"ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან წმიდა გყვენინ თქვენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქვენნი, სამშვინველი და გუამი უბიწოდ მოსვლასა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა დაჰმარხენინ." (1 თეს. 5: 23)
აქ პავლე მოციქული წერს ადამიანის სამი შემადგენელი ელემენტის ანუ ასპექტის შესახებ. ეს ასპექტები ერთდროულად განსხვავებულიცაა და ამავე დროს მკაცრად ურთიერთდამოკიდებულიც. ადამიანი ერთი მთლიანობაა და არა ცალკეული ნაწილების ჯამი.
პირველია სხეული "მტვერისა მიმღებელი ქვეყანისაგან" (შესაქ. 2:7), რომელიც ადამიანის ბუნების ფიზიკური, ანუ მატერიალური ასპექტია.
მეორეა სამშვინველი, სასიცოცხლო ძალა, რომელიც სხეულს აცხოველებს და განასულიერებს. მისი გამოისობით სხეული არა მხოლოდ მატერიის გროვაა, არამედ ისეთი რამ, რაც იზრდება და მოძრაობს, გრძნობს და აღიქვამს. ცხოველებსაც აქვთ სამშვინველი და სავარაუდოა, რომ მცენარეებსაც. მაგრამ ადამიანის შემთხვევაში სამშვინველს მინიჭებული აქვს ცნობიერება, ანუ გონიერი სამშვინველი, რომელსაც აბსტრაქტული აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის, წინაპირობებიდან დასკვნებისაკენ განვითარების უნარი აქვს. თუ ეს ძალები საერთოდ არის ცხოველებში, მხოლოდ ძალიან შეზღუდულად.
მესამეა სული, "ღმერთისგან შთაბერილი" (იხ. შესაქმე 2:7) რომელიც ცხოველებს არა აქვთ. ადამიანის სული, რომელიც შექმნილია, არ უნდა გავაიგივოთ შეუქმნელთან, ღმერთის წმინდა სულთან, ანუ წმ. სამების მესამე პირთან. და მაინც, ეს ორი მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულია, რადგან მხოლოდ სულიწმინდის საშუალებით შეუძლია ადამიანს ღმერთის წვდომა და მასთან ზიარება.
სამშვინველით (psyche) ადამიანი აწარმოებს სამეცნიერო და ფილოსოფიურ კვლევა-ძიებას, ლოგიკური აზროვნების საშუალებით აანალიზებს გრძნობითი გამოცდილების მონაცემებს. სულით (pneuma), რომელსაც ზოგჯერ nous-ს ანუ სულიერ ინტელექტსაც უწოდებენ, ის იგებს მარადიულ ჭეშმარიტებას ღმერთისა და logoi ანუ ქმნილებების შინაგანი არსის შესახებ არა ლგოიკური აზროვნებით, არამედ სულიერი აღქმის პირდაპირი წვდომით, რაც ისეთი ინტუიციაა, რომელსაც წმ. ისააკ ასური "მარტივ შემეცნებას" უწოდებს. ამგვარად, სული, ანუ სულიერი ინტელექტი განსხვავდება ადამიანის სააზროვნო ძალებისა და ესთეტიკური ემოციებისაგან და ორივე მათგანზე აღმატებულია.
ის, რომ ადამიანს გონიერი სული და სულიერი ინტელექტი აქვს, ნიშნავს, რომ მას თვითგანსაზღვრებისა და ზნეობრივი თავისუფლების, ანუ კეთილისა და ბოროტოს გარჩევისა და მათ შორის არჩევანის გაკეთების უნარი აქვს. იქ, სადაც ცხოველები ინსტიქტით მოქმედებენ, ადამიანს შეუძლია თავისუფალი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება.
ზოგჯერ საეკლესიო მამები იღებენ სულის დაყოფის არა სამნაწილედ, არამედ ორნაწილედ სქემას, რომელიც ადამიანს მარტივად აღწერს, როგორც სხეულისა და სულიერ ერთობას. ამ შემთხვევაში ისინი სულს, ანუ ინტელექტს, სამშვინველის უმაღლეს ასპექტს უწოდებენ.
მაგრამ სამნაწილედი სქემა სხეულის, სამშვინველისა და სულისა უფრო ზუსტია და უკეთესად აშუქებს ამ საკითხს, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც სამშვინველსა და სულს ხშირად ერთმანეთში ურევენ და ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ მათ სულიერი ინტელექტი აქვთ. თანამედროვე დასავლეთის კულტურული და საგანმანათლებლო სისტემები უფრო ტვინის აზროვნების წვრთნას ეფუძნება, ვიდრე ესთეტურ ემოციებს. ჩვენს უმეტესობას ავიწყდება, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ ტვინი და ნება, შეგრძნებები და გრძნობები, არამედ ასევე სული. თანამედროვე ადამიანმა უმეტესწილად დაკარგა შეხება საკუთარი თავის ყველაზე უფრო ჭეშმარიტ და უმაღლეს ასპექტთან და ამ შინაგანი გაუცხოების შედეგი ძალიან ნათლად ჩანს მის მოუსვენრობაში, საკუთარი მეობისა და იმედის დაკარგვაში.
მიტროპოლიტი კალისტე უეარი
Комментариев нет:
Отправить комментарий