среда, 28 августа 2013 г.

ნატოს ძირითადი რაკეტის სიშორე 60%-ით გაიზრდება


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები გეგმავენ AIM-9X Block III რაკეტის სროლის სიშორის გაზრდას 60%-ით, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ამერიკული გამანადგურებლის შესაძლებლობებს პირდაპირი ხილვადობის მიღმა მყოფი სამიზნის განადგურების თვალსაზრისით.
ამრიგად, ყოფილი ახლო რადიუსის მოქმედების რაკეტის სიშორე მრავალწლიანი დახვეწისა და მოდიფიკაციის შედეგად საერთო ჯამში დაახლოებით 50-55 კმ-მდე გაიზრდება. AIM-9X Block III, ფაქტობრივად, საშუალო სიშორის რაკეტა გახდება.
სროლის სიშორის გაზრდის მიზნით AIM-9X Block III რაკეტა აღიჭურვება ახალი სარაკეტო ძრავით გაზრდილი ეფექტურობით. რაკეტას ექნება ახალი საბრძოლო ნაწილი, რომელიც მგრძნობიარე არ არის სხვადასხვა ზემოქმედების (მაგალითად, დარტყმის ან ხანძრის) მიმართ. ეს მკვეთრად გაზრდის მისი ექსპლუატაციის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ AIM-9X შეიძლება F-22 თვითმფრინავის შიდა ნაკვეთურშიც განთავსდეს. გარდა ამისა, ახალ რაკეტაში გამოყენებული იქნება უფრო სრულყოფილი ელექტრონიკა და მართვის სისტემა – Block II მოდიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ AIM-9X Block II-ის მიმდინარე ვერსიას საკმაოდ კარგი შესაძლებლობები გააჩნია. ჯერ ერთი, შესაძლებელია მისი გაშვება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თვითდამიზნების ინფრაწითელი თავი მიზანს დააფიქსირებს, რაც წინმსწრები იერიშის დაწყების საშუალებას იძლევა, თანაც დამიზნების ფინალურ სტადიაზე გამოიყენება არა თვითდამიზნების რადიოლოკაციური თავი, როგორც AIM-120 AMRAAM რაკეტის შემთხვევაში, არამედ ინფრაწითელი, რომელზეც რადიოელექტრონული ბრძოლის სრულყოფილი სისტემები ზემოქმედებას ვერ ახდენს. გარდა ამისა, AIM-9X Block II-ს აქვს მაღალი მანევრირების უნარი და დამიზნების ციფრული სისტემა, რაც ზრდის სამიზნის განადგურების ალბათობას.
ახალი რაკეტა AIM-9X Block III გამოყენებულ იქნება აშშ-სა და მისი მოკავშირეების სხვადასხვა გამანადგურებელზე, აგრეთვე პერსპექტიულ, მე-5 თაობის გამანადგურებელზე F-35. ამ გამანადგურებლის ტიპობრივი საკიდარია ორი რაკეტა AIM-9X ფრთისქვეშა პილონითა და ოთხი AIM-120 შიდა ნაკვეთურში. ეს ორჯერ ნაკლებია რუსეთის წარმოების თანამედროვე გამანადგურებლის საბრძოლო მარაგზე, ასე რომ პარიტეტის მისაღწევად ამერიკელებს მოუწევს სარაკეტო იარაღის შესაძლებლობათა მკვეთრი ამაღლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება AIM-9X Block III რაკეტა.
000000000F35 AAVI-thumb-560x318-177943
2022 წელს F-35 სტელს-გამანადგურებლის ფრთის ქვეშ გაჩნდება ახალი რაკეტა AIM-9X Block III, რომლის იერიშისაგან დაცვა ძალიან ძნელი იქნება.

AIM-9X რაკეტის წარმოება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჯარს უკვე გადაეცა 5000-ზე მეტი რაკეტა AIM-9X Block I; ამასთანავე, ლაპარაკია არა მარტო აშშ-ს ჯარზე, არამედ კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებზე. მოდიფიკაცია Block II ჯარს 2014 წელს გადაეცემა. გასული წლის ბოლოს AIM-9X Block II-ის შესყიდვის განაცხადი აშშ-ს მთავრობას გაუგზავნა პოლონეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. მოსალოდნელია, რომ Block III მოდიფიკაციის საექსპლოატაციო გამოცდა 2020 წელს ჩატარდება, ხოლო რაკეტის ახალი ვერსიის მასობრივი მიწოდება 2022 წლისათვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის აშშ-ს ჯარში F-35 თვითმფრინავის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий