среда, 21 августа 2013 г.

თავისუფლების ისტორია ქრისტიანულ ხანაში





ქრისტიანობა და დემოკრატია
ბრიჯნორსის ინსტიტუტის წევრების წინაშე
1899 წლის 22 მაისს წარმოთქმული სიტყვა
ლორდი აქტონი
„ძლაუფლება ხრწნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად ხრწნის“, - ეს გამოთქმა ლიბერალური მიმართულების ერთ-ერთ საინტერესო და თავისებურ მოაზროვნეს, ინგლისელ ისტორიკოსს ჯონ აქტონს ეკუთვნის.
ჯონ ემერიჰ ედვარდ დალბერგი, ლორდი აქტონი (1834-1902) ნეაპოლში, სამშობლოდან კონფესიური მოსაზრებებით გადასახლებული კათოლიკე ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. აქტონმა განათლება მიუნხენში მიიღო და ინგლისში მისიონერული მოღვაწეობისთვის დაბრუნდა. იგი ქვეყანაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის პრესტიჟის ამაღლებასა და ინგლისში ლიბერალური განახლების ხელშეწყობას ესწრაფვოდა. ამავე დროს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება. 1859 წელს ის პარლამენტის წევრად აირჩიეს ლიბერალური პარტიიდან, 1969 წელს კი ინგლისის პერი გახდა.
აქტონს სამართლიანად მიიჩნევენ პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიკოსად, თუმცა მას არც თავისი სკოლა დაუარსებია და ერთი წიგნიც კი არ დაუწერია. მისი მთავარი ნაშრომი „თავისუფლების ისტორია“ დაუსრულებელი დარჩა. აქტონის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს მრავალრიცხოვან რეცენზიებს, სტატიება და ესეებს. მათგან მოგვიანებით რამდენიმე კრებული შედგა. და მაინც, თანამედროვე მეცნიერ-ჰუმანისტთა შორის იგი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. „English Historical Review”-ის პირველი რედაქტორი აქტონს წერდა: „თქვენს მოსმენას ყოველი ჩვენგანი უნდა ესწრაფვოდეს“. 1895 წელს აქტონი გახდა პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტისა, რომლის სტუდენტობაც არ ეღირსა რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობის გამო. კემბრიჯში აქტონმა ისტორიის მრავალტომიანი გამოკვლევის გეგმა შეიმუშავა (დღეს ცნობილია „Cambridge Modem History”-ის სახელწოდებით). ამ გამოცემის პირველმა ტომმა, რომელიც აქტონის უშუალო მონაწილეობით იქნა შედგენილი, 1902 წელს იხილა დღის სინათლე.
აქტონის შეხედულებებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ახალი დროის სულიერ მოძრაობაში. ზოგიერთი მას ლიბერალიზმის ერთ-ერთ წამყვან იდეოლოგიად მიიჩნევს, სხვები - ლიბერალური საუკუნის უდიდეს „არალიბერალ“ მოაზროვნედ. სინამდვილეში ის არც ერთი იყო და არც მეორე. აქტონი, როგორც მართლმორწმუნე კათოლიკე, ლიბერალიზმის, კატოლიციზმისა და თავისუფლების იდეის საღვთო გამოცხადებასთან შერიგებას ცდილობდა. შედეგად, თავისუფლების, პროგრესის, ზნეობრიობის ცნებასთან დაკავშირებით მან ორიგინალური შეხედულება გამოიმუშავა. მართალია, აქტონის კონცეფცია ლიბერალური ტრადიციის საზღვრებში რჩება, მაგრამ ის მაინც არ მიეკუთვნება კლასიკურ ლიბერალიზმის წარმომადგენელთა რიგს. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს აქტონისადმი თანამედროვე მკვლევართა ინტერესს.
როცა კონსტანტინე დიდმა იმპერიის სატახტო რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ახალი დედაქალაქის ბაზრის მოედანზე ეგვიპტიდან ტივითა და ძელებით ჩამოტანილი პორფირის სვეტი აღმართა. სწორედ მის უცნაურ ამბავს მოგითხრობთ. ქვემოთ, თაღოვან აკლდამაში მან რომის სახელმწიფოს შვიდი წმინდა ემბლემა დაფლა, რომლებსაც ვესტას ტაძარში შვიდი ქალწული ჩაუქრობელ ცეცხლთან ერთად ცეკვავდა. ქიმზე საკუთარი თავის განმასახიერებელი აპოლონის ქანდაკება აღმართა და მას ჯვრის ფრაგმენტი დაურთო. იგი სხვების დიადემით დააგვირგვინა, რომელიც ჯვარცმის დროს გამოყენებული ლურსმნებისგან შედგებოდა. კონსტანტინეს დედის რწმენით, ეს ლურსმნები იერუსალიმში იქნა აღმოჩენილი.
სვეტი - (რწმენაზე) მოქცეული იმპერიისგან შემორჩენილი ყველაზე შესანიშნავი ძეგლი ისევ აღმართულია. თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც, ქრისტეს სხეულის განმსჭვალველი ლურსმნები წარმართული კერპის შესაფერის სამკაულად იქცა, როგორც კი ცოცხალი იმპერატორის სახელით იწოდა, კონსტანტინეს საიმპერიო წყობილებაში ქრისტიანობისადმი ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას წარმოაჩენს. რომაული მმართველობის აღმოსავლური ტიპის დესპოტიზმად გარდაქმნის დიოკლეტიანესეულმა ძალისხმევამ ქრისტიანების უკანასკნელი და ყველაზე სერიოზული დევნა გამოიწვია. კონსტანტინემ მათი სარწმუნოების მიღებით, წინამორბედის პოლიტიკური სქემის უარყოფისა და თვითმპყრობელური ძალაუფლების ხიბლზე უარის თქმის გარეშე, ტახტის იმ რელიგიის მხარდაჭერით გაძლიერება განიზრახა, რომელმაც მსოფლიო განაცვიფრა თავისი წინააღმდეგობის უნარით. ამ მხარდაჭერის აბსოლუტურად და დაუბრკოლებლად მოპოვების მიზნით ხელისუფლების სატახტო აღმოსავლეთში - თავის ქალაქში გადაიტანა.
ის არავინ გააფრთხილა, რომ ქრისტიანული რელიგიის მხარდაჭერით ცალ ხელს იბორკავდა და კეისრების პრეროგატივას თმობდა. ეკლესიის თავისუფლებისა და უზენაესობის აღიარებული ავტორი მისი ერთობის დამცველადაც მოიაზრეს. მან იტვირთა ვალდებულება, აღიარა სარწმუნოება. ქრისტიანთა შორის გამოკვეთილმა განსხვავებებმა მის მიმდევრებს ამ მფარველობის გაფართოებისა და იმპერიული მოთხოვნების ან რესურსების ყოველგვარი შემცირების თავიდან აცილების უამრავი შესაძლებლობა მიანიჭა.
კონსტანტინემ საკუთარი ნება ეკლესიის რჯულის თანასწორად გამოაცხადა. იუსტინიანეს კანონმდებლობის თანახმად, რომაელმა ხალხმა სრული ძალაუფლება ოფიციალურად გადასცა იმპერატორებს. ამიტომ ბრძანებით ან წერილით გამოხატული იმპერატორის სურვილს კანონის ძალა გააჩნდა. (რწმენაზე) მოქცევის მშფოთვარე საუკუნეშიც კი იმპერია თავის რაფინირებულ ცივილიზაციას - ძველი ბერძნების აკუმულირებულ სიბრძნეს, რომაული კანონის მოქნილობას და ებრაული, წარმართული და ქრისტიანული სამყაროს მთელ მემკვიდრეობას ეკლესიაზე ზემოქმედებისთვის იყენებდა, რათა მას აბსოლუტიზმის მოოქროვილი ყავარჯნის როლი შეესრულებინა. ანტიკურობის გამოუსწორებელი ტრადიციის წინააღმდეგ უსარგებლო იყო ნათელმოსილი ფილოსოფიაც, რომის მთელი პოლიტიკური სიბრძნეც და ქრისტიანობის რწმენა-მადლიც. აზროვნებისა და გამოცდილების ყველა ნიჭის გარდა საჭირო იყო რაღაც - ერის ქსოვილში ენის მსგავსად განვითარებული და ზრდასთან ერთად გაძლიერებული თვითმმართვისა და თვითკონტროლის უნარი. ეს სასიცოცხლო ელემენტი, რომელიც ჯერაც ძველი ცივილიზაციის სიდიადით მოსილ ქვეყანაში ომის, ანარქიისა და დევნის მრავალმა საუკუნემ ჩაკლა, ქრისტიანობის ნიადაგზე დაამყნო მიგრაციის იმ გამანოყიერებელმა ნაკადმა, რომელმაც დასავლეთის იმპერია დაამხო.
თავიანთი ძლევამოსილების მწვერვალზე რომაელებმა გაიცნეს ადამიანთა მოდგმა, რომელმაც თავისუფლების შენარჩუნება მონარქიის პირობებშიც შეძლო. იმპერიის ყველაზე გამოჩენილმა მწერალმა მათთან დაკავშირებით დაბნეული და მწარე გრძნობით აღნიშნა, რომ მსოფლიოს მომავალი ამ ბარბაროსების დესპოტიზმით ჯერ კიდევ დაუთრგუნავ ინსტიტუციებს ეკუთვნოდა. მათი მეფეები (როცა მათ მეფეები ჰყავდათ) არ თავმჯდომარეობდნენ საბჭოს. მათ ხან ირჩევდნენ, ხან ამხობდნენ. ისინი ფიცს დებდნენ, რომ საერთო ნებას დამორჩილებოდნენ. ეს პრიმიტიული რესპუბლიკანიზმი, რომელიც მონარქიას შემთხვევით მოვლენად განიხილავს და მტკიცედ იცავს ყველა თავისუფალი ადამიანის - ყველა უფლებამინიჭებულ ხელისუფლებაზე აღმატებული უფლებამოსილი ხელისუფლის - კოლექტიურ უზენაესობას, საპარლამენტო მმართველობის ადრეულ ჩანასახს წარმოადგენს. სახელმწიფოს მოქმედება ვიწრო შეზღუდვებით ფერხდებოდა. მაგრამ მეფე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, თავისი მდგომარეობის გარდა, გარშემორტყმული იყო პიროვნული და პოლიტიკური ძაფებით დაკავშირებული მიმდევრებით. ისინი მის უშუალო ქვეშევრდომებს, წესებისადმი დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობას იმაზე მეტად როდი იწყნარებდნენ, ვიდრე ცოლები, ბავშვები ან მეომრები. შესაძლოა, ადამიანს საკუთარი მამა მოეკლა, თუკი ამას ბელადი მოითხოვდა. ამრიგად, ეს ტევტონური გაერთიანებები მმართველობის დამოუკიდებლობას უშვებდა. ეს საზოგადოებას დაშლითა და თავისუფლებისვის სახიფათო ადამიანებზე დაქვემდებარებით ემუქრებოდა. ეს ხელსაყრელი სისტემა იყო კორპორაციებისთვის, რომლებიც ინდივიდის არანაირ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდნენ. სახელმწიფო არ აპირებდა თავისი ქვეშევრდომების ჩაგვრას და არც მათი დაცვა შეეძლო.
რომის მიერ ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ტევტონური მიგრაციის შედეგი ევროპის რამდენიმე საუკუნით უკან დახევა გახლდათ. ეს მდგომარეობა მცირედით თუ სჯობდა იმას, რომლისგანაც სოლონის დადგენილებებმა ათენი იხსნა. მაშინ, როდესაც ბერძნები უფრთხილდებოდნენ ლიტერატურას, ხელოვნებას, ანტიკურ მეცნიერებას, ადრექრისტიანობის ყველა წმინდა ძეგლს (რომელთა სრულყოფილების შესახებ ჩვენამდე მოღწეული დანაწევრებული ფრაგმენტები არავითარ შესაბამის იდეას არ აღძრავს) და ბულგარელმა გლეხებმაც კი ახალი აღთქმა ზეპირად იცოდნენ, დასავლეთ ევროპა ისეთ მოძღვართა ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა, რომელთაგან ყველაზე გონიერი საკუთარ სახელს ვერ წერდნენ. 500 წლის მანძილზე ზუსტი აზროვნებისა და გულდასმით დაკვირვების უნარი დაქვეითდა. საზოგადოებისთვის ყველაზე აუცილებელი მეცნიერებებიც კი - მედიცინა და გეომეტრია - დაცემის გზაზე იდგა, მანამდე, სანამ დასავლეთის მოძღვარნი არაბ მასწავლებელთა სკოლას არ ეზიარნენ. ქაოტური დაღუპვისგან თავის დასაღწევად, ახალი ცივილიზაციის ფეხზე დასაყენებლად, მტრული და არათანასწორი რასების ერში შემოსაკრებად თავისუფლების ნაცვლად ძალადობას ესწრაფოდნენ. საუკუნეების მანძილზე მთელი პროგრესი დაკავშირებულია ისეთი ადამიანების მოღვაწეობასთან, როგორებიც იყვნენ: კლოვისი, შარლემან (კარლოს დიდი) და უილიამ ნორმანელი. ისინი სიმტკიცით, შეუვალობითა და მორჩილებისთვის მზადყოფნით გამოირჩეოდნენ.
0x01 graphic
უხსოვარი წარმართობის სული, რომელიც ძველ საზოგადოებას ასაზრდოებდა, ვერ განიდევნებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალაუფლების გარეშე. ამ ერთიანობის აუცილებლობის შეგრძნებამ ბიზანტიური დესპოტიზმი წარმოშვა. იმპერიის სასულიერო პირები, რომლებსაც საკუთარ საზღვრებს მიღმა ქრისტიანობის განვითარება ვერ წარმოედგინათ, ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო კი არ არის ეკლესიაში, არამედ ეკლესია - სახელმწიფოში. ეს დოქტრინა ახალი ჩამოყალიბებული იყო, როცა დასავლეთ იმპერიის უეცარმა კოლაფსმა უფრო ფართო ჰორიზონტი გადაშალა. ამ დროს მარსელის მღვდელმა სალვანიუსმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ფასეულობები, რომელთაც ცივილიზებულ რომაელთა შორის განადგურება ემუქრებოდა, უფრო მეტი სიწმინდითა და პერსპექტივით წარმართ დამპყრობლებში არსებობდა. ისინი ადვილად და სწრაფად მოექცნენ რწმენაზე, რაც უმთავრესად მათი მეფეების არჩევანმა განაპირობა. ქრისტიანობა თავიდანვე მასებს დაუკავშირდა და თავისუფლების პრინციპს დაეფუძნა. მაგრამ ახლა მმართველთა მისაზიდად მოქმედებდა და თავისი მძლავრი გავლენა ხელისუფლების პინაზე შეაგდო. ბარბაროსებს არც წიგნები ჰქონდათ, არც საერო ცოდნას ფლობდნენ და არც განათლებას, თუ არ ჩავთვლით სამღვდელო სკოლებში სწავლას. მათ გაჭირვებით შეითვისეს რელიგიური სწავლების საფუძვლები. ამიტომ ბავშვური ერთგულებით მიენდნენ მათ, ვისი გონებაც წმინდა წერილის, ციცერონისა და წმ. ავგუსტინეს ცოდნით იყო აღჭურვილი. მათი იდეების მწირ სამყაროში ეკლესია თავიანთ ახლადდაარსებულ სახელმწიფოებთან შედარებით უსასრულოდ ყოვლისმომცველ, ძლიერ, უფრო წმინდა მოვლენას წარმოადგენდა. სამღვდელოება ახალ მმართველობებს ორიენტირებს უსახავდა. იგი განთავისუფლდა დაბეგვრისგან, სამოქალაქო მსაჯულის იურისდიქციისა და პოლიტიკური ადმინისტრატორისგან. მათი სწავლებით, ძალაუფლება არჩევნებით უნდა გადაცემულიყო. ტოლედოს საბჭოებმა ესპანეთის საპარლამენტო სისტემის მონახაზი წარმოადგინეს. იგი, ხანგრძლივი ინტერვალით, უძველესია მსოფლიოში. გოთების მონარქია ესპანეთში და საქსონებისა ინგლისში, რომლის დროსაც დიდგვაროვნები და პრელატები ტახტის გარშემო თავისუფალი ინსტიტუციების სახით იყვნენ შემოკრებილნი, აღმოიფხვრა. ამ დროს დაწინაურდა ფრანკი ხალხი, რომელმაც ყველა სხვა ტომი დაჩრდილა. მათ არ ჰყავდათ ეროვნული არისტოკრატია, რომლის გვირგვინის მემკვიდრეობითობის კანონი 1000 წლის მანძილზე ურყევი ცრურწმენის დადგენილ მიზნად იქცა. ამის გამო ფეოდალური სისტემა უკიდურესობისკენ გადაიხარა.
ფეოდალიზმმა ყველაფრის საზომად და განმსაზღვრელად მამული აქცია. ადამიანებს მიწის მოსავლის გარდა შემოსავლის სხვა წყარო არ ჰქონდათ. ამიტომ შიმშილით სიკვდილისგან თავის დასაღწევად მემამულეზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ასე რომ, მისი (მემამულის) ძალაუფლება ქვეშევრდომის თავისუფლებასა და სახელმწიფო ხელისუფლებაზე აღზევებული გახდა. ფრანგული ანდაზის თანახმად, ყოველი ბარონი საკუთარ სამფლობელოში მბრძანებელი იყო. დასავლეთის ერები ადგილობრივ მსხვილ მემამულეთა და აბსოლუტურ მონარქთა მოქიშპე ტირანიებს შორის მოექცნენ. ამ დროს სცენაზე გამოვიდა ძალა, რომელმაც ერთხანს (ვასალისა და მისი ბატონის მსგავსად) უპირატესობა მოიპოვა.
დაპყრობისას ნორმანებმა ინგლისის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს. ამ დროს საქსონებთან, გოთებთან და ფრანკებთან ერთად გერმანიის ტყეებიდან გამოსულმა უხეშმა ინსტიტუციებმა რღვევა განიცადა. სახალხო მმართველობის ახალი ელემენტი, რომელსაც მოგვიანებით ქალაქების აღმოცენებამ და საშუალო კლასის ჩამოყალიბებამ გაუმაგრა ზურგი, ჯერ კიდევ უმოქმედო იყო. ერთადერთი ძალა, რომელსაც ფეოდალური იერარქიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, საეკლესიო იერარქია გახლდათ. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როცა ფეოდალიზმის პროგრესი ეკლესიის დამოუკიდებლობას დაემუიქრა და პრელატები მეფეებზე პიროვნული დამოკიდებულების ფორმას დაექვემდებარნენ. ეს, გარკვეულწილად ტევტონური სახელმწიფოსთვის იყო დამახასიათებელი.
სამოქალაქო თავისუფლების აღმოცენებას სწორედ ამ ოთხასწლიან კინფლიქტს ვუმადლით. ეკლესიას რომ მის მიერ ცხებული მეფეების ტახტის მხარდაჭერა გაეგრძელებინა, ან ბრძოლა მისი სრული გამარჯვებით სწრაფად დასრულებულიყო, მთელი ევროპა ბიზანტიური ან მოსკოვური დესპოტიზმის ფერხთით განერთხმოდა. ორივე მოქიშპე პარტიის მიზანს აბსოლუტური ძალაუფლება წარმოადგენდა. თავისუფლება მათი ბრძოლის მიზანი კი არა, საშუალება იყო, რომლითაც საერო და სასულიერო ხელისუფლება ხალხებს დასახმარებლად მოუწოდებდა. იტალიისა და გერმანიის ქალაქებმა ხმის უფლება მოიპოვეს, საფრანგეთმა თავისი სახელმწიფოები მიიღო, ინგლისმა კი - პარლამენტი ბრძოლის გარდამავალი ეტაპის გარეშე. ამ ხნის განმავლობაში თავიდან იქნა აცილებული „საღვთო უფლების“ აღმოცენება. არსებული განწყობილება გვირგვინს განიხილავდა წოდებად, რომელიც მისი მფლობელი ოჯახის წიაღში უძრავი ქონების კანონის შესაბამისად გადადიოდა. რელიგიის, განსაკუთრებით პაპობის ავტორიტეტი დაკნინდა, რადგან ის მეფეების შეუვალ ტიტულს უარყოფდა. საფრანგეთში ე.წ. გალური თეორია ამტკიცებდა, რომ მმართველი სახლი კანონზე მაღლა იდგა. ამიტომ, სანამ წმ. ლუის სამეფო სისხლის მქონე პრინცები იარსებებდნენ, გვირგვინი არ უნდა წართმეოდა ამ სახლს. სხვა ქვეყნებში ერთგულების ფიცი პირობით ხასიათს ატარებდა და მისი დაცვა მხოლოდ კარგი ქცევის პირობებში იყო სავალდებულო. ეს შეესაბამებოდა საჯარო კანონს, რომლის წინაშეც ყველა მონარქი ქვეშევრდომად რჩებოდა. ამგვარად, მეფე ჯონი ბარონების წინაარმდეგ აჯანყებასი დაადანაშაულეს. ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც ედუარდ მესამე ისევ ტახტზე დასვეს, რომლიდანაც მამამისი ჩამოაგდეს, დაიმოწმეს გამონათქვამი: ხმა ერისა, ხმა ღვთისა. ხალხის „საღვთო უფლების დოქტრინამ, დაედგინა და დაემხო მთავრები, რელიგიის სანქციის მიღების შემდეგ ფართო გასაქანი მოიპოვა. იგი საკმაოდ ძლიერი იყო, როგორც ეკლესიასთან, ისე მეფესთან დასაპირისპირებლად. ბრიუსისა და პლანტაჯენეტის სახლებს შორის შოტლანდიისა და ირლანდიის დაუფლებისთვის გაჩაღებული ბრძოლის დროს ინგლისურ მოთხოვნას რომის დაგმობამ გაუმაგრა ზურგი. მაგრამ ის ირლანდიელებმა და შოტლანდიელებმა უარყვეს. მიმართვა, რომელშიც შოტლანდიურმა პარლამენტმა პაპს საკუთარი რეზოლუცია გაცნო, წარმოაჩენს, თუ რამდენად მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები სახალხო დოქტრინას. რობერტ ბრიუსთან დაკავშირებით ნათქვამია: „ჩვენს მეფედ ის საღვთო განგებამ, ქვეყნის კანონებმა და ჩვეულებებმა, რომლებსაც სიკვდილამდე დავიცავთ, და ხალხის არჩევანმა აქცია. თუ ოდესმე თავის პრინციპებს უღალატებს და დასთანხმდება, რომ ინგლისის მეფის ქვეშევრდომები გახდეთ, მტევრით მოვეპყრობით, როგორც ჩვენ და საკუთარი უფლებების გამთელავს, და მის ნაცვლად სხვას ავირჩევთ. ვზრუნავთ არა დიდებისთვის, ან სიმდიდრისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, რომელსაც არც ერთი ნამდვილი მამაკაცი არ დათმობს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. სამეფო ხელისუფლებისადმი ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივი იყო ადამიანებისთვის, რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ მმართველებთან მუდმივ ბრძოლაში მათთვის ყველაზე პატივცემული პიროვნებების ხილვას. გრიგოლ მეშვიდემ სამოქალაქო ხელისუფლების უგულვებელყოფა დაიწყო, როცა ის ეშმაკის მოგონილად გამოაცხადა. მისსავე პერიოდში ორივე პარტია ხალხის სუვერენობის აღიარებამდე მივიდა. მას მიმართავდნენ, როგორც ძალაუფლების უშუალო წყაროს.
ამ პოლიტიკურმა თეორიამ ორი საუკუნის შემდეგ ეკლესიის პარტია გელფებსა და იმპერიალისტ გიბელინებში სიცხადე და ძალა შეიძინა. აი ყველაზე სახელგანთქმული გელფი მწერლის შეხედულებები: „მეფე, რომელიც ორგულია თავისი მოვალეობისა, მორჩილების მოთხოვნის უფლებას კარგავს. მისი გადაყენება არ ნიშნავს აჯანყებას, რადგან ის თვითონ არის მოჯანყე და ერს მისი ჩამოგდების უფლება აქვს. მაგრამ უკეთესია, შეიზღუდოს მისი ძალაუფლება, რათა უძლური აღმოჩნდეს მის შესალახად. ამ მიზნით მთელი ერი თვითონ უნდა მონაწილეობდეს მართვაში. კონსტიტუციამ შეზღუდული და არჩევითი მონარქია, ღირსების არისტოკრატიასთან ერთად, დემოკრატიის ისეთ ნაზავთან უნდა გააერთიანოს, რომ თანამდებობაზე ყველა კლასი დაუშვას სახალხო არჩევნების გზით. არც ერთ მმართველობას არ აქვს უფლება, რომ გადასახადები ხალხის მიერ დადგენილ ზღვარზე ზევით ამოიღოს. ყველა პოლიტიკური ხელისუფლება ხალხის საარჩევნო უფლებას ემყარება. ამიტომ ყველა კანონი ხალხმა ან მისმა წარმომადგენლებმა უნდა შექმნან. არანაირი უსაფრთხოება არ არსებობს ჩვენთვის, სანამ მეორე ადამიანის ნებაზე ვართ დამოკიდებულნი“. ეს შეხედულება რევოლუციის ვიგისეული თეორიის ყველაზე ადრეული გადმოცემაა. იგი თომა აქვინელის შრომებიდანაა აღებული, რომელიც, ლორდ ბეკონის აზრით, სქოლასტი სასულიერო პირებიდან ყველაზე დიდსულოვანი იყო. შესაფერისი დროა, გავაანალიზოთ ის, რაც მან სწორედ სიმონ დე მონფორის მიერ თემთა პალატის მოწვევის დროს დაწერა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლიტანელი ბერის პოლიტიკური შეხედულებები საუკუნეებით წინ უსწრებს ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწეების პოლიტიკურ შეხედულებებს.
0x01 graphic
ბატალია. გრიუნენვალდი
გიბელინის პარტიის ყველაზე გამოჩენილი მწერალი მარსილიუს პადუელი იყო. მისი აზრით, „კანონები თავის ძალას ერისგან იძენს და მისი თანხმობის გარეშე ძალადაკარგულია. რაკი მთალი ნებისმიერ ნაწილზე დიდია, შეცდომაა, რომ რომელიმე ნაწილმა მთელის ნაცვლად დაადგინოს კანონები. რაკი ადამიანები თანასწორნი არიან, შეცდომაა, რომ ერთი მათგანი მეორის მიერ მიღებული კანონებით შეიძღუდოს. მაგრამ იმ კანონების მორჩილებით, რომელსაც ყველა ადამიანი ეთანხმება, ისინი რეალურად თვითონ მმართველობენ. კანონმდებლობით დადგენილი მონარქი მისი (კანონმდებლის) ნების აღსასრულებლად უნდა აღიჭურვოს ძალაუფლებით, რომელიც საკმარისი იქნება ინდივიდის იძულებისთვის, მაგრამ - არასაკმარისი ხალხის უმრავლესობის გასაკონტროლებლად. იგი პასუხისმგებელია ერის წინაშე და ექვემდებარება კანონს. ერმა, მას რომ ადგენს და მოვალეობებს ანიჭებს, თვალყური უნდა ადევნოს, ემორჩილება თუ არა კონსტიტუციას; თუკი მას დაარღვევს, ხალხმა უნდა გადააყენოს. მოქალაქეთა უფლებები არაა დამოკიდებული რწმენაზე, რომელსაც ისინი აღიარებენ. ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს თავისი რელიგიის გამო.“ ეს მწერალი, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, ლოკზე და მონტესკიეზე შორს იხედებოდა, ედუარდ მესამის მეფობის დროს, 550 წლის წინ ცხოვრობდა. იგი ერის სუვერენობასთან, წარმომადგენლობით მმართველობასთან, საკანონმდებლო ხელისუფლების აღმასრულებელზე უპირატესობასა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებით მტკიცედ იცავდა იმ პრინციპებს, რომლებსაც გავლენა უნდა მოეხდინათ თანამედროვე მსოფლიოზე, აღსანიშნავია, რომ ეს ორი მწერალი იმდენ ფუნდამენტურ საკითხზე უნდა შეთანხმებულიყო, რამდენიც დავის საგნად იყო ქცეული. ისინი მტრულ სკოლებს მიეკუთვნებოდნენ და ერთს მეორე შეეძლო სიკვდილის ღირსადაც მიეჩნია. წმ. თომა პაპობის კონტროლს დაუქვემდებარებდა ყველა ქრისტიანულ მმართველობას. მარსილიუსი სამღვდელოებას მიწის კანონს დაუმორჩილებდა და შეზღუდვებს დაუწესებდა როგორც ქონებრივად, ისე რაოდენობრივად. როცა დიდი დებატი გაგრძელდა, ბევრი საკითხი თანდათანობით გაირკვა და მტკიცე რწმენაში გადაიზარდა. ეს აზრები მხოლოდ თანამედროვეთა დონეს აღმატებული წინასწარმეტყველური გონების ნაყოფს როდი წარმოადგენდა. მათ გარკვეული თვალსაზრისით, პრაქტიკული სამყარო უნდა მოეცვათ. ბარონების ძველი მმართველობა საფუძვლიანად შეირყა. ჯვაროსნების მიერ აღმოსავლეთის გათავისუფლებამ დიდი სტიმული მისცა მრეწველობას. დაიწყო სოფლიდან ქალაქში მიგრაცია. ფეოდალური მექანიზმი ქალაქურ მმართველობას ვერ ჰგუობდა. ადამიანებმა მიწისმფლობელთა კლასის კეთილი ნებისგან დამოუკიდებლად საარსებო საშუალების გამომუშავების გზას მიაგნეს და მემამულემ თავისი მნიშვნელობა დაკარგა. გავლენა მოძრავი ქონების მფლობელებმა მოიპოვეს. ქალაქელებმა არა მარტო გაითავისუფლეს თავი პრელატებისა და ბარონების კონტროლისაგან, არამედ საკუთარი კლასისა და ინტერესისთვის სახელმწიფო ძალაუფლების მოპოვებასაც შეეცადნენ.
მეთოთხმეტე საუკუნე აღსავსე იყო დემოკრატიასა და რაინდობას შორის მიმდინარე ბრძოლასთან დაკავშირებული მღელვარებით. იტალიური ქალაქები, უპირატესად გონებითა და ცივილიზაციით, გზას იკვლევდნენ იდეალური და ძირითადად არაპრაქტიკული ტიპის დემოკრატიული კონსტიტუციებით. შვეიცარიამ ავსტრიის უღელი მოიშორა. რაინის ველის გასწვრივ და გერმანიის გულის გადაკვეთაზე თავისუფალი ქალაქების ორი გრძელი ჯაჭვი წარმოიშვა. პარიზის მოქალაქეებმა გარდაქმნეს სახელმწიფო და საფრანგეთის სამართავად ექსპერიმენტების საზარელ პრაქტიკას ჩაუყარეს საფუძველი. კონტინენტური ევროპის ქვეყნებიდან მუნიციპალური უფლებების ყველაზე საღი და მძლავრი ზრდა ბელგიაში შეინიშნებოდა. ეს ქვეყანა უხსოვარი დროიდან თვითმმართველობის პრინციპებისადმი ყველაზე შეუპოვერი ერთგულებით გამოირჩევა. ისეთი უსაზღვრო იყო ფლამანდიურ ქალაქებში კონცენტრირებული რესურსები, ისე ფართოდ გაიშალა დემოკრატიის მოძრაობა, რომ დიდხანს საეჭვო რჩებოდა, ახალ ინტერესს არ ემძლავრა და შეიარაღებული არისტოკრატიის ზეგავლენა მოვაჭრე ადამიანების სიმდიდრესა და გონებას არ გადასცემოდა.
ამ თვალსაზრისით, რიენცომ, მარსელმა, არტეველდმა და იმდროინდელი უმწიფარი დემოკრატიის სხვა დამცველებმა ამაოდ იცხოვრეს და დაიხოცნენ. საშუალო კლასის დაწინაურებამ დაბალი ფენის ტანჯული ღარიბების გაღიზიანება, ვნებები და მისწრაფებები გამოააშკარავა. საფრანგეთსა და ინგლისში მომხდარმა სასტიკმა აჯანყებებმა ძალაუფლების გადახალისება საუკუნეების მანძილზე შეაფერხა. დემოკრატიის ნაკვალევზე სოციალური რევოლუციის წითელი სპექტრი აღმოცენდა. გენტის შეიარარებული მოქალაქეები ფრანგულმა რაინდობამ გაანადგურა. კლასების პოზიციებში მომხდარი ცვლილებების (რომელმაც ადამიანების გონება აღაშფოთა) ნაყოფი მხოლოდ მონარქიამ მოიწია.
საუკუნეების ათასწლიანი პერიოდის მიმოხილვისას ინსტიტუციათა სრულყოფის თუ არა, პოლიტიკური ჭეშმარიტების შემეცნების თვალსაზრისით გაწეული სამუშაოს შეფასება წარმომადგენლობით მმართველობასთანაა დაკავშირებული. იგი უცნობი იყო ძველებისთვის და თითქმის უნივერსალურ ფორმას წარმოადგენდა. არჩევნების მეთოდი დასახვეწი იყო. პრინციპი, რომლის მიხედვითაც გადამხდელი კლასის თანხმობის გარეშე ყველა გადასახადი უკანონოა, ნიშნავს, რომ ბეგარა განუყოფელია წარმომადგენლობისგან. ეს პრინციპი აღიარებული იქნა არა რომელიმე ქვეყნის პრივილეგიად, არამედ ყველას უფლებად. ფილიპ დე კომინის თქმით, მსოფლიოში არც ერთ მთავარს ხალხის ნების გარეშე პენის ამოღებაც კი არ შეუძლია. მონობა თითქმის ყველგან აღმოიფხვრა. აბსოლუტური ძალაუფლება მონობაზე უფრო შეუწყნარებლად და დანაშაულებრივად მიიჩნიეს. აჯანყების უფლება არა თუ დაუშვეს, არამედ დააკანონეს, როგორც რელიგიის მიერ სანქცირებული მოვალეობა. უკვე ცნობილი იყო Habeas Corpus Act-ის პრინციპები და საშემოსავლო გადასახადის მეთოდიც კი. ძველმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა შედეგად მონობაზე დაფუძნებული აბსოლუტური სახელმწიფო წარმოშვა. შუასაუკუნეების პოლიტიკურ პროდუქტად იქცა სახელმწიფოს სისტემა, რომელშიც ძალაუფლება შეიზღუდა ძლიერი კლასების წარმომადგენლობით, პრივილეგირებული ასოციაციებით და ხალხის მიერ დანიშნულ ადამიანებზე მოვალეობის უზენაესობის აღიარებით.
იმის პრაქტიკულად განსახორციელებლად, რაც სიკეთედ იქნა მიჩნეული, ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. თუმცა პრინციპთან დაკავშირებული დიდი პრობლემები გადაიჭრა. მივდივართ კითხვამდე: როგორ განკარგა მეთექვსმეტე საუკუნემ შუასაუკუნეების მიერ დაუნჯებული განძი? დროის ყველაზე თვალშისაცემი ნიშანი დიდხანს გაბატონებული რელიგიური გავლენის შესუსტება იყო. ბეჭდვის გამოგონებიდან 60 წელი იყო გასული და ბერძნული ახალი აღქმის ბეჭდვის დაწყებამდე ევროპული გამომცემლობებიდან 30 000 წიგნი გამოვიდა. იმ დროს ყველა სახელმწიფომ თავისი ზრუნვის უმთავრეს საგნად რწმენის ერთიანობა აქცია, აღმოჩნდა, რომ ადამიანის უფლებები და მათ მიმართ მეზობლებისა და მმართველების ვალდებულებები რელიგიის მიხედვით სხვაობდა. საზოგადოებამ იგივე მოვალეობები, რომელიც ორთოდოქსი ქრისტიანების მიმართ აღიარა, უარყო თურქთან ან იუდეველთან, წარმართთან ან ერეტიკოსთან, ან ეშმაკის თაყვანისმცემელთან მიმართებაში. რელიგიის ზეგავლენა შესუსტდა და ეკლესიის მტრებთან განსხვავებულ (გამონაკლის) პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობის ეს პრივილლეგია სახელმწიფომ საკუთარი სარგებლობისთვის მოითხოვა. იდეა, რომლის თანახმადაც მმართველობის მიზნები ამართლებენ გამოყენებულ საშუალებებს, მაკიაველმა სისტემურად ჩამოაყალიბა. იგი გამჭრიახი პოლიტიკოსი გახლდათ და გულწრფელად სურდა, რომ იტალიის კეთილგონივრული მმართველობის წინაშე წარმოქმნილი წინააღმდეგობები აღმოფხვრილიყო. მას მიაჩნდა, რომ ინტელექტის ყველაზე უსიამოვნო დაბრკოლებას სინდისი წარმოადგენდა. მისი აზრით, რთული სქემის წარმატებისთვის აუცილებელი სახელმწიფო მართვის ხელოვნება ყოველთვის გამოუსადეგარი იქნებოდა, თუ მმართველობები კანონების ზედმიწევნით დაცვით ხელ-ფეხს შეიკრავდნენ.
მისი თამამი დოქტრინა მომდევნო საუკუნეში აღიარა ადამიანმა, რომლის პიროვნული ღირსება, სხვა მხრივ, მასზე მაღლა იდგა. გაირკვა, რომ კეთილსინდისიერი ადამიანები თავიანთი კეთილშობილების გამო კრიტიკულ დროს ავლენენ იშვიათ ძალას და უთმობენ მათ, ვისაც გაუთავისებია ამ ანდაზის მნიშვნელობა: ომლეტს ვერ გააკეთებ, თუ კვერცხის გატეხის გეშინია. აღმოჩნდა, რომ საზოგადო მორალი კერძოსგან განსხვავდება, რადგან არც ერთი ხელისუფლება არ მიუშვერს მეორე ლოყას და იმასაც არ აღიარებს, რომ მართლმსაჯულებაზე უკეთესი გულმოწყალებაა. მათ გამონაკლისი პრინციპის დადგენაც ვერ შეძლეს და მისი საზღვრებიც ვერ შემოწერეს; ვერც ის ითქვა, თუ სხვა რომელი სტანდარტი განსაზღვრავს ერის ქცევას, გარდა ამ განაჩენისა, რომელსაც ზეცა წარმატებით აცხადებს სამყაროში.
მაკიაველის სწავლება ძლივს ჩააბარებდა საპარლამენტო მმართველობის გამოცდას, რადგან საჯარო დისკუსია კეთილსინდისიერების დაცვას მაინც მოითხოვს. მან ძლიერი იმპულსი მისცა აბსოლუტიზმს, როცა ერთობ რელიგიური მეფეების სინდისი დაადუმა და კარგსა და ცუდს შორის ზღვარი წაშალა. შარლ V 5 000 კრონი დააწესა თავისი მტრის მოკვლისთვის. ფერდინანდ I და ფერდინანდ II, ჰენრი III და ლუი XIII თავიანთ ყველაზე ძლევამოსილ ქვეშევრდომებს მიზეზს უძებნიდნენ და მუხანათურად ისტუმრებდნენ იმქვეყნად. ელისაბედმა მარიამ სტუარტმა ერთმანეთისთვისაც იმავეს გაკეთება სცადეს. აბსოლუტურ მონარქიას გზა გაეხსნა უკეთესი ხანის სულისკვეთებაზე და ინსტიტუციებზე ტრიუმფის მოსაპოვებლად. ეს საჭიროებდა არა ბოროტების ცალკეულ გამოვლინებებს, არამედ დანაშაულის დახვეწილ ფილოსოფიას და მორალური გრძნობის ისეთ გახრწნას, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც სტოიკოსებმა წარმართობის მორალი გარდაქმნეს.
სამღვდელოება, რომლის ფეოდალიზმისა და მონობის წინააღმდეგ წარმოებულ ხანგრძლივ ბრძოლაში სხვადასხვა საშუალებით ემსახურებოდა თავისუფლების საქმეს, ახლა სამეფო ხელისუფლების ინტერესებთან აღმოჩნდა დაკავშირებული ეკლესიის კონსტიტუციურ მოდელზე გადასვლის მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. მაგრამ ამ ძალისხმევამ იერარქია და ტახტი საერთო მტრის - გაყოფილი ძალაუფლების - წინაარმდეგ გააერთიანა. საფრანგეთსა და ესპანეთში, სიცილიასა და ინგლისში ძლიერმა მეფეებმა სულიერი ცხოვრება დაიქვემდებარეს. საფრანგეთის აბსოლუტურ მონარქიას ორ მომდევნო საუკუნეში თორმეტმა პოლიტიკურმა კარდინალმა ჩუყარა საფუძველი. ესპანეთის მეფეებმა იმავე შედეგს თითქმის ერთი დარტყმით მიაღწიეს, როცა დრომოჭმული ინკვიზიციის ტრიბუნალი განაახლეს და საკუთრ სამსახურში ჩააყენეს. ამ ტრიბუნალს ტერორისთვის იყენებდნენ, რამაც ისინი დესპოტებად აქცია. მთელ ევროპაში მომხდარმა ცვლილებებმა ერთი თაობის თვალწინ ჩაიარა. იგი დაიწყო ვარდების პერიოდის ანარქიით და დასრულდა ვნებამორეული მორჩილებით - ტირანიაში წაქეზებული დათმობით, - რითაც აღინიშნა ჰენრი VIII და მისი დროის მეფეების მმართველობა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ინგლისურიდან თარგმნა
ევგენი მიქელაძემზღვარი 2003 №1



The National Library of Georgia

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий