ერთი საუკუნის განმავლობაში აშშ-ს 300 ოლქში შეგროვილი მოსახლეობის აღწერისა და ამინდის შესახებ (ტემპერატურა და ნალექი) მონაცემების გამოყენებით ჯეისონ სემსონმა და მისმა კოლეგებმა გამოავლინეს ძლიერი კავშირი კლიმატსა და მოსახლეობის ზრდას შორის.
უფრო მეტიც, ამ კვლევის პროცესში, რომლის შედეგები გამოქვეყნებულია „PLOS ONE" მიერ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოსახლეობის რიცხვის ცვლილებას კლიმატთან უფრო ძლიერი კავშირი აქვს, ვიდრე შემოსავალთან, ურბანიზაციასთან ან კვების პროდუქტების წარმოებასთან. კვლევის შედეგების თანახმად, დღევანდელი რიგითი ამერიკელი უფრო მშრალი და თბილი კლიმატის პირობებში (1.5°C-ით) ცხოვრობს, ვიდრე ასი წლის წინ. სულ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში – კალიფორნიიდან ფლორიდამდე. სწორედ აქ მდებარეობს ქალაქი ოსტინი, რომელმაც 2000-2006 წლებში მოსახლეობის ზრდის სიჩქარის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა. მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს ის ფაქტი, რომ XX საუკუნის განმავლობაში ამ უფრო თბილ და მშრალ კლიმატურ ზონებში დემოგრაფიული მატებისა და ურბანიზაციის ტემპი იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორებმა აჩვენეს ესოდენ მნიშვნელოვანი კავშირი კლიმატურ პირობებსა და მოსახლეობის ზრდას შორის, მათ მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირებული პროგნოზი არ უნდა ეფუძნებოდეს კლიმატს, როგორც უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ ფაქტორს. მათი აზრით, საჭიროა ამ ინფორმაციის გულდასმით შესწავლა და დემოგრაფიულ პოლიტიკაში გამოყენება – კლიმატის გლობალური ცვლილების კონტექსტი სამომავლო გეგმების შემუშავებისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий