среда, 21 августа 2013 г.

არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა








მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
2003 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი. ანტონ სუროჟელი (ერისკაცობაში ანტონ ბლუმი) 1914 წელს დაბადებულა ლოზანაში, რუსი დიპლომატის ოჯახში. მისი წინაპრები შოტლანდიელები იყვნენ. ბავშობის წლები სპარსეთში გაატარა, სადაც მამამისს რუსეთის კონსულის თანამდებობა ეკავა. რევოლუციის შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში დასახლდა. ანდრეი ბლუმი სორბონის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ და სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობდა, 1939 წელს კი ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა. ომის დროს ჩაბმული იყო საფრანგეთის ანტიფაშისტურ მოძრაობაში.
1948 წელს დიდი ბრიტანეთის რუსულ მართლმადიდებელ ეპარქიაში ორი ეკლესია იყო - ლონდონისა და ოქსფორდის. ახალგაზრდა ანტონ ბლუმი მღდვლად ხელდასმის შემდეგ სწორედ ამ ეკლესიების წინამძღვრად მიავლინეს პარიზიდან. 1063 წელს ე.წ. სუროჟის ეპარქიის მღვდელმთავარი გახდა. 1966 წელს მიტროპოლიტის წოდება მიიღო და 1974 წლამდე დასავლეთ ევროპის ეგზარხოსის მოვალეობას ასრულებდა.
ანტონ სუროჟელს ბი-ბი-სის კომენტატორმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ქრისტიანული ხმა უწოდა. საბჭოთა პერიოდში ეს ხმა ბი-ბი-სის რუსულენოვანი ეთერის მეშვეობით ახარებდა საბჭოთა ადამიანებს სიყვარულს, თავისუფლებას, ქრისტეს. მღვდელმთავარი არაფერს წერდა. მისი სიტყვა უსახური მასისადმი კი არა, თითოეული ადამიანისადმი იყო მიმართული. ამიტომაც ყველა მისი წიგნი აუდიო ჩანაწერების მიხედვითაა გამოცემული. დიდ ბრიტანეთში მისი მოღვაწეობა მონონაციონალური რუსული ეპარქიის ყველასთვის გახსნილ მართლმადიდებელ ეკლესიად გარდაქმნას მიეძღვნა. იგი არ იზღუდებოდა იმით, რომ რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი ერქვა. ღია იყო ყველას მიმართ. თავად მიდიოდა ყველასთან. ერთ-ერთ ინტერვიუში გვიამბობნს, თუ როგორ დაუმეგობრდა ჰიპებს, როგორ ესწრებოდა მათ შეხვედრებს და საბოლოოდ, როგორ მოიყვანა ისინი ეკლესიაში. „ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები - ქრისტიანები, სკეპტიკოსები, ურწმუნონი - უდიდეს სულიერ ვალში არიან მიტროპოლიტ ანტონის წინაშე, იგი საუბრობს ქრისტიანული რწმენის შესახებ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე: შთააგონებს მორწმუნეს და მოუხმობს მაძიებელს. დაუღალავად იღწვის დასავლეთისა და არმოსავლეთის ქრისტიანთა ურთიერთობის გასაღრმავებლად. მისი სახელი მთელ მსოფლიოში პატივისცემას იმსახურებს,“ - ამბობდა ანტონ სუროჟელის შესახებ კენტერბერიის ყოფილი მთავარეპისკოპოსი რობერტ რანსი.
ანტონ სუროჟელი მთელი ძალისხმევით ალაპარაკდა მაშინ, როდესაც აღარ შეიძლებოდა მოცდა, როდესაც ეკლესიაში ნაციონალიზმმა და ტრადიციებმა სახარების ადგილი დაიკავა, როდესაც სიძულვილს საღვთო მოშურნეობა დაერქვა, უპასუხისმგებლობას - ღვთისადმი მორჩილება, ფანატიზმს - რწმენა, მონობას - თავმდაბლობა, როდესაც თავისუფლება ყველაზე საშიში სიტყვა გახდა ქრისტიანთათვის, როდესაც მართლმადიდებლებმა ღმერთად მივიჩნიეთ ის, რაც მხოლოდ მიუთითებს ღმერთზე (არსებობს ასეთი აღმოსავლური შეგონება: მთვარე არ შეგეშალოს მთვარისკენ გაშვერილ თითში). 2000 წელს სუროჟის ეპარქიის კონფერენციაზე მხცოვანმა მიტროპოლიტმა თავისუფლების შესახებ ისაუბრა. მან, კერძოდ, თქვა: „რაც შეეხება ეკლესიურობას, რწმენა უცვლელი უნდა დარჩეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს თავისუფლად ფიქრისა და ჩვენი აზრების თავისუფლად გამოთქმისა. გაივლის დრო და ყველაფერი ეს თავისით მოწესრიგდება; მაგრამ თუკი ჩვენ უსასრულოდ დავიწყებთ იმის გამოერებას, რაც ადრე, დიდი ხნის წინ იყო ნათქვამი, მაშინ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოსცილდება რწმენას. და იმიტომ კი არა, რომ ის, რაც ადრე ითქვა, არ არის მართალი, არამედ იმიტომ, რომ ახლა ენა სხვაა და მიდგომაც სხვაა. ადამიანები სხვანი არიან, სხვა დროს, სხვაგვარად ვფიქრობთ. მე მეჩვენება, რომ ღმერთს უნდა შთავენერგოთ და არ უნდა ვუფრთხოდეთ თავისუფლად ფიქრსა და განცდას. იმ წლების შემდეგ, როცა არ იყო თავისუფლად ფიქრისა და ერთმანეთთან თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა, ძალიან დიდია შიში და ძლიერია სურვილი, უცილობლად მხოლოდ იმის გამეორებისა, რაც უკვე მიღებულია და ეკლესიის ენად და ეკლესიის აზრადაა მიჩნეული. ეს ადრე თუ გვიან უნდა შეიცვალოს. დავფიქრდეთ, ხომ არ ვუშვებთ ხელიდან ეკლესიური ორგანიზაციის ეკლესიად გახდომის მომენტს და შესაძლებლობას? იმ წლების შემდეგ, როდესაც ეკლესიის ცხოვრება მხოლოდ ფორმისადმი უკიდურესი ერთგულებით იყო შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ძალზე სასიშია, დაიწყო ფიქრი და კითხვების დასმა. საოცარია, რომ ძველად ეკლესიის მამები მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებულნი, რომ კითხვებს სვამდნენ. თუკი პასუხობდნენ კიდეც, სწორედ იმიტომ, რომ თავადვე სვამდნენ კითხვებს. პასუხები ციდან არ ცვიოდა არარსებულ კითხვებზე“.
რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთისადმი რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ადამიანისადმი რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამასთან, ღვთისა ყველას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ოჯახური გარდაქმნის ყველა მცდელობა ადამიანისადმი რწმენას ეფუძნება. რელიგიისა თუ ცხოვრების ახალი წესის ქადაგებისას ჩანაფიქრი ვერასოდეს განხორციელდება ადამიანის შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ამიტომ ყოველი გარდამქმნელი, ყოველი ადამიანი, რომელიც ხალხს რაიმე სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას მათდამი რწმენაზე აფუძნებს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი.
ასეთი რწმენა მალემრწმენობასა და გულუბრყვილო დამოკიდებულებას როდი გულისხმობს. იგი არ ნიშნავს, თითქოს ყველაფერი შესაძლებელია და ადამიანის თანაგრძნობის მოსაპოვებლად მხოლოდ მიმართვა კმარა. ამავე დროს უნდა გვჯეროდეს, რომ არ არსებობს ადამიანი ჭეშმარიტი ადამიანური სიღრმეების გარეშე, არ არსებობს კაცი, რომელშიც ვერ გააღვიძებ სიკეთესა და ღირსებას. ასეთ დასკვნამდე მივყავართ ცხოვრების ყველა სფეროში დაგროვებულ გამოცდილებას. მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულებითი სისტემის გარდაქმნა მიმდინარეობს. ადრე დამნაშავეს ციხეში ათავსებდნენ საზოგადოებისგან მოსაცილებლად. იგი მოკვეთილ ნაწილს წარმოადგენდა. დღეს ციხეს სულ უფრო ხშირად იმ ადგილად განიხილავენ, სადაც შესაძლებელია, დაეხმარო პატიმარს, გახდეს ადამიანი. ადამიანისადმი რწმენა სწორედ ასეთ დამოკიდებულებას გულისხმობს. იგი არ ეფუძნება სიცხადეს. ხშირად გვიწევს სიცხადის მიღმა გახედვა და აღმოვაჩენთ რაღაცას, რაც თითქოს არც კი არსებობს. სახარებაში ორი ამბავია გადმოცემული, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ადამიანისადმი ქრისტეს დამოკიდებულებას, ადამიანის მიმართ მის რწმენას.
პირველი იოანეს სახარების მერვე თავშია მოთხრობილი. ეს არის ამბავი მრუშობაში მხილებული ქალისა, რომელიც მაცხოვართან მიიყვანეს. ფაქტები მის წინააღმდეგ იყო მიმართული. მას დანაშაულზე წაასწრეს და გმობასა და მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. ქრისტემ განიკითხა არა ის ქალი, არამედ მისი საქციელი. იგი მემრუშედ კი არ მიიღო, არამედ მისი სულის სიღრმეში ჩაიხედა, განჭვრიტა მასში სიწმინდე და ახალი ცხოვრების შესაძლებლობა ამოიკითხა. როცა ქალი სამსჯავროს წინაშე წარდგა და გააცნობიერა, რომ მისი ცოდვა სიკვდილის ტოლფასი იყო, ის, რა თქმა უნდა, გამოფხიზლდა. იმ წუთში რეალობად იქცა ის, რასაც ეუბნებოდნენ, რომ ცოდვა აკვდინებს და ანგრევს: მან შესცოდა და მათი რჯულის მიხედვით, უნდა ჩაექოლათ. ქალი მიხვდა, რომ, თუკი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, არასოდეს ჩაიდენდა იმას, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა. მაცხოვარმა ზუსტად განჭვრიტა ეს, მიუბრუნდა გარშემომყოფთ და უთხრა:
- ვინც უცოდველია თქვენს შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა!...
ყველა წავიდა. ქრისტე მარტო დარჩა ქალთან:
- სად არიან შენი განმსჯელნი?
- წავიდნენ, - უპასუხა ქალმა.
- არც მე განგიკითხავ. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.
ეს მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ განჭვრიტა ქრისტემ ადამიანი და დაინახა ის შესაძლებლობები, რომელიც დაფარული იყო მისი ქმედებით.
ასევე საოცარია მეორე ამბავი, ქრისტეს შეხვედრა პეტრე მოციქულთან მას შემდეგ, რაც ეს უკანას-კნელი დაფრთხა, შიშმა შეიპყრო და სამჯერ უარყო მაცხოვარი. ქრისტე არ ეკითხება მას, ნანობს თუ არა იმის გამო, რაც ჩაიდინა, არამედ ეუბნება:
- გიყვარვარ?
პეტრე მთელი გულით პასუხობს:
- დიახ, უფალო, მიყვარხარ.
მაცხოვარი სამჯერ უსვამს მას ამ შეკითხვას. უცებ პეტრე ხვდება, რომ ფაქტების სიცხადე მის წინააღმდეგაა მიმართული. იგი ამბობს:
- უფალო, შენ უწყი ყოველი, უწყი, რომ მიყვარხარ! ქრისტემ კვლავ მოწაფეთა შორის მიუჩინა მას ადგილი.
განა ჩვენ ასე ვიქცევით? განა ვიჯერებთ, რომ ადამიანს, რომელიც ცუდად მოგვექცა, აქვს უფლება, გვითხრას:
- დიახ, მიყვარხარ! მე არც მამაცობა მეყო, არც სულიერი ძალა და სიღრმე, მაგრამ მაინც მიყვარხარ! - და ყოველივე შესაძლებელი ხდება.
ნეტავ, ჩვენც ასე ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის გვჯეროდეს და არ გვაბრმავებდეს ადამიანების ქმედებები, არ გვაყრუებდეს მათი სიტყვები, არამედ შეგვეძლოს ადამიანის სულში ჩუმად ჩახედვა და მასში ჰუმანურობის, შესაძლო ადამიანური სიდიადის დანახვა და, აქედან გამომდინარე, ადამიანს ახალ ცხოვრებას, ჩვენს ნდობას ვთავაზობდეთ და საკუთარი ადამიანური ღირსების შესაბამისად ცხოვრებისკენ მოვუწოდებდეთ. ასე რომ ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, მაშინ ადამიანთა შორის ყველაფერი შესაძლებელი გახდებოდა, ნებისმიერი გარდაქმნა და კაცობრიობისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა.
წინა საუბრის დროს მკითხეს: რა მოვიმოქმედოთ მაშინ, როცა ადამიანი ამბობს: „არ შემწევს ძალა, შენი ჩემდამი რწმენა და ნდობა ვიტვირთო.“ ეს კითხვა მეტად მნიშვნელოვანია და მსურს, პასუხი გავცე.
ჩვეულებრივ, ძალიან განვიცდით ჩვენდამი უნდობლობას. ვგრძნობთ, რომ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ მათ განსახორციელებლად გვჭირდება რწმენით სავსე გულის მხარდაჭერა, იმ ადამიანის სიყვარული, რომელიც გვეტყოდა: „შენ შეძლებ შენი თავის რეალიზებას, განხორციელებას.“ ხდება ისეც, როცა ნდობას გვიცხადებენ, უცებ შიში გვიპყრობს, ვაითუ ვერ გავამართლო ეს ნდობა, არაფერი გამომივიდეს და ჩემი ოცნებები ისე გაიფანტოს, როგორც ნისლი მზის ამოსვლისას. რა მოხდება მაშინ? ნუთუ სრულად დავკარგავ იმ ადამიანების ნდობას, პატივისცემას და, შესაძლოა, სიყვარულსაც კი, რომლებსაც ასე ვეიმედებოდი?
ეს გარემოება ხშირად აბრკოლებს ადამიანს. მაგრამ უფრო დიდი ხელშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ძალიან ხშირად, როცა მეორე ადამიანი ნდობას გვიცხადებს, მას თითქოს შეუძლებლის სწამს და არ ითვალისწინებს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ. გვგონია, რომ ის ჩვენგან ძალიან ბევრს მოელის, თითქოს ყოვლისშემძლენი ვიყოთ, ყველაფრის გაკეთება შეგვეძლოს უპირობოდ, შეუზღუდავად. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რომ, ერთი მხრივ, ეს შეუძლებელია და ნაბიჯის გადადგმის შიში გვიპყრობს, მეორე მხრივ, როცა რაიმეს განხორციელებას ვცდილობთ, აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვმაღლდებით იმ „უგუნურ“, „გაუაზრებელ“, „უპასუხისმგებლო“ ნდობამდე, რომელიც გამოგვიცხადეს. აქ ორი გარემოება იკვეთება.
ერთი მხრივ, ის, ვინც მეორე ადამიანს ენდობა და თავის რწმენას მას შთაგონებისთვის უძღვნის, ამას დაფიქრებით, გონივრულად და ბრძნულად უნდა აკეთებდეს. მეორე მხრივ, ადამიანი, რომელიც ამ რწმენის ღირსი ხდება, ფხიზლად უნდა იყოს, გონივრულად მოქმედებდეს და მთელი ძალისხმევა მიმართოს იქით, რომ შემოქმედებითად განახორციელოს თავისი მოწოდება. ამასთან, უნდა აცნობიერებდეს, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც არსებობს. ეს შეზღუდვები ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, სანამ საქმეს შევუდგებით. მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ რომელიმე მეცნიერების შესწავლას, წიგნის კითხვას, რაიმე საქმიანობას, ვხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და სად გადის ჩვენი შესაძლებლობის ზღვარი. მაგრამ დაწყება აუცილებელია. არ უნდა შევუშინდეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვართან მიახლოებას, რადგან (ეს ძალზე მნიშვნელოვანია) ჩვენდამი ნდობა, ჩვენდამი რწმენა გულისხმობს არა ყოველივე იმის განხორციელებას, რაც საერთოდ ადამიანისთვისაა შესაძლებელი, არამედ იმას, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად განვახორციელოთ საკუთარი თავი.
ეს აზრია ჩადებული ქრისტეს იგავში ტალანტების შესახებ. სიტყვამ „ტალანტი“ ასწლეულების მანძილზე სპეციფიკური ელფერი შეიძინა. ყველამ იცის, რა იგულისხმება ტალანტში, როცა საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე. ქრისტეს დროს ტალანტი ფულად ერთეულს წარმოადგენდა. აი, რომელიღაც პიროვნებას მიეცა ანაბარი, შესთავაზეს მისი დაბანდება და იმის მაქსიმალურად მიღწევა, რაც მას შეეძლო. თუ ეს ადამიანი ნიჭიერია, მთელი ძალისხმევის დაძაბვით გააორმაგებს და გაასამმაგებს მისთვის ბოძებულ ტალანტს, საჩუქარს, ნიჭს. თუ ის ნაკლებად დაჯილდოებულია, მცირედს მაინც მიაღწევს. მაგრამ მას არა აქვს უფლება, დაემსგავსოს იგავში წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან იმას, ვისაც ყველაზე ნაკლები ტალანტი, ნაკლები ნიჭი მიეცა. მას შეეშინდა, ვაითუ, ის, რაც ჩემშია ჩადებული, რაც მებოძა, გავფლანგო, დავკარგო და ამის გამო პასუხი მომეთხოვება. მან ტალანტი დაფლა, ანუ უბრალოდ, გვერდით გადადო, მიწაში ჩამარხა, შეინახა. განსჯისა და ანგარიშის გასწორების დრო როცა მოვიდა, სამივენი პატრონის წინაშე წარდგნენ. აღმოჩნდა, რომ პირველმა და მეორემ რაღაცას მიაღწიეს, რაღაც მოიგეს, მხოლოდ მესამემ ვერ მოიპოვა ვერაფერი.
ის განსაჯეს არა იმიტომ, რომ თავის პატრონს ვერაფერი მოაგებინა, არამედ იმიტომ, რომ შეშინდა და ვერაფრის გაკეთება გაბედა, გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
თუ ამ სურათს ჩვეულებრივ ყოფაში გადმოვიტანთ, იგავში მოხსენებული ტალანტი შეიძლება გავაიგივოთ ხელოვნების, ლიტერატურის, პოეზიის სფეროში გამოვლენილ ნიჭთან, მაგრამ ეს იგავის შეზღუდული გაგება იქნებოდა. თავიდანვე ჩვენში ჩადებული ტალანტი არის ყოველივე ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის. ეს არის მთელი სიმდიდრე, მრავალსახეობა, მრავალფეროვნება ჩვენი პიროვნებისა. შევძლებთ მის ხორცშესხმას თუ არა? შევძლებთ. თითოეულს შეუძლია ყოველივე იმის განხორციელება, რაზეც მას ნებისყოფა, გამბედაობა, შთაგონება ეყოფა. სწორედ აქ არის სიმძიმის ცენტრი, ეს არის ამ პრობლემის არსი. ადამიანის იმდენად უნდა გვწამდეს, ისეთი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, ისე უნდა შთავაგონოთ, რომ მან საკუთარ თავში აღმოაჩინოს სიმამაცე, მხნეობა, იგრძნოს შემოქმედებითი სიხარულის ძალა თვითრეალიზაციის დროს. მართალია, შეიძლება ის გენიოსი არ არის, მაგრამ ადამიანია, შეიძლება არაფრით გამოირჩეოდეს, მაგრამ იყოს თავისთავადი, რამდენადაც ძალა შესწევს, მშვენივრად და სრულყოფილად შეძლოს ეს. ამ შემთხვევაში აღარ დავადებთ მას მძიმე უღელს, აღარ ავკიდებთ ტვირთს, რომლის ტარებაც არაფრით ძალუძს, არ მოვითხოვთ მისგან, გახდეს ისეთი, როგორიც ის არასდროს (თავის ოცნებაშიც კი) გახდება, არამედ ვეტყვით: შეხედე, რა სიმდიდრეა შენში, განკარგე ის, ნუ გაზომავ მას, წარმოაჩინე შენში შემოქმედი და განახორციელე იგი! რასაც გონება ვერ მისწვდება, გულს უხმე; როცა სიმტკიცე გიღალატებს, მეგობარს მიმართე და ნახავ, რომ, რის განხორციელებასაც მარტო ვერ შეძლებ, სხვებთან ერთად ფრთებს შეასხამ და კაცობრიობის საგანძურში შენს წვლილს შეიტან.
0x01 graphic
ციხიდან გაქცეული ანაბაპტისტი დირკ ვილემი გადაარჩენს დადევნებულ მეციხოვნეს, ის კი მას კვლავ ციხეში დააბრუნებს. ცოტა ხანში დიკ ვილემს კოცონზე დაწვავენ.
თუ ასეთი რწმენით მივუდგებით ადამიანს, მის შთაგონებასაც შევძლებთ, არც ჩვენი ნდობით დავამძიმებთ და იგი, თავისი შესაძლებლობის შესაბამისად, შემოქმედებითი სიხარულით გაიზრდება.
გერმანელი მწერლის ბერტოლდ ბრეხტის ერთ-ერთ მოთხრობაში დაახლოებით ასეთ დიალოგს ვხვდებით. ერთ კაცს ეკითხებიან: „რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართ?“ „მე, - პასუხობს ის, - მასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას ვადგენ“. „გეგმას? შემდეგ რას აკეთებთ?“ „შემდეგ ვზრუნავ, რომ ორივე ერთმანეთს მოერგოს, შეესაბამებოდეს“. „მითხარით, ვინ ან რა უნდა მოერგოს მეორეს: ადამიანი გეგმას თუ გეგმა ადამიანს?“ „რა თქმა უნდა, - პასუხობს ბატონი კერნერი, - ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს გეგმას“.
ასეთ მიდგომას ხშირად ადამიანისადმი რწმენას უწოდებენ, თითქოს ადამიანის შესწავლა, მისი შეცნობა, ყველა შესაძლებლობის განჭვრეტა, გეგმის შედგენა და ის, რომ ადამიანი აიძულო, ამ გეგმას მოერგოს, შესაძლებელი იყოს. ეს შეცდომაც არის და დანაშაულიც, რომელსაც უშვებენ ცალკეული ადამიანები ოჯახში, საზოგადოებები და იდეოლოგიური დაჯგუფებები როგორც მორწმუნე, ისე ურწმუნო ადამიანებისა. ოჯახურ ცხოვრებაში ეს მოვლენა ზოგჯერ ტრაგიკულ ასპექტს იძენს. მშობლები წინასწარ განსაზღვრავენ, რა მოუტანს მათ შვილებს ბედნიერებას. ისინი აიძულებენ მათ, გახდნენ ბედნიერები ისე, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ეს ეხება ცოლქმრულ ურთიერთობებსაც, მეგობრებთან დამოკიდებულებასაც: „არა, მე ვიცი, რა არის სასარგებლო შენთვის, რა არის უკეთესი! ნახავ, რა კარგად იქნება ყველაფერი!“ და ამ მომაკვდინებელი, სულის შემხუთველი, ცხოვრების დამანგრეველი სიყვარულის მსხვერპლი ზოგჯერ ევედრება კიდეც: „თუნდაც ნუღარ გეყვარები, ოღონდ მომეცი თავისუფლება!“
ადამიანთა საზოგადოებებში ეს გარემოება ხშირად უფრო ტრაგიკულ ფორმებს იღებს, როცა უმრავლესობა ან რომელიმე ძალაუფლების მქონე დაჯგუფება ცალკეულ ადამიანებს თუ მთლიანად სხვა დაჯგუფებას თავის გავლენის ქვეშ აქცევს და მოითხოვს, რომ ყველამ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედოს. ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ყოველთვის ფიქრობენ, რომ მათ სწამთ ადამიანისა, სჯერათ, რომ ის შეიძლება დიდი და მნიშვნელოვანი გახდეს. ფიქრობენ, რომ თავად მას არ სჯერა საკუთარი თავისა. ეს რომ ასე იყოს, ის ყველაფერს მიატოვებდა და მათი დიქტატის მორჩილი გახდებოდა. სინამდვილეში ასეთი მიდგომა ადამიანის რწმენის სრული უარყოფაა. ასეთი მიდგომა ეფუძნება იმას, რომ ადამიანის ან საზოგადოების ცივი, გონებისმიერი, პროფესიული ანალიზის შედეგად, ყველა მონაცემის შეგროვების შემდეგ, იკვეთება გამოსახულება, სახე ადამიანის, საზოგადოების ან მთლიანად კაცობრიობისა. შემდგომ კი ამ საცოდავი საზოგადოების, ანუ კაცობრიობის „გეგმაში ჩასმას“ ცდილობენ. ამ დროს ავიწყდებათ, რომ ადამიანისადმი რწმენა იმას ნიშნავს, რომ იმ ცოდნის ზღვრის მიღმა, რაც უკვე მის შესახებ შევიტყვეთ, თვალთახედვის ზღვრის მიღმა მას ჩვენთვის მიუწვდომელი სიღრმეები აქვს: უძირო, სიღრმისეული ქაოსი, რომლის შესახებ გერმანელი ფილოსოფოსი ნიცშე ოდესღაც წერდა: „ვინც თავის თავში ქაოსს არ ატარებს, ის ვერასოდეს შობს ვარსკვლავს.“
აქედან გამომდინარე, ბ-ნ კერნერის მიდგომა, რომელზეც ბრეხტი მოგვითხრობს, ზუსტად შემოქმედებითი ქაოსის შესაძლებლობას გამორიცხავს. ოღონდ არა იმ ქაოსის, რომელიც უიმედო მოუწესრიგებლობას ნიშნავს, არამედ ქაოსის, როგორც ჩამოუყალიბებელი ყოფიერებისა, რომლის ღრმა ფესვებიდან თანდათან ამოიზრდება წესრიგი, გააზრებული ქმედება. ადამიანისადმი ჭეშმარიტი რწმენა ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ დამკვირვებლისთვის ადამიანი საიდუმლოდ რჩება. მითუმეტეს, გონებით დამკვირვებლისთვის, რადგან ჭეშმარიტი ხედვა ადამიანისა არა ჭკუა-გონებიდან გამომდინარეობს, არამედ გულიდან. მხოლოდ გულია ჭეშმარიტი მჭვრეტელი. მხოლოდ მას შეუძლია, გონება მიუწვდომელ სიღრმეში ჩაახედოს. ადამიანისადმი ჭეშმარიტი რწმენა ითვალისწინებს სიღრმეების არსებობას და მათ ფარულ შესაძლებლობებს და მუდამ ელის, რომ რაღაც მოულოდნელი, არაჩვეულებრივი შეიძლება მოხდეს.
მაგრამ ერთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება. ჩვენ ადამიანს თავისუფლებას ვანიჭებთ და ამავდროულად ვენდობით, ჩვენი რწმენით ვამდიდრებთ მას და შთავაგონებთ. ხშირად დამკვიდრების პროცესში ადამიანი ზურგს აქცევს იმას, ვინც მისი შთამგონებელი და დამხმარე იყო; და არა მარტო ზურგს აქცევს, პერიოდულად მისთვის ეს აუცილებლობასაც წარმოადგენს. ის ვალდებულია, განაგრძოს თვითგანვითარება და პიროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცება, მანამდე არსებულ ურთიერთობათაგან გამიჯვნა. და ადამიანი, რომელიც შემოქმედებითი რწმენით შთააგონებს დიდს თუ პატარას, საერო საზოგადოებას თუ ეკლესიურს, იმისთვის მზად უნდა იყოს, რომ მას ზურგს შეაქცევენ. ამ დროს მან სხვათა მიმართ საკუთარი რწმენა უნდა გამოსცადოს. გამოსცადოს დაუეჭვებლად, შეურყევლად, ზურგის შექცევის გარეშე. მან როგორც სასიხარულო აღმოჩენა, ისე უნდა მიიღოს, ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც უწინ მასზე იყო დამოკიდებული (თუნდაც მხოლოდ მისი ნდობისა და მისივე რწმენის მხრივ), ამჟამად დამოუკიდებლად იწყებს არსებობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. თუ ადამიანი, რომელმაც თავიდან შთააგონა მეორე და ირწმუნა მისი, მაშინაც ურყევი დარჩება, როდესაც ჩამოყალიბების პროცესში დროებით ზედმეტი აღმოჩნდება, თუ შეძლებს უარი თქვას ძალაუფლებით ძალადობასა და დარწმუნების სურვილზე, ანდა ნაზი (ზოგჯერ კი სასტიკი) სიყვარულით ძალადობაზე, მაშინ ის თვითონ გახდება ადამიანი, ამ სიტყვის სრული, უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვის აღმატებული მნიშვნელობით.
0x01 graphic
მე ვარ აღდგომა და ცხოვრება. იან გინ-ჩენი. ჩინეთი
ამრიგად, იმისთვის, რომ სხვა ადამიანი იწამო, უნდა გაბედულად და შემოქმედებითად გწამდეს საკუთარი თავის; და თუ ეს ასე არ არის, თუ არ გვწამს იმ სიღრმეებისა, რომელთაგან შესაძლოა ამოიზარდოს მიუწვდომელი სიდიადე, მაშინ ვერც სხვას ვუბოძებთ ისეთ თავისუფლებას, რომელიც მას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება. დაეხმარება გახდეს მოულოდნელი და მიუწვდომელი, ისეთი, განსაკუთრებულ წვლილს რომ შეიტანს საზოგადოებისა და კაცობრიობის ცხოვრებაში, არა დადგენილს, არამედ გამორჩეულს (ინდივიდუალურს) და შემოქმედებითს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, შეუძლებელია გწამდეს სხვა ადამიანის, თუ საკუთარი თავის არა გვწამს. რა არის საკუთარი თავის რწმენა? პროფესიულად და ყოფიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა გვიპასუხებდა: საკუთარი თავის რწმენაა, როცა ურყევად გჯერა, რომ თუკი ნებისყოფას დაძაბავ და გონების მთელ ძალებს მოიკრებ, ყოველივე სასურველს მიაღწევ, რა თქმა უნდა, დასაშვებ ფარგლებში... საკუთარი თავის ასეთი რწმენა სადღაც თავდაჯერებულობას ესაზღვრება, მასში ადვილად გადადის და საბოლოო ჯამში ეს არის რწმენა არა საკუთარი თავისა, არამედ იმის დაჯერება, რომ გარშემომყოფნი ჩვენს ძალისხმევას დაემორჩილებიან. რაღაც ასპექტში ეს იმის დაჯერებაცაა, რომ მეყოფა ძალ-ღონე, გარდავქმნა და შევცვალო გარშემომყოფნი ან ვითარება, მოსალოდნელი სიტუაციები ჩემს გარშემო.
საკუთარი თავის ჭეშმარიტი რწმენაა, როცა მჯერა, რომ ჩემში არის რაღაც ისეთი, რაც არ ვიცი, რაც ჩემთვის მიუწვდომელია, რაც იზრდება, ვითარდება და, შესაძლოა, სრულყოფილებამდე მივიდეს. თავდაჯერებულობის საფუძველი საკუთარი თავის ცოდნაა, ზოგჯერ - გადაჭარბებული თვითშეფასება. რწმენას კი არავითარი თვითშეფასება არ სჭირდება, რადგან მისი კვლევის საგანი არის ადამიანის საიდუმლო. და როდესაც ადამიანის საიდუმლოზე ვსაუბრობ, იმის თქმა კი არ მსურს, რომ ადამიანში არის რაღაც მიჩქმალული, არამედ იმის, რომ ადამიანი მთლიანობაში არის მუდმივი დინამიკა, უწყვეტი სიცოცხლე, მოძრაობა და ზრდა. და არც ერთი წამით, ვერც თვით ადამიანი, ვერც ვინმე სხვა ამის შეკავებას ვერ შეძლებს. დინამიკას ვერ შეაჩერებს. მისი კვლევის, მის არსში წვდომის მიზნითაც ვერ შეაჩერებს. დინამიკა გაყინვას არ ექვემდებარება: ადამიანი დინამიურია ყოველჟამს და მარადის.
გამოდის, რომ ადამიანისა და საკუთარი თავის რწმენა არის რწმენა იმისა, რომ ჩემშიც და ყოველ ადამიანში, სიცოცხლის დაუმარცხებელი დინამიკაა ჩადებული. და ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ დინამიკის განხორციელებას და რეალობაში გადაზრდას, არის ჩემი სიმხდალე, გაუბედაობა. გარემოებები, რაოდენ კარგი და ცუდი, რაოდენ სასტიკიც უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს მიმართული პიროვნების გატეხაზე, განადგურებაზე, მხოლოდ იმის საბაბს იძლევა, რომ შინაგანმა შემოქმედებითმა დინამიკამ გამოამჟღავნოს თავი ახლებურად, სხვაგვარად, მოულოდნელი სახით, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გამოამჟღავნოს. საკუთარი თავის რწმენა არის დაჯერებულობა ამ შინაგან, საიდუმლო, შემოქმედებით, და საბოლოო ჯამში, გამარჯვებულ დინამიკაში. საკუთარი თავის რწმენა ამიტომაც საკუთარ თავში დაჯერებულობაცაა. გჯერა, რომ ყოველ ადამიანში და, კერძოდ, ჩემშიც არის ისეთი სიღრმე, რომელიც ჩემთვისაც შეუმჩნეველია. და თუ დღიდან დღემდე სულ უფრო მეტი სრულყოფილებით გამოამჟღავნებ შენს თავს, მაქსიმალური გულახდილობით, სიმართლით, ღირსებით და გაბედულად, საბოლოო ჯამში, გამოაჩენ და აამოძრავებ სულ უფრო ახალ და ახალ ძალებს, რომელთა შეჩერება შეუძლებელი იქნება.
მაგრამ ზემოაღწერილი ბრმა პროცესს არ წარმოადგენს, მასში ხედვის უნარიცაა. ადამიანი თვითგანვითარების დროს საკუთარი თავის მეთვალყურეც უნდა იყოს - ოღონდ უშიშარი და უშფოთველი. არ უნდა უსვამდეს საკუთარ თავს შეკითხვას: ვარ კი მე ის, ვინც მინდა გავხდე, ან ვინც მინდა ვიყო? არამედ ცხოველი ინტერესით, როგორც მეთვალყურე, რომელიც პროცესს თვალს ადევნებს, მის აღრიცხვას აწარმოებს და ცდილობს გამოიყენოს, მოიხმაროს, იღონოს ყველაფერი ის, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებში შედის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მოსმენა, უპირველეს ყოვლისა, ყური დაუგდოს სინდისს, ანუ იმ სიმართლეს, რომელიც მასშია დავანებული. იმიტომ, რომ თუ სინდისის ხმა, სიმართლის ხმა მიჩუმებულია, მას ვერანაირად და ვერასოდეს შეენაცვლება კანონიერება, პირობითობა, ადამიანური წესები. შემდგომ, ადამიანმა ყური უნდა მიუგდოს ცხოვრების ხმას, ანუ იმას, რასაც მას ცხოვრება ასწავლის: ცალკეული ადამიანის ცხოვრება და მის გვერდით საზოგადოების, ხალხის ცხოვრება, კაცობრიობის ცხოვრება, ბიოლოგიური სიცოცხლე. და საბოლოოდ, მორწმუნემ, უეჭველად, ყური უნდა დაუგდოს თვით უფლის ხმას, რომელიც წმინდა წერილშია გაცხადებული, რომელიც უფრო ხმამაღლა, სამართლიანად და ჭეშმარიტად ჟღერს, ვიდრე ადამიანის სინდისი.
ყოველივე ზემოაღნიშნული ადამიანს საშუალებას აძლევს, მიაკვლიოს საკუთარ თავში, ყური დაუგდოს და თვალი ადევნოს სიღრმეებს და ამით ცხოვრება გაამდიდროს, გაამრავალფეროვნოს. როგორც უკვე იყო ნათქვამი, მას მოუწევს მთელი ძალისა და დიდი გამბედაობის მოკრება, რადგან ეს პროცესი არის ცხოვრების ბრძოლა კვდომის წინააღმდეგ, ბრძოლა შემოქმედებისა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მას კლავს, ბრძოლა სინდისისა იმის წინააღმდეგ, რაც უსინდისოდ ცხოვრებას უწყობს ხელს.
მოითხოვს კი ეს სიმამაცეს? - დიახ, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს თავმდაბლობასაც და მორჩილებასაც. არა იმ გაგებით, რომ ჩვენ ვინმეს უნდა დავექვემდებაროთ, არამედ იმ გაგებით, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ თავმდაბლურად, მორჩილად მივენდოთ ცხოვრების კანონს და ვიყოთ მზად, ვიცხოვროთ თუნდაც ჩვენივე სიკვდილის ფასად. ეს გამოთქმა, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, ველურ გამოთქმადაც კი, მაგრამ მორწმუნისგან ამის მოსმენა არც უცნაურია და არც ველური. რადგან მხოლოდ იმას შეუძლია, თავისი ცხოვრება იდეალს შეწიროს, ვისაც სიცოცხლის სწამს და სიკვდილის გამარჯვების არ სჯერა. ვისაც შესწევს უნარი, შეიყვაროს მთელი სულით, გულით, გონებით, ნებისყოფით, მთლიანი სხეულით. მხოლოდ იმ ადამიანს, რომელშიც სიცოცხლემ სიკვდილი დაამარცხა, ძალუძს, გასწიროს თავისი ცხოვრება. გასწიროს ისე, რომ გარეგნულად დამარცხებული, გატეხილი გამოჩნდება, სიკვდილი დაეტყობა, მაგრამ შინაგანად ეცოდინება, რომ გაიმარჯვა. ოდესღაც შლისელბურგის ციხეში წარწერა აღმოაჩინეს: „ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი, თავისუფლებაც ციხეა“. ზუსტად ეს კონტრასტი - ძლევაშემოსილი სიცოცხლე და გარეგნული სიკვდილი - ადამიანის საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტი რწმენის დამახასიათებელი ნიშანია, არა თვითდაჯერებულობის ნიშანი, არამედ ცხოვრების დაუმარცხებელი დინამიკისადმი რწმენისა, ვისი სახელიც არის ღმერთი.
თარგმნა
გიორგი არავიაშვილმა


წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий