среда, 28 августа 2013 г.

DARPA გეგმავს ჯარისკაცების აღჭურვას ციფრული ტექნოლოგიით


აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო სააგენტომ განაცხადა, რომ განზრახული აქვს ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომელიც კარდინალურად გააუმჯობესებს ქვეითი ჯარისკაცის სიტუაციურ ინფორმირებულობას. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ჯარისკაცის ინტეგრირებას ციფრულ ინფორმაციულ სისტემაში, რომელიც გადასცემს მას ბრძოლის ველის შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მაქსიმუმს – იმის ანალოგიურად, როგორც ეს კომპიუტერულ თამაშში ხდება.
ამჟამად ქვეითი ჯარი იყენებს მრავალ სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობას ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის მიზნით. მაგრამ ამჟამინდელი ფრაგმენტული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს სიტუაციურ ინფორმირებულობას რეალური დროის რეჟიმით. აუცილებელია, რომ მებრძოლს შეეძლოს სიტუაციის განვითარების განჭვრეტა და ეფექტურად რეაგირება იმ მუქარაზე, რომელსაც ის ამჟამად ვერ ხედავს.
პრაქტიკაში ეს დაახლოებით ასე იქნება: ჯარისკაცი გადაადგილდება რთულ საქალაქო გარემოში და გზაჯვარედინს ახლოვდება. მან არ იცის, რომ 100 მეტრის შემდეგ კუთხის უკან მას საფრთხე ემუქრება. დღეს მას მხოლოდ საკუთარი თვალების იმედი შეუძლია ჰქონდეს, ეს კი ნიშნავს სასიკვდილოდ საშიშ შეტაკებას მოკლე დისტანციაზე. ახალი სისტემა ყველაფერს გაამარტივებს: ქუჩის დასაზვერად ან გამოძახების საპასუხოდ გაიგზავნება ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მუდმივად იქნება საბრძოლო მოქმედებათა რეგიონში. უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩენს მოწინააღმდეგეს, გააფრთხილებს ჯარისკაცს და ავტომატურად გამოიძახებს რობოტს დაზვერვის და/ან ჩასაფრების განადგურების მიზნით. ამასთანავე, ჯარისკაცი მყისიერად, რეალური დროის რეჟიმით, დაინახავს მიზნების ნიშნულს, მოწინააღმდეგის შეიარაღებასა და მოძრაობის მიმართულებას. ამის წყალობით ის შეძლებს ხელსაყრელი პოზიციის დაკავებას ან სათანადოდ გადაადგილებას იერიშის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, რობოტი შეძლებს საეჭვო პირების ბიომეტრული მონაცემების შემოწმებას და ჯარისკაცის მონიტორზე ძებნილი პირების აღნიშვნას.
მსგავსი შესაძლებლობები ნიშნავს ქვეითი ჯარის უპირობო ტაქტიკური უპირატესობის უზრუნველყოფას. ამის ანალოგია დღეს არ არსებობს. ამასთანავე, როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ ამერიკული ჯარს ექნება გაბატონებული პოზიცია საჰაერო-კოსმოსურ სივრცეში, ვინაიდან სხვაგვარად გაფანტული, ციფრული ტექნოლოგიით აღჭურვილი ჯარისკაცთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთულია. ახალი ტაქტიკური საინფორმაციო სისტემის კომპონენტების შესაქმნელად DARPA-მ გამოაცხადა კონკურსი ინოვაციური ტექნოლოგიის შესაქმნელად შემდეგ სფეროებში: მებრძოლის ჯანმრთელობისა და ბრძოლისუნარიანობის სტატუსის გაზომვა; ავტომატური სანავიგაციო სისტემები GPS-სა და ისეთი სხვა ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც ნავიგაციის თანამგზავრული სიგნალის არარსებობის პირობებში მუშაობს; დაზვერვის არაოპტიკური ტექნოლოგია და განაწილებული სენსორული ქსელი; ქსელური კომუნიკაცია; ინფორმაციის სინთეზი და მიწოდება ბრძოლის ველზე.
მოწყობილობის პარამეტრები – წონა, ენერგომომარაგება, ზომა – ჯარისკაცისა და ტექნიკის შესაძლებლობების შესაბამისი უნდა იყოს. სავალდებულო მოთხოვნაა მუშაობა რეალური დროის რეჟიმით.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий