ცხადია, ყოველ ჩვენგანს დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: რამ შემქმნა მოაზროვნე არსებად? და ყოველი ადამიანის სურვილია (თუ ის სულიერად დაავადებული არაა), ცოცხლობდეს მარადიულად. იმისათვის, რომ დავინახოთ, რაში მდგომარეობს სიცოცხლის საზრისი და, შესაბამისად, ჩავუღრმავდეთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების არსს, მოვუსმინოთ წმ. გრიგორ ღვთისმეტყველს,რომელიც გვამცნობს: ''ერთია ნამდვილი სიცოცხლე _სიცოცხლისაკენ სწრაფვა... სხვა დანარჩენი, რაზეც ზოგიერთები ამდენს ფიქრობენ, სიზმარს ჰგავს და უქმი ზმანებაა, რომელიც სინამდვილეს ეთამაშება''. თუ წმინდანის მიერ გადმოცემულ სიცოცხლის მიზანს თავად სიცოცხლის მიზეზში განვათავსებთ, ჩვენი გონების თვალთამზერა უსათუოდ მიეპყრობა იესო ქრისტეს, მას,ვინც არის თავად სიცოცხლე და ''რომელშიც იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იგი იყო ადამიანთა ნათელი.'' (იოანე,1,4). წმ. გრიგორ ღვთისმეტყველის მოწოდება, პირველ ყოვლისა, იმათთვისაა, ვისთვისაც ღმერთის არსება ჯერ კიდევ კოსმოსში არსებული ბუნების ძალაა; იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ღმერთის არსებობა მას ღვთისმსახურებას არ ავალდებულებს; ან კიდევ იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ღმერთსა და მას შორის რაიმე მანძილია და ამიტომ არასოდეს ექნება უნარი, შემოქმედისთვის გახსნას გულის კარი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოვიხმობ წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამს: ''საკუთარი თავის მკვლელია ის ადამიანი, ვინც თავის არსებას უღირსად შეიქმს სამარადისო ცხოვრებისათვის ცათა სასუფეველში.'' მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში წმიდა მამათა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ნაჩვენებია ადამიანის მიერ ღმერ-თის შემეცნებისა და ჭვრეტის არაერთი საშუალება, რაც ასახულია ცოდნის შეძენასა და მაღალ უბრალოებაში აღმოცენებულ სულიერ ცხოვრებაში. ყოველივე ეს დამყარებულია სულიწმი დის მაცხოვნებელ მადლზე. მადლი საღმრთო ენერგიაა და იგი ადამიანში მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანაზიარებით ძლიერდება, მომდინარე იქიდან, რომ ეკლესია უფლის მისტიკურ სხეულს წარმოადგენს. ეკლესია ამავდროულად წოდებულია ღმერთის სახლად და სამკვიდრებლად, რომლის თავი, საფუძველი და ქვაკუთხედია იესო ქრისტე, რაც დამოწმებული და გადმოცემულია წმიდა წერილში: ''ქრისტე არის ეკლესიის თავი''. (ეფეს. 5,23.) ადამიანი შედგება როგორც ხილული ბუნებისაგან, ისე უხილავი_ ზეციური _ ბუნებისაგან. ეს მოაზროვნე და გონისმიერი სული შთაბერვით მიანიჭა ღმერთმა პირველ ადამიანს. ამიტომ არის ჩვენი შემეცნების მიზანი ღმერთი, რომელიც ყველგან არსებულია თავისთავადობითა და თვითმყოფადობით. შემეცნება, თავის მხრივ, მომდინარეობს ადამიანში არსებული ბუნებითი ვალდებულებისგან, რაც მონიჭებული გვაქვს უფლისაგან და მდგომარეობს ჩვენს უმაღლეს საღმრთო ქმნილებად წოდებაში. ამავდროულად, მატარებელნი ვართ რა ღვთის ხატების, მოცული ვართ ყოფიერებით. ღმერთს, როგორც მარადიულს, არა აქვს დასაბამი _ საწყისი და დასასრული, რადგან რასაც დასაბამი აქვს, ის შექმნილია (ე. ი. არიყო და არის ვინმეს მეშვეობით). ღმერთი სულია, არ არის ხელშეხებადი, უკვდავია და უნივთო. საღმრთო ბუნების ნებისმიერი სახის წარმოდგენა გონებაში ან ფიქრში, ასევე წარმოდგენა, რაც მისი ფიზიკური სახის არსებობასთან, ფორმასთან, სიმაღლესთან, სიგანესთან, აგებულებასთან და საერთოდ ნებისმიერ გამომსახველობასთან იქნება დაკავშირებული, მცდარია. ეს იმის გამო, რომ საღმრთო ბუნება, როგორც თავისთავად არსებული, ყოველგვარი მატერიალური და ნივთიერი შედგენილობებისაგან თავისუფალია. ასევე უცხოა მისი ბუნებისთვის არსობრივი შედგენილობაც. თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რასაც ბუნებაში და თვისებაში ნივთიერი ელემენტები აქვს, იგი უცილობლად ექვემდებარება კვდომასა და ხრწნას. ასეთი რამის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ საკითხი ეხება მატერიას, რომელთანაც კავშირში არ იმყოფება აზროვნება. მეორე მხრივ, მსგავსი წარმოდგენები ესადაგებ ამატერიალურ ქმნილებას, რომელსაც დასაბამი სჭირდება. უფალი დროისა და სივრცის მიღმა მყოფია, როგორც ყოველგვარი ათვლის დასაბამი და საწყისი. ამავდროულად დროში, სივრცეში და ყველაფერში მყოფობს განუსაზღვრელად შერწყმის გარეშე, რამეთუ მარადიულობის მომცველი მიზეზია. ღმერთი არის სამყაროსგან დამოუკიდებელი სულიერი არსება, რომელიც თავისი ზეარსებული ბუნების გამო იწოდება არსთა სიმრავლის შემოქმედად, ხოლო ზესიცოცხლის გამო _ სიცოცხლის შემოქმედად. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოყენებულია საღმრთო ბუნებისა და თვისების გადმოსაცემად ან გამოსათქმელად და მოცემულია საღმრთო წიგნებში, ღვთის შთაგონებით ბოძებული უმაღლესი გამოთქმადი საშუალებაა ადამიანური ბუნებისათვის მინიჭებული შესაძლებლობის საზღვრებში. აგრეთვე მოგვითხრობს იმ თვისებებსა და მოქმედებებზე, რომლებიც საღმრთო ბუნებას ახლავს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი გამონათქვამები, რომლებიც გვამცნობს: ღმერთი არის სიყვარული, სიცოცხლე, სინათლე, საშინელი, კეთილი, მარტივი, უცვალებელი, მასში არის სიმშვიდე, სიხარული, ნეტარება, ბედნიერება და ა. შ. ყოველივე ეს უფლის არსებობასა და მოქმედებას წარმოაჩენს. ამდაგვარად გადმოცემულის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: უფლის გამოუთქმელი და ძალმოსილი ღვთაებრივი მდგომარეობა გასაგები და აღქმადი იყოს ადამიანისთვის. ანუ ასე ხდება ჩვენი გონებრივი მიახლება და არა სრული გადმოცემა, თუ რა არის ღმერთი. თუ რაიმეს ექნება შესაძლებლობა, ამომწურავად გადმოსცეს ღმერთის ღვთაებრივი ბუნება, მეტადრე ჩვენ მიერ სიტყვით წარმოთქმულს ან რაიმე გრძნობით კატეგორიას, მაშინ ამოწურვადად და შეცნობადად დაისახებოდა ის, ვინც ამოუწურვადი, შეუცნობადი და უსაზღვროა. უფალმა მოგვანიჭა მეტყველებისა და აზროვნების უნარი და ამ უმაღლესი და უდიდესი ღირსებითი შესაძლებლობის საზღვრებში დაგვიდგინა ღვთის მეცნიერებასთან მიახლება, როგორც ხილული სამყაროს გვირგვინად შექმნილ არსებას. მაშასადამე, როდესაც წმიდა წერილში სულიწმიდამ გვამცნო, რომ ღმერთი არის სიცოცხლე, სიყვარული, ნათელი, სიბრძნე, კეთილი, მოწყალე, არსი, მართლმსაჯული, ამით გვემცნო, რომ უფალი არის ამ სახიერებათა დასაბამიდა მიზეზი, ის არის ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა კი, ამ ყველაფერზე მაღლა მდგომი. იგი არის ზე. ამომწურავად რომ ითქვას, უფალს სისავსით იცნობს მხოლოდ უფალი-მამა, ძე და სულიწმიდა, ერთარსება, წმიდა სამება.
მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული
Комментариев нет:
Отправить комментарий