ფილოსოფოსი დიოგენე ანთებული ფარნით ხელში დადიოდა ბაზრის მოედანზე დღისით, რამეთუ იქ ბევრი ხალხი იკრიბებოდა. დადიოდა და ამბობდა: ''Hominem quaero!'' _ ''ადამიანს ვეძებ!'' იპოვა თუ არა ადამიანთა შორის ადამიანის მძებნელმა რაიმე მსგავსი,არ ვიცით. ან კი შეიცვალა მას შემდეგ რაიმე? გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ არც დიოგენეს შემდეგ შეცვლილა რამ; უფრო მეტიც, ჩვენ საკუთარი თავი ვერ გვიპოვია, არა თუ სხვის მოსაძებნად დაგვეწყო სვლა. როდის კარგავს ადამიანი საკუთარი თავის რაობას? მაშინ, როდესაც სწყდება მოყვასის საჭიროების განცდას. კარჩაკეტილობის, ურთიერთ გაუცხოების სურვილს რა უნდა აღძრავდეს, თუ არა მხოლოდ კაცთმოძულე დემონის ზრახვა. მისი ნებელობის მიმართულებაც ხომ ამ არაადამიანური განზრახვიდან მომდინარეობს, რომელსაც სიყვარულის ცნებისადმი გამოუთქმელი შეუთავსებლობა აქვს. როდესაც ადამიანი თავს თავისივე მსგავსისაგან განაყენებს, სწორედ სიყვარულის წინააღმდეგ ამხედრებს პირად დანიშნულებას და სიყვარულის მტკიცებულებას ურგებს ხდის თავისი სულიერი და ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად. როდესაც სხვას ემიჯნები, ბუნებრივად ხდება სხვის მიერ შენგან გამიჯვნაც. ყოველივე ამას თან ერთვის საკუთარ სინდისთან წინააღმდეგობა. თავისუფლების მოპოვების წარმომსახველს ვერ გაუგია, რომ ეს ღვთისგან ნაბოძვარი სანუკვარი თვისება მის წინააღმდეგ სამტროდ მომართულთა, უხილავი ძალების ტყვედუქცევია. ასე კარგავს საკუთარ თავს პირადი კეთილდღეობისკენ უკიდურესად მისწრაფულის დაბინდული გონება. როდესაც ზემოხსენებულზე ვლაპარაკობ, იმისთვის როდი ვწერ, რომ ვიფიქროთ, თითქოს სიკეთემ და ბედნიერებამ ადამიანში დასასრული პოვა. რა თქმა უნდა, არა! რადგან ვიცით,რომ იესო ქრისტე ყველა დროში მყოფია და ჩვენი ღმერთი სიცოცხლის უფალია, გვმართებს ჩვენი მეხსიერების სიღრმეთა სიღრმეში წარუვალ ნუგეშად აღვიბეჭდოთ მხსნელის სიტყვები:`მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს~. იოანე, 16,33. მართლაც, რა ტკბილია უფლის მანუგეშებელ სიტყვათა ხმოვანება, როგორი მზრუნველია და სიყვარულით გამთბარი. წარმოიდგინე, ერთი ადამიანიც კი (აღარაფერს ვიტყვი მრავალრიცხოვნებაზე), რომელიც ყოველწუთიერად შენი არსებობის უგულებელმყოფელია, არამადლიერია, რამდენად აღძრავს უმალ შენში სამაგიეროს მიზღვის სურვილს. უფრო მეტიც, ალმაცერი შემოხედვაც კი საკმარისია ადამიანისთვის, რომ სამტროდ განაწყოს.როგორი აზვირთებადია ჩვენი პიროვნული პატივმოყვარეობა მაშინ, რომელიც მისი არსებობის ზღვარდასადებად მომართავს ხოლმე ჩვენს ენერგიას. თუ გვიფიქრია, რატომ ხდება ასე? პასუხად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველივე ეს ჩვენი არსების მყოფობის წინააღმდეგ მიმართულ გარემოებად გვაქვს აღქმული.როდესაც მორწმუნე ადამიანის დამშვიდებული გონება ამის შესახებ ფიქრობს, მისი თვალთამზერა იესო ქრისტეს არსებისკენ მიემართება და გაოცებული აღმოთქვამს: რამდენს გვითმენს უფალი! ამ ფიქრში გონება ისე იძირება ღვთაებრივი სახიერებისა და სიყვარულის დაულეველ ოკეანეში, რომ სრულიადაც აღარ შესწევს უნარი, ამოიზიდოს ფსკერის სიღრმიდან. ასე ვაცნობიერებთ სიყვარულის ძალას, რომელიც გვინარჩუნებს უფალთან მისასვლელ გზას. აი, რატომ არსებობს ერთმანეთთან სიყვარულით ცხოვრების ვალდებულებაც, იგი ხომ თავად ჩვენს ცხოვრებას აადვილებს, მძლავრობს რა დაუნდობლობა. ზოგჯერ კიდეც გვიძნელდება, დავიჯეროთ, რომ სიყვარული ძალმოსილია. იგი ერთგვარ სისუსტედ გვეჩვენება. მაგრამ გაგახსენდება თუ არა სიყვარულით ნამოქმედარის შედეგი, როდესაც სიძულვილით აღძრულისთვის სიყვარულის ძალა გადაგიცია და გიხილავს მისი ყინულდნობა, მაშინ რწმუნდები, რომ სიყვარული ძლიერია. იმაზეც ვფიქრობთ, თუ რატომ გვიყვარს სხვა. ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარ თავს და ადგილს ვპოულობთ და განვათავსებთ მასში. და რადგან ასეა, სიყვარულის არსებობის ან არ არსებობის მაჩვენებელიც ასე განიზომება: ის, ვინც გენატრება, ე. ი. გიყვარს და რამდენადაც გენატრება, იმდენად გიყვარს. ამ მონატრებაში უფრო მეტადაც გიყვარდება. განა საჭიროა, დამატებით ვთქვათ, რომ მონატრება სიყვარულის მწვრთნელია?! ურთიერთსიყვარულში რომ მდგომარეობს ცხოვრების აზრი, ასახულია მისი მოწინააღმდეგე სიძულვილის გაცნობიერებაში. ერთი სიცოცხლეს წარმოშობს, როგორც მისი ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური,ისე სულიერი თვალსაზრისით, მეორე კი _ სიკვდილს, რამეთუ იგი სიცოცხლის წინააღმდეგ არის მიმართული.ერთი აცოცხლებს და მეორე კლავს. მაშ, ვისგანაა სიცოცხლე და ვისგან სიკვდილი? სიცოცხლისაკენ წარგმართავს მხოლოდ უფალი, ხოლო სიკვდილის თანაზიარს გხდის მისი მოწინააღმდეგე. ჩვენდამი მომართული ღვთაებრივი მოწოდება, როგორცმ თლიანობაში წარმოდგენილი, არის მოწოდება სიყვარულისა და სიცოცხლისათვის. რატომ ხდება, რომ ის, რისკენაც თავად ვისწრაფვით და რის მსურველებიც ვართ სხვისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის მაინც, ისე გვეზიზღება და გვძულს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მის წინააღმდეგ ვართ ამხედრებულნი. განა მის წინააღმდეგ აღძვრას არ წარმოადგენს უყურადღებობა ერთმანეთის მიმართ და უგულისხმობა სხვისი პრობლემებისადმი. თითოეული ადამიანის პრობლემაც და გასაჭირიც ხომ მისი სიცოცხლ ის უგულებელყოფის შესაძლო დამბადებელია. განა ბევრი სჭირდება სასოწარკვეთილს, მის მიერ გამოუვალ მდგომარეობად მიჩნევის შემთხვევაში სიცოცხლის წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯი. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამის უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენს რეალობაში, სულიერად თუ ფიზიკურად ღონემიხდილთა კვალობაზე. ასე აუძლურებს ადამიანის შემართებას საყოველთაო უყურადღებობა, რომელიც ზოგიერთში აღვივებს შეგრძნებას, რომ იგი მიტოვებულია. ამდაგვარი მდგომარეობისთვის ხომ ყოველი ადამიანი განწირულია. დიახ, განწირული, რამეთუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ხვალინდელი დღე. უმძიმესია ეს მდგომარეობა,რომელიც სრულიად სდევნის სიხარულის შეგრძნებას ადამიანში. და რა არის ადამიანის სიცოცხლე, თუ მას სიხარული არ ახლავს. მას აღარც გათენება ახარებს და არც დაღამება აღუძრავს დასვენების სურვილს, რამეთუ მწუხარების ნაღველი ღრღნის მის მყუდროებას, მისი სულიერი მეობის ნავსაყუდელს. ამიტომ დღე მისთვის ტკივილში ყოფნის ხანგრძლივობის მომასწავებელია, ხოლო ღამე მარტოობის სიმძიმეს უმძაფრებს. ადამიანის დანახვა კი მასში ქვეცნობიერ ზიზღსა და სიძულვილს იწვევს. დაღლილ-დაქანცულს მარტოობის წყვდიადში თითქმის ძალაც აღარ შესწევს, შეებრძოლოს უსასოების გამაბრუებელ თავდასხმებს. იგი ფიქრობს,რომ არავის უყვარს, არავისთვისაა საჭირო და მნიშვნელოვანი, არავინ არის მისით დაინტერესებული. ეს განცდები თანდათან მძაფრდება და არარაობის უსასოდ შემგრძნებელ მდგომარეობაში გარდასახავს მარტოობით დაღლილ უნუგეშო ადამიანს. სხვას რომ ვეღარ ხედავს მარტოდ დარჩენილი, ამიტომ აღიქვამს თავს არარაობად. ყოველივე ეს აღიბეჭდება როგორც მის სულზე, ისე მის ფიზიკურ სახეზეც. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ უნდა, დაფაროს თავისი სახისმეტყველება, რათა შესამჩნევი არ იყოს სხვისთვის, აქაც უძლურია. ტკივილმა მოიცვა მისი არსება სულითაც და ხორცითაც. არის რაიმე საშუალება, რომელიც აღუდგენს მას სიცოცხლის რწმენას? ვინც მარტოობის განცდით ადამიანთა წრისგან განყენებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ძნელი სათქმელია, რომ მათგან მოელოდეს შეწევნას. მას ხომ ადამიანური სიყვარულისა და თანაგრძნობის არსებობისადმი უნდობლობა აქვს. უსაშველობის შეგრძნებაში ფესვგადგმული არ იცნობს უფლის არსებობას და ამიტომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილებას იღებს. აი, სადამდე მიგვყავს უყურადღებობით ერთმანეთი. რა სულისშემძვრელია იმის გააზრება, რომ ადამიანი, აქაც ტანჯულ და გამწარებულ ყოფაში მყოფი, თავის გარდაცვალებას განასრულებს იმავე მდგომარეობაში, რომლის დასრულებასაც ფიქრობდა ტანჯვით აღსავსე თავისი ამქვეყნიური სვე-ხვედრისაგან გაქცევით. ნუთუ აღარ დადგა დრო, ერთმანეთისკენ მივმართოთ ჩვენი გულისხმიერება? ნუთუ სრულიად განვიძარცვეთ ადამიანურობისგან?! ნიშანდობლივია, რომ ამ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე ადამიანი შეიძლება თავისთვის სრულიად შეუმჩნევლად მივიდეს ერთ წამში. ან კიდევ ამ მდგომარეობამდე მისასვლელად, სრულებით შესაძლებელია, რომ თითო ქვა იდებოდეს პატარ-პატარა პრობლემებისგანაც და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ უსაშველობის შეგრძნების უშველებელი ზვირთი წამომართულა. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, გავუადვილოთ ერთმანეთს ცხოვრება ,პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ერთმანეთის არსებობას და პატივი ვცეთ ზოგადად სიცოცხლეს, როგორც ყველაფერზე აღმატებულს, რომლის მფლობელიცაა თითოეული ადამიანი.
მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული
Комментариев нет:
Отправить комментарий