კანონის 56.5 მუხლი, რომელიც ასევე უცვლელი დარჩა; ქრისტიანული მოძღვრების შესაბამისადაც, უნდა გვძულდეს ცოდვა და არა ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი).
კანონის შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს კანონის რამდენიმე მუხლი, რომელიც მკაფიოდ ადგენს უმცირესობების (მათ შორის, სექსუალური უმცირესობების) შემზღუდავ ნორმებს. მაგალითად,მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები უშვებს მათ ჩაყენებას სხვებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, თუ „ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს,აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლოგამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.“
კანონის მე-5 მუხლით კი პირდაპირაა დადგენილი რელიგიური უფლებების უპირატესობა უმცირესობების უფლებების მიმართ:
„1. ამ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის, რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე, უფლებების, მათშორის, რელიგიური მსახურების უფლების შეზღუდვას, იმ პირობით, რომ ამ უფლებებით სარგებლობა არ არღვევს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვათა უფლებებს.
2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციურ შეთანხმებას.
3. დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნების მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვა პირთა უფლებები.“
2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციურ შეთანხმებას.
3. დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნების მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვა პირთა უფლებები.“
ამ მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკრძალავს სექსუალურ უმცირესობებს მათი უფლებების განხორცილებისას სხვათა უფლებების ხელყოფას. ეს ნორმა ნიშნავს იმას,რომ სექსუალური უმცირესობები ვერ მოითხოვენ ვერც ეკლესიურ ჯვრისწერას (რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელყოფს ქრისტიანთა რელიგიურ უფლებებს), ასევე, უკრძალავს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ ურთიერთობა ჰქონდეთ არასრუწლოვნებთან (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს:„ მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება,“ - ეს ნორმა უცვლელი დარჩა), რაიმეთი შეზღუდონ მშობლების ნება არასრუწლოვანთა აღზრდა-განათლების სფეროში: სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი: „1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.“ ეს ნორმაც უცვლელი დარჩა). არათუ სხვათა ამორალური ქმედებებისგან, არამედ, არასრულწლოვანი თავისი მშობლების ამორალური ქმედებისგანაცაა დაცული და ამასაც სამოქალაქო კოდექსი ადგენს (სამოქალაქო კოდექსი 1206, ნაწილი 2: „მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა“. ეს მუხლიც უცვლელია).
მაუწყებლობის კანონში, შრომის კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებში სექსალური უმცირესობების დისკრიმინაცია ამ კანონამდე დიდი ხნით ადრე იყო აკრძალული. ამის შესახებ უკვე თქვა უსუფაშვილმა.
ამ კანონის მოწინააღმდეგეების ლოგიკით, თუ დაშვებული იქნება სექსუმცირესობების დისკრიმინაცია (არა მხოლოდ არასრუწლოვანთა დაცვის მიზნით), აუცილებელი გახდებოდა ანკეტაში (თუ სივი-ში) გრაფის გაჩენა სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რადგან ამ ნიშანს უკვე გაუჩნდებოდა სამართლებრივი მნიშვნელობა - იგი გახდებოდა სამართლებრივი კრიტერიუმი. გაჩნდებოდა პასუხისმგებლობა სექსუალური ორიენტაციის დამალვის გამო, გაჩნდებოდა ექსპერტიზების აუცილებლობა და ა. შ. რა ქვეყანა იქნება ის, სადაც ამგვარი სამართლებრივი სისტემა იქნება? „ზნეობრივი პოლიციის“აჩრდილების ქვეყანა? ვის სურს ამგვარ ქვეყანაში ცხოვრება?
ამდენად, ანტიდისკრიმინაციული კანონი, გავრცელებული მითების საწინააღმდეგოდ, არ შეიცავს რაიმე ამორალურს, არც ორმაგ მორალს, არც რაიმეს - არაქრისტიანულს. სხვათა შორის, ადამიანის ცოდვილობის აღიარება, ადამიანის ისე დანახვა, როგორიც არის იგი, სწორედ ქრისტიანული დამოკიდებულებაა ადამიანისადმი.
ცოდვა არ არის სამართლებრივი კატეგორია და დაუშვებელია ცოდვის კრიმინალიზაცია მანამდე, სანამ ცოდვა არ ხელყოფს სხვათა უფლებებს და ამით ცოდვა არ გადაიზრდება დანაშაულში. სრულწლოვანთა შორის განსხვავებული სექსუალური ურთიერთობა ცოდვაა და არა დანაშაული. იგი დანაშაულად იქცევა მაშინ, როცა მას პროპაგანდას უწევენ არასრულწლოვანებში. ჩვენი კანონმდებლობით კი, როგორც ზემოთ მივუთითე, არასრულწლოვანები ამისგან დაცულები არიან.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. თანამედროვე ადამიანს ბევრი კერპი აქვს, მათ შორის, თავისდაუნებურადაც, გაუცნობიერებლად. ერთ-ერთი ამდაგვარი კერპი არის სამართალი, რომელსაც ხშირად აბსოლუტური მნიშვნელობა ენიჭება. არადა, ძალიან მარტივია: ადამიანთა ცხონება არ არის, არანაირად არ არის დამოკიდებული ამქვეყნიურ სამართალსა და კანონმდებლობაზე. კანონი ცოდვას ვერ აქცევს სათნოებად. ამ თეზისს ვერ აუქმებს ის გარემოება, რომ ცუდმა კანონმა შეიძლება დააბრკოლოს ბევრი ადამიანი. გადამწყვეტია არა კანონი, არამედ თვით ადამიანის გადაწყვეტილება და დამოკიდებულება ცოდვისადმი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რას დაადგენს კანონი, ქრისტიანებს და ეკლესიას შეუძლიათ შექმნან აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება სექსუალური ურთიერთობების ცოდვისადმი და შექმნან ამ ცოდვაში მყოფ ადამიანთა მიმართ სიყვარულის, თანალმობის ატმოსფერო და ასე დაძლიონ და დაამარცხონ ამქვეყიური სამართლის ნებისმიერი ხარვეზი. რწმენას არ ეშინია კანონებისა. კანონებისა ეშინია უმეცრებას, ურწმუნოებას, სიძულვილს...
დაბოლოს, მამა ალექსანდრე შმემანის სიტყვები:
„ქრისტიანთა ცნობიერება,რომელშიც მოწამეობის გამოცდილებით ანთებული იყო რელიგიური თავისუფლების სახარებისეული იდეალი, დიდი ხნით იქნება დაბრმავებული ქრისტიანული თეოკრატიის მსოფლმხედველობით, რომელსაც ადამიანი არა მხოლოდ მადლით, არამედ კანონითაც მიჰყავს ქრისტემდე. და გაივლის დიდი დრო, სანამ გაცნობიერებული იქნება ამ თეოკრატიის წარმართული ხასიათი. თეოდოსი დიდიდან ეკლესია უკვე არის არა მხოლოდ კავშირი ადამიანებისა, რომლებმაც ირწმუნეს, არამედ იმათი კავშირიც, რომლებიც ვალდებულნი არიან სწამდეთ. სახელმწიფოს სანქცია ეკლესიას მანამდე არარსებულ ძალას მიანიჭებს, და, შესაძლოა, მართლაც, ბევრს მიიყვანს რწმენამდე და ახალ ცხოვრებამდე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგივე სახელმწიფო სანქცია ქრისტიანული სამყაროსათვის გახდება საწყისი მისი ამჟამინდელი დაშლისა და რღვევისა, ეკლესიის წინააღმდეგ თვით სამყაროს ამბოხებისა.”
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий