1) ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია". საუბრის თემა: ფილოსოფია - III.
2) ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია". საუბრის თემა: ფილოსოფია - IV
IV საუკუნეს ეწოდება ქრისტიანული ღვთისმეტყველების „ოქროს ხანა“, რადგან სწორედ ამ საუკუნეში განისაზღვრა საეკლესიო მოძღვრების ძირითადი პრინციპები, რაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ე.წ. კაპადოკიელმა მამებმა – წმ. ბასილი დიდმა, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა და წმ. გრიგოლ ნოსელმა. მათი საღვთისმეტყველო შემოქმედება გამოვლინდა საღვთო გამოცხადებაზე დამყარებული ბიბლიური ჭეშმარიტების გამოთქმაში იმ დროისათვის ადამიანური აზროვნების მწვერვალის, ანტიკური ფილოსოფიის ენაზე. ეს იყო წმინდა წერილის ადამიანური გონების მიერ ათვისების და მისი კულტურაში ჩართვის ანუ ინკულტურაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მცდელობა ქისტიანობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა მამებსა და ანტიკური კულტურის საუკეთესო წარმომადგენლებს შორის თბილ, მეგობრულ ურთიერთობაში. სამივე მამას ყავდა საერთო უერთგულესი მეგობარი სახელგანთქმული რიტორი ლიბანიოსი, რომელიც იყო მათი გზამკვლევი ანტიკური კულტურისაკენ. ლიბანიოსი ამავე დროს იყო ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის იმპერატორ იულიანე განდგომილის მასწავლებელი და მეგობარი. მაგრამ ეს სულაც არ აყენებდა ჩრდილს ქრისტიან საეკლესიო მოღვაწეებსა და წარმართ სოფისტს შორის დამყარებულ ურთიერთობებს.
ეკლესიის მამები ლიბანიოსში, ისევე როგორც ყველა სხვა არაქრისტიანში უპირველეს ყოვლისა ხედავდნენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს და არა მტერს, რაშიც მკითხველი თავად დარწმუნდება, როდესაც გაეცნობა მამებსა და ლიბანიოსის ქვემოთ გამოქვეყნებულ ეპისტოლოგრაფიულ ნიმუშებს. სწორედ ამგვარი მიდგომა გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ სულს და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, თუ გვსურს ვიყოთ ამ ეკლესიის ნამდვილი შვილები.
ტექსტების შერჩევისას ისიც გავითვალისწინეთ, რომ პირველი მათგანის დაწერა ახალი წლის დღესასწაულთან არის დაკავშირებული.
წმინდა გრიგოლ ნოსელი სოფისტი ლიბანიოსისადმი
მამაპაპეული რამ ჩვეულების მიხედვით რომაელები დღესასწაულს მართავდნენ ზამთრის პერიოდში, როდესაც მზე ზევითა მხარეს ადის და მატებას იწყებს დღისეული ზომა. ითვლება, რომ წმინდაა თვის დასაწყისი და იბედებენ რა ისინი ამ დღის მიერ მთელ წელს, ბედნიერ შეხვედრებს, გასართობებსა და ნადიმებს აწყობენ.
რა მსურს, როდესაც ამით ვიწყებ წერილს?
ის, რომ მეც აღვასრულე ეს დღესასწაული, მათებრ შევიმკე რა ოქროთი1, რადგან ამ დღეს მომივიდა ოქრო, თუმცა არა ის ჩვეულებრივი ოქრო, რაც უყვართ ხელისუფალთ და რაც ძღვნად მიაქვთ მის მფლობელებს, – ნივთი დამამძიმებელი, უსარგებლო და უსულო, – არამედ ის რაც ყველა სიმდიდრეზე უმაღლესია გონიერთათვის და რაც, პინდარეს თანახმად, საბოძვარია – ჭეშმარიტად უმშვენიერესი; ვამბობ შენს წერილზე და მასში [დაუნჯებულ] დიდ სიმდირეზე.
მოხდა ისე, რომ იმ დღეს ვეწვიე კაპადოკიელთა დედაქალაქს და შევხვდი იქ ერთერთ ჩემს ახლობელს, რომელმაც გამომიწოდა ეს ძღვენი, – ეპისტოლე, როგორც რამ ნიშანი დღესასაულისა. გავიხარე რა ამ შემთხვევით, თანამყოფთა საერთო სარგებლობისათვის განვამწესე იგი [ეპისტოლე]. ყველანი ეზიარნენ მას და დაეშურნენ, რომ თითოეულს მთლიანობაში ქონოდა იგი. არ დავზარალებულვარ არც მე, რადგან გაიარა რა ეპისტოლემ ყველას ხელში და გადაიბეჭდეს რა მათ [წერილი] სიტყვები, ნაწილმა – ხსოვნაში (ზედიზედ წაკითხვის შედეგად), ნაწილმა კი საწერ მასალაზე, კვლავაც ჩემს ხელში დარჩა იგი და მახარებს უფრო მეტად, ვიდრე [გაახარებდა] თვალს მრავალოქროვანი ნივთი.
ამასთან რადგან მიწის მუშებსაც დიდ წადიერებას ანიჭებს ხოლმე გარჯისთვის (ვისარგებლებ სათანადო მაგალითით) ნაშრომთა სარგებლიანობა, შეგვიდე ჩვენც, რომლებიც ვავრცელებთ, რაც თვით შენ მოგვეცი და რომლებიც გწერთ ამის გამო, რომ კვლავ წაგაქეზოთ წერისაკენ.
ამასთან, ვლოცულობ, რომ კვინეგიოსი4 რაც შეიძლება შორს იყოს იმ ზოგადი სენისაგან, რითაც ახლა შეპყრობილი არიან ახალგაზრდები. ნებაყოფილობით შეუდგეს იგი სიტყვათა შესახებ გულმოდგინებას, მაგრამ თუ სხვაგვარად მოიქცევა, მართებული იქნება, მისი ნების წინააღმდეგ, ვაიძულოთ იგი.
(…)5 რაშიც ახლა იმყოფებიან ისინი, რომლებიც მასზე უწინარეს განუდგნენ სიტყვებს, არიან რა საბრალონი და შერცხვენაში დანთქმულები.
______________________
* ტექსტი თავისი შენიშვნებით (გარდა პირველისა) იბეჭდება ჟურნალ „გზა სამეუფოს“ 1995 წლის №1-დან. ძვ. ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ.
1. ცხადია, გასაგებია, რომ გრიგოლ ნოსელი იყენებს პარალელიზმის ცნობილ რიტორიკულ ხერხს იგი „დღესასწაულის აღსრულებად“ და „ოქროთი შემკობად“ სახელდებს იმ სულიერ სიხარულს, რაც მას ლიბანიოსის წერილმა განაცდევინა.
2. როგორც ჩანს ცალკეული პირები, რომლებიც უსარგებლოდ რაცხდნენ ელინიური კეთილსწავლულების უდიდეს მონაპოვარს – სიტყვიერ, სამეტყველო კულტურას, საკუთარი უმეცრებით „დაქირავებული ჯარისკაცები“ ხდებოდნენ ცოდნისა და განათლების წინააღმდეგ (ამ შემთხვევაში „ელინურობის“ წინააღმდეგ) მებრძოლი გონებრივი წყვდიადისა (ამ შემთხვევაში „ბარბაროსობისა“ და უპირისპირდებოდნენ აღნიშნული კეთილსწავლულების ერთერთ უბადლო მესიტყვეს, ლიბანიოსს. ეს დაპირისპირება ისე მკვეთრი ყოფილა, რომ, როგორც ვხედავთ, ლიბანიოსს საერთოდ უთქმელობა და დადუმება გადაუწყვეტია.
3. წმ. გრიგოლის ასეთი დაჟინებული თხოვნა და შეიძლება ითქვას, ვედრება ლიბანიოსისადმი, რომ არ დადუმდეს იგი და არ შეწყვიტოს მან სიტყვისმიერი მოღვაწეობა, კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ ღირებული ყოფილა ანტიკური კულტურის ამ ერთერთი გვიანდელი წარმომადგენლის სწავლებანი თვით ქრისტიანობისთვისაც.
4. კვინეგიოსი, ზოგი მკვლევარის ვარაუდით, შესაძლოა წმ. გრიგოლის შვილი იყოს (იხ. Gრეგოირე დე ნყსსე თრაიტე დე ლა Vირგინიტე, ედ. Pარ M Aუბინეაუ, შჩH 119, Pარის 1966, პ. 76). გრიგოლ ნოსელის ცხოვრების შემაჯამებელი გამოცემა და სათანადო წყაროებზე მითითება იხ. „მოსეს ცხოვრებისადმი წამძღვარებულ ჩვენს „წინათქმაში“ (სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, 1, თბ. 1990, გვ. 87-95.
5. აღნიშნულ ადგილას ტექსტი ნაკლულია.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი სოფისტი ლიბანიოსისადმი
დედის სახელით, რომელიც ლიბანიოსს უგზავნის შვილს
მე – დედამ გავუგზავნე მამას შვილი. მე ვარ მისი ბუნებითი დედა, შენ კი მამა მჭერმეტყველების გაკვეთილების მიხედვით. ამიტომ როგორც მე ვზრუნავ მასზე, ასევე იზრუნე შენც.
წმინდა ბასილი დიდი
ლიბანიოსს ბასილი
ბევრი შეგვხვდა შენი სიტყვების მშვენიერებით გაკვირვებული. ისინი მიყვებოდნენ, რომ იხილეს რაღაც დიდებული სანახაობა. ყველა ესწრაფვოდა ერთგან შეკრებას; ქალაქში აღარაფერი ჩანდა გარდა ლიბანიოსისა და მის მოსასმენად შემოკრებილი იყო ყველა. არავის არ უნდოდა მოკლებოდა, არც პატივით განებივრებულებს, არც ჯარისკაცებს და არც მღებავებს. ქალებიც კი იმყოფებოდნენ იქ. რისთვის იყო ასეთი მოსწრაფება ან ვისმა სიტყვამ მოიყვანა ამდენი ხალხი? ესეც მითხრეს, რომ ამ კაცის სიტყვა ისე განსაცვიფრებელია, რომ ძნელია მისი წარმოდგენა. ნუ დაგზარდება ჩემთვის ამ სიტყვების გამოგზავნა, რომ მეც შენი სიტყვების მაქებელი ვიქნე, რადგან თუკი უმიზეზოდაც ვაქებ ლიბანიოსს, ახლა ქების მიზეზსაც მოვძებნიდი.
ბასილის ლიბანიოსი
ახლა მივხვდი, რომ ბასილისგან თუ ვიქები, ყველაფერს შევძლებ. როდესაც შენი განჩინება მივიღე, ლაღად დავიწყე სიარული, როგორც გაამაყებულმა და ყოველივეს არარად მივიჩნევდი. ასევე მინდა შენს მიერ მიერ მემთვრალეობის შესახებ დაწერილი სიტყვის წაკითხვა. მჭერმეტყველური საუბრის სურვილი არა მაქვს, ვიდრე არ წავიკითხავ შენს სიტყვას და ის განმსწავლის მეტყველების ხელოვნებაში.
______________________
* წმ. ეფრემ მცირის მიერ შესრულებული თარგმანები იბეჭდება გამოცემიდან: ნ. ქაჯაია, ბასილი კესარიელის თხზულებათა ძვ. ქართული თარგმანები. გვ. 258-259. ახ. ქართულზე გადმოიღო ზურაბ ჯაშმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий