суббота, 29 июня 2013 г.

პასუხი მღვდელ დავით ნოზაძეს, ოძელს.




მამა დავით,
მინდა გიპასუხოთ თქვენს წერილზე, რომელიც ჩემს, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ მიმართვას ეხებოდა. თქვენ მწერთ, რომ მე არაგულწრფელი ვარ, შეურაცხვჰყოფ ეკლესიას და ვცდილობ ჩემი წერილით ვაამო ამა სოფლის ძლიერთ. ამის სათქმელად თქვენ არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ. მე ჩვეულებრივი მღვდელი ვარ, რომელიც სამშობლოს მოშორებულ ჩვენს უამრავ თანამემამულეს ყოველთვე ვემსახურები გერმანიის ხუთ ქალაქში. მე და ჩემი მრევლი მხოლოდ ღვთის შეწევნით და თითოეული მორწმუნის ძალისხმევით ვინარჩუნებთ ჩვენს სამრევლოებს უცხოეთში. ამა ქვეყნის ძლიერებთან მე საქმე არა მაქვს და ეს ყველამ იცის, ვინც მე მიცნობს აქაც და საქართველოს საპატრიარქოშიც. ჩემი წერილიც ზუსტად იმიტომ დაიწერა, რომ ჩემთვის ძვირფასია ჩემი ეკლესიის მომავალი და მე ვფიქრობ მასზე. ჩემი რწმენით, ეკლესიის ნაწილის (და არა მთელი ეკლესიის, როგორც თქვენ დაწერეთ) უზრდელმა საქციელმა (პატრიარქის სიტყვები) 17 მაისს მართლა შეურაცხჰყოფა მიაყენა საქართველოს ეკლესიას და ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას. ამის სამწუხარო შედეგებს ჩვენ ყველანი ერთად დავინახავთ ძალიან მალე. რაც შეეხება თქვენს არგუმენტებს, რითაც გინდათ, რომ ძალადობა გაამართლოთ, გიპასუხებთ:
ა) თქვენ მოგყავთ იესო ქრისტეს მაგალითი, როცა მან ტაძრიდან შოლტით გამოჰყარა გასაყიდად შეყვანილი ძროხა, ცხვარი და აუყირავა ვაჭრებს მაგიდები. დაუკვირდით კარგად: - ტაძრიდან გამოჰყარა პირუტყვი, ხოლო ადამიანებს არ შეჰხებია არასოდეს, არც იქ და არც შემდეგ. მე გეკითხებით თქვენ: ვინ შემოგივარდათ ტაძარში? თუ ტაძრისთვის არასაკადრის რამეს შევამჩნევთ ჩვენს ეკლესიებში, რა თქმა უნდა ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.
ბ) წმ. ნიკოლოზის მაგალითი მოგყავთ, როდესაც გაბრაზებულმა არიოზს კვერთხი ჩაარტყა. მაგრამ, ისიც გაიხსენეთ, რომ კრებამ დაგმო მისი საქციელი, როგორც არაქრისტიანული და მას ამის გამო მღვდელმთავრობაც ჩამოართვა. თუმცა, მოგვიანებით ღვთისმშობლის გამოცხადებით ისევ აღუდგინეს ხარისხი. ამ გადმოცემას თუ ეთანხმებით, მაშინ ასეთივე კატეგორიულობით მიუდექით ყველა მოძალადეს და ამ რწმენით, ზოგიერთის დამცველად ღვთისმშობელი ალბათ თქვენც გამოგეცხადებათ.
გ) ამბობთ, რომ წმ. დავით გარეჯელმაც ვერ შეაჩერა გააფთრებული ხალხი, რომელმაც ქაშვეთის ტაძრის წინ ქვით ჩაქოლა ცილისმწამებელი ქალი. წმინდა დავითმაც რომ ვერ შეაჩერა ისინი, ეს არ გაძლევთ უფლებას, რომ გაამართლოთ ამგვარი საქციელი. სწორედ დავითის შემდგომი ნაბიჯი, რომ მან ამის გამო მიატოვა თბილისი და უდაბნოში განმარტოვდა ადასტურებს, რომ მან საშინლად განიცადა ეს მკვლელობა და მისთვის მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. ყვითელ ავტობუსს შემოხვეული გააფთრებული ადამიანები თუ ნახეთ, ერთი ნაბიჯი იყო იქაც დარჩენილი უბედურებამდე, რომელიც რომ მომხდარიყო, საკითხავია: რამდენი მღვდელი მიატოვებდა ამის გამო თავის ეკლესიას და განმარტოვდებოდა უდაბნოში?
თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ იპოვით ქრისტიანობაში, სადაც ცოდვილების წინააღმდეგ ძალადობა რაიმე მიზეზით გამართლებული იქნება.
სახარების სხვა საკითხების თქვენეულ ინტერპრეტაციაზე ვაპირებდი გამეცა პასუხი, მაგრამ, ვფიქრობ, აზრი არა აქვს და აი რატომ: წმინდა წერილს იმიტომაც ეწოდება „ცხოვრების წიგნი“, რომ მთელი ცხოვრება უნდა იკითხოს და გაიაზროს ადამიანმა. თუ ადამიანი სულიერად წინ მიდის, ცხოვრების ყველა ეტაპზე ისე ესმის სახარება, როგორიც თვითონ არის იმ დროს. თქვენ ეს ყველაფერი ახლა ასე გესმით და „სხვაგვარად არ ძალგიძთ“. მხოლოდ ერთ საკითხს შევეხები: ჰქონდა თუ არა იესო ქრისტეს სურვილი ამქვეყნიური ძალაუფლებისა? ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან აქედან გამომდინარეობს ქრისტიანული ეკლესიის პოზიცია სახელწიფოში. ამის გასარკვევად კიდევ ერთხელ მოგიყვანთ ადგილს იოანეს სახარებიდან (თქვენც დაიმოწმეთ): „მიუგო პილატემ: ... მაინც რა ჩაიდინე? მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.“ (იოანე, 18,35-37) ნათელია, რომ იესო ქრისტე ამ სიტყვებით უარჰყოფს ამქვეყნიურ ძალაუფლებას და ამბობს, რომ მისი ძალაუფლება არ არის ამქვეყნიური. მიწიერი სამეფოს მბრძანებელი რომ ყოფილიყო უკვე თავის სიცოცხლეშივე ეყოლებოდა მსახურები და ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოლებდნენ მისთვის. მაგრამ, მას არ სურდა ეს. მხოლოდ იმიტომ დაიბადა, რომ სიყვარული და ჭეშმარიტება იქადაგოს, ღვთისსათნო,
წმინდა და მართალი ცხოვრება ასწავლოს ხალხს და ვინც ჭეშმარიტების სულისგან არის ყურს უგდებს და იგებს მის ნათქვამ აზრს. პირადად ჩემთვის და ჩემი რწმენისთვის მისი ამგვარი ძალაუფლებაა მისაღები და მნიშვნელოვანი. მხოლოდ სულიერი ძალაუფლება, რომელსაც საკუთარი ნებით და სიხარულით ემორჩილება შეგნებული ადამიანი. თქვენთვის კი, როგორც ჩანს, მთელი ამ ციტატიდან მნიშვნელოვანია იესოს პასუხი, როცა პილატე დაჟინებით ეკითხება: „მაშ, მეფე ხარ?“ და ისიც პასუხობს: „შენ ამბობ, რომ მეფე ვარ.“ რადგან ასე წარმოგიდგენიათ იესო ქრისტეს პიროვნება და ასე გწამთ.
მამა დავით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წერილში ბევრ ადგილას არაკორექტული იყავით პირადად ჩემს მიმართ და ჩემი არგუმენტების მიმართ, მაინც მჯერა, რომ თქვენც ჭეშმარიტების სულისგან ხართ და გესმით ქრისტეს ხმა. ჩვენთვის, უმთავრესია თუ როგორ ვიქცევით ჩვენ, ქრისტეს მსახურნი და არა ის, თუ რას აკეთებს სხვა, ვისაც არ უნდა ჩვენი მოსმენა.
სასულიერო პირს საბრძოლველად ღვთისაგან მიცემული აქვს ერთადერთი იარაღი. ეს არის: სულიწმინდის მახვილი - სიყვარულით ნათქვამი მართალი სიტყვა.

ქრისტესმიერი სიყვარულით

დეკანოზი თამაზ ლომიძე
5 ივნისი, 2013 წ.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий