четверг, 29 августа 2013 г.

მენეჯმენტის ყველაზე ფესვგადგმული მითები


ყველაზე ფესვგადგმულია სამი მითი. ამ მითების ცოდნა და გამოყენება მენეჯერს კარგ სამსახურს უწევს. ბიზნესის სიჯანსაღისათვის საჭიროა ამ სამი მითის შენარჩუნება. რეალური საშიშროება წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ, როცა მენეჯერი ამას თავადაც დაიჯერებს.
ყველაზე ფესვგადგმულია სამი მითი. ამ მითების ცოდნა და გამოყენება მენეჯერს კარგ სამსახურს უწევს.

მითი პირველი: სიტუაციას ვფლობთ
ეს უმნიშვნელოვანესი მითია. ცხადია, რომ ნებისმიერი მენეჯერისათვის აღიარება იმისა, რომ ის სიტუაციას ვერ ფლობს, წმინდა წყლის თვითმკვლელობაა. საქმის ვითარების სრულად ცოდნის მიზნით მენეჯერი მუდმივად აგროვებს დეტალურ ინფორმაციას თავისი ბიზნესის ყველა ასპექტის მიმართულებით. მაგრამ ინფორმაცია მაინც საჭიროზე ნაკლებია. სიტუაციის ფლობა მასზე კონტროლს გულისხმობს. კონტროლისა და ინფორმირებულების სასურველ დონეს ვერასდროს ვაღწევთ. მაგალითად, ზუსტად არ ვიცით, რა ხდება ბიზნესის მომიჯნავე სამსახურში. ზუსტად არ ვიცით, თუ რა პოლიტიკური შეხედულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი კოლეგები, როგორია მათი ფსიქოლოგიური განწყობა. არ ვიცით, ჩვეულებრივ, რა ძალუძთ კონკურენტებს – მანამდე, სანამ ფაქტების წინაშე არ აღმოვჩნდებით. მოუმზადებელი ვხვდებით სხვადასხვაგვარ გარე მოვლენებს (სტიქიური უბედურება, გაფიცვა, ახალი ტექნოლოგიების (მაგალითად, ინტერნეტისა) ზვავისებრი განვითარება, რომელიც თითქოსდა ცარიელ ადგილას და უცაბედად წარმოიქმნება).
მენეჯერს კარგად გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ აბსოლუტური ცოდნის მოპოვების მცდელობა იმთავითვე განწირულია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს იმდენ დროს მოითხოვს, რომ ინფორმაციის მოძიებისა და გააზრების გარდა, მენეჯერს არაფრის დრო დარჩება.
გამოსავალი ერთია. შეეგუეთ ამას და ნუ შფოთავთ. ყურადღება გაამახვილეთ რამდენიმე მართლაც მნიშვნელოვან საქმეზე (ასპექტზე), რომლის კონტროლიც შესაძლებელია. რაც უფრო მაღალია ყურადღების კონცენტრაცია, მით უფრო მაღალია სიტუაციის ფლობისა და მასზე ზემოქმედების ალბათობა. ეს თეზისი სამართლიანია როგორც ინდივიდის, ისე ორგანიზაციისათვის.
მითი მეორე: ვიცით, სად მივდივართ
არსებობს მარტივი ხერხი, რომლის მეშვეობით შეიძლება ცოდნაზე საკუთარი პრეტენზიების მართებულობის შემოწმება: მოძებნეთ არქივში გასული ხუთწლედის საკუთარი გეგმა და შეამოწმეთ, თუ რამდენად სრულად მოხერხდა მისი განხორციელება. დარწმუნდებით, რომ აუხდენელი პროგნოზი უამრავია. გადახედეთ ეკონომიკურ და ფინანსურ პროგნოზებს და შეადარეთ ისინი რეალობას. მაგალითად, ჟურნალ «Fortune»-ის 2000 წლის 18 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა ინვესტირებისათვის ყველაზე მიმზიდველი 10 კომპანიის ნუსხა. მომდვენო ერთი თვის განმავლობაში ამ ნუსხაში შემავალი ხუთი კომპანიის აქციების ფასი 50%-ით შემცირდა, ხოლო ორისა – 80%-ით. სიურპრიზები ყოველ ნაბიჯზე გველოდება.
იმის გამო, რომ ამ სამყაროში ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია საკუთარი ბედის აბსოლუტური კონტროლი. გამოსავალი ისევ ერთია: უარის თქმა ყველაფრისა და ყველას კონტროლის მცდელობაზე. ეს მიზანი მიუღწეველია. ამიტომ საჭიროა რამდენიმე ამოცანის დასმა და ყურადღების გამახვილება იმ საკვანძო მოქმედებებზე, რომლებიც ამ ამოცანების რეალიზაციისაკენ მიგვაახლოებს. გამოიჩინეთ სიმტკიცე დასმული მიზნების მიღწევაში, მაგრამ, ამასთანავე, იყავით მოქნილი მათი მიღწევის საშუალებების, გზების შერჩევისას.
მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში აცნობიერებთ, რომ მომავალი შეიძლება სასურველისაგან განსხვავებული აღმოჩნდეს, მაინც საჭიროა ამ მითის შენარჩუნება: ვიცით, სად მივდივართ. ადამიანებს სჭირდებათ ლიდერი, მოძრაობის მიმართულება და მიზანზე კონცენტრაცია. კონცენტრაცია არა მარტო მოტივაციის საკითხია, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვან სფეროში შედეგების მიღწევის საწინდარიც. თუ აღმოჩნდება, რომ შეგვეშალა, ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება.
მითი მესამე: ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო
თუ სიტუაციას ბოლომდე ვერ ფლობ და ზუსტად არ იცი, სად მიდიხარ, ძნელია განაცხადო, რომ ზუსტად იცი, რა უნდა გაკეთდეს. ამის მიუხედავად, სიტუაციის ფლობის შესახებ მითის შენარჩუნება მოითხოვს მკაფიო პასუხს კითხვაზე, თუ როგორ ვაპირებთ გაცხადებული მიზნების მიღწევას.
ამ მესამე მითის შენარჩუნებაც აუცილებელია, ვინაიდან მისი წყალობით ორგანიზაციაში იქმნება სწორი გეზის განცდა, საბოლოო წარმატების მიღწევის რწმენა. მითი საშიში ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მენეჯმენტი გააზრების გარეშე მისდევს უახლეს მოდურ მართვის თეორიას და ასაღებს მას დასახული მიზნისაკენ მიმავალი გზის გეგმად. მენეჯმენტის სიყვარული პროფესიული „ჰიტების" მიმართ საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის მაჩვენებელია: ის დარწმუნებული არ არის, რომ ძალუძს შეგნებულად დასახოს წინსვლის ხერხები. გახსოვდეთ, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ მოდური თეორია განკუთვნილი იყოს სულ სხვა პრობლემების გადასაჭრელად.
რა ვუყოთ ყოველივე ამას
ბიზნესის სიჯანსაღისათვის საჭიროა ამ სამივე მითის შენარჩუნება. საქმეს ნამდვილად არ წაადგება, თუ განუცხადებთ აქციონერებს (თანამშრომლებს), რომ მენეჯმენტი სიტუაციას ბოლომდე ვერ ფლობს, არ იცის, სად მიდის და რა არის გასაკეთებელი. ადამიანს უსაფრთხოების განცდა სჭირდება. ამ განცდას კი უზრუნველყოფს ძირითადი გეზის, მოძრაობის მიმართულების ცოდნა, თუნდაც მცდარისა. რეალური საშიშროება წარმოიქმნება მაშინ, როცა მენეჯმენტი ამას თავადაც დაიჯერებს. მაშინ ის შეეცდება შესაძლებლობის მაქსიმუმის გაკონტროლებას, მომავლის გეგმაში იმთავითვე მოუქნელი პოზიციის დასახავს, ადვილად წამოეგება სხვადასხვა მახეს. ჩამოთვლილი მითების მიმართ ჯანსაღი სკეფსისი ეხმარება მენეჯმენტს ყურადღების კონცენტრირებაში სწორედ იმაზე, რისი კონტროლიც ან შეცვლაც შესაძლებელია, მოქნილ რეაგირებაში მოვლენათა განვითარებაზე, აგრეთვე ათავისუფლებს ილუზიებისაგან ახალმოდური თეორიების „ყოვლისშემძლეობის" მიმართ.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий