მამა იოთამი(ირაკლი ბასილაია) 2013 წელი, 17 მაისი
"მე დილის 10:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე ვიყავი. როცა ჩოჩქოლი დაიწყო, მე და რამდენიმე პოლიციელი ბოლო ავტობუსს გავყევით, ლესელიძეზე ავტობუსი გაჩერდა. ხალხი ირეოდა ყველგან, მძღოლის კარებთან, ზოგი კარებს ექაჩებოდა, ცდილობდნენ ავტობუსში ასვლას. ყველა იწევდა, იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ. ყველა მამაო ავტობუსისკენ მოდიოდა, მაგრამ ერთი მამაო დავინახე, რომ ხელს ურტყამდა ავტობუსს. აღნიშნული მამაო იმით დამამახსოვრდა, რომ მანამდე სკამი ეჭირა ხელში და ისე მოდიოდა. სკამი რომ არ ჭეროდა ხელში, ალბათ არ დამამახსოვრდებოდა", – განაცხადა მოწმემ დაკითხვისას.
"ტაბურეტიანი" მამაო დაინახა კიდევ ერთმა მოწმემ, ანა მაისურაძემ, რომელიც 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილე იყო. როგორც ანა მაისურაძე ყვება, ის ავტობუსში რამდენიმე მეგობართან ერთად ავიდა. ავტობუსში ძირს იჯდა, რადგან ეშინოდა, რომ შუშა ჩაიმსხვრეოდა და რაიმე დაზიანებას მიიღებდა:
"რადგან ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სირბილი არ შემეძლო, მხოლოდ ბოლო ავტობუსს მივუსწარი. ავედით მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი. როცა ავტობუსში ავედით, ხალხი მოგვაწყდა. არ ვიცი, მძღოლი დაიბნა თუ რა მოხდა, კარი გაუღო ამ ხალხს, ისინი ცდილობდნენ ამოსვლას, მაგრამ ავტობუსში მყოფმა ორმა გოგომ ძალით დაკეტა კარები. ამის მერე ავტობუსი წავიდა ლესელიძისკენ. გზაში მესმოდა, რომ ურტყამდნენ, უკანა და გვერდითა შუშა ჩაამტვრიეს. მერე ერთ–ერთმა ავტობუსში მყოფმა დაიყვირა, "ტაბურეტიანი" მამაო მოდისო. მე წამოვდექი და დავინახე, როგორ მოდიოდა, მაგრამ ავტობუსს როგორ დაარტყა, ეს არ დამინახავს, რადგან ისევ ძირს დავჯექი", – ყვება აქციის მონაწილე. მისი თქმით, ამის შემდეგ ერთ–ერთი სასულიერო პირი ავტობუსში ამოვიდა:
"ჩვენ გვქონდა ფოტოაპარატი და ვიტყუებოდით, რომ ჟურნალისტები ვიყავით. ერთი სასულიერო პირი ავტობუსში ამოვიდა, ხალხს ამშვიდებდა, როცა ავტობუსი დაიძრა და ორთაჭალისკენ გავედით, სასულიერო პირმა გვითხრა, ბარბაროსები კი არ ვართ ჟურნალისტები დავარბიოთო, მაშინ ჩვენ ვუთხარით, რომ სინამდვილეში ჟურნალისტები კი არა, აქციის მონაწილეები ვიყავით, სახე შეეშალა, აშკარად არ ესიამოვნა. მძღოლს უთხრა, გამიჩერეთ, უნდა ჩავიდეო. მძღოლმა გააჩერა და ჩვენც გვთხოვა ჩავსულიყავით. ჩვენ ტაქსიში ჩავჯექით და წავედით მეგობრის სახლში", – განაცხადა სასამართლო პროცესზე ანა მაისურაძემ.
პროცესზე დაიკითხა ამავე ავტობუსის მძღოლი უშანგი გოჩაშვილიც. როგორც უშანგი გოჩაშვილმა განაცხადა, მას არ ახსოვს, ვინ ურტყამდა ავტობუსს:
"5–6 აქციის მონაწილე ამოვიდა ჩემს ავტობუსში, წავედი ლესელიძისკენ, მაგრამ ბევრი ხალხი იყო, ხომ არ გადავუვლიდი და გავაჩერე ავტობუსი. ამ დროს ერთ–ერთი სასულიერო პირი ამოხტა ავტობუსში და ხალხის დაწყნარება დაიწყო. ამ დროს ქვა მოხვდა ავტობუსს, მე შემეშინდა და ვიმალებოდი. ცოტა ხალხი რომ მოგვშორდა, ისევ წავედით, ორთაჭალისკენ მღვდელმა გოგოები ჩამოიყვანა ავტობუსიდან და ერთად წავიდნენ. არავინ არ დამამახსოვრდა, ერთი სული მქონდა ჩამოსულიყვნენ, რომ წავსულიყავი", – განაცხადა უშანგი გოჩაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ასევე იმ მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც აქციის მონაწილეები 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩიდან გაიყვანა. როგორც გენადი გუბელაძემ განაცხადა, მიკროავტობუსს ვაჩნაძის ქუჩაზე შეკრებილები ქვებს და ჯოხებს ურტყამდნენ:
"პოლიციამ მითხრა ვაჩნაძის ქუჩიდან, ხალხია გამოსაყვანიო და წამიყვანეს ჩემი მიკროავტობუსით. ვაჩნაძის ქუჩაზე ხალხი იყო შეკრებული. დერეფანი გააკეთეს და უკანა სვლით ავედი. დაახლოებით 15–16 ადამიანი ჩასვეს ჩემს მანქანაში. ამის შემდეგ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ბევრი ხალხი იყო, შეიძლება ვინმესთვის გადამევლო. ისროდნენ ქვებს, ჯოხებს, მიკროავტობუსი ძალიან მაგრად დაზიანდა. შუშები იყო მთლიანად ჩამტვრეული. როცა გამოვაღწიე, წავედი ფინიჭალის მიმართულებით", – განაცხადა მოწმემ. მისი თქმით, კონკრეტული პირები, ვინც მიკროავტობუსს ურტყამდა, მას არ დაამახსოვრდა.
17 მაისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეში ბრალდებულები არიან სასულიერო პირი იოთამ (ირაკლი) ბასილაია და მოქალაქეები ბექა სალუქვაძე, ტიტალ დავრიშიანი და გიორგი ბასილაშვილი. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას გულისხმობს ძალადობით.
netgazeti
netgazeti
Комментариев нет:
Отправить комментарий