среда, 16 апреля 2014 г.

მართალია თუ არა, რომ ძაღლის სახლში ყოლა არ შეიძლება?


დავით ხოსიტაშვილი
ხატზე გამოსახულია IV საუკუნის წმინდანი –  სირენუსი (მებაღედ წოდებული). ხატმწერი – დავით ხიდაშელი

სამწუხაროდ ხშირად გვსმენია გავრცელებული ჭორი იმისშესახებ, თითქოს ძაღლის სახლში ყოლა არ შეიძლება. არის მოსაზრება, თითქოს ნაკურთხ სახლში უფალი მკვიდრობს, ხოლო ძაღლი კი განაგდებს სულიწმინდას [1].ზოგიერთი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს არც კი უნდა ვაზიაროთ[2]. მაგრამ ამგვარი კატეგორიული მოსაზრების საღვთისმეტყველო საფუძველი არ არსებობს.
ტაძარი ტაძარია, სახლი კი – სახლი. სამწუხაროდ ბევრს ეს ერევა და მიაჩნია, რომ თუკი ტაძარში არ შეიძლება შინაური ცხოველის შეშვება, ეს ფაქტი სახლზეც ვრცელდება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის!
დავიწყოთ მცირე ისტორიული ექსკურსით: როგორი იყო დამოკიდებულება„ოთხფეხა მეგობრებისადმი“ ანტიკურ ეპოქაში?
ბერძნებს უყვარდათ ძაღლები და ზრუნავდნენ მათზე. რომაელები კი თავიანთ საბრძოლო ძაღლებს აბჯრითაც კი მოსავდნენ.  
მათ კი, ვისთვისაც ბიბლია წმინდა წიგნი იყო, ძაღლებისადმი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გააჩნდათ.
ბიბლიაში ოცდაათჯერ ნახსენები ადგილიდან მხოლოდ ორ ადგილას არის ძაღლი დადებით კონტექსში მოხსენიებული. ეს არც არის გასაკვირი,რადგან პირველქრისტიანთა დამოკიდებულება წარმართთა ტრადიციებისა და კულტურის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. ძაღლისადმი თბილი დამოკიდებულება წარმართული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. ეგვიპტელები კი სულაც თაყვანს სცემდნენ ძაღლის თავიან ღვთაებას – ანუბისს.მოსეს კანონების თანახმად ძაღლი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა. ებრაელთათვის უკიდურესი შეურაცხყოფა იყო ვინმეს, რომ მათთვის ძაღლი ეწოდებინა. ძაღლის გაყიდვით შემოსული თანხის სკინიაში შეტანაც კი იკრძალებოდა. ძაღლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო, დიდი ხნის განმავლობაში იკრძალებიდა წმინდა ქორსტეფორეს ხატებიც, რომელსაც ძაღლის თავით გამოსახავენ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ებრაელთა უმეტესობა მეცხოველეობით ირჩენდა თავს,  ძაღლის ყოლა აუცილებელ პირობასაც კი წარმოადგენდა. „შინაური“ ცხოველის სახით ძაღლი ოდნავ მოგვიანებით ჩნდება. ცხადია, მათ აქაც მცველის ფუნქცია აკისრიათ: როდესაც ტობი და ანგელოზი მიემართებიან ეკბატანისკენ მათ ძაღლი აცილებს: „და განვიდა ყრმა იგი და ანგელოზი იგი და წარერთნეს და ძაღლი იგი მათ თანა“ (ტობ. 6.1) ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ანგელოზს არ უქმნის დისკომფორტს ძაღლის სიახლოვეში ყოფნა.
იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების პერიოდში „ოთხფეხა მცველებს“ უკვე ხშირად შეხვდებოდით შინაურ გარემოში, რაზეც ქანაანელი ქალის პასუხიც მეტყველებს: „ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა“. (მათე 15.27)
გავიხსენოთ იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი სიტყვები: „ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითადა მოიქცნენ და განხეთქნენ თქუენ.“ (მათე 7.6) რა თქმა უნდა, აქ ადამიანებზეა საუბარი, იმის შესახებ რომ არ უნდა უქადაგო ამპარტავანს, სინანულის არმქონეს ან მრისხანეს, რადგან მათი გულები დახშულია ღვთის სიტყვის მისაღებად და ძაღლების უწმინდურებად აღქმა ამის გამო არ იქნებოდა სწორი. მაცხოვრის ამ სიტყვებში ადამიანისა და ცხოველის იერარქიული დამოკიდებულებაც ჩანს. ამგვარი დამოკიდებულება წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც გვხვდება.ის ასე მიმართავს ფარისევლებს: „… ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა  შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა?“ (მათე 12.11,12) მოწაფეებს კი ასწავლის: „…რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?“ (ლუკა12.24)
გამომდინარე აქედან, არამართებული იქნებოდა ძაღლების ბოროტ ან უწმინდურ არსებებად აღქმა.  შეუძლებელია ყოვლადკეთილ შემოქმედს სძაგდეს თავისი ქმნილება, რომელსაც ცუდი არაფერი ჩაუდენია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაცხოვარი იშვა ბაგაში, გარშემოტყმული შინაური ცხოველებით.
ბიბლია იერარქიაზე მიგვითითებს და  სწორედ მისი დარღვევაა დანაშაული ღვთის წინაშე. სულიერად და ფსიქიურად ჯანმრთელ ადამიანს, ცხადია უნდა უყვარდეს ღვთის ქმნილებანი. სწორედ ამიტომაც, შინაური ცხოველის სიკვდილი ადამიანში მწუხარებას იწვევს. თუმცა, ხშირია გადამეტებებიც. ადამიანებს სჩვევიათ ცხოველთა მიმართ სრულიად შეუსაბამო დამოკიდებულებაც. ღმერთმა დაგვიწესა, უპირველეს ყოვლისა, გვიყვარდეს ჩვენი ზეციური მშობელი: „…შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითაშენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22.37) ამ მცნებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე სწავლება: „…მეორე მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“.(მათე 22.39) თუკი ადამიანი მოახერხებს ამ ორი მცნების დაცვას, მაშინ ცხოველთა მიმართ სიყვარული მის სულში იერარქიულად შესაბამის ადგილს დაიმკვიდრებს.
ახალ აღთქმაში ცხოველთა „სიწმინდისა და უწმინდურობის“ კლასიფიცირება გადახედილ იქნა ეკლესიის მამებისმიერ. წმ. ფოტი პატრიარქი წერდა: „ბუნებითად ბევრი რამ ძალიან კარგია, მაგრამ მომხმარებელთათვის შეიძლება დიდ ბოროტებად იქცეს, არა მათი ბუნების, არამედ მომხმარებელთა ცოდვების გამო… უწმინდურება სიწმინდეს სამყაროს შექმნის დღიდან კი არ გამოეყო, არამედ მიიღო ამაგვარი განსხვავებულობა გარკვეული გარემოებების შედეგად. ეგვიპტელები, რომელთა მსახურებაშიც იყო ებრაელთა ტომი, მრავალ ცხოველს მიაგებდნენ საღვთო პატივს და  უარყოფითად სარგებლობდნენ მათი სახელით, თუმცა ისინი სულაც არ იყვნენ ცუდნი, მოსემ, რათა მისი ერი ისრაელისა არ მიდრეკილიყო ამგვარი უარყოფითი გამოყენებისკენ და არ დაეწყო მათი თაყვანისცემა, სამართლიანად უწოდა მათ სჯულის კანონში უწმინდურნი – არა იმიტომ, რომ უწმინდურები იყვნენ შექმნის დღიდან, ანდა უწმინდურება ბუნებითად ჰქონდათ, არავითარ შემთხვევაში, არამედ რადგან ეგვიპტელები მეტად უწმინდურად სარგებლობდნენ მათი“.[3]
მაშ საიდან მოდის სწავლება, სადაც ძაღლი უწმინდურ არსებად არის დასახელებული და არ არის სახლში შემოშვების ღირსი? სამწუხაროდ ამგვარ სწავლებას არაერთ ავტორიტეტულ მოძღვართან და ხანდახან წმინდანთანაც კი ვხვდებით: „შეიძლება თუ არა ზიარების წინ ვაჭამოთ ან მოვეფეროთ ძაღლს? – ზიარებისწინ ძაღლთან მიკარება არ არის კარგი. არ შეიძლება მოფერებაც და თუკი შემთვევით მოეფერეთ, არა ზიარების წინ, სასრაფოდ უნდა დაიბანოთ ხელები საპნით, შემდეგ კი იპკუროთ ნაკურთხი წყალი. – რა იქნება თუკი ზიარების დღეს შევეხებით ძაღლს? შეიძლება თუ არა ნაკურთხი წყალი ვიპკუროთ და ვეზიაროთ? – არა, ასეთ დროს ზიარება არ შეიძლება!“[4]
საბედნიეროდ, ამგვარი მოსაზრება ძაღლების შესახებ არ არის გაბატონებული ეკლესიაში და მას მხოლოდ ერთეულები თუ იზიარებენ. სამწუხარო ის არის, რომ ამგვარ ცრურწმენებს ეკლესია არ უპირისპირებს თავის სიტყვას და შემწყნარებლობით ეკიდება მას. სწორედ ამიტომაც, მავანთათვის ის რაც აკრალული არ არის, ნებადართულია და მათაც მრევლი შეცდომაში შეჰყავთ. საბედნიეროდ მრავალი სასულიერო პირი პირადი მაგალითით უპირისპირდება ამ ცრუსწავლებას და მრავალ მათგანს სახლში ჰყავს თავისი ოთხფეხა მეგობარი. გამონაკლისს არც ამჟამინდელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წარმოადგენს, რომელსაც დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ჰყავდა სახლში როტველერის ჯიშის ძაღლი, სახელად ტობი.
[1] Угодница Божия Пелагея Рязанская. Воспоминания раба Божия Петра записал и составил К. В. П.// Жизнь Вечная. – М., 1996, № 18, март.
[2] Ответы архим. Георгия на вопросы мирян // Исцелись верой.Светско-православная семейная всероссийская газета. Тимашевск.Окт.2001 г.
[3] Свт. Фотий. Амфилохии // Альфа и Омега, №3(14),1997, сс. 81-82.
[4] Ответы архим. Георгия на вопросы мирян // Исцелись верой.Светско-православная семейная всероссийская газета. Тимашевск. Окт. 2001 г.

გამოყენებულილიტერატურა:
დიაკვანი ანდრეი კურაევი
Христианинв языческом мире или о наплевательском отношении к порче.
ვიქტორ კუტკოვოი
ОХристианской отношении к собаке

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий