აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო სააგენტო DARPA-ს განცხადებით, წარმატებით დასრულდა მუშაობა, რომლის მიზანი იყო მინიატიურული თბოვიზორის შექმნა. ეს ხელსაწყო სამხედროებს ძალიან სჭირდებათ. ახლა მაღალი სიზუსტის დაკვირვების ინფრაწითელი ხელსაწყოს ზომა შეიძლება იყოს ისეთივე, როგორც ღამის ხილვის ჩვეულებრივი ხელსაწყოსი ან უფრო მცირეც კი.
თავდაცვის მენარდემ, კომპანია DRS Technologies, შეიმუშავა ინფრაწითელი კამერა სულ რაღაც 5 მიკრონის (მიკრონი მეტრზე მილიონჯერ ნაკლებია) პიქსელით. ეს დაახლოებით ჩვეულებრივი სმარტფონის ფოტოკამერის პიქსელის ტოლია და ბევრად ნაკლები, ვიდრე თანამედროვე თბოვიზორის მატრიცის პიქსელი. ამასთანავე, ახალ ინფრაწითელ კამერა-სენსორს ისეთივე გარჩევითობა აქვს, როგორც არსებულს, მაგრამ ის 6-ჯერ უფრო მცირეა, ამიტომ მისი წარმოება 36-ჯერ უფრო იაფი იქნება.
ამჟამინდელი თბოვიზორი ან ძალიან დიდი ზომისაა, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ მძიმე ტექნიკაზე ხერხდება, ანდა მცირე გარჩევითობა აქვს (320х240 პიქსელი), რაც საკმარისი არ არის სამხედრო გამოყენებისთვის, მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატის ბორტიდან. დღეს კი საჭიროა დაკვირვების ინდივიდუალური თბოვიზიური მოწყობილობა, თანაც იაფი და კომპაქტური, რათა შესაძლებელი იყოს ამ მოწყობილობით თითოეული ჯარისკაცის აღჭურვა.
ახალი მინიატიურული თბოვიზორი, შემუშვებული DRS Technologies-ის მიერ DARPA-ს დაკვეთით. თუ მსგავსი მოწყობილობის სერიული წარმოება დაიწყება, საქვეითო ჯარი პირველად აღიჭურვება სათვალე-თბოვიზორით.
თბოვიზიური სათვალე დიდ უპირატესობას იძლევა ბრძოლაში, ვინაიდან უზრუნველყოფს თბოკონტრასტული სამიზნის (მაგალითად, ადამიანისა ბუნების ფონზე) აღმოჩენას გაკვამლიანების პირობებშიც კი, ასევე ნებისმიერი განათების, თოვლისა თუ წვიმის დროს. თბოვიზიური სათვალით აღჭურვილი ჯარისკაცი შეძლებს მოქმედებას ნებისმიერ პირობებში, მაშინ როცა მისი მოწინააღმდეგე მსგავსი მოწყობილობის გარეშე სრულიად უძლური იქნება.
აქამდე ინფრაწითელი კამერა-მატრიცის პიქსელის ზომის შემცირება ვერ ხერხდებოდა, რამეთუ პიქსელის შემცირებისას მოწყობილობა ზედმეტად მგრძნობიარე ხდება შეფერხების მიმართ: „სანაგვე" ფრტონები „თრგუნავს" პიქსელთა დიდ ნაწილს, რის გამო გამოსახულება შეფერხების რუხი ხმაურით „ივსება".
DARPA არ განმარტავს, თუ როგორ მოხერხდა ამ პრობლემის გადაჭრა, მხოლოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შემცირდა პიქსელის ზომა და არა პიქსელის რაოდენობა მატრიცაზე. ტექნოლოგიის ყველა ის დეტალი, რომელიც სიგნალსა და ხმაურს შორის მიმართებას ეხება, ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება. მაგრამ DARPA-ს თქმით, კომპაქტური თბოვიზორი ისეთივე ხარისხიან გამოსახულებას იძლევა, როგორც უფრო მსხვილი ანალოგები.
Комментариев нет:
Отправить комментарий