понедельник, 26 августа 2013 г.

გრიგოლ ფერაძე -ვინ არის ჩვენთვის შოთა რუსთაველი?


ეს ქადაგება, რომელიც წარმოითქვა ქართული სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს 1937 წლის 11 დეკემბერს ვარშავის სამიტროპოლიტო ეკლესიაში, ეძღვნება რუსთაველის შემოქმედების 750 წლისთავს.

დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ უდიდეს ქართველ პოეტს - შოთა რუსთაველს, რომელმაც 750 წლის წინ შექმნა დიდებული და განუმეორებელი პოემა „ვეფხისტყაოსანი“. პოემა დაწერილია ლამაზი ენით და გაჯერებულია მაღალი კულტურით, რელიგიურ-ფილოსოფიური ფასეულობებით. მას შემდეგ მთელი საქართველო ამ ქმნილებაზე იზრდება - ესაა ჩვენი მეორე სახარება. თუკი ქართველი ხალხის ხასიათში არის კეთილშობილური და ამაღლებული თვისებები, ამისთვის პოემას უნდა ვემადლიერებოდეთ, იმ პოემას, რომლის აფორიზმებიც ზეპირად იცის ჩვეულებრივმა, გაუნათლებელმა გლეხმაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძნელად მისადგომ კუთხეშიც კი. გმირობა, პატრიოტიზმი, ერთგულება, თავდადება, სიმართლის სიყვარული და ცბიერი, პირფერი, მოღალატე ხალხის სიძულვილი, ღვთისა და მოყვასის სიყვარული - აი, ყოველივე ის, რაც ამ უკვდავი პოემის თითოეული სტრიქონიდან იკითხება. ეს ნაწარმოები საქართველოს აყვავების პერიოდში ზემოქმედებდა ჩვენზე, რათა საკუთარი თავი არ დაგვეკარგა, ხოლო ძნელბედობის ჟამს სიმშვიდესა და უკეთესი მომავლის იმედს გვინერგავდა.
ნაწარმოები შეიქმნა საქართველოს აყვავების, მისი ისტორიული ცხოვრების ოქროს ხანაში. მასში აისახა ქვეყნის უდიდესი კულტურა, ერის სიმდიდრე და სიძლიერე. ასეთ ქმნილებას, სავსეს აზრით, სიცოცხლით, ახალგაზრდობის სიყვარულით, გმირობით, მხოლოდ უდიდესი აღმავლობის ხანა წარმოშობს. ტყვეობისა და დარდის პერიოდში კი ყოველთვის იქმნება პესიმისტური, შემგუებლური ან შურისგებით სავსე ნაწარმოებები და არა ისეთი ქმნილებები, რომლებიც გამოხატავენ დიდი გრძნობებსა და იმ მისიას, ერს რომ გამოარჩევს სხვა ერებს შორის. შემდეგ ეს მოტივები თეორიებში იფანტება და ძალიან ხშირად ისინი რომელიმე მწერლის ჩანაფიქრში პოულობს გამოხატულებას. მათ შეუძლიათ კონკრეტულ წუთებში შვების მოცემა, მძიმე წუთებში ერის ხსნა მორალური დაცემისგან, ერის მისიის შესახებ იდეის გადარჩენა განადგურებისაგან, მაგრამ ეს იდეები არ არიან მუდმივნი - დადგება თუ არა ნათელი, მზიანი წუთები, ისინი კარგავენ ფერადოვნებას და მხოლოდ ისტორიულ მნიშვნელობას იძენენ თაობათა ცხოვრებაში. სულ სხვაგვარად გამოიყურება დიდი აყვავებისა და ძლიერების პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები, იმ პერიოდში, როდესაც ერი ასრულებს თავისი მისიას ღვთისა და ხალხის წინაშე არა მარტო ქაღალდზე, არამედ ნამდვილად, რეალურად, როდესაც კეთილდღეობა, ცივილიზაცია და კულტურა უმაღლეს მწვერვალს აღწევს. ასეთ პერიოდში შობილი უდიდესი ქმნილება ყოველთვის გამოკვეთს კეთილშობილი, ამაღლებული სულის მქონე ადამიანის ტიპს, რომელიც ისწრაფვის მხოლოდ უმაღლეის მორალური სრულყოფილებისაკენ, სულიერი ამაღლებისაკენ. ასეთი იდეალი ერისათვის მაგალითად რჩება ტკივილების, განცდებისა და უიღბლობის დროს, რათა გასაჭირში არ გატეხოს ერის სიამაყე, მისი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, მისი სიყვარული სინათლის, მზისა და სიმართლის მიმართ. ეს სულიერი ღირსება, ეს სწრაფვა დიდი კულტურისაკენ, ეს სიყვარული არამიწიერი სამყაროს მიმართ თითოეული ადამიანისათვის უდიდესი სიმდიდრეა და აკეთილშობილებს არა მარტო „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“, არამედ მასაც, რომელსაც არაფერი გააჩნია. უფრო მეტსაც ვიტყვი, ისინი უქონელ ადამიანს უფრო კარგად წარმოაჩენენ ღვთისა და პატიოსანი ადამიანის წინაშე, ვიდრე ქედმაღალსა და ცინიზმით სავსეს, რომელსაც ქონება რამედ მიაჩნია და სინამდვილეში კი თავისი ქმედებით იმასაც კარგავს, რაც გააჩნია. მარადიული მხოლოდ ის არის, რაც აგებულია კლდეზე, მაგად ფუნდამენტზე - ასეთი რამ კი სიმართლის სიყვარული და კეთილსინდისიერებაა. მატყუარა და ცბიერი ადამიანი არა მარტო ციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, არამედ სააქაოსიც ვერ შექმნის ვერაფერს დიდს, ძლიერს, მუდმივსა და მყარს. ღმერთი არასდროს დაეხმარება ცბიერ ხალხს - იგი მათ არასოდეს თვლის თავისი მიზნების, მისიისა და სიმართლისათვის შესაფერისად.
შოთა რუსთაველი უნდა ყოფილიყო ზეშთაგონებული, ძალიან წმინდა და ნათელი ადამიანი. ქართული საზოგადოებაც, რომელიც მას გარს ეხვია, ასევე უნდა ყოფილიყო მეტად ამაღლებული, მსწრაფი უდიდესი და მარადიული პრინციპებისაკენ. ამ საზოგადოებამ შთააგონა პოეტი - ჩვენი ხალხის სიამაყე იმ ოქროს ეპოქიდან, საქართველოს უდიდესი სიძლიერის პერიოდიდან. გაქრა გზები და ხიდები, უდაბნოებში ოდესღაც არსებული არხები, უდიდესი კათედრალები და ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები და ქალაქები ნანგრევებად იქცა, დაპატარავდა საზღვრები და ჩაქრა ქართული იარაღის ძლიერებისა და დიდების ხმა. ეს ქმნილება კი შემოგვრჩა როგორც ყველაზე ნათელი გამოვლინება ჩვენი ძლიერებისა, რაც გვამდიდრებს და დღესაც, ისევე როგორც 750 წლის წინ, უკეთესი ცხოვრების იმედით გვავსებს.
დღეს მადლობა უნდა გადავუხადოთ განგებას, რადგანაც ასე გამოარჩია ჩვენი ქვეყანა და ამ საზეიმო ღვთისმსახურების დროს მოვიხსენიოთ ჩვენი უდიდესი თანამემამულე და ყველა ის, ვინც მას ეხმარებოდა. ამინ!
პოლონურიდან თარგმნა ეთერ კვირიკაშვილმა
საისტორიო ჟურნალი „არტანუჯი“, № 11, 2003 წ
.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий