მინდა შევეხო მორჩილების საკითხს, რადგან მასზე საუბრის აუცილებლობას განაპირობებს ამ სათნოებისადმი უმართებულო მოპყრობის არსებობა, რასაც არცთუ იშვიათად აქვს ადგილი საეკლესიო სივრცეში .წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ ღვთის მიერ მორჩილების სახედ იმდაგვარი მორჩილება იწოდება, სადაც სიყვარულის საფუძველით ისახება, ვლინდება და ხორციელდება ნებისმიერი მოქმედება. ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ადამიანის სახე იქ იხილვება, სადაც ნებელობა ცნობიერებასთან (ან პირიქით) ერთად მოქმედებს, რადგან შინაგანი და გარეგანი თაყვანისცემის ერთობლივი მსახურება ასეთი გააზრებულობით აღესრულება. სწორედ ამდაგვარ შეგნებაში აღსრულდება უპირველესი მცნება, რომელიც ღმერთისა და ადამიანის სიყვარულს ავალდებულებს თითოეულ ჩვენგანს. მამა ღმერთისადმი ძის მორჩილების მისტერია, შინაარსი, რომელიც წმიდა წერილმა გვიჩვენა, ცხადად ავლენს უმეტესად დადასტურებულს, როგორც დოგმატთა უდოგმატესსა და გამოცხადებით გამოცხადებულ იმპერატივს: ძე დამორჩილდა მამას, რათა მიეღო ადამიანს, კაცობრიობას საღმრთო ცნობა, რომ 'ღმერთი სიყვარული არს''. აი, მორჩილების დედააზრი, მეხსიერების სიღრმეთა სიღრმეში აღსაბეჭდი, მაცოცხლებელი საზრისი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებისა. მორჩილების უმართებულო გაგება იმის გათვალისწინებითაც, რომ შეიძლება ეს პიროვნების მიერ ე. წ. საღმრთო მსახურებითი მოშურნეობიდან მომდინარეობდეს, უკუშედეგებს იწვევს და სულიერი ცხოვრება უმეტეს შემთხვევაში წარუმატებელია. მორჩილების არსის შეცნობასა და მის განხორციელებაში გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: ადამიანი მიდრეკილია სხვისი დაუფლებისკენ, რაც მიუღებელია და მსუბუქად რომ ვთქვათ, პიროვნების დაქვემდებარებისა და მონად ქცევის ელფერით იმოსება (ეს კი ქრისტიანული მოძღვრებისათვის უცხოა), და ეს მიდრეკილება ძლიერად არის ფესვგადგმული თითქმის ყოველ ადამიანში. ღმერთთან ჩვენი დამოკიდებულება და ნებისმიერი სახის მსახურება ასეთ შემთხვევაში კარგავს დანიშნულებას და ხშირ შემთხვევაში მონური სულისკვეთების მძევალი ხდება. ადამიანი კი, რომელიც ''მძევლად ქცეულ მსახურებას'' ახორციელებს, მასში ღვთაებრივი ხატების აღბეჭდვის უნარს უკიდურესად აქვეითებს. ეს ხელის შემშლელი პირობა ხდება მისთვის, როგორც განსაღმრთობად მოწოდებულისთვის და სცილდება საზღვრებს, მხსნელის მიერ გამოხსნილი, მადლიერებით აღვსილი მონანულის მდგომარეობას რომ წარმოაჩენს. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს უკვე აღსრულებული: რომ გამოხსნილები ვართ უფლისმიერ ჯვარზე და განმზადებულნი ვართ სასუფევლისათვის, თუკი ჩვენი თავისუფალი ნება ღვთის მადლის წინააღმდეგ არ აღმოჩნდება, რომელიც არის ჩვენი მაცხოვნებელი. ეს ნიშნავს,რომ ცხონების აღთქმა უკვე არსებობს, მხოლოდ ჩვენი ნების მონაწილეობაა საჭირო ამაში. ნათელი რომ ვიღეთ, დავიფლეთ და აღვდექით უფალ მაცხოვარ იესო ქრისტესთან ერთად, რომლის წინაშე გამოვხატეთ სურვილი ცხონების მისაღებად. უმტკიცესად გვმართებს ამის დამახსოვრება. ნათლისღების შემდეგ იწყება სულის ტაძრის მშენებლობა, რაც თანმიმდევრულად ხორციელდება. ამრიგად, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ სულიერი ტაძრის თანმიმდევრული აშენებისკენ. ჩვენ მხოლოდ ხელს ვუწყობთ და მიმართულებას ვაძლევთ და არა ვინმეს ნაცვლად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამრიგად, ცნობიერად თუ არაცნობიერად დაბეჯითებითა და დარწმუნებით შთაგონება სხვისათვის, რომ მან საერთოდ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა არის კარგი საკუთარი თავისთვის და ეს მე ვიცი მხოლოდ და ამიტომ მე უნდა მომენდოს ყველაფერში, არასწორია. ასეთი სულისკვეთების არსებობა სრულიად გასაგებად და ლოგიკურად დასათანხმებელია ისეთ მამებთან მიმართებაში, რომელთა სულიერი მდგომარეობა ღვთისმჭვრეტელობაში იმყოფებოდა და მათდამი სრული მინდობაც მათი მდგომარეობის შედეგი იყო. ისინი სულიერი ცხოვრების ხელოვანი მეცნიერები იყვნენ და არ იყო მათთან შეცდომის დაშვების ალბათობა, რომელიც უარყოფითად იქნებოდა ასახული მათდამი მინდობილ პიროვნებაზე. ისინი ხომ ყველაფერთან ერთად კარგად იცნობდნენ საკუთარ სულიერ შვილებს, მათ შინაგან მდგომარეობას. ამრიგად, ნეტარხსენებულ მამათა სულიერი მდგომარეობის კვალობაზე მხოლოდ დიდ ხიბლში მყოფი თუ მოიაზრებს საკუთარ თავს იმდაგვარი სულიერი აღჭურვილობის მქონედ, რომელსაც ექნება თვითდაჯერებულობა მისადმი ვინმეს სრული მინდობის განაცხადზე. ვფიქრობ, ეს საფრთხილო უნდა იყოს. მორჩილების არსი მდგომარეობს მის ნელ-ნელა განხორციელებაში, სულიერი ცხოვრების წარმატების სასარგებლოდ, ისეთი ხელის შემშლელი ვნებისა და შეგნების აღმოსაფხვრელად, როგორიც არის პირადი ''მე''. ესეც იქამდე, ვიდრე იგი გათავისუფლდება ისეთი შეთვისებულობებისა და უკიდურესობებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან მის არსებას, საკუთარი ნება დაუქვემდებაროს ღვთის ნებელობას. და არამც და არამც არ ნიშნავს იგი ვინმეს პიროვნულ ან სოციალურ დაქვემდებარებას. უფალთან ასეთი სინერგიული კავშირით მოქმედი მდგომარეობა კი შედეგად სწორხაზოვნებას წარმოქმნის. მოძღვრის დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს სულის გათავისუფლებას ვნებათა და მანკიერებათაგან და არა ვინმეს ''მეს'' საკუთარი ''მე''-სადმი დაქვემდებარება. განდევნე შენი ''მე'' ჩემი 'მეს'' ჩანაცვლების კვალობაზე_ ასეთ შეგნებას არ იცნობს ქრისტიანული მოძღვრება. მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს თუ არ დაიპყარი, ისე ცოდვისგან არ გათავისუფლდება. არასწორია, როდესაც ვინმე თავისუფალი ნების დათრგუნვას მორჩილებას უწოდებს. მორჩილება თავისუფალი ნების დათრგუნვას კი არ ეწოდება, არამედ ამ ნების წარმართვას დამორჩილებისაკენ. სწორედ ამის სწავლას ავითარებს სამონასტრო ცხოვრება არსობრივად, რამეთუ სიკეთეა თავისუფალი ნებაც და საღმრთო მორჩილებაც. მიზანი ამ ორი სიკეთის ერთმანეთთან დაკავშირებაა. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ მთელი ჩვენი მოვალეობა იმ ნებელობის ჩახშობა ყოფილა, რომლის დამფუძნებელიც თავად უფალია. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ პიროვნება პიროვნებისგან თავისუფლდება, რაც გულისხმობს, როგორც საკუთარი თავის ტყვეობიდან განთავისუფლებას, ისე ნებისმიერი კაცთაგანისგან ''უტყვედქმნილობას''. მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების მიზანსწრაფვა მხოლოდ უფალში ტყვეობისაკენ უნდა იყოს მიმართული. რამეთუ ბრძანებს უფალი: ''უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს''. არის ვინმე კაცთაგანი, ვისაც ეყოფა გამბედაობა უფლის სიტყვათა მსგავსის სათქმელად?!.. სწორედ ამ გარემოებათა გამო გვმართებს სიფრთხილის გამოჩენა, როგორც მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში, ისე მორწმუნე მრევლის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: თუ პიროვნებას უფლისადმი მადლიერების განცდა და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს,იგი აუცილებლად ექვემდებარება სინანულის იმდაგვარ მდგომარეობას, რომელიც ჩადენილი მანკიერი ქმედებების დანახვისა და მათგან განთავისუფლების ძლიერ სურვილს აღუძრავს. იგი წარმოადგენს არა მხოლოდ უბრალოდ სამადლობელს, არამედ აზროვნების ძირეული გარდაქმნისათვის ამოსავალს და მაცხოვნებელ საშუალებას. უფლისადმი მადლიერების გამოხატვა ამავდროულად მოიცავს ღრმა ანალიზის შედეგად გამოვლენილ ადეკვატურ ქმედებას იმ სიკეთეთა გამო, რომლებიც შემოქმედისგან ბოძებული აქვს სამყაროს. ამრიგად, მადლიერებაში განსწავლული ადამიანი მიმართული ხდება შინაგანი მზადყოფნისაკენ,რათა საკუთარი ნებელობა ღვთითბოძებული თავისუფლების მაღალი უნარით წარმართოს უფლის მცნებათა აღსრულებისკენ და იზრუნოს მისი დაცვისათვის (ე. ი. მიიღოს შინაგანი გადაწყვეტილება მორჩილებისათვის). ეს განხორციელებადია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გონება ყოველივეს მთელი სისავსით გაიაზრებს. მას შემდეგ, რაც შედგება შინაგანი გულწრფელი თანხმობა გონებას, გულსა და ნებელობას შორის (ეს სულის შინაგან მოძრაობაა), იბადება მზადყოფნა მორჩილების სათნოების მოსაპოვებლად. მოპოვებამდე კი მისადმი სურვილის გამოვლენაა აუცილებელი, რადგან თუ არ არსებობს სურვილი, არ მიიღწევა მიზნად დასახული შედეგი. ამრიგად, დასაწყისში ჩვენი სულიერი და გონებრივი ვარჯიში მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ღვთისმაძიებელნი და ღვთისმორწმუნეობისაკენ მიმართულნი გულწრფელად შევუდგეთ მორჩილების არსისა და მისი პრაქტიკული განხორციელების მეცნიერებას მოძღვრის დახმარებით. მორჩილების არსთან დაკავშირებით საკუთარი ნების უარყოფის ეკლესიოლოგიური სწავლება გულისხმობს პიროვნების ნებელობაში ისეთ ქვეცნობიერ ქმედებას, რომელიც გარეგნულ მოქმედებამდე აღსრულდა საკუთარი ნების უარყოფის გადაწყვეტილებით. ასეთი შინაგანი გადაწყვეტილების შემდგომ, როდესაც უკვე პრაქტიკული ქმედებები იკავებენ ადგილს მორჩილების სათნოების მოსაპოვებლად, ადგილი ეთმობა ''იძულებას მორჩილების მოსაპოვებლად'', ისევე,როგორც ''სასუფეველი იიძულების''. მათე, 11,12. ოღონდ ''იძულება მორჩილებაში'' უნდა განხორციელდეს უდიდესი წინდახედულობითა და სულგრძელობით, მისი მეცნიერებით. სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება ისეთ იძულებას, რომელიც ნებსით ან უნებლიეთ მონად ქცეულს ხდის მორწმუნე ადამიანის ცნობიერებას. ეს მდგომარეობა უმდარესი საფეხურია ღვთის ხატად წოდებულისათვის. მეტადრე კი ამ მდგომარეობაში ვინმესათვის დასარჩენად მოწოდება სულიერ მოუმზადებლობაზე მიუთითებს. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ უფალი იძულებით არ მოქმედებს ადამიანზე და თავისუფალი ნება ღვთითბოძებული თვისებაა. მისი ბოძების დანიშნულება მდგომარეობს მის წარმართვაში ჩვენდა სასიკეთოდ, ანუ ნებელობის იმდაგვარი მიმართულებით, როგორადაც გაიაზრა ჩვენთვის შემოქმედმა. ამრიგად, როდესაც პიროვნება მოქმედებაში ავლენს მორჩილებას მოძღვრისადმი (ან მოყვასისადმი), გულისხმობს, რომ მან წინასწარ უკვე მიიღო შინაგანი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ ვითარებაში იქნა გამოვლენილი. ვარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ეს სასარგებლოა ჩვენი სულისათვის, გამოვხატავთ ნდობას და შემდგომში სრულ მინდობასაც პირადი მოძღვრისადმი ან წინამძღვრისადმი. როდესაც ამდაგვარი გააზრებით ხორციელდება დავალებული ან მითითებული მოქმედება, მაშინ აქვს ადგილი სწორედ საკუთარი ნების უარყოფას, ვაკეთებთ იმას, რაც შეიძლება ძალიან გვიძნელდება ან გვეზარება კიდეც, მაგრამ ვღებულობთ მითითებას და აღვასრულებთ.მაშასადამე, ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ვიცით, რომ ის, რაც დაგვევალა, უფლისმიერია ან მისთვის სათნოდ მიჩნეული. ამის საპირისპიროდ, ''მორჩილებითი მეცნიერების'' კატეგორიას არ განეკუთვნება ისეთი მოქმედება, რომელიც, ზემოხსენებულის განგანსხვავებით, იმ მარტივი მიზეზის გამო სრულდება, რომ ის, რაც არ გაგვიაზრებია წინამორბედ გადაწყვეტილებად, შეუძლებელია აღძრავდეს თავისუფალი ნებელობის შინაგან თანხმობას, დავემორჩილოთ ლოცვა-კურთხევად მოცემულ დავალებას საკუთარი ნების უარსაყოფად. ამდაგვარი შეფასების საფუძველი მომდინარეობს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებიდან, რომელიც ეფუძნება წმიდა წერილს, სადაც ხაზგასმულია: თუ არ მონაწილეობს პიროვნების თავისუფალი ნების სურვილი ღვთის მაცხოვნებელ მადლთან ერთად, იძულებითა და ძალდატანებით ადამიანის სასუფეველში განსვენება არ ხდება. აქედან მომდინარე, ნებელობის გარეშე მოქმედებული სათნოებები არ ხორციელდება. ამრიგად, მორჩილების სათნოება რომ აღსრულდეს, აუცილებელია მასში ჯერ მოძღვრისა და შემდგომ სულიერი შვილის განსწავლა. ეს ნიშანდობლივია, რადგან წმიდა წერილის სულისკვეთება გვახსენებს: იმას, რაც სათნოებად იწოდება და მიგვაჩნია, რომ მოსაპოვებელი გვაქვს, სჭირდება შესწავლა, შემდგომ ამისა _ შესწავლილისა და შეთვისებულის სულგრძელობით აღსრულება. მაშასადამე, მორჩილება ნიშნავს უფლის მცნებების აღსრულებაში ჩვენს დამორჩილებას, რომლის საშუალებითაც მოვიპოვებთ უფლის სიყვარულს. იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, საჭიროა, მოძღვრად დადგინებულს სრულიად გააზრებული და გათავისებული ჰქონდეს მორჩილების არსიცა და მიზანიც, რათა შედგეს მორწმუნის სურვილის აღსრულება, დამორჩილდეს უფალს და სათნო იყოს მისთვის. მორჩილებისათვის მომართული მორწმუნე უნდა აცნობიერებდეს აგრეთვე მოძღვართან ურთიერთობაში მისადმი მინდობისა და თვინიერი მოპყრობის აუცილებლობას. უფლისმიერი აღთქმა ცხონების ჩვენდამი მონიჭებაში სისავსით მოიცავს მოძღვრისა და სულიერი შვილის ისეთ ჰარმონიულ ურთიერთობას მორჩილების სულის მოსაპოვებლად, სადაც ტვირთისგან გათავისუფლება მხოლოდ შედეგია.
მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული
Комментариев нет:
Отправить комментарий