среда, 16 апреля 2014 г.

ადამიანები და ცხოველები ღვთის საბრძანებელში


ავტორი: რობერტ ფლანაგანი
გთავაზობთ მეტად საინტერესო სტატიას, რომელიც ეხება ადამიანების და ცხოველების ურთიერთობას წმინდა საღვთისმეტყველო პოზიციიდან.
სტატია ინგლისურიდან თარგმნა და მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გოგუაძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

(რობერტ ფლანაგანი - ნიუ ჯერსის შტატის კამდენის რეგიონის ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი, წმიდა ჯვრის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი, მონაწილეობს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ მართლმადიდებელთა კონფერენციებსა და დისკუსიებში. მედფორდი, ნიუ ჯერსი)
“წმინდანთა საზრუნავი მოიცავს ცხოველებსაც და საგნებსაც კი, რადგან წმინდანი ყველა ქმნილებაში ხედავს ღვთის სიყვარულის საჩუქარს და არ სურს რომ ეს სიყვარული მისდამი გულგრილობითა და უგულვებელყოფით დააწყლულოს”. მამა დიმიტრუ სტანილო, წიგნიდან “ლოცვა და სიწმინდე”
მეცხრამეტე საუკუნის რუს მართლმადიდებელ მონოზონს ასეთი ამბავი გადახდა: მის პატარა ბაღჩას ველური ცხოველები შემოეჩვივნენ. მან თქვა: “რის უნდა მეშინოდეს, გარეული მხეცების?” გაესაუბრა ცხოველებს და მათ ბოსტნეულის დაზიანნება ნელ-ნელა შეწყვიტეს. მსგავსი ისტორიები მოთხრობილია წმიდა სერაფიმე საროველის ცხოვრებაშიც, საკმარისია მისი დათვთან დამეგობრების ისტორია გავიხსენოთ. ეს თემა აქტუალურია სხვა ტრადიციულად მართლმადიდებელი ქვეყნების წმინდანების ცხოვრებებშიც. ამ სტატიაში შევეხებით იმ ქვეყნების წმინდანების ისტორიებს, რომლებიც მართლმადიდებელთა გადასახედიდან არატრადიციულ ქრისტიანებად მოიხსენებიან, როგორიცაა, მაგალითად, ბრიტანეთის ქვეყნები, კერძოდ კი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია. ესენია კელტ ხალხთა ქვეყნები, რომლებიც მე-11 საუკუნემდე ერთიანი ქრისტიანული ეკლესიის წიაღში იმყოფებოდნენ და რომლის წმიდანებსა და სულიერ ცხოვრებას ბევრის შეთავაზება შეუძლია თანამედროვე სამყაროსათვის.
კელტი წმინდანებისათვის დამახასიათებელია რეალობის ხედვა როგორც ერთი მთლიანობის, რომლის ერთობაც დაირღვა ადამის ცოდვით, და აღდგა ქრისტეს გამომხსნელი ქმედებით. მათ ცხოვრებებში, ისინი სამყაროს მთლიანობის აღდგენას არა მარტო ანგელოზებთან და იმქევყნიურ სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებით ეძიებენ, არამედ, ასევე მთელ ბუნებრივ სამყაროსთან ნათესაობის განახლებით. კელტი წმინდანის ეს ხასიათი სრულ თანხვედრაშია მართლმადიდებელთა დამოკიდებულებასთან. მაცხოვრის განკაცების შესახებ ნაშრომში წმ ათანასე ამბობს: “ღმერთმა თავისი ქმნილების მსახურება მისი შემოქმედის შემამეცნებელ საშუალებადაც განაგოო… ამგვარად, მის წინაშეა სამი გზა, მათ შეუძლიათ შეგვამეცნონ ღმერთი (პირველი), მათ შეუძლიათ ზეაღაპრყონ ჩვენი მზერა ზეციურ უსასრულობაში, და მათ შეუძლიათ, ღვთის ქმნილების ჰარმონიაზე დაკვირვებით წარმოგვიდნინონ მათი მბრძანებელი, რომელიც არის სიტყვა მამისა”. წმ ათანასე განაგრძობს იმაზე საუბარს, რომ ეს გზა არ აღმოჩნდა სრულყოფილი და საკმარისი, რომ “ადამიანები, წამიერი სიამოვნებისადმი ქედის მოდრეკით ავი სულების ცდუნებებს აყვნენ და არ აღაპყრეს მზერა ჭეშმარიტებისაკენ”. მიუხედავად იმისა, რომ ასე მოხდა, ბუნებრივი სამყარო, ქრისტეს ნათელში დანახული, კვლავ რჩება გზად ღვთის შემეცნებისა და ცხონებისაკენ.
ბუნებრივ სამყაროში, ცხადია, ცხოველთა სამყაროც მოიაზრება. ჩვენ ვიცნობთ შინაურ ცხოველებს, გვინახავს ისინი ზოოპარკშიც. მათ შეიძლება შიშიც კი მოგვგვარონ ველურ ბუნებაში თუ შევხვდებით. ჩვენი რეაქციები იმის მიხედვით ძალიან განსხვავდება თუ სად შევხვდებით მათ. ეს დამახასიაებელია ‘ამა სოფლისათვის’ რომელიც ის ადგილია, სადაც ბოროტ ძალას ანუ განყოფისა და განცალკევების სულს ძალაუფლება ხელთ უპყრია. ეს მისი გამარჯვებაა, როდესაც ოთახში გარბენილი თაგვის, დაბლა გაფრენილი ღამურას ან ჩვენს დასაკბენად მოწუწუნე კოღოს დანახვაზე შიშისაგან გული გვეკუმშება.
წმიდა კევინ გლენდალოელის ცხოვრებაში ასეთი ამბავია მოთხრობილი: ის ერთხელ ტრადიციული კელტური მონასტრული ლოცვის პოზაში იდგა: მკლავები გაშლილი ქონდა ჯვრის სახედ, როდესაც შაშვი მოფრინდა, მის მკლავზე ბუდე აიშენა და კვერცხებიც კი დადო. იმის შიშით, რომ კვერცხები არ გაეფუჭებინა, წმ კევინი ამ მდგომარეობაში დარჩა სანამ კვერცხები გამოიჩეკებოდნენ. ამასობაში, ანგელოზი მოევლინა და უბრძანა ამგვარი გადამეტებული სინანულის ქმედება შეეწყვიტა. წმინდანმა კი უპასუხა: “ჩემთვის ეს არაფერია დავითმინო შაშვის ბუდის ქვეშ ხელის გაჭიმვით მოგვრილი ტკივილი, თუ ეს ზეციური მეუფის ნებააო”. სწორედ ეს ღვთის შექმნილი სამყაროს ერთობის განცდა გამოსჭვივის კელტ წმინდანთა ცხოვრებებში მოთხრობილ ამბებში. ეს სწორედ იგივე სამყაროს ჰარმონიის განცდაა, რომელიც რუსი მონოზვნის ამბავში იკითხებოდა სტატიის დასაწყისში.
თუმცაღა, ამ ისტორიებში არის რაღაც უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ სამყაროში მიმდინარე თანამშრომლობა. არსებობს ჰარმონია, რომელიც თავად ცხოველებს შემოაქვთ ადამიანთა სივრცეში. წმ. კათბერტ ლინდისფარნელი ასევე სამონასტრო ტრადიციული პრაქტიკის მიხედვით მხრებამდე წყალში იდგა და ასე ლოცულობდა, ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში. ამბობენ, ერთხელ სხვა ბერი მივიდა მისი ლოცვის პროცესის სანახავად. დიდი ხნის ამგვარი ლოცვის შემდეგ მან დაინახა, რომ წმ კათბერტი გამოვიდა წყლიდან და მდინარის ნაპირზე დაწვა, ამასობაში ორი სელაპი გამოვიდა მდინარიდან, მივიდნენ წმინდანთან და ფეხებს სულის შებერვით და თავიანთი სხეულის სითბოთი უთბობდნენ.
ცხოველთა და წმინდანთა შორის ასეთი ურთიერთობა არის ერთგვარი სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს დაცემული სამყაროს დარღვეული ერთიანობის აღდგენის საწყისს. ეს არის ქრისტეს მოგზაურობა უდაბნოში: “მხეცებთან იყო და ანგელოზები მსახურებდნენ” (მარკოზი 1:13). ზეციური და მიწიერი ქმნილებები, რომლებიც წინასწარ განზრახულნი არიან ახალი სამყაროსათვის ღმერთ-კაც იესო ქრისტეში, მის გარშემო შემოიკრიბნენ. ეს აღდგენა მკაფიოდ აქვს მინიშნებული წმ. ისააკ ასურს, როდესაც ის წერს რომ:
“თავმდაბალი ადამიანი გარეულ მხეცს უახლოვდება და როდესაც ისინი მას შენიშნავენ, მათი მძვინვარება თვინიერდება. ისინი მოვლენ მასთან და მიეტმასნებიან როგორც მათ მბრძანებელს, კუდის ქიცინით მისი ხელებისა და ფეხების ლოკვას შეუდგებიან. ისინი იმ სურნელს შეიგრძნობენ მისგან რომელიც ადამისაგან მოდიოდა ცოდვით დაცემამდე, მაშინ, როდესაც ისინი მის გარშემო იკრიბებოდნენ და ის მათ სახელებს არქმევდა სამოთხეში. ეს სურნელი ჩვენ დავკარგეთ, მაგრამ ქრისტემ ის განაახლა და დაგვიბრუნა თავისი მოვლინებით. სწორედ მან დაატკბო კაცობრიობის სურნელი”.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის მსგავსების მდგომარეობამ, რომელიც ქრისტემ აღადგინა, მას საშუალება მისცა ყოფილიყო უდაბნოში გარეულ მხეცებთან ისე, როგორც ადამი იყო როდესაც ის მათ სახელებს უბოძებდა.
ყოველივე ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი თუ ადამიანისთვის რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სახლში შინაური ცხოველის ყოლა. ეს არის ნიშანი ახალი სამყაროსი, ეს არის ორად გახლეჩილი სამყაროს ორ სხვადასხვა ნაწილს შორის ნათესაობის აღდგენის იმედი. სახლში ერთი ან ორი (ან მეტი) ცხოველის ყოლა ქმნის ხატს როგორც დაკარგული სამოთხის, ასევე ღვთის სასუფევლის, ვინაიდან თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია იმისთვის, რომ სახელი მიანიჭოს ცხოველებს, როგორც ადამმა და იცხოვროს მათთან ერთობით შიშის გარეშე. ეს არის ის გზა, რომელიც გვაგრძნობინებს ჩვენში იმ ნელსაცხებელის სურნელს, რომელიც ადამს გააჩნდა ცოდვით დაცემამდე.
ისაიას სიტყვების პერიფრაზირება (თანამედროვე ინტერპრეტირება) რომ მოვახდინოთ: როდესაც ადამიანი საწოლში იწვენს კატას, ძაღლს ან ზღვის გოჭს, ან ზოგჯერ შეიძლება გველსაც კი, ჩვენ ამ დროს მცირედი წვლილი შეგვაქვს სასუფევლის წინსვლაში, ამით შეძლებისამებრ ვემსახურებით სამოთხის განახლებას და ამგვარად ახალ და დიდებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთ მომაბეზრებელ და ყოფით საქმესაც კი, როგორიცაა ცხოველის საპირფარეშოს მოვლა.
დაიბეჭდა გაზეთში “იაკობის ჭა” – ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის ეპარქია, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, გაზაფხული/ზაფხული 1997.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий