რელიგიური დოგმებისა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ურთიერთკავშირი; რელიგიის, როგორც ინსტიტუციონალური სისტემის როლი ხელისუფლებების ლეგიტიმაციის საკითხში; საქართველოში სეკულარიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები - ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიას 15 მარტს ორგანიზაცია „იდენტობის“ ოფისმა უმასპინძლა.
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი, ფილოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა შათირიშვილი და იურისტი თამარ გურჩიანი.
პირველი საკითხი, რაზეც სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და რელიგიის ურთიერთკავშირს შეეხებოდა. ბექა მინდიაშვილმა აღნიშნა, რომ რელიგია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ურთიერთსაპირისპირო ცნებები არ არის და მეტიც - ადამიანის ძირითადი უფლებები სწორედ რელიგიიდან იღებს სათავეს: „ადამიანის უფლებების კონცეფციას რელიგიური მოძღვრებები უდევს საფუძვლად. კონცეფცია ადამიანის ძირეული უფლებეების შესახებ ორ პრინციპს ემყარება - თანასწორობას და თავისუფლებას. მე ვფიქრობ, ყველა დიდი რელიგია - ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, ინდუიზმი, აღიარებს ამ ორ პრინციპის. თუმცა რასაკვირველია აქაც არის გარკვეული მეტნაკლებობა. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ადამიანის უფლებები, არამედ ნაწილობრივ ლიბერალიზმის და დემოკრატიის თანამედროვე გაგებაც, გარკვეულწილად, რელიგიური მოძღვრებებიდან იკვებება“.
რაც შეეხება უშუალოდ რელიგიური ტექსტების მიმართებას ადამიანის უფლებებთან, ბექა მინდიაშვილის აზრით, ყველა რელიგიური ტექსტი შესაძლოა, გახდეს როგორც ტოლერანტობის, ისე შეუწყნარებლობის წყაროც, გააჩნია რა ინტერპრეტაციით აღიქვამს მას ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი: „ძველ აღთქმაში ნახავთ როგორც შეუწყნარებლობასა და ღმერთის სახელით ადამიანების ამოჟლეტის ფაქტებს, ისე შემწყნარებლობის უზარმაზარ მაგალითებს. ასეა ყურანშიც და კიდევ სხვა ბევრ რელიგიურ ტექსტში. ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს ადამიანისთვის როგორც სიკეთისა და თავგანწირვის წყარო, ისე ექსტრემიზმის წყაროც. გააჩნია, რა ინტერპრტაციას აძლევს მას ესა თუ ის კონკრეტული იდნივიდი. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს საკითხი არის ადამიანის პირადი საქმე და არა რომელიმე ინსტიტუციის“.
რა მიმართებაა დღევანდელ საქართველოში რელიგიას, როგორც ინსტიტუციასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შორის?! ამ საკითხზე ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენგან გასნხვავებით, დასავლეთში არსებული რელიგიური გაერთიანებები იძულებულნი გახდნენ, თანხმიერი პოზიციები მოეძებნათ თანამედროვეობასთან. ეს კი გამოიწვია, ერთი მხრივ, მეცხრამეტე საუკუნიდან სეკულარიზაციის ტალღის მომძლავრებამ და მეორე მხრივ, ეკლესიის მეურვეობისგან კულტურის, მედიისა და თავად ადამიანის გათავისუფლებამ.
ბექა მინდიაშვილის თქმით, ჩვენთან განსხვავებული სურათი შეიქმნა: „კათოლიკურმა ეკლესიამ 1961 წელს უზარმაზარი განახლების პროცესი დაიწყო და მაშინ, ერთ-ერთი მთავარი სამსჯელო საკითხი იყო - არის თუ არა ყველა ადამიანი თანასწორი ღვთის წინაშე, მისი რელიგიური მრწამსის მიუხედავად. საბოლოოდ, კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო ისეთი მოძღვრება ადამიანის ღირსების შესახებ, სადაც აცხადებდა, რომ ყველა ადამიანი ღვთის წინაშე თანასწორია და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სიკეთე, როგორიც რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაა. ამ საკითხში ჩარევის უფლება კი არც ერთ ინსტიტუციას არა აქვს. ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთში არსებული რელიგიური ჯგუფები იძულებულნი გახდნენ, თანხმიერი პოზიციები მოეძებნათ თანამედროვეობასთან. რაც შეგვეხება ჩვენ, ალბათ, გვახსოვს, რომ 2004-2005 წლამდე საქართველო რელიგიური უმცირესობების დევნის კუთხით ერთ-ერთ სანიმუშო ქვეყანას წარმოადგენდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და ისტოროული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა 2011 წლის 11 ივლისს, როცა განაცხადა, რომ აღიარებდა რელიგიის თავისუფლებასა და
ყველა ადამიანისა და ყველა რელიგიური გაერთიანების თანასწორობას კანონის წინაშე. ვფიქრობ, ეს განცხადება საფუძვლად დაედება მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მომავალში უფრო ადეკვატური და მკაფიო პოზიცის გამოხატვას სხვა რელიგიური გაერთიანებებისადმი“.
ორგანიზაცია „იდენტობის“ ოფისში გამართულ დისკუსიაზე სეკულარიზაციის პრობლემაზეც ისაუბრეს. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუციას შორის ურთიერთობის საუკეთესო მოდელი?
ამ საკითხებს თავის მოხსენებაში იურისტი თამარ გურჩიანი შეეხო და აღნიშნა რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საუკეთესო მოდელად მათ შორის ე.წ. „ყრუ კედლის“ აღმართვა მიაჩნია: „ჩემი აზრით, ამ ურთიერთობების იდეალური მოდელია „ყრუ კედელი“ რელიგიურ ინსტიტუციასა და სახელმწიფოს შორის. ესაა აშშ-ის მოდელი. ვფიქრობ, საქართველო ამ მოდელისგან ჯერ კიდევ შორსაა. მე, ქრისტიან მოქალაქეს პრეტენზია მაქვს ჩემი სახელმწიფოს მიმართ, რომ არ არის აღმართული „ყრუ კედელი“ მასსა და რელიგიურ ინსტიტუციას შორის. მე არ მომწონს ის, რაც ხდება საქართველოში. არ მომწონს ის, რომ ერთი მხრივ, კანონმდებლობით აღიარებულია რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება. ის ურთიერთობა, რაც დღესა არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სამწუხაროდ, შორსაა იდეალური მოდელისაგან, მოდელისაგან, სადაც კეისარს მიეგება კეისრისა, ხოლო ღმერთს ღვთისა“.
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა შათირიშვილი თავის მოხსენებაში ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს შეეხო და აღნიშა, რომ თუკი ადრე ლეგიტიმაციის წყარო ღმერთი იყო, ახლა ლეგიტიმაციის წყაროდ ხალხი იქცა: „საფრანგეთის რევოლუციამდე, ანუ მანამდე, სანამ გაჩნდებოდა ახალი ტიპის სახელმწიფო, ხელისუფლება ლეგიტიმაციას ღვთისგან იღებდა, ეკლესია კი იყო ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებდა ლეგიტიმაციას, ისეთი რიტუალით, როგორიცაა ცხება. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ლეგიტიმაციის წყარო ხდება არა ღმერთი, არამედ ხალხი. თუკი ძველად მეფე იყო სუვერენი, შემდეგ სუვერენი მეფის ნაცვლად გაჩნდა სუვერენი ხალხი. თანამედროვე ლეგიტიმაცია უხილავად ეყრდნობა ძველ ლეგიტიმაციას და ის კვაზიმონარქისტულია“.
სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის თქმით, თუკი გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელისუფლების ლეგიტიმაცია მიიღო არა ხალხისგან, არამედ რელიგიური ინსტიტუციისგან: „ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება ლეგიტიმაციას იღებს ორი წყაროსგან. ესაა: დაჩოქილი ხალხი, როგორც თავად ამბობდა, და კათოლიკოს პატრიარქი. გავიხსენოთ, როცა შევარდნაძემ მიმართა ერთგვარ ხრიკს ძალაუფლების გასამყარებლად და თქვა, რომ უარს ამბობს საქართველოს ლიდერობაზე, პარალელურ რეჟიმში ტელევიზია ერთი მხრივ, გვიჩვენებდა დაჩოქილ ხალხს, რომელიც შევარდნაძეს დარჩენას და ქვეყნის სათავეში ჩადგომას სთხოვდა, მეორე მხრივ კი - კათოლიკოს პატრიარქს, რომელმაც საჯაროდ მიმართა ხალხს: „მე როგორც საქართველოს სულიერი წინამძღოლი, ვაცხადებ, რომ ედუარდ შევარდნაძე გახლავთ საქართველოს პოლიტიკური ლიდერი“. შევარდნაძემ კარგად იცოდა, რომ მისი წინამორბედის დროს გაძლიერდა რელიგიური ტიპის ნაციონალიზმი და სწორედ ამ ნაციონალიზმის საფუძველზე ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერობას შეძლებდა“.
რაც შეეხება საქართველოს ახლანდელი ხელისუფლებისა და რელიგიური ინსტიტუციის ურთიერთმიმართებას, ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება ეცადა ეკლესიისგან მაქსიმალურად დისტანცირებას. ამ პერიოდში დააკავეს ექსტრემისტი ბასილ მკალავიშვილიც. გარდა ამ ადამიანისა, რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამო 2004-2007 წლებში კიდევ 17 ადამიანი დააკავეს. აქედან 9 პასუხისგებაში მისცეს. ბექა მინდიაშვილის თქმით, პრობლემამ თავი საარჩევნო წლებში იჩინა.
„2008-2010 წლის ჩათვლით სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა ორმოცამდე განცხადება, სადაც მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ დაიღვა მათი უფლება რელიგიური დისკრიმინაციის გამო. ეს ფაქტები დღემდე გამოუძიებელია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდშიც ხელისუფლებამ რელიგიური დისკირმინაციის წინააღმდეგ გადადგა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც, განსაკუთრებით - საკანონმდებლო დონეზე“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი და ამატებს, რომ თუკი გვსურს მართლაც დემოკრატიულ, ლიბერალურ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, აუცილებელია მაქსიმალურად დისტანცირდეს სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий