среда, 28 августа 2013 г.

მობილური ტელეფონის დამუხტვა 16 წუთში


სპეციალისტები გვპირდებიან, რომ სულ მალე შევძლებთ მობილური ტელეფონისა და ნოუთბუქის „დატენვას" რამდენიმე წუთში. ამასთანავე, ეს არ მოითხოვს ბატარეის დამზადების ტექნოლოგიის შეცვლას – ახალი ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს დამუხტვის ახალ ხერხში.

ყველასათვის კარგად არის ნაცნობი სიტუაცია, როცა არ გყოფნის დრო მობილური ტელეფონის დასატენად: გაქვს მხოლოდ რამდენიმე წუთი, რომელიც საკმარისი არ არის აკუმულატორის დასამუხტად 10%-თაც კი. Potential Difference გვპირდება ამ პრობლემის გადაჭრას საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ დაპატენტებულია ჯერ კიდევ 2001 წელს.
ახალი ტექნოლოგიის არსი საოცრად მარტივია: სამუხტავ მოწყობილობას აქვს გადამწოდები, რომლებიც აკონტროლებს აკუმულატორის ტემპერატურას, ძაბვასა და დენს. ეს მონაცემები გამოიყენება იმის განსასაზღვრავად, თუ რამდენი მუხტი დააგროვა ბატარეამ და რა სიჩქარით ძალუძს მას მუხტის მიღება დროის ყოველ კონკრეტულ მომენტში. ეს დამუხტვის პრინციპი ეფუძნება ცნობილ მოვლენას: განმუხტული, ანუ დაცლილი, ბატარეა იმუხტება უფრო სწრაფად, ვიდრე ნახევრად დაცლილი. ამრიგად, Potential Difference სამუხტავი მოწყობილობა აკუმულატორს ჯერ შედარებით მცირე დენით დამუხტავს, შემდეგ კი, დამუხტვის სიჩქარის შემცირების კვალობაზე, დენის ძალა გაიზრდება – პროცესის დასაჩქარებლად. რა თქმა უნდა, გადახურვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბატარეის ტემპერატურის მუდმივად შემოწმება, რის გამოც სამუხტავი მოწყობილობა მუშაობს, ფაქტობრივად, იმპულსების სერიის რეჟიმით: დენის მიწოდება ხან იზრდება, ხან ჩერდება – აკუმულატორის ტემპერატურის გასაგრილებლად.
სამუხტავი მოწყობილობის პროტოტიპის გამოცდისას Potential Difference-ის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ შესაძლებელია ტიპობრივი ელექტრონიკისა და ელექტროავტომობილის ლითიუმ-იონური აკუმულატორის დამუხტვა საშუალოდ 16 წუთში. დამუხტვის პროცესში ბატარეათა 80% მაქსიმუმ 420 С-მდე ხურდებოდა. ახალი სამუხტავის უზარმაზარი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის ლითიუმ-იონური აკუმულატორზე, თუმცა, ავტორების თქმით, საუკეთესო შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ სამუხტავი მოწყობილობა ელექტრონიკის გარკვეულ ტიპზე იქნება მორგებული. ეს კი რთული არ არის – ავტომობილის ღირებულების ფონზე სპეციალური ზესწრაფი სამუხტავი ფინანსურად გამართლებულია. სამუხტავი მოწყობილობის ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა აშკარაა: სწრაფი დამუხტვის ხარჯზე შესაძლებელია მასობრივი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ნაკლის კომპენსირება.
ამის მიუხედავად, ზოგიერთი სპეციალისტი შიშობს, რომ Potential Difference-ის სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიას შეიძლება მოჰყვეს ბატარეის ასეთივე სწრაფი მწყობრიდან გამოსვლა. ასეთი ვარაუდი სავსებით მართებულია, ვინაიდან დამუხტვისას ელექტროდების გაფართოება და შევიწროება იწვევს ბზარების წარმოქმნასა და ელექტროდების დაშლას, რაც აკუმულატორის სამსახურის ვადის განმსაზღვრელია. აქამდე Potential Difference წყვილის – „სამუხტავი/აკუმულატორი" გამოცდა ციკლზე – „დამუხტვა/განმუხტვა" – არ ჩაუტარებია, ასე რომ, ეს კითხვა ღიად რჩება. მაგრამ, ამასთანავე, ზოგიერთ სფეროში შეიძლება აკუმულატორის სამსახურის ვადის საკითხის იგნორირება – მაგალითად, ჯარში, სადაც ბატარეის დამუხტვის სიჩქარეზე შეიძლება დამოკიდებული იყოს ადამიანთა სიცოცხლე და საბრძოლო ამოცანის შესრულება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий