среда, 30 апреля 2014 г.

ანაფორიანი სეპარატისტები



ანაფორიანი სეპარატისტები

ვინც  უკრაინაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს თვალს ადევნებს, ჩვენს უახლეს ისტორიაში მომხდარ მოვლენებთან მსგავსებას იოლად შეამჩნევდა. რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონის დესტაბილიზება, დივერსიები, ხელოვნურად გაღვივებული შუღლი, ბოლოს ომი და ტერიტორიის დაკარგვა - პროცესები მსგავსი სცენარით ვითარდება და ავტორის ხელწერა იოლი ამოსაცნობია. 
რაც დღეს უკრაინაში ხდება საქართველომ გასული საუკუნის 90-ან წლებში გაიარა. "რუსული გაკვეთილები" უკრაინაზე ადრე გავიარეთ. ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სეპარატიზმის წაქეზების, შეიარაღებული თავდასხმების, ტერაქტების, დივერსიების ეტაპი გავლილი გვაქვს. იმპერიამ უხეში ძალით ჩვენზე ზემოქმედების რესურსი ამოწურა და ბრძოლის უფრო დახვეწილ ფორმებზე გადავიდა. პროპაგანდა, საინფორმაციო ომი, დემორალიზება, პრიმიტიულ ინსტინქტებზე მანიპულირება, სტერეოტიპების და ცრურწმენების ქადაგება - ამ ყველაფერს რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტერნეტ რესურსების, გავლენის აგენტების და ნაირგვარი "სასარგებლო იდიოტების" მეშვეობით ანხორციელებს და იმპერიული მიზნებისთვის ფულს არ ზოგავს. 

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ხასიათი  რთული ფორმების და პრიმიტიული შინაარსების ერთობლიობაა. რთული პოლიტ-ტექნოლოგიური ხერხებით მარტივი და პრიმიტიული ცრურწმენების გავრცელება -ასეთია ამ ომის ხასიათი. საიტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადო ინსტიტუციები, ე.წ. ცნობადი სახეები, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები დღე და ღამ ქადაგებენ, ინფორმაციას ავრცელებენ, ჭორაობენ აქციებს აწყობენ, განცხადებებს აკეთებენ. ამ ძალისხმევის მიზანი ადამიანების დარწმუნება-გადარწმუნებაა, ენერგიას არ იშურებენ და ხალხს აჯერებენ, რომ ქართველობას ვკარგავთ, გვჩიპავენ, გვაპიდარასტებენ, ჯიგარს გვართმევენ, ეშმაკი გვერჩის, ბოლო ჟამი ახლოვდება, ქრისტე მალე მოვა და კაცობრიობას ქართულად განიკითხავს, მსოფლიო გაირყვნება და მხოლოდ ჩვენ გადავრჩებით. ეს მითიური საფრთხეები ვითომ და დასავლეთიდან მოდის და ყველა ჩვენი უბედურება ევროპას და აშშ-ს ბრალდება. ამ აბსურდული "იდეებით" დამუშავებული ადამიანი კი ერთ დასკვნამდე მიჰყავთ: "ისევ რუსეთი მირჩევნია ერთმორწმუნე მაინც არის". 

რუსეთი იმპერიის აღდენისთვის უხეშ ძალას (ჯარი, სპეც-სამსახურები) და რბილ ძალას (პროპაგანდა, საინფორმაციო შეტევები) თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. იარაღის ჟღარუნის პარალელურად ეს ქვეყანა მასშტაბურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევა. რუსეთი ფაქტობრივად მორალისტ სახელმწიფოდ იქცა. ის მასმედიის, ოფიციალური პირების განცხადებების, სხვა ქვეყნებში ჩანერგილი მოსყიდული საზოგადო მოღვაწეების პირით სუპერკონსერვატიულ მოწოდებებს ქადაგებს. მერე რა, რომ ნარკომანიის, პროსტიტუციის, ალკოჰოლიზმის, კრიმინალის, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის, მზრუნველობის გარეშე დარჩენილი მოხუცების თუ ბავშვების რაოდენობით და სხვა მაჩვენებლებით ევროპის ქვეყნებს ბევრად უსწრებს. თავს მაინც კონსერვატიზმის მექად და ტრადიციული ფასეულობების დამცველად ასაღებს. საკუთარი "სიწმინდის" საბუთად ის მოაქვს, რომ გეიაღლუმების ჩატარებას საკუთარ ტერიტორიაზე კრძალავს. ამით არაფერი იცვლება, რუსეთში ჰომოსექსუალების რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. უფრო მეტიც, ცნობილი რუსი სასულიერო მოღვაწის კურაევის აზრით რუსული ეკლესიის უმაღლეს იერარქებს შორის 50  ჰომოსექსუალი ეპისკოპოსი ირიცხება. 

რუსეთში მცხოვრები ჰომოსექსუალები ერთ დღეს ემიგრაციაში რომ წავიდნენ კრემლის იმპერიალისტურ პოლიტიკას დიდი ზიანი მიადგებოდა. გეიაღლუმების აკრძალვა აზრს დაკარგავდა, რუსეთი მორალისტის მანტიას ვეღარ მოისხამდა და ევრაზიის კონტინენტზე მცხოვრები ფაშისტური პარტიების თუ ცალკეული არამზადების მიმხრობას ვერ მოახერხებდა. 

ამ დღეებში საქართველოში რუსული საინფორმაციო ომის მორიგი რაუნდი გათამაშდა. სასულიერო პირებმა და ხმაურიანმა პოლიტიკოსებმა ე.წ. დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონის გამო ჟივილ-ხივილი მოაწყვეს. ეს ადამიანები არც მეტი არც ნაკლები კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობას ეწინააღმდეგებიან და სეგრეგაციის შემოღებას ითხოვენ. არადა, საქართველო რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა (უკვე 23 წელია) კონსტიტუციით ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანად ისედაც ითვლება. ეს ხმაურიანი პოლიტიკოსები (ბაღათურია, ლორთქიფანიძე და სხვები)  პარლამენტის წევრები იყვნენ და კონსტიტუციის ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე კანონებსაც კი იღებდნენ. დღეს კი ისე იქცევიან თითქოს კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ პირველად ესმით. 


სასულიერო პირებს და პოლიტიკოსებს დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვთ. მათი გამოთქმული შენიშვნები ალოგიკური სისულელეა. ეს ადამიანები არარსებულ საფრთხეებს იგონებენ და ხმაურს ტეხენ. 

მსგავსი ხმაური და დიდი პროტესტი 2011 წელს მიღებულ რელიგიური გაეთიანებების რეგისტრაციის შესახებ კანონსაც მოჰყვა. სახმაურო მაშინაც არაფერი ყოფილა. მაგრამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მაინც ხმაურობს და კიდევ იხმაურებს. ამ უაზრო აყალ-მაყალის მიზანი გასაგებია: რაც შეიძლება ხშირად უნდა იძახონ რომ დასავლეთი გვრყვნის და "ოლანდის ევროპა არ უნდათ". ეს ქცევა რუსეთის ინტერესებს 100%-ით ემთხვევა და იმპერიის წისქვილს წყლით ამარაგებს. ამ ადამიანებში რომელია რუსეთის შეგნებული მსახური და რომელი უბრალოდ სულელი ეს კიდევ მეორე საკითხია.

საქმე იმაშია, რომ დღევანდელი კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად და შემდეგ დაწესებული სამართლის ნორმებით ცხოვრობს. კაცობრიობამ საკუთარი ნამოქმედარის საშინელება გააცნობიერა. მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაღუპული ათეულობით მილიონი ადამიანი, ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა ჯგუფების ფიზიკურად გეგმაზომიერი განადგურება, ნაციზმი, ფაშიზმი, კაცთმოძულე იდეოლოგიები. - ეს ყველაფერი იმ დროის საშინელებებია. ცივილიზებულობისკენ მისწრაფებულმა ქვეყნებმა ჩაგვრა, დისკრიმინაცია, უფლებების ჩამორთმევა, ცალკეული ჯგუფების დეჰუმანიზება ერთხელ და სამუდამოდ უარყო. "ოსვენციმის შემდეგ პოეზიის არსებობა შეუძლებელია" - ეს ცნობილი ფრაზა ერთ ფილოსოფოსს ეკუთვნის. თეოდორ ადორნო ამ სიტყვებში გულისმობდა, რომ ჰოლოკოსტის, ადამიანების რაიმე ნიშნით გამორჩევის, ჩაგვრისა და განადგურების, ნაციზმის და ფაშიზმის გამოცდილების შემდეგ კაცობრიობას მშვენიერებაზე ფიქრის უფლებაც კი აღარ აქვს. 

კაცობრიობამ ფაშიზმი გაასამართლა და თანასწორობის იდეა ნორმატივად აქცია. გათავისუფლებისა და თანასწორობის მოპოვების პროცესი დღესაც გრძელდება. სახელმწიფო, რომელიც არსებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ იზიარებს საკუთარ თავს ცივილიზაციის გარეთ აყენებს და ყოველგვარ მხარდაჭერას კარგავს. მხარდაჭერის გარეშე კი საქართველო მსოფლიო რუკიდან გაქრება და რუსეთის ნაწილად იქცევა. ეს გაუთავებელი ხმაური, აყალმაყალი და ანტიდასვლური პროპაგანდა კი სწორედ იმ მიზნს ემსახურება, რომ საქართველომ დასავლეთისგან მხარდაჭერა დაკარგოს და რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩეს.

დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატიზმი მძვინვარებს. ჩვენი მეგობარი ქვეყანა ტერიტორიებს კარგავს და ოკუპაციის საფრთხე ემუქრება. მსგავსი რამ ჩვენ უკვე დაგვემართა. თუმცა დიდი მეზობლისგან წაქეზებული სეპარატიზმის საფრთხე ჩვენში ისევ არსებობს. უბრალოდ სეპარატიზმმა სახე იცვალა. ეს ხმაურიანი ბატონები და ქალბატონები ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას უპირისპირდებიან, სახელმწიფოს მიმართ სეპარირებენ და მას ძირს უთხრიან. კლასიკური სეპარატიზმისგან განსხვავებით მათ რაიმე ტერიტორია არ უკავიათ და მთელს ქვეყანაში არიან გაბნეულები. მაგრამ ამით ამ მოვლენის არსი არ იცვლება. ტერიტორიულმა ეთნო სეპარატიზმმა მიწების 20% დაგვაკარგვინა. მენტალური სეპარატიზმი კი მთელი ქვეყნის დაკაგვას გვიქადის. 

ამ ფორმალური კანონის განხილვა პარლამენტში დღეს აღარ გააგრძელა და როგორც ირკვევა კანონიდან  დისკრიმინირებული ჯგფების ჩამონათვალის ამოღებასაც აპირებენ. ანაფორიანი სეპარატისტები კი აქციებს აწყობენ. უკრაინაზე და საქართველოზე სხვადასხვა ხერხებით რუსული შეტევა ისევ გრძელდება.

წყარო 
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий