ტაბუდადებული ლექსიკა ყველა ენაში არსებობს. ამას ბავშვობიდანვე გვაჩვევენ, რომ “ცუდი სიტყვების” თქმა არ შეიძლება. ჩვენც ავუკრძალავთ ჩვენს შვილებს “ცუდი სიტყვების” თქმას. ისინიც იგივეს გაიმეორებენ და ასე გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე. ამგვარად ახდენს საზოგადოება საკუთარი წევრების და ამავე დროს საკუთარი თავის ზომბირებას, საბოლოო ჯამში კი ცუდ სიტყვებს ცუდი ქმედებები ემატება და ეს ყველაფერი ეთიკის სამფლობელოში გადადის, სადაც ციციკორეები სხედან და ყოველ არასწორ ნაბიჯზე მზად არიან ჩაგვქოლონ, თუმცა ის ფაქტი, რომ ეთიკა და მორალი ეპოქიდან ეპოქამდე იცვლება, მათ ეს არ ადარდებთ.
ყველაფერში მთავარი რამ ზომიერებააო ამბობდნენ ძველი ბერძნები და შესაბამისად “ცუდი სიტყვების” თავის არიდებასაც აქვს საზღვარი. მაგალითად ის, რაც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ხდება ლინგვისტური დანაშაულია და მეტი არაფერი. ამის შესახებ დავწერე კიდეც პოსტში: პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას! საუბარია იმაზე, რომ შემდეგი სიტყვებიდან Shit, Piss, Fuck, Cunt, Cocksucker, Motherfucker, Tits – მხოლოდ “ძუძუებია” დაფიქსირებული ჩვენს ავტორიტეტულ გამოცემაში… აი, მაგალითად წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად სწავლობს ქართულ ენას, ჩამოდის საქართველოში და ესმის ზემოხსენებული სიტყვებიდან ერთ–ერთი “ყ”–ების პოლოფონიით. მიდის ლექსიკონთან და იწყებს შიგ მისთვის უცნობი სიტყვის ძებნას და ვერ პოულობს. მერე რა უნდა იფიქროს ამ ადამიანმა?! – რა თქმა უნდა ის, რომ ზემოხსენებული სიტყვა ქართული არ არის!
ლიტერატურაში კიდევ უფრო საშინლად არის საქმე. იგონებენ ათასგვარ ევფემიზმებს ჩვენი მწერელ–მწერალნი და ცდილობენ აირიდონ ციციკორეების რისხვა. არადა არის სიტუაციები, როდესაც ძალიან კურიოზულად ჟღერს ეს ევფემიზმები. ან ის ყბადაღებული “იმისი დედაც ჯეკ”, ან “ეშმაკმა დალახვროს” რად ღირს, ქართულად გახმოვანებულ ფილმებში ლოს–ანჯელესელ შავკანიანებს რომ ათქმევინებენ ქართულად. არადა სპეციალურად ვაკვირდები ბოლო რამდენიმე წელია ინგლისურ და ფრანგულ ფილმებს (რუსები ჩვენნაირად ტრაკში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით!). ყოველდღიური რუხი ცხოვრების ამსახველ ფილმებში ჟარგონები ისეთივე ძარღვიანი და მამაპაპურია, როგორიც ცხოვრებაში, ყოველგვარი ევფემიზმებისა და “ეშმაკმა დალახვროების” გარეშე. ვერ ნახავთ ვერც ერთ ფრანგულ ფილმს, სადაც უკიდურესად გაბრაზებული ადამიანი მეზობელს, რომელიც ამ გაბრაზების მიზეზია Degagez monsieur-s, ანუ “გამეცალეთ ბატონოს” ეუბნებოდეს. იქ აუცილებლად გაიჟღერებს სიტყვები va chier, ანუ “გააჯვი” და ეს ყველაფერი ფილმში ნატურალური და ბუნებრივი იქნება, შესაბამისად კურიოზული სიტუაციებიც არ შეიქმნება.
უფრო უარესი სიტუაციაა კლასიკური ლიტერატურის თარგმნის დროს. აკი ვთქვი ეპოქიდან ეპოქამდე ეთიკა იცვლება მეთქი, ამიტომაც თარგმნის დროს ეს ნიუანსი გასათვალისწინებელია, რათა ნათლად გადმოიცეს სათქმელი. ასე მაგალითად გუშინ ზურაბ კიკნაძის “შუამდინარული მითოლოგიის” კითხვის დროს წავაწყდი შემდეგ “მარგალიტს”, სადაც საუბარია ტიგროსისა (იდიგინას) და ევფრატის (ბურანუნას) წარმოშობის მითზე:
ამ ენ–ქის, რომლის სახელი იკითხება როგორც “მიწის უფალი”, აუვსია თავისი “ჰიდროენერგიით” ორი მდინარე, როგორც ნათქვამია მისი ღვაწლისადმი მიძღვნილ ჰიმნში: “რა მიეახლა მამა ენქი ბურანუნას, მორქინალ ზროხასავით ამაყად მიეგება ბურანუნა; ღვარით დატვირთა ბურანუნა ენქიმ, მარადმედინი წყლით აავსო. ახლა იდიგინა დაუდგა გვერდით მორქინალ ზროხასავით; ღვარით დატვირთა იდიგინა ენქიმ, საქორწინო ძღვენი მიუტანა. გაიხარა იდიგინამ მორქენალ ზროხასავით: წყალი რომ მიართვეს, მარადმედინი წყალი იყო…”
იქვე ავტორს მითითებული აქვს წყარო, საიდანაც არის თარგმნილი ეს ტექსტი. წყარო გერმანულ ენაზე გამოცემული ინეს ბერნჰარდტისა და ს. ნ. კრამერის “ძვ. შუმერული ლურსმნული დამწერლობა” გახლავთ, სადაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ძვ. შუმერული ლურსმნული პირველწყაროების გერმანული თარგმანებია წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანულ ვარიანტში “ჰიდროენერგიის” მაგივრად წერია “სპერმა”, ან “თესლი” რომლის შემდგომაც მეტაფორები “ღვარით დატვირთა”, “მარადმედინი წყალი” და “საქორწინო ძღვენი” კონკრეტულ აზრს იძენს. არადა ძალიან უნდა მოინდომო, რომ ავტორის ევფემიზმის მნიშვნელობას მიხვდე. ვიკიპედიაში რომ არ წამეკითხა ამ მითის ინგლისური ვარიანტი, სადაც ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული, ნამდვილად ვერ მივხვდებოდი ენ–ქიმ ძროხებს წყალი დაალევინა თუ მათთან ჰარდკორ–სექსით დაკავდა.
ასეთი მაგალითები კლასიკურ ტექსტებში მრავლადაა, თუმცა მათ შორის გაიუს ვალერიუს კატულუსის მე–16 კარმინას განსაკუთრებული ადგილი უკავია, რომელიც უკვდავი სიტყვებით იწყება: Pedicabo ego vos et irrumabo. ამ ფრაზის უკვდავობის შესახებ არც–თუ დიდი ხანია შევიტყვე, თუმცა საკმაოდ ბევრი ინგლისური, ფრანგული და რუსული თარგმანი შემომეკითხა ამ ლექსისა, რომელიც კატულუსმა თავის მოქილიკე მეგობრებს აურელიუსს და ფურიუსს დაუწერა, რომლებიც ჰკიცხავდნენ კატულუსს ნაზი და სენტიმენტალური ლექსებისათვის, რის საპასუხოდაც კატულუსმა ხსენებული მე–16 კარმინა გამოაცხო, სადაც დაემუქრა კიდეც აურელიუსს და ფურიუსს თუ არ გჯერათ, რომ ნამდვილი მამაკაცი ვარ და მაინც გგონიათ რომ ჩემი ლექსებივით ნაზი ვარო, ასე და ასე გიზამთო. ძალიან ბევრი ვიფიქრე ქართულად როგორ შეიძლებოდა გადმოთარგმნილიყო სკაბრეზებისა და მოუკრეფავების გარეშე, თუმცა ამაოდ, არაფერი გამომივიდა, ევფემიზმების გამოყენება კი არ მსურდა. ერთი ინგლისური თარგმანი ვიპოვე, სადაც ეს ფრაზა თარგმნილია, როგორც:
I’ll sodomize and clintonize you
ძალიან მომხიბლა ბილ კლინტონის გვარის ხილვამ. მთარგმნელმა ინგლისურად დაახლოებით ასეთი რამ დაწერა: მიგასოდომებ და მიგაკლინტონებო. არ დაუვიწყა საყვარელ პრეზიდენტს მონიკა ლევინსკისთან ანცობა და კატულუსის ლექსში მიუჩინა ბინა. არადა ძალიან პოეტურია ეს მიკლინტონება, ვერაფერს იტყვი!
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий