среда, 3 июля 2013 г.

ყველგან მყოფია სიყვარული



სულიერი ცხოვრება არ იცნობს არავითარ კლასობრივ ელემენტს. ''მეფე აიძულებს, მღვდელი კი_ არწმუნებს; პირველი ბრძანებით მოქმედებს, მეორე კი რჩევა-დარიგებითა და შეგონებით'' _ აღნიშნავს წმ. იოანე ოქროპირი. ხოლო სხვაგან ამბობს:
''ჩვენ, ქრისტეანებს, განსაკუთრებულად გვეკრძალება ცოდვით დაცემულ ადამიანთა გამოსწორება ძალადობით. ჩვენი ბრძოლა ცოცხლებს კი არ გადააქცევს მკვდრებად, არამედ მკვდრებს განაცოცხლებს, რადგან ეს ბრძოლა სიყვარულით, სიმშვიდითა და უწყინარობითაა აღსავსე''. დაფიქრებული, მაძიებელი და მოაზროვნე გონი დასასრულს მიდის იმ მიგნებამდე, რომ ყველაფერი არის ერთში და ეს ერთი არის ყველაფერში. ამ ყველგან მყოფს კი ეწოდება სიყვარული. უცნაურია, მაგრამ ასეა, ეს გრძნობა ჩვენთან იმყოფება გამუდმებით, მაგრამ მუდმივად საძებარი ხდება. მის გარეშე არსებობაცა და ცხოვრებაც არათუ გვიძნელდება, შეუძლებელი ხდება. არაფერსა და არავის ჰყავს იმაზე მეტი მტერი და თავდამსხმელი, ვიდრე მას. არაფერს მიძღვნია იმაზე მეტი სადიდებელი, ვიდრე მას. რა არის იგი? ალბათ, მისი სისავსით გადმოცემა ძნელია, რამდენადაც მისი ფუძემდებელი ღმერთია და თანაც იმდენად საღმრთოა, რომ უფალმა საკუთარი არსების სახელად აღამაღლა, როდესაც გვამცნო: ''ღმერთი სიყვარულია''. იგი რომ ქვეყნიერების ნაყოფი იყოს, მისი გამუდმებით მოძიებაც არ დაგვჭირდებოდა და არც ასე გაუჩინარებული იქნებოდა ჩვენგან. ყველანი მასზე ვლაპარაკობთ და ყველანი მის წინააღმდეგ მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას. რატომ? თუ რატომ, აქ ლოგიკა ერთგვარ მინიშნებას გვთავაზობს: იგი მყოფია და მის წინააღმდეგ ამხედრებულია მხოლოდ არარსებული. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ძალზე დავასუსტეთ ჩვენი მგრძნობელობითი შესაძლებლობანი მისადმი. და თუკი რაიმეს ძალუძს მისი მყოფობისა და აუცილებლობის შეხსენება, ისევ იმ არარაობის შეგრძნებას, რომელიც უსიყვარულოდ დარჩენილ სიცარიელეში გვეუფლება ხოლმე. რა არის ეს არარაობა და არარსებული? ადამიანი? დემონი? რა თქმა უნდა, არა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც მყოფისგან (უფალი) ჩვენი განშორების შემთხვევაში გვეუფლება და მას ცოდვა ეწოდება. სწორედ ამ განშორებამ წარმოშვა უფლისმიერი ნათლითმოსილის ეშმად გადაქცევა, შეიქმნა რა მოწინააღმდეგე საღმრთო სიყვარულისა. ეს ზეციური შებრძოლება შემდეგ ქვეყნიერებაზე შემოიჭრა და სიყვარულის მუდმივი მოძიებისა და აღდგინების მიზეზად გვექცა, რამეთუ აღსადგენი და საძიებელი გაგვიხდა. დიახ, აღსადგენი და არა აღუდგენელი, საძიებელი და არა მოუძიებელი, რამეთუ არაფერია არც ცაში და არც მიწაზე, რაც მისგან სრულიად განძარცულია. არ არის რამ, რაც უფლის მყოფობის მიღმაა, მხოლოდ მიმღეობის შესაძლებლობაშია განსხვავება. ამდენად, ჩვენი ცხოვრებაც პირველქმნილი ცოდვის მიზეზით სიყვარულის აღდგინება და მასში დამკვიდრებისაკენ სწრაფვაა. ცხოვრება მის მოსაპოვებლად გაჩაღებული ბრძოლაა, რომლის დანიშნულებაც დაკარგულის მოპოვებაა. დიახ, დაკარგულის მოსაპოვებელი ბრძოლა, სადაც გამარჯვებული მხედრისა და მხედართმთავრის პატივი მას ეგება, ვინც სიძულვილიდან სიყვარულამდე ამაღლდება. ვინ არის თითოეული ჩვენგანის მოწინააღმდეგე ამ ორთაბრძოლაში? ეს არის დემონი და ჩვენი გაორებული მეობა და არავინ სხვა. მაშასადამე, არარაობა ბოროტებაა და ბოროტებაა არარაობა. იგი არსით არარსებულია, რამეთუ არ აქვს უფლისმიერი მყოფობის დასაბამი. საშიშია, მაგრამ არა გამანადგურებელი; მომაკვდინებელი, მაგრამ არა სიცოცხლის შემმუსვრელი, რამეთუ უფლის არის სიცოცხლეცა და სიკვდილიც, როგორც სიკვდილის შემმუსვრელისა. დემონი გვთავაზობს ჩვენ მიერ შეძენილი მანკიერი მისწრაფებისა და თვისების კვალობაზე არარაობის მდგომარეობაში ჩვენი არჩევანის წარმართვას და მასში დარჩენას. ამდენად, ჩვენი დანიშნულება არის ის, რას ვირჩევთ და რას მივუძღვნით საკუთარ თავს. ამავდროულად, არ არის მართებული, ყველაფერი დემონს დავაბრალოთ, რადგან ის, რაც შემოთავაზებულის მიღების შედეგად შევიყვარეთ და შევითვისეთ, თავად ხდება შემდეგში ჩვენი ცხოვრების წარმმართველი. კაცობრიობის ცხოვრება, მისი დაწერილი  და დაუწერელი ფურცელი სწორედ რაობისა და არარაობის ურთიერთჭიდილის შესახებ არის მომთხრობელი, იმ არჩევანის შესახებ, რომელსაც ადამიანი ავლენს თავისი ცხოვრების მანძილზე. ამ არჩევანთა თანმხლებია შესაბამისად მწუხარებაც და სიხარულიც, უბედურებაც და ბედნიერებაც, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საღმრთო მოწოდებაც სწორედ მანკიერი შეთვისებულობისგან გათავისუფლებაში მდგომარეობს და უფლის აღთქმა ჩვენი მისწრაფებისა და მცდელობის შესაბამისად მიმართულია მარადიული განსვენებისათვის ღმერთში.
 სიყვარულთანაც ისევე, როგორც ბევრ სხვა სათნოებასთან, ხშირად იჩენს თავს შენიღბულობანი, რომელნიც სიყვარულის მოტივით იჭრებიან ჩვენს არსებაში. სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული ფანატიზმიც, გამოვლენილი ფსევდოლიბერალიზმში, ფსევდოკოსმოპოლიტიზმში,  ფსევდოკონსერვატორიზმსა და ზოგადად რადიკალიზმში. სიტყვა ''ფანატიზმი'' ლათინურ-ბერძნული სიტყვებიდან წარმოდგება. მასში მყოფი სიყვარულში არ ვითარდება. იგი წარმოიშობა სიყვარულის სიმცირიდან, ერთი მხრივ, გულგრილობით და მეორე მხრივ, აგრესიით.  ჭეშმარიტად ლიბერალი, კონსერვატორი და კოსმოპოლიტი არის ის, ვისაც უყვარს მოყვასი, შემდეგ სამშობლო და სამყარო. ფსევდოა, როდესაც ამბობ, რომ გიყვარს სამყარო, მაგრამ ვერ ხედავ ან არ ტვირთულობ  მოყვასს, არ განიცდი სამშობლოს. როგორ გეყვარება ზოგადად სამყარო, როგორ დაექვემდებარები ჰუმანიზმს, თუ არ შეგიყვარებია პირველადი, ის, რაც პირველად იხილე და სადაც აღმოცენდი! თუ არ ტვირთულობ შენსავე მსგავსს, რომელიც ყველაზე ახლოს გყავს.  ჭეშმარიტად ლიბერალური, კონსერვატორული თუ კოსმოპოლიტურია ქრისტეს მოძღვრება, რომელიც სიყვარულს ეფუძნება და მის საზღვრებს უახლოესიდან უშორესამდე განავრცობს და რომელიც არ ყოფს სქესს, ეთნოსს და ადამიანის მსჯავრისგან იცავს ცოდვით დაცემულს. 
არსობრივ სიყვარულთან ხშირად იჩენს თავს ფსევდო სიყვარულიც, რომელიც ცდილობს, შეეთვისოს ამ წმიდა გრძნობას. ჩვენ მას ვნებას ვუწოდებთ. იმისათვის,რომ ადამიანმა ისინი ერთმანეთისგან განარჩიოს, ხელსაყრელი საშუალებაა უფლისმიერი მოწოდებების ყურადღება, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სიყვარულსა და ვნებას. რადგან სიყვარულის თვისება მოიცავს ერთგულებას მისადმი, ვისაც აღუთქვი, ის არ იწყნარებს ღალატს, ნებისმიერი გაგებით,იმ მიზეზით, რომ სიყვარული სიყვარული არის. იგი სხეულის და სულის სიწმიდეს გავალდებულებს, რამეთუ არაწმიდებით (არა რაობით) დაკავებული სული ვერ ეთავსება უბიწო ღმერთის ტკბილხმოვანებას, სიცოცხლეს სიხარულითა და შვებით რომ მოსავს. ეს ნათლად ჩანს შინაგანი სინდისის ქენჯნის უმალ აღძვრაში, ცოდვის ჩადენის შედეგად რომ აქტიურდება და მანამდეც მოგიწოდებს, უარი თქვა არაფრის მომცემზე. ნამდვილი სიყვარული სხვისი სხეულისა და სულისადმი პატივისცემასა და კრძალვით მოპყრობას შთაგაგონებს, ვნება კი წამიერი სიამოვნებისადმი ქვემდებარობას, სადაც ''პირადი'' უკიდურესი ბობოქრობის მწვერვალზე დგას.

მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий