вторник, 29 апреля 2014 г.

ქრისტეს სახელით ქრისტესავით გვაცვეს ჯვარს



ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ვინ არ დასხმია საქართველოს და ქართველობას თავს, მაგრამ მტერი ერთმორწმუნეობის სახელით ბევრად შეუვალი და მიზანმიმართული აღმოჩნდა ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ. თავის დროზე მაჰმადიანური აღმოსავლეთისაგან შევიწროებულმა საქართველომ იმედის თვალი რუსეთს იმის გამო მიაპყრო, რომ ეს უკანასკნელი ქრისტიანული ერთმორწმუნე ქვეყანა იყო. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგაც თითქოსდა რჩებოდა შესაძლებლობა იმისა, რომ სარწმუნოების, საეკლესიო ინსტიტუტის საქმეებში დამპყრობელი ხელის ფათურს არ დაიწყებდა. მოხდა კი პირიქით:
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, როცა ქართველმა მეფემ თეიმურაზ პირველმა ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოება სცადა, საქართველოს მიმართ რუსულ ეკლესიასაც გაეღვიძა მადა. პატრიარქმა ნიკონმა მისი წარმომადგენლები გამოაგზავნა საქართველოში.
ქართული სამეფო კარი გაოცებული დარჩა, როცა სამხედრო დახმარების ნაცვლად, რუსეთიდან ბერები ჩამოუვიდნენ იმის შესამოწმებლად, სწორად სრულდებოდა თუ არა წირვა-ლოცვა საქართველოში, და ამას ის ადამიანები გვიმოწმებდნენ, რომელთაც ქრისტიანობა მაშინ მიიღეს როცა საქართველოში ოქროს ხანის ჟამი დგებოდა.
ეს ამბავი, რა თქმა უნდა, რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის დაკვეთით მომდინარეობდა იმ მიზნით, რომ თავიდანვე ხელში ჩაეგდო ქართული ეკლესია.
რუსული ეკლესიითვის ოდიდგანვე ცნობილი იყო, თუ რაოდენ მდიდარი და ძლიერი იყო ქართული ეკლესია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ არსებული სამონასტრო ცენტრები, ამიტომაც ნიკონმა ათონის მთაზე მისი კაცი, ბერი არსენ სუხანოვი გააგზავნა, რომ ქართველი ბერებისგან რაც შეიძლება ბევრი ხელნაწერი წიგნი ეყიდა რუსეთში წასაღებად. სამაგიეროდ, ნიკონი ქართველ ბერებს მოსკოვში ერთ-ერთ პატარა მონასტერს ჰპირდებოდა თავშესაფრად. ნიკონისგან დავალებულმა ბერებმა სუხანოვს უარი ვეღარ უთხრეს და მან ათონის ქართული ბიბლიოთეკიდან 156 ძველი ხელნაწერი წიგნი გამოზიდა.
ნებისმიერი დამპყრობელი ქვეყნის ფიზიკური დაპყრობის შემდეგ, ცდილოს ის მამოძრავებელი ძალა ჩაიგდოს ხელში, რითაც ერი სულდგმულობს და არსებობს, რუსული პიოლიტიკის მესვეურთათვის, კარგად იყო ცნობილი, რომ ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა მის მიერ დასაპყრობი ერის ცხოვრებაში. მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთმა მიიერთა, რუსულმა ეკლესიამ მაშინვე მოინდომა ქართული ეკლესიის გაუქმება. საქართველოს რუსეთთან მიერთება არ ნიშნავდა იმას, რომ ქართული ეკლესია ავტომატურად შეერთებოდა რუსეთს. ასეთი შეერთებისთვის საჭირო იყო, როგორც ქართული ეკლესიის, ისე მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანხმობა. რუსეთს არცერთი თანხმობის ძიება არ დაუწყია. პირველ ყოვლისა დასაყრდენი ძალები გამოძებნეს, რომლებიც თვისი გეგმების შესასრულებლად სჭირდებოდათ.
მარიონეტის მომზადებასთან ერთად რუსეთი ადმინისტრაციული მეთოდებით ემზადებოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოსპობისაკენ. 1811 წელს იმპერატორმა ალექსანდრემ მანიფესტით დააკანონა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. საქართველოში . კათალიკოსის თანამდებობა გააუქმეს, მის ნაცვლად ეგზარხოსობა მოიგონეს
ქართული ეკლესიის კარიბჭე უკვე შენგრეული იყო. რუსულ სამღვდელოებას აღარ სჭირდებოდა სიფრთხილე და დიპლომატია: იგი იერიშზე გადავიდა.
ვარლამ ერისთავის შემდეგ, ასი წლის განმავლობაში, 1817 წლიდან 1917 წლამდე, საქართველოში თვრამეტი ეკზარხოსი გამოიცვალა და ყველა რუსი იყო: ქართველი მღვდელმთავარი ერთიც აღარ დაუნიშნავთ.
რუსი ეგზარხოსები, ორიოდე გამონაკლისის გარდა, შეუპოვარი ცდილობდნენ ძირიანად ამოეძირკვათ ქართული ეკლესიის ფესვები: სდევნიდნენ ქართველ სამღვდელოებას, იტაცებდნენ საეკლესიო განძებს, სპობდნენ ქართულ ფრესკებს, ანადგურებდნენ ქართულ საეკლესიო წიგნებს.
ვარაუდი, რომ “ერთმორწმუნე რუსეთთან” შეერთებით ქართული ეკლესია განმტკიცდებოდა. პირიქით მოხდა, რუსეთის სამღვდელოებამ მაჰმადიანებზე ნაკლები ზიანი როდი მიაყენა ქართულ ეკლესიას.
რუსი ეგზარხოსების ბოროტმოქმედება ისე გახმაურდა, რომ რუსეთის მოწინავე ინტელიგენცია იძულებული იყო აქა-იქ მამხილებელი მასალები დაებეჭდა.
1986 წელს გამოცემულ ნაშრომში: “Церковные вопросы в Росии” ასეთი რამ არის ნათქვამი: “რუსი ეკზარხოსები საქართველოში მიდიან არა იმიტომ, რომ მწყემსონ მათზე მინდობილი ეკლესია, არამედ ძარცვონ და გაანიავონ ძველი ივერიის განძი, აბუჩად აიგდონ მისი მცხოვრებლების ენა, თვითონ კი ნაძარცვი ქონებითა და ფულით უკან დაბრუნდნენ”.
პირველივე რუსი ეგზარხოსი თეოფილაქტე რუსანოვი ამის აშკარა მაგალითი იყო. იგი ყველას შიშის ზარს ჰგვრიდა ეკლესიების მოურიდებელი ძარცვით. თეოფილაქტე რუსანოვი იმდენად ხარბი იყო, რომ გამდიდრების ჟინით შეპყრობილი ბოდბეში საკუთარი ხელით თხრიდა წმ. ნინოს საფლავს გაძარცვის მიზნით, მაგრამ ამ გაუგონარმა მკრეხელობამ, როგორც ჩანს, თვითონვე შეაძრწუნა, გული გაუსკდა და იქვე გარდაიცვალა.
საეკლესიო განძის დაუნდობელი მძარცველი იყო ეკზარხოსი ევგენი ბაჟენოვი, რომელიც ათი წლის განმავლობაში (1834-44 წწ.) სჩადიოდა ბნელ საქმეებს საქართველოში.
მისი მომდევნო ეგზარხოსი ისიდორ ნიკოლსკი (1844-58 წწ.) “ეკლესიების სისუფთავის” მიზნით სპობდა ქართულ ფრესკებს. მან საღებავით დააფარვინა და მოსპო სვეტიცხოვლის, გრემის, ალავერდის და სხვ. ტაძრების დიდებული ფრესკები. ისიდორ ნიკოლსკიმ იმითაც გაითქვა სახელი, რომ დაუნდობლად ართმევდა ეკლესიებს მამულებს, რომ შემოსავალი მოესპო მათთვის და საბოლოოდ გაეღატაკებინა. ისიდორ ნიკოლსკიც ძარცვავდა და იპარავდა ხატებს და სხვა საეკლესიო განძს.
რუსი ეგზარხოსები თავიდანვე გეგმიურად ახორციელებდნენ შავბნელ გეგმებს: ზედიზედ აუქმებდნენ მონასტრებსა და ეკლესიებს, ბერებსაც კი აღარ ტოვებდნენ შიგ, რათა უპატრონოდ დარჩენილი განძი განუკითხავად წაეღოთ.
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე საქართველოში 26 ეპარქია იყო, რომელთაც ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ. რუსმა ეკზარხოსებმა მხოლოდ 5 ეპარქია დატოვეს და 800 ეკლესია გააუქმეს. პატიოსანი თვლებით შემკულ ხატებს,ოქროსა და ვერცხლის ყდიან საეკლესიო წიგნებს, ძვირფასეულ საეკლესიო ინვენტარს ეგზარხოსების მიერ გამოგზავნილი კაცები ეზიდებოდნენ. უპატრონო ეკლესიებში ვისაც რა სურდა, იმას აკეთებდა.
ქართული ეკლესიების დახურვას წინ აღუდგნენ ქუთათელი და გელათელი მიტროპოლიტები, მაგრამ ეგზარხოსის მითითებით ისინი დააპატიმრეს. და რუსეთში გადაასახლეს. ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოსი, გზაზე მოაშთვეს… მას თავზე ჩამოცმული ჰქონია ტომარა, მოხუცებული გზაში დაახვრჩეს და გზად ანანურის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
1858 წელს ეგზარხოსად მოვლენილმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც 1877 წლამდე ეგზარქოსობდა საქართველოში დიდ სიმაღლეებზე აიყვანა ეკლესიების ძარცვის საქმე. იგი დიდი მონასტრების ძარცვას შეუდგა და ისეთ საეკლესიო განძს იპარავდა, რომელიც მთელ საქართველოში იყო ცნობილი. ევსევი ილინსკი უკიდურესად გარყვნილი კაცი, საქართველოში ჩამოსვლამდე თურმე ფულის ნაკლებობას განიცდიდა. ჩამოსვლისთანავე იგი მისდგომია საქართველოს ყოფილ საპატრიარქოში შენახულ მღვდელმთავრების მანტიებს, მიტრებს და უვრებს. სათითაოდ აძრობდა თურმე მათზე მიმაგრებულ პატიოსან თვლებს და თავისი აგენტების მეშვეობით ჰყიდდა. როცა ხელი მოითბო, ევსევი ილინსკიმ უკვე დიდი ოპერაციების განხორციელება დაიწყო. იგი ქუთაისში შეუთანხმდა იქაურ გუბერნატორს ლევაშოვს, ერთად გაეტაცათ ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროიდან გელათში იყო დასვენებული. ამ ხატს დემეტრეს მეფობის დროს გაუკეთეს უზარმაზარი ოქროს კარედი, სიგრძით 2 მეტრზე მეტი. იგი შემკული იყო პატიოსანი თვლებით, მინანქრებით და ორნამენტებით. ამ ხატის ძირითადი ნაწილი – მინანქრით შესრულებული ღვთისმშობლის ვედრება ევსევი ილინსკიმ და ლევაშოვმა გაყიდეს.
გელათის მონასტერში ინახებოდა XI საუკუნეში გადაწერილი სახარება, მინანქრიანი ყდით შემკული. ევსევი ილინსკის მითითებით ლევაშოვმა ოქროს ყდა შემოაძრო ამ სახარებას და ვინმე საზიკოვის მიერ უგემოვნოდ გაკეთებულ ვერცხლის ყდაში ჩაასმევინა. გელათის სახარების ოქროს ყდა სპეკულანტური ოპერაციების შემდეგ აღმოჩნდა პეტერბურგში სტროგანოვის კოლექციაში. ინგლისელებს სურდათ მისი შესყიდვა 100 ათას სტერლინგად, მაგრამ დიდი მოგების მიზნით გელათის სახარების ყდა შუაზე გაუჭრიათ და ას ნაწილად გაუყიდიათ საზღვარგარეთ. ერთი ნაწილი ახლა ბერლინის სასახლის მუზეუმს ეკუთვნის, მეორე კი ვიღაც ბელგიელ კოლექციონერის საკუთრებაა.
იმერეთის კათალიკოსის მანტია, ოქრომკედით ნაქსოვი, მსხვილი მარგალიტებითა და ლალებით შემკული, ევსევი ილინსკის მითითებით ცეცხცლში ჩააგდეს და მანტიიდან რვა გირვანქა ოქრო გამოადნეს. ლალები და მარგალიტები კი ყელსაბამებად გაყიდულა. კათალიკოსის მანტიას მიტრაც გააყოლეს, რომელსაც თურმე ვახტანგ გორგასალის ნაქონი ბრილიანტის ჯვარი ამშვენებდა.
იმერეთის კათალიკოსის საწინამძღვრო ჯვრიდან ევსევი ილინსკის ლალის თვლები ამოუძვრია და სანაცვლოდ უფრო იაფი, სერდოლიკის თვლები ჩაუსვამს.
ევსევი ილინსკის მითითებით გაიძარცვა მრავალი სასწაულთმოქმედი ხატი: სიონის ღვთისმშობლისა, მცხეთის, ალავერდის, ბოდბეს, ნინოწმიდის, იოანე ნათლისმცემლის, ჯუმათის და სხვა მონასტრების ცნობილი ხატები, რომელბიც საუკუნეების განმავლობაში შეწირული პატიოსანი თვლებით იყვნენ შემკულნი.
ევსევი ილინსკის ისეთი მტაცებლის სახელი გაუვარდა, რომ ერთ ქართველ არქიმანდრიტს ილინსკის ჩამოსვლის მოლოდინში ეკლესიიდან ძველი ხელნაწერი წიგნები გაუტანია და მიწაში ჩაუმარხავს. ეს ხელნაწერები სინესტეს დაუღუპავს.
წყაროს ცნობით ევსევი ილინსკის ეგზარხოსობის დროს საქართველოს ეკლესიებიდან გაუტაციათ ორ მილიონ მანეთზე მეტი ღირებულების განძი .
დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს საეკლესიო განძს ეგზარხოსმა პავლემ, რომელმაც საქართველო დასწყევლა, როცა თბილისში სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი მოჰკლეს. საქართველოში ჩამოსვლამდე პავლე ლებედევი ბესარაბიაში სპობდა ქრისტიანულ ეკლესიებს: დახურა 340 მონასტერი, ცეცხლში ჰყრიდა მოლდავურ ენაზე დაწერილ წიგნებს, სასტიკად დევნიდა მოლდაველ მღვდელმსახურებს, თავად კი აღვირახსნილობაში ატარებდა დროს. ბესარაბიაშივე მან ხასად დაისვა ჩუდეცკის ცოლი. საქართველოში წამოსვლის შემდეგ კი მისი “კეთილისმყოფელი” ცოლ-ქმარი არ დაივიწყა და ჩუდეცკი თბილისის სემინარიის რექტორად გადაიყვანა.
პავლე ლებედევის მიერ გატაცებული ნივთებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეტეხის ღვთისმშობლის ხატის ოქროს კარედი. ეს ხატი ძვირფასი სამი საკეტით ყოფილა დაკეტილი. რამდენიმე წლის შემდეგ კი იპოვეს მეტეხის ტაძრის სხვენზე. ტაძრიდან მოიპარეს ნინოწმინდის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ისიც ოქროს კარედიანი. ამ გაუმაძღარმა ეგზარხოსმა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი ცეცხლში ჩაჰყარა. ერთადერთი კაცი ვინც გაუბედა შებრძოლება პავლე ლებედევს დიმიტრი ყიფიანი იყო. როგორც ცნობილია, იგი ამ ამბავს შეეწირა. რუსეთში გადასახლებულს რუსმა ბერებმა ბლაგვის საგნის თავში ჩარტყმით მოჰკლეს.
პავლე ლებედევის შემდეგ მოვლენილმა ახალმა ეკზარხოსმა პალადი რაევმა (1887-92) ეკლესიების ძარცვის ახალი მეთოდი გამოიყენა. მან პეტერბურგიდან ჩამოიყვანა აფერისტი ფოტოგრაფი ვინმე საბინ-გუსი, რომელიც თვს მხატვრადაც ასაღებდა. პალადი რაევის მიერ უფლებამოსილი საბინ-გუსი, ეგზარხოსის მოწმობით დადიოდა დასავლეთ საქართველოს მონასტრებში და დაუბრკოლებლად გაჰქონდა ის ძვირფასეულობანი, რაც ადრინდელ ეგზარხოსებს გადაურჩათ. მინანქრის მრავალი ხატი წაიღო საბინ-გუსმა მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის ეკლესიებიდან, თითქოს მათი რესტავრაციის მიზნით, მაგრამ არცერთი ხატი უკან არ დაუბრუნებია. იგი ეგზარხოსის მითითებით ჰყიდდა მათ.
პალადი რაევის ნებართვით საქართველოს ეკლესიებში დაძრწოდა აგრეთვე სტატს-სეკრეტარის თანაშემწე ზვენიგოროდსკი და ბერებისაგან ფულით ყიდულობდა ხატებსა და სხვა განძეულობას. მხოლოდ გელათელ ბერებს გამოუგდიათ იგი, როცა ფული შეაძლია მატ ხატებში. ზვენიგოროდსკის სიკვდილის შემდეგ მისი კოლექცია მილიონ ორასი ათას მანეთად შეაფასეს.
მინანქრებისა და პატიოსანი თვლების გარდა არც მინიატურბს ივიწყებდნენ ერთმორწმუნე მძარცველნი. ეპისკოპოსი კირიონი 1906 წ. გამოცემულ “ცერკოვნიე ვედომოსტში” (№ 47) იუწყებოდა, რომ თბილისის სიონში მრავლად იყო მინიატურებით შემკული ძველი ხელნაწერები, რომლებიც ეგზარხოსის მსახურების უპატივცემულობას იმსახურებდა, ლანძღავდნენ ქართულ ენას, იწუნებდნენ ქართულ ღვთისმეტყველებას, ქართულ მღვდელმსახურებას. გამუდმებული კრიტიკით ქართული საზოგადოების შეგნების დამცირება, ქართველების არასრულფასოვნების იდეის გავრცელება რუსული ეკლესიის მთავარი მეთოდი იყო.
როცა ეგზარხოს ოპოცკის დროს სინოდის სალაროდან 300 ათასი მანეთი მოიპარეს, ცნობილმა დემაგოგმა ვოსტორგოვმა ქართულ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად პრესაში იმის მტკიცება დაიწყო, რომ თბილისის სიონის შესაკეთებლად დახარჯული 21 ათსი მანეთი “რუსეთის ფული იყოო”. სინამდვილეში ეს ფული თბილისის ეპარქიაში შეწირვებით შეგროვდა.
ასეთი ოსტატური მეთოდებით ანადგურებდა ,,ერთმორწმუნე’’ რუსეთი ქართულ ეკლესიას.
რუსული ეკლესიის პოლიტიკა საქართველოში მთავრობის პოლიტიკაზე სასტიკი იყო. ყველაფერი რაც ქართულ ეკლესიას დაატყდა თავს, ხდებოდა არა ეგზარხოსების პიროვნული თვითნებობით, ეს გახლდათ წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელება. როცა რომელიმე ეგზარხოსის მიერ ჩადენილი ბოროტება განსაკუთრებით გახმაურდებოდა ხოლმე, მის ნაცვლად უკვე წესიერ კეთილმორწმუნე მღვდელმთავრებს აგზავნიდნენ დროებით, რათა დაძაბულობა განმუხტულიყო და საზოგადოების მეხსიერებიდან ამოშლილიყო საშინელი ფაქტები. შემდეგ კვლავ გრძელდებოდა გაუგონარი ძარცვაგლეჯა.
როცა ეგზარხოსი თეოფილაქტე რუსანოვი სამარცხვინოდ მოკვდა და ყველამ გაიგო მისი ავაზაკობის ამბავი, შემდგომი ორი ეგზარხოსი – იონა ვასილევსკი და მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი თავდაჭერილობით და კეთიოლმორწმუნეობით ცდილობდნენ გამოესყიდათ მათი წინამორბედების დანაშაულობანი. შემდგომ როცა აღვირახსნილმა ევსევი ილინსკიმ ქართული სასწაულთმოქმედი ხატების გაუგონარი ძარცვა დაიწყო, მისი წასვლის შემდეგ კეთილმორწმუნე იოანიკე რუდნევი გამოაგზავნეს.
ამგვარად, ქრისტიანობა, ეს ყველაზე ჰუმანური და კაცთმოყვარე რელიგია, ეგზარქოსების მეოხებით ცარიზმა თავისი მიზნების აღსასრულებლად გამოიყენა. ქრისტიანული ეკლესია ჩააყენა იდეოლოგიის სამსახურში და ისევ ქრისტეს სახელით ქრისტესავით გვაცვეს ჯვარს ეს პატარა ერი.
თავის დროზე სახელოვანი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილიც ბრძანებდა:

,,სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს თვისება
ერთა მის შორის სხვადასხვაობდე’’
რაც გვარგო კი ნახეთ….

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий