ქუჩის თამაშები
ბავშვთა თანამედროვე თამაშებზე დაკვირვების მიზნით, საღამოს, რამდენიმე საათის განმავლობაში, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ქუჩებში და ეზოებში ბავშვებს ვეძებდი, რომლებიც თამაშობდნენ. ათეულობით ეზოს მოვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ეზო ვიპოვე, სადაც დაახლოებით 5-დან 15 წლამდე ასაკის რამდენიმე ბიჭი ერთად ფეხბურთს თამაშობდა.
იგივე დაკვირვების შესახებ ყვება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ბავშვებთან და მოზრდილ პაციენტებთან ურთიერთობს.
“ეზოში ბავშვები აღარ თამაშობენ," - ამბობს ის, - "საუკეთესო შემთხვევაში, ბიჭები - ფეხბურთს. რაც შეეხება გოგონებს, თუ ქუჩაში არიან, ძირითადად საუბრობენ ან აიპადებს ჩასცქერიან."
იზა გაგნიძე თავის 5 წლის შვილს ქუჩაში სათამაშოდ აღარ უშვებს. სხვა ბავშვებთან ურთიერთობა 5 წლის ანას მხოლოდ საბავშვო ბაღში აქვს. დედა კმაყოფილია, რომ ბაღში შემეცნებითი გარემოა, რომელიც არ ჰგავს გარემოს ქუჩაში.
“ჩვენს ეზოში სულ სხვადასხვა ასაკის ბავშვია. აღმოვაჩინე, რომ ბავშვები "ცოლ-ქმრობანას" და "პაემნობანას" თამაშობენ. ეზოს უკან ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ, ცოტა ვინერვიულე და ახლა ვცდილობ აღარ გავუშვა გარეთ,"- ამბობს 5 წლის ბავშვის მშობელი.
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ "ოჯახობანას" და "ცოლ-ქმრობანას" თამაში ტუჩებში კოცნით ახალი არ არის და ის ყველა დროს აქტუალურია ბავშვების გარკვეულ ასაკში, მით უმეტეს, თუკი გარემო ამაში ხელს უწყობს. გარემოში ფსიქოლოგი შეუზღუდავ სატელევიზიო გადაცემებსა და ფილმების ჩვენებას გულისხმობს, საიდანაც ბავშვის მიერ კონკრეტული მოქმედებების გადაღება ხდება.
5 წლის ანას დედა წუხს, რომ იმ თამაშებს, რომლებიც საბჭოთა დროს და ცოტა მოგვიანებით თამაშობდნენ ქუჩაში ბავშვები, დღეს გამქრალია.
თამაშები, რომელსაც საბჭოთა და შემდგომ პერიოდში თამაშობდნენ ეზოში - ლახტი, დაჭერობანა, წრეში ბურთი, გაშეშობანა, დამალობანა, რეზინობანა, კლასობანა იყო. მშობლების დაკვირვებით, დღემდე ქუჩის თამაშებიდან ძირითადად მაინც წრეში ბურთი და გაშეშობანა შემორჩა.
ქუჩის თამაშების ჩანაცვლება
ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში თამარ გაგოშიძის პაციენტების ასაკი, რომლებსაც მეტყველების პრობლემა აქვთ, 2 წლიდან იწყება. მშობელს სპეციალისტთან შვილი მაშინ მიჰყავს, როდესაც პრობლემა თავს იჩენს - ბავშვი არ საუბრობს.
"მოჰყავთ და ამბობენ, რომ ბავშვს აუტიზმი აქვს. სინამდვილეში ცდებიან. ბავშვი კომუნიკაციის დეფიციტის ფონზე არ საუბრობს. როდესაც პრობლემაში ჩაღრმავება ხდება, ვარკვევთ, რომ ბავშვი მთელი დღე ვირტუალურ თამაშებს თამაშობს, არავის აწუხებს, ყველა ბედნიერია, მათ შორის ძიძა და აი, უცებ პრობლემა იჩენს თავს,"- ამბობს ექიმი.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბავშვებისთვის მოზრდილებმა უნდა ითამაშონ, რომ ბავშვის ყურადღება მიიქციონ.
"მოზრდილის და ბავშვის თამაში განსაკუთრებული ფსიქო–ემოციური კავშირია, რომელიც ავსებს და ჰარმონიულს ხდის პიროვნულ სფეროს, ნდობის ჩამოყალიბებას და უსაფრთხოების, დაცულობის განცდის განმტკიცებას უწყობს ხელს,"- ამბობს ნინო ახალაია, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი–ფსიქოლოგი. ვირტუალური სივრცე კი, სპეციალისტების განამარტებით, ამ კავშირებს წყვეტს და სხვა რისკებს აჩენს.
"ვირტუალურ სივრცეში ყველაფერი შედარებით ადვილი სამართავია, სადაც მოთამაშე თავად არის ხშირად სიტუაციის მთავარი მარეგულირებელი და შეცდომების გამო შედარებით უმტკივნეულოდ "ისჯება", სადაც უმეტესად არის შესაძლებლობა ხელახლა დაწყების. საფრთხე განუზომლად დიდია – თანდათანობით იცვლება ცხოვრების წესი, რიტმი, ზიანდება სწავლა, კომუნიკაციები, ოჯახური ურთიერთობები, ნაცვლდება ვირტუალობით სინამდვილე, სადაც ადამიანი რეალურად ცხოვრობს,"- ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი.
იმის გარდა, რომ ვირტუალური და თამაშები ადამიანებთან კომუნიკაციას და წარმოსახვის უნარებს ზღუდავს, სპეციალისტები მის ძალადობრივი ხასიათის შედეგებზეც გამოთქვამენ წუხილს.
"ის კომპიუტერული თამაშები, რომელსაც ბავშვები თამაშობენ, კარგად მაქვს შესწავლილი. ეს არის თამაში, სადაც უნდა დაგეგმო მკვლელობა, შეიმუშავო მოწინააღმდეგის მოკვლის სტრატეგია და ბოლოს უნდა მოკლა იმიტომ, რომ შენ თუ არ მოკალი, ის მოგკლავს. თუ თამაში 3D არის, მაშინ განსაკუთრებით საშიში ხდება ის. სად წაიშლება ემოციების ზღვარი თამაშსა და რეალურ ცხოვრებას შორის, არავინ იცის, თუ ოდესმე ვერ გამოხატე აგრესიით დაგროვილი ემოციები სხვის მიმართ,"- ამბობს გაგოშიძე.
რაც შეეხება სხვა ვირტუალურ თამაშებს, რომელსაც ძირითადად გოგონები თამაშობენ, ცხოველის გაზრდა, მასზე ზრუნვა, ან ფერმის მოწყობაა.
თამაშები საბავშვო ბაღებში და სკოლაში
სკოლა და საბავშვო ბაღი ის გარემოა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. ბავშვთა დროის სწორად დაგეგმვა და თამაშების კონტროლი ყველაზე ეფექტურად საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შეუძლიათ. სპეციალურად სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდს UNICEF-საც აქვს შემუშავებული სახელმძღვანელო, რომელშიც ძალიან დაწვრილებით არის აღწერილი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისი თამაშები, რომელიც მის განვითარებას ხელს უწყობს. თუმცა საბავშვო ბაღებში მათი გამოყენება დაწესებულების მენეჯმენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
"მაგალითად, ჩემს შვილს საბავშვო ბაღში "გამყიდველობანას" ათამაშებენ იმიტომ, რომ ბავშვებმა თვლა ისწავლონ,"- ამბობს 4 წლის ლუკას მშობელი, ნანა ხვიჩია.
ინფორმაციას თამაშების შესახებ უკვე ვეღარ ფლობენ სკოლის მოსწავლეების მშობლები.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ეზოში ორ მერვეკლასელ მოსწავლეს ვხვდები. ვკითხულობ, ხომ არ გაუგიათ იმ თამაშის შესახებ, რომელიც სხეულის დაზიანებით სრულდება. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს უყურებენ. მერე ერთ-ერთი ამბობს, რომ ეგ ცნობილი თამაშია, რომელსაც თავადაც თამაშობდნენ.
"მაგრამ მას შემდეგ, რაც დამრიგებელმა დაგვარიგა, აღარ ვთამაშობთ. ჩვენს ერთ კლასელს სერიოზული პრობლემა შეექმნა. ძალიან შეგვეშინდა,"- ამბობს ერთ-ერთი მათგანი. მალევე ის მოსწავლეც გამოჩნდა, ვინც ამ თამაშის დროს დაზიანდა.
ნიკამ (სახელი შეცვლილია) თამაში, რომელსაც "დაასახელე ფილმები" ჰქვია, რამდენიმე თვის წინ ითამაშა. სანამ ნიკა 10 ფილმს დაასახელებდა, მისი მეწყვილე ფრჩხილით ხელს უკაწრავდა. შედეგი მოგვიანებით დადგა. რამდენიმე დღეში ნიკას ხელზე წყლულები აღმოაჩნდა. კიდევ რამდენიმე დღეში კი ინფექციის შეჭრის გამო საავადმყოფოში მოხვდა. თამაშის შედეგად მიღებული წყლულის შედეგი ნიკას ისევ ემჩნევა.
როგორც ნიკა ამბობს, ამ თამაშს სკოლაში აღარ თამაშობენ.
"მაფიოზობანა," "ქურდი ზონაში", "ნამიოკობანა"- ეს ის თამაშებია, რომელსაც დღეს სკოლებში დიდი შესვენების დროს ყველაზე ხშირად თამაშობენ ბავშვები.
"ძირითადი თამაშის დრო სკოლაში არის დიდი შესვენება. წლების დაკვირვების შედეგად სულ უფრო მაღელვებს, რომ ძალადობრივმა თამაშებმა იმატა. სულ მგონია, რომ ყოველ წელს კულმინაციას აღწევს. თუ ადრე უფრო მაღალ კლასებში ვლინებოდა ის, დღეს ეს ასაკიც შემცირებულია. მაქსიმალურად ვცდილობთ მენეჯმენტი ვაკონტროლოთ ბავშვის თავისუფალი დრო და ძალადობრივი თამაშები სხვა აქტივობებით ჩავანაცვლოთ, მაგრამ შეცდომები ჩვენც მოგვდის. გარდა ამისა, მხოლოდ სკოლა ამას ვერ შეძლებს. მაგალითად, თუ ბავშვს ძილი არ ჰყოფნის, ის უკვე აგრესიული მოდის სკოლაში და ნებისმიერი რამ შეიძლება მისი გამოხატული აგრესიის გამომწვევი გახდეს,"- ამბობს 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი.
"ზოგადად, ცივილიზაციის მიღწევებმა, მსოფლიო ომებმა, კატასტროფებმა, სოციალურ–ეკონომიკურ კრიზისმა და ა.შ. ამასთან, დაურეგულირებელმა მაუწყებლობამ, რომლითაც დიდი სიხშირით დემონსტრირდება ძალობრივი შემთხვევები, მატრავმირებელი ფაქტების დიდი რაოდენობა. შედეგად აგრესია, გადაუხარშავი ემოცია თავს იჩენს ბავშვის ცხოვრებაში და კარგად აისახება მისი თამაშის სტილზე, შინაარსზე. ბავშვს არ შუძლია უბრალოდ და მარტივად დაივიწყოს მიღებული და განცდილი ნეგატიური ინფორმაცია–სჭირდება შფოთვის გადამუშავება. ყველაზე მეტად ემოციური განცდები თამაშში ვლინდება, რომელიც ერთგვარად განმუხტვის საშუალებაც არის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მშობელი ყურადღებით იყოს, თვალყური მიადევნოს, რას თამაშობს მისი შვილი. ეს კი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ აგრესიული თამაშის შემთხვევაში მოზრდილის მხრიდან უხეში ჩარევა მოხდეს. თამაშს თავისი დინამიკა აქვს, მთავარია, შეძლებისდაგვარად, მისთვის პოზიტიური მიმართულების მიცემა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. ამას ემსახურება ასევე თამაშით თერაპია, რომელიც ორიენტირებულია პრობლემის მოგვარებაზე. თამაშით არის შესაძლებელი ბავშვების კონფლიქტების გადაჭრა,"- ამბობს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი–ფსიქოლოგი, ნინო ახალაია.
Комментариев нет:
Отправить комментарий