пятница, 28 июня 2013 г.

ცხრა შენიშვნა ქრისტიანობის "მკვლევარს"


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტ - „აზრები.ჯი"-ზე  გამოქვეყნდა ვიდეო ჩანაწერი სახელწოდებით „როგორ გაჩნდა ქრისტიანობა" (22.03.2011). სტუმარი: ლაშა ოთხმეზური (მასპინძელი: სიმონ ჯანაშია).
ფრიად სასიხარულოა ჩანაწერის ორგანიზატორთა სურვილი აღნიშნულ თემაზე დისკუსიის გამართვისა, რადგან ერთობ იშვიათია ჩვენს საზოგადოებაში ამგვარი გაწონასწორებული და მშვიდი საუბარი ისეთ ფაქიზ და მწვავე თემაზე როგორიც რელიგიაა. ამ მხრივ, ხსენებული დიალოგი სამაგალითო უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ანალოგიურ საკითხებზე მსჯელობისას უფრო საკუთარ გრძნობათა ინტენსივობას ავლენენ, ვიდრე არგუმენტებისა და შეხედულებათა დამაჯერებლობას, ობიექტურობასა თუ კომპეტენციას. ამრიგად, დავიწყე რა სიამოვნებით აღნიშნული ჩანაწერის მოსმენა, თანდათან იმედგაცრუება და ერთგვარი დანანების გრძნობა მეუფლებოდა...
დასაწყისში ბატონი ლაშა ოთხმეზური თავს წარმოგვიდგენს როგორც ქრისტიანობის მკვლევარი (ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მასპინძლის, სიმონ ჯანაშიას შეფასება იყოს). მაგრამ, სამწუხაროდ სტუმრის მსჯელობაში ისეთი სახის შეცდომებმა, უზუსტობებმა თუ ცალმხრივმა მიდგომებმა იჩინა თავი, რომ ასეთი „ტიტული" - ქრისტიანობის მკვლევარი - ცოტა ნაადრევად (არ ვიტყვი დაუმსახურებლად) მომეჩვენა მისთვის. ამ წერილის დაწერის პირველი მიზანი მისთვის კოლეგიალური ხელის გაწვდომაა, რადგან, ჩემის ღრმა რწმენით, თუ ადამიანი სათანადოდ განეწყობა კონსტრუქციული და დასაბუთებული (საგნობრივი) კრიტიკისადმი, ეს მხოლოდ მისი გაზრდა-განვითარების ხელისშემწყობი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. მჯერა, ქვემოთ წარმოდგენილ შენიშვნებს დიდი ინტერესით შეხვდება ბ-ნ ლაშა და მათ გულისყურით მოეკიდება. როგორც ჩანაწერიდან იგრძნობა, მისთვის ღირებულია ქრისტიანული რელიგია, რაც ძალზედ დასაფასებელია. ამ წერილის მეორე მიზანი კი მსმენელთა (მკითხველთა) ცნობიერების სწორი მიმართულებით წარმართვაა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სწორ მიმართულებაში ვგულისხმობ ისტორიული წყაროების სისრულით გადმოცემას და მათდამი ობიექტურ (არაცალმხრივ), კომპლექსურ მიდგომას.
მართალი გითხრათ ამ წერილს არც დავწერდი, რომ არა სტუმრის მიერ დაშვებული ზოგიერთი ცხადზე უცხადესი, თუმცა ფართო მასებისთვის ძნელად შესამჩნევი შეცდომა. არ ვისურვებდი, რომ ასე მცდარად გაეცნო რიგით მოქალაქეებს ქრისტიანობა და მისი მიმართება იუდაიზმთან. კერძოდ, ყველაზე უფრო ნათელ შეცდომათა რიგს განვუკუთვნებდი ბ-ნ ლაშას შეხედულებებს იმის შესახებ, რომ ქრისტიანებსა და იუდეველებს შორის დაპირისპირება (არა უბრალოდ უმნიშვნელო წეს-ჩვეულებითი განსხვავებანი) საერთოდ არ ჩანს ახალ აღთქმაში; რომ იუდეველთა მიმართ დაპირისპირება მხოლოდ მოგვიანო პერიოდში (მე-2 საუკუნიდან) მოღვაწე ეკლესიის მამების ტექსტებში იჩენს თავს; რომ ქრისტიანებმა თითქმის ყველაფერი წაართვეს იუდეველებს - ციტატა: „შენი ბიბლიოთეკა, შენი წიგნები, შენი შვილები, შენი ცოლი ეს ყველაფერი ჩემია, შენი აღარ არის"; რომ თითქოს ერთადერთი მიზეზი იუდეველებისა და ქრისტიანების გამიჯვნისა გადასახადების არგადახდა იყო და სხვა მსგავსი განცხადებანი.
საუბრის დასაწყისში ბ-ნი სიმონ ჯანაშია აღნიშნავს: „ჩვენ ვსაუბრობთ მეცნიერული პერსპექტივიდან და არ ვცდილობთ ვეძებოთ ჭეშმარიტება რელიგიური თვალსაზრისის ფარგლებში". სავსებით გასაგები და მისაღები დათქმაა. ჩვენც მეცნიერულად, ობიექტურად მივუდგეთ განხილულ საკითხს ისტორიული ცნობებისა თუ ქრისტიანობის ძირითადი წერილობით წყაროს - ახალი აღთქმის ციტატების არაცალმხრივად წარმოჩენით.
მაშ ასე, ქრისტიანობის მკვლევარის მიერ გამოთქმული შეხედულებები, რომლებიც უცნაურად, ტენდენციურად ან უბრალოდ აბსურდულად მიმაჩნია, შემდეგია:

შენიშვნა 1
ქრისტიანობის წარმოქმნასთან დაკავშირებით დასმულ პირველ შეკითხვაზე ბ-ნი ლაშას პასუხში შემდეგ სიტყვებს ვისმენთ: „...ქრისტიანობა არავის არ დაუარსებია... ქრისტიანობა დაარსდა დამაარსებლის გარეშე. დაარსების შემდეგ მას დასჭირდა დამაარსებელი და ასეთი დამაარსებელი მან ნახა პავლე მოციქულში..."
დიდი დაკვირვება არ სჭირდება, ჩვენს მიერ ხაზგასმული პირველი ფრაზა თავისთავად არის წინააღმდეგობრივი და მცდარი სხვა შეხედულებასთან შეპირისპირების გარეშეც, რადგან თუ რაიმე უკვე დაარსებულია, მას აღარ სჭირდება დამაარსებელი... იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიტყვები არ იყო წინასწარ მომზადებული სტუმრის მხრიდან და ისინი მხოლოდ სპონტანურად მოფიქრებული სიტყვათშეხამების წარუმატებელი ფორმულირების ბრალია (თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძნელად დასაჯერებელია, ეს სიტყვები გაუაზრებლად და შეუგნებლად ეთქვა ბ-ნ ლაშას).
რაც შეეხება რელიგიის დაარსებას და დამაარსებლის საკითხს: რასაკვირველია, არც ქრისტე, არც მუჰამედი, არც ბუდა არ მოსულან იმისთვის, რომ კიდევ ერთი ახალი რელიგია „დაეარსებინათ". მიუხედავად ამისა, თითოეული მათგანი მოიხსენიება როგორც მოცემული რელიგიის დამაარსებელი (ფორმალურად ასეა მიღებული რელიგიათმცოდნეობაში). ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ბუდაზე, როგორც ბუდიზმის დამაარსებელზე, მაშინ იგივე ზედწოდებით უნდა მოვიხსენიოთ იესო ქრისტეც თუ მეცნიერულ მსჯელობაზე გვაქვს პრეტენზია (სხვა საქმეა ჩვენი პირადი რწმენა და დამოკიდებულება ქრისტიანული რელიგიის და იესოს ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის მიმართ).
ნამდვილად არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც რომ არა პავლე მოციქული, ქრისტიანობას არ ექნებოდა ისეთი სახე როგორიც მას დღეს აქვს და, რომ, შესაძლოა, არც არავის გაეგო ამ რელიგიის შესახებ, რომ არა მისი ღვაწლი. მე პირადად ეს მოსაზრება გადაჭარბებულად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქულმა მართლაც ბევრი იღვაწა ქრისტიანობის გავრცელებისთვის. ამის გამო პავლეს ქრისტიანობის დამაარსებლად წარმოჩენა, რბილად რომ ვთვათ, არაკორექტულია. ამას გარდა, აქ ბ-ნი ლაშას გამონათქვამები ცოტა წინააღმდეგობრივია: ერთის მხრივ ის აცხადებს, რომ „ქრისტიანობა არავის არ დაუარსებია" (ეს ფრაზაც გაუგებარია თავისთავად, ანუ ცალკე აღებული), მეორეს მხრივ კი, აღნიშნავს, რომ „ასეთი დამაარსებელი მან ნახა პავლე მოციქულში". ეს ერთგვარი ანტინომია არც ბ-ნ სიმონ ჯანაშიას დარჩენია ყურადღების მიღმა, რომელიც იქვე ჩაეკითხა: „მაშინ რატომ არ თვლით პავლეს (ქრისტიანობის) დამაარსებლად?" ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სტუმარი ასე იწყებს: „იმიტომ რომ პავლე კვდება სადღაც 64 წელში..." შემდეგ იგი წყვეტს მსჯელობას და აცხადებს, რომ ამ შეკითხვას მოგვიანებით უპასუხებს. სამწუხაროდ, მოგვიანებითაც არ ჩანს ამ კითხვაზე ნათელი პასუხი. იმ რამდენიმე სიტყვასთან დაკავშირებით კი, რითიც სტუმარმა პასუხის გაცემა დაიწყო, უნდა ითქვას შემდეგი: 64 წელს პავლეს გარდაცვალებაზე აპელირება ნამდვილად არ ასუსტებს შეხედულებას, რომლის თანახმადაც ხსენებული მოციქული შეიძლება მივიჩნიოთ ქრისტიანობის დამაარსებლად.

შენიშვნა 2
ბ-ნი ლაშა შემდეგი შეხედულებით აგრძელებს მსჯელობას: „...რატომ პავლეში? იმიტომ რომ პავლე იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო ახალი იდენტურობის ფიქსაცია გაეკეთებინა თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ეთნო-კულტურულ კატეგორიებში".
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პავლეს ნამდვილად არაფერი უთქვამს ახალი, ანუ მკვეთრად განსხვავებული ან წინააღმდეგობრივი ქრისტეს სხვა მოციქულების მიერ გადმოცემულ რელიგიურ სწავლებასთან შედარებით. რასაკვირველია, ქრისტიანულმა რელიგიამ ახალი იდენტობა შეიძინა იუდაიზმისგან განსხვავებით, მაგრამ ამ საქმეში ყველა მოციქულს (ანუ ახალი აღთქმის ტექსტის ყველა ავტორს) თანაბარი წვლილი აქვს შეტანილი. აქ უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხსენებულ მოციქულთა მიერ დაწერილ ეპისტოლეთა რაოდენობასა თუ მოცულობას. ამრიგად, „ახალი იდენტურობის ფიქსაცია" მხოლოდ პავლეს არ მოუხდენია, როგორც ბ-ნი ლაშა გვატყობინებს.
აქ უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა: როგორც ცნობილია, ბიბლიაში (რომლის ნაწილიც გახლავთ ახალი აღთქმა) შემავალი წიგნების სია, ე. წ. ბიბლიის კანონი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და ამას ადგენდნენ მომდევნო საუკუნეების ეკლესიის მამები. სწორედ მათ განსაზღვრეს, რომ, მაგ., ახალ აღთქმაში იქნებოდა ის 27 წიგნი, რომელიც დღეს გვაქვს ბიბლიაში და არა სხვა 27 წიგნი ასეულობით აპოკრიფული სახარებების, ეპისტოლეებისა და აპოკალიფსთა შორის, რომლებიც მაშინ იყო გავრცელებული. ასე რომ, თუ ამ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, ახალი რელიგიის (ქრისტიანობის) იდენტობისა და მისი უმთავრესი წერილობითი წყაროს - ახალი აღთქმის განმსაზღვრელად პირველი საუკუნეების ეკლესიის მამებიც გამოდიან მოციქულებთან ერთად და არა მხოლოდ პავლე მოციქული, რომ არაფერი ვთქვათ თავად იესო ქრისტეზე.

შენიშვნა 3
ბ-ნი ლაშას შემდეგი უცნაური შეხედულება: „როგორც იესო ნაზარეველი, ისე პავლე მოციქული ფიქრობდნენ, რომ ახლოს არის ღვთის სასუფეველი ანუ ესქატოლოგიური დასასრული და ისინი ამისთვის ემზადებოდნენ თვითონ და ამზადებდნენ სხვებსაც".
ამ ციტატაში აშკარად ტოლობის ნიშანია დასმული პავლე მოციქულსა და იესო ქრისტეს შორის, რადგან ისინი, ავტორის აზრით, თურმე ფიქრობდნენ (ანუ ვარაუდობდნენ), რომ ახლოსაა სამყაროს დასასრული. ამ სიტყვების მიხედვით, ქრისტე აღიარებულია როგორც მხოლოდ ადამიანი, რაც ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი დოგმატის (იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნების ყოვლისმცოდნეობის) უგულებელყოფას ნიშნავს. ის, რომ ქრისტეს ადამიანური გონება ვითარდებოდა და არ ფლობდა აბსოლუტურ ცოდნას, უარყოფილია ეკლესიის მიერ. ამ ერესის ამღიარებლები VI ს-ში "აგნოიტების" სახელით ცნობილ სექტად ჩამოყალიბდნენ (ბერძნ. a/gnoia - უმეცრება). აღნიშნული სექტა თავის ერეტიკულ თვალსაზრისს იესო ქრისტეს შემდეგ სიტყვებს აფუძნებდნენ - როცა იესოს ეკითხებიან თუ როდის იქნება ე.წ. ბოლო ჟამი ანუ სამყაროს აღსასრული, ის პასუხობს: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ (ანუ ძე ღმერთმა, იესო ქრისტემ, დ.თ.), არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36). (კარგი იქნებოდა ბ-ნ ლაშას სახარების ეს ციტატაც მოეხმო საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად იმის შესახებ, რომ ქრისტემ არ იცოდა სამყაროს აღსასრულის ჟამი).
ეკლესიის მამათა სწავლებით, იესომ ეს განგებულებითად თქვა, რათა მოწაფეებს ეფიქრათ, რომ ყოველ დღეს შეიძლებოდა დამდგარიყო საბოლოო დღე და, ამის გამო, მუდმივად მღვიძარენი ყოფილიყვნენ. შეხედულება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, იესოს თავისი ადამიანური ბუნებით არ სცოდნოდა რაიმე, ეწინააღმდეგება თავად ბიბლიურ მოწმობებსაც. მაგ., სახარებაში ერთ ადგილას იესო კითხულობს გარდაცვლილი ლაზარეს გვამზე: "სად დადევით ის?" (იოანე 11,34). თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთკაცმა მართლაც არ იცოდა გარდაცვლილი ლაზარეს ადგილსამყოფელი, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არ იცოდა უფალმა არც ის, თუ სად დაიმალნენ ადამი და ევა დანაშაულის შემდეგ, როდესაც სამოთხეში თქვა მან: "ადამ, სადა ხარ" (შესაქმე 3,9), ანდა როდესაც გაკიცხა კაენი, უთხრა რა: "სად არის ძმა შენი?" (შესაქ. 4,9).
ასე რომ, ქრისტიანული რელიგიის მთავარი პრინციპის თანახმად, იესო ქრისტეს საღვთო ბუნების ყოვლისმცოდნეობა მარიამში ხორციელი ჩასახვისთანავე განამდიდრებს მისსავე კაცობრივ ბუნებას... ანუ, მაცხოვარმა იცის მეორედ მოსვლის დღეც და საათიც არა მხოლოდ როგორც სრულმა ღმერთმა, არამედ აგრეთვე, როგორც სრულმა ადამიანმაც (ვრცლად იხ. პროფესორ ედიშერ ჭელიძის სტატია „იცის თუ არა იესო ქრისტემ მეორედ მოსვლის დღე და საათი თავისი კაცობრივი ბუნებით?" // პატრისტიკულ გაზეთში „საეკლესიო სიწმინდენი" #2, 2000 (სტატია 2010 წლიდან განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზეც: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=241%3A2010-12-18-08-47-53&catid=49%3A2010-12-12-19-59-31&Itemid=69&lang=ka).

შენიშვნა 4
იუდაიზმისა და ქრისტიანობის განსხვავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას (თუ საიდან ჩანს ეს ახალ აღთქმაში ან ჩანს თუ არა საერთოდ) ბ-ნი ლაშა პასუხობს: „მეორე მსოფლიო ომის მერე აღმოჩნდა ყუმრანის ხელნაწერები, მანამდე ჩვენ პრინციპულად ძალიან მწირი ინფორმაცია გვქონდა თუ რა იყო იესოს დროინდელი იუდაიზმი... მეცნიერებს ძირითადად წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ეს იყო ლეგალისტური რელიგია ანუ როგორც პავლე მოციქული იძახის, რომ რჯულის საქმეებით როდი გამართლდება კაცი, არამედ რწმენითო. ყუმრანის ხელნაწერებმა მთლიანად შეცვალა ეს ჩვენი აზრი ებრაული იუდაიზმის შესახებ".
ბიბლიურ არქეოლოგიაში „ყუმრანის ხელნაწერების" სახელწოდებით ცნობილმა აღმოჩენამ არათუ კარდინალურად ახალი, არამედ რამდენადმე მნიშვნელოვანი განსხვავებული ინფორმაციაც ვერ მოგვაწოდა. თუმცა სენსაციის მოყვარულები დღესაც ამტკიცებენ, თითქოს ამ ხელნაწერების თანახმად იესოს ინდოეთსა და ტიბეტში უმოგზაურია და სხვა. ის, რასაც ყუმრანის ხელნაწერები მოგვითხრობენ, ისედაც ცნობილია ბიბლიის ტექსტიდან. არ ვიცი, ბ-ნი ლაშა რომელ ენებს ფლობს, მაგრამ რუსულ ენაზეც შეიძლებოდა ერთი-ორი კრიტიკული ნაშრომის მითითება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგ. არ იქნებოდა ურიგო ის გაცნობოდა სტატიას: Димитрий Юревич. Мнимые Тайны Кумрана, 15.10.2009 // http://www.portal-slovo.ru/theology/41540.php). როგორც ამ სტატიის დასასრულს არის აღნიშნული, მეცნიერული თვალსაზრისით ბიბლიის ტექსტმა „დამატებითი წონა შეიძინა, ის კიდევ ერთხელ გადამოწმდა, ამჯერად ყუმრანის ხელნაწერებით. თუმცა ზოგიერთები კვლავ ეზოთერული რომანტიზმით აგრძელებენ საუბარს ყუმრანის სენსაციურ აღმოჩენაზე, რომელმაც თითქოს რაღაც საიდუმლო ცოდნა მოგვცა ან დაფარული სიმართლე გაგვიმხილა, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით ყველა ეს მტკიცება გასული საუკუნის 60-იან წლებში წარმოქმნილი მოძველებული ჭორებია და არ არის საჭირო მათი 21-ე საუკუნეში გადმოტანა".
ასე რომ, იუდაიზმთან დაკავშირებით არსებობს სრულიად დამაჯერებელი ისტორიული ცნობები როგორც ბიბლიის ტექსტში, რაც, რასაკვირველია, არასაკმარისია, მაგრამ ადეკვატურია (მაგ., ჩვენ ვერ შევიტანთ ეჭვს ქრისტეს სიტყვებში, რომელიც მიმართულია ფარისევლების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი საკუთარი ე.წ. „მამათა გადმოცემებით" ანაცვლებდნენ უფლის რჯულს. ქრისტე მათ საყვედურობს ამ „მამათა გადმოცემების" ერთ-ერთი წესის გამო, რომლის თანახმადაც ადამიანს შეეძლო ტაძრისათვის ძღვენის შეწირვით თავიდან აეცილებინა მოხუც მშობლებზე მზრუნველობა (იხ. მარკ. 7:11-13). ასევე ვერ შევიტანთ ეჭვს პავლე მოციქულის სიტყვებში, რომლის თანამხადაც ქრისტეს მოსვლამდე ადამიანის გადარჩენა რჯულის მოთხოვნების აღსრულებით მიიჩნეოდა, რადგან ამაზე მიუთითებენ სამეცნიერო გამოკვლევებიც იუდაისტური რელიგიის შესახებ.
მაგ., როგორც იუდაურ-ქრისტიანული ურთიერთობების მკვლევარი, ჯონ ბოუკერი აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ქრისტე „თავს ღმერთს უტოლებდა" და ასევე კიცხავდა ფარისეველთა თვალთმაქცურ ღვთისმოშიშებას, მაშინდელი იუდეველი რელიგიური ლიდერებისთვის მიუღებელი იყო აგრეთვე შემდეგი: ფარისევლებისთვის მკრეხელობა იყო იესოს თვალსაზრისი, რომ ამ ქვეყნად ღვთის მოქმედების (მისი წყალობის) გამოწვევა „შეუძლია უბრალო იმედსაც, მოლოდინსაც (expectation) ანუ რწმენას (faith) და არა აუცილებლად თორის აღიარებას და მისი მოთხოვნების დაცვას (...) ეს რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ იესო უარყოფდა თორის საჭიროებას (იხ. მკ. 1:44), მაგრამ იესო აშკარად უარყოფდა შეხედულებას, რომ თორის (მოსეს რჯულის, დ.თ.) დაცვა აუცილებელი პირობაა ღვთის მოქმედებისთვის; ამგვარი პირობა სხვა არაფერია თუ არა რწმენა" (John Bowker. Jesus and the Pharisees. Cambridge University Press 1973, p. 43). ამრიგად, - დასძენს ბოუკერი, - ქრისტეს ჯვარცმის მიზეზი იყო არა უბრალოდ მის მიერ ისეთი შეხედულებების გამოთქმა, რომელიც არ ემთხვეოდა იუდაიზმის მაშინდელ რელიგიურ ლიდერთა თვალსაზრისს, არამედ ის გარემოება, რომ იესო საჯაროდ, ხმამაღლა და უშიშრად ქადაგებდა ზემოთ ხსენებულ ჭეშმარიტებას, თორემ უამრავი არაორთოდოქსულად მოაზროვნე რელიგიური მოღვაწე და სექტა არსებობდა ამ დროს, მაგრამ „იშვიათად თუ არის შემორჩენილი ისტორიული ცნობები მათი ჯვარცმის შესახებ (scarcely any record survives of their having been crucified)» (p. 45). იესოს ამგვარ მსოფლმხედველობასა და ქცევებში კი ფარისევლებმა სერიოზული საფრთხე დაინახეს თორასა და იერუსალიმის ტაძრის ავტორიტეტზე დაფუძნებული რელიგიურობის უმთავრესი პრინციპების წინააღმდეგ. აქ ასევე საინტერესოა იესოს საუბრის გახსენება სამარიტელ ქალთან იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებით. თორაზე (მოსეს რჯულზე) დაფუძნებული რელიგიურობა კი ნამდვილად იყო ლეგალისტური.

შენიშვნა 5
ბ-ნი ლაშა აღნიშნავს (ჩანაწერის 7:20 წმ.-დან): „დღეს საერთოდ ლოგიკურია ისაუბრო იუდაიზმებზე, იმიტომ რომ არ არსებობდა მეინსტრიმის იუდაიზმი და არ არსებობდა მარგინალური იუდაიზმი".
ეს მოსაზრება არცთუ ისე უმნიშვნელო კორექციას საჭიროებს. რასაკვირველია, არსებობდნენ სხვადასხვა მოძრაობები, პარტიები და სექტები იუდაიზმის შიგნით (მაგ., სადუკეველთა და ფარისეველთა პარტიები, ზილოტების დაჯგუფება, მწიგნობართა კასტა, ასევე ესეველთა, ყარაიმთა და სხვა სექტები), მაგრამ ისინი ნამდვილად არ იყვნენ თანაფარდი მნიშვნელობის მოძრაობები და პარტიები არც მიმდევრების რაოდენობით და არც იუდაიზმის რელიგიურ ცენტრთან (მთავარ სიწმინდესთან) - იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებულობის ხარისხით. მაგ. ესეველთა სექტა სწორედაც რომ ემიჯნებოდა იერუსალიმის ტაძარს, რაც იყო იუდაიზმის ცენტრი. ისინი თანხმდებოდნენ, რომ ღვთისმსახურების ცენტრი იერუსალიმი იყო, მაგრამ არ იზიარებდნენ რიტუალური სიწმინდისა და მსხვერპლშეწირვის კანონთა იმ ინტერპრეტაციებს, რომლებიც იერუსალიმის ტაძრის ღვთისმსახურთა მიერ იყო შემუშავებული. ესეველები ნებაყოფლობით აგზავნიდნენ შესაწირავს იერუსალიმის ტაძარში, მაგრამ მათ რიტუალებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. აი, ყარაიმთა მოძრაობა კი საერთოდ უარყოფდა თალმუდს, რის გარეშეც იუდაიზმი უბრალოდ კარგავს თავის სახეს (როგორც მინიმუმ 70 პროცენტით). ისინი მხოლოდ ებრაულ ბიბლიას - თანახს აღიარებდნენ, რომლის შემადგენლობაც თითქმის მთლიანად ემთხვევა ქრისტიანული ბიბლიის ძველი აღთქმის ტექსტს.
ამრიგად, რომელი სახელწოდება შეიძლება იყოს ასეთი ტიპის იუდაისტური დაჯგუფებებისთვის ადეკვატური, თუ არა „მარგინალური"?

შენიშვნა 6
ბ-ნი ლაშას მომდევნო მსჯელობა ამგვარია: „...პოპულარულად რომ წარმოვიდგინოთ ღმერთის მიერ აბრაამისადმი მიცემული აღთქმა არის ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშაც ყველა ებრაელი დაბადებიდანვე ხვდება და ის ამ ქოლგით დაცულია. ქრისტიანული ტექსტები საუბრობენ იმაზე, რომ ამ ქოლგაში შემოვლენ სხვა ერებიც. ამას კარგად ამბობს პეტრე მოციქული: „თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: შენი თესლისგან იკურთხება მიწის ყოველი ტომი" (საქმე 3:25), ანუ ებრაელისგან მოდის (კურთხევა, დ.თ.)... ანუ ჩვენ ვერ ვნახავთ ვერცერთ ტექსტში მეორე აღთქმისა ანუ ახალი აღთქმისა ისეთ ეპიზოდს, რომელიც ჩვენ უფლებას გვაძლევს ვისაუბროთ იმაზე, რომ ჭიპლარი, რომელსაც ქრისტიანული სექტას აკავშირებს იუდაიზმთან, ეს ჭიპლარი იჭრება. ესეთი რამე ჩვენ უკვე გვხვდება მეორე საუკუნის ტექსტებში. ეს არის... ბარნაბას მოციქულის ეპისტოლეში, იუსტინე ნაფლუზელთან გვხვდება ასევე და ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლეებში. მაგ, ეგნატე ანტიოქიელი მაგნეზიელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში (თავი 8:1) წერს: „რადგან თუ დღემდე ვცხოვრობდით ებრაელივით, ვაღიაროთ, რომ არ მიგვიღია წყალობა...". ბარნაბა მოციქული კი წერს: „ნუ დაემსგავსებით ზოგიერთ ადამიანს და ამგვარად ნუ დაახვავებთ ცოდვებს ცოდვებზე, როცა იმეორებთ, რომ აღთქმა მათიც არის და ჩვენიც (ანუ ებრაელებისაც და ჩვენიც, ქრისტიანებისა, ლ.ო.), ჭეშმარიტად გეუბნებით, იგი ჩვენია. მათ კი სამუდამოდ დაკარგეს, ერთ დროს მოსეს მიერ მიღებული". აი, ეს არის მთავარი, - დასძენს ბ-ნი ლაშა, - ის ქოლგა ახლა ჩვენია, იმ ქოლგაში ვართ ჩვენ, მარა თქვენ ებრაელები აღარ ხართ... აი, საოცრებაა. ესე იგი მე შენთან მოვდივარ და მე შენ გეუბნები, რომ შენი ბიბლიოთეკა, შენი წიგნები, შენი შვილები, შენი ცოლი ეს ყველაფერი ჩემია, შენი აღარ არის. აი, ეს მოხდა...".
აქვე მცირე რემარკა: მართალი გითხრათ, პირველად მესმის ისეთი საეკლესიო მამის სახელი, როგორიც „იუსტინე ნაფლუზელია". ხომ არ გულისხმობს ბატონი ლაშა მეორე საუკუნის ცნობილ ქრისტიან აპოლოგეტს - წმ. იუსტინეს? (ამ ძველი ავტორის ნაშრომში მართლაც გამოკვეთილია იუდეველთა კრიტიკა). მაგრამ ეს უკანასკნელი, პატრისტიკულ ლიტერატურაში იხსენიება ან იუსტინე მარტვილად (მოწამედ) ან იუსტინე ფილოსოფოსად. იუსტინე ნაფლუზიელის სახელი კი არცერთ პატროლოგიურ სახელმძღვანელოში არ არსებობს. აქ სამ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე: 1. შესაძლოა, ბ-ნ ლაშას უცხოენოვანი ტექსტიდან არასწორად აქვს ამოკითხული ამ საეკლესიო მწერლის სახელი; 2. ჩემთვის უცნობი ავტორის წიგნიდან აქვს აღებული ამ აპოლოგეტის სახელი (ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა მომიწევს); 3. მართლაც არსებობს ძველ ეკლესიის მამათა შორის ვინმე იუსტინე ნაფლუზიელი (თუმცა უკანასკნელი ვერსია ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია).
სავსებით ნათელია, ბ-ნ ლაშას სურს დაამტკიცოს, რომ ახალი აღთქმის ეპოქაში ჯერ კიდევ არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის. მისი თქმით, რაღაც განმასხვავებელი ნიშნების დასახელება შესაძლებელია ამ კუთხით, რომ, მაგ., პავლე მოციქული უარყოფდა წინადაცვეთის აუცილებლობას და რომ პეტრე მოციქული „ჭამს ყველა საჭმელს კორნელიუსის სახლში ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ პეტრე არღვევს რიტუალურ სიწმინდეს, მოსეს აკრძალვებს" - ამბობს ბ-ნი ლაშა, მაგრამ, ის ამ ყოველივეს უმნიშვნელოდ მიიჩნევს პეტრე მოციქულის იმ სიტყვებთან შედარებით, რომლის თანახმადაც სწორედ იუდეველთა წყალობით იკურთხება ყველა დანარჩენი ერი, რომ ახალი აღთქმის ტექსტის თანახმად, გადარჩენის „საერთო ქოლგაში" შემოვლენ სხვა ერებიც.
რა შეიძლება ითქვას? ერთი რამ ნათელია: შეუძლებელია ასე ცალსახად ახალი აღთქმის ტექსტის წარმოდგენა იუდაურ საკითხზე.
პირველ რიგში, ბ-ნ ლაშას სიამოვნებით შევაშველებდი კიდევ რამდენიმე, ასე ვთქვათ, პრო-იუდაურ ციტატას, რომლებიც უფრო ცხადად შეიცავენ იმ შინაარსს, რისი გამოთქმაც მას სურს. მაგ., პავლე მოციქული იუდეველებზე წერს: „მათი დაცემისგან არის წარმართთა ხსნა" (რომ. 11:11). ამავე თავში მოციქული გამოთქვამს არა პირად განსჯას, არამედ, მისივე თქმით, ღვთაებრივ საიდუმლოს: „არ მსურს, ძმანო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა თქვენსავე განსჯას არ დაეყრდნოთ, რომ ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოვა წარმართთა მთელი სიმრავლე" (რომ. 11:25). ე. ი. ღვთის განგებით სწორედ იუდეველთა დაცემით უნდა გადარჩეს მთელი სამყარო (ებრაელთა დაცემაში მოციქული, რასაკვირველია, მათ მიერ იესო ქრისტეს არმიღებას გულისხმობს). ასევე საინტერესოა, რომ თავად იესო სამარიტელ ქალს ეუბნება, რომ „ხსნა იუდეველთაგანაა" (იოანე 4:22). სხვა ადგილას ქრისტე იდუმალებით მოცულ სიტყვებს ამბობს: „მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა" (იოანე 10:16). მართლაც, ქრისტე ზოგჯერ ისეთ რწმენას ამჩნევდა წარმართებში, რომელსაც თვით ებრაელებშიც კი ვერ პოულობდა (მათ. 8:10).
ასევე ბ-ნ ლაშას შევაშველებდი იმ ძველ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომლებიც უფრო მეტად არიან ცნობილნი როგორც ანტი-იუდეველი ქრისტიანი მქადაგებელნი, ვიდრე ბარნაბა მოციქული და ეგნატე ანტიოქიელია. ესენი არიან იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე და იუსტინე ფილოსოფოსი (უპრიანი იქნებოდა მას სწორედ ისინი დაეციტირებინა ანტი-იუდაურ კონტექსტში საკუთარი მსჯელობისთვის მეტი წონის მისაცემად).
ახლა რაც შეეხება ჩემს კრიტიკას პატივცემული ქრისტიანობის მკვლევრის (ამ წოდებას ვიყენებ ყოველგვარი ირონიის გარეშე) შერჩევით მიდგომაზე ახალი აღთქმის ტექსტისადმი, როცა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მასში არ შეიმჩნევა არც განსხვავება და არც დაპირისპირება იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის; რომ ამგვარი დაპირისპირება მხოლოდ მეორე საუკუნიდან იჩენს თავს ეკლესიის მამათა „წყალობით". ამრიგად, მოგვიწევს იმ უმთავრესი ციტატების წარმოდგენა ახალი აღთქმიდან, სადაც არათუ უბრალოდ განსხვავება, არამედ ძალზედ ძლიერი, სასტიკი დაპირისპირება იკვეთება ქრისტიანებსა და იუდეველებს შორის. აი, ზოგიერთი ასეთი ადგილი:
სანამ მოციქულთა და იუდეველების ურთიერთობაზე გადავალთ, ჯერ თავად ქრისტიანობის დამფუძნებლის - იესო ქრისტესადმი იუდეველთა მტრული დამოკიდებულების ამსახველი ზოგიერთი პასაჟი წარმოვადგინოთ ახალი აღთქმიდან. პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ქრისტეს მიერ წარმოთქმული იუდეველთა ფარისევლობის გამკიცხავი ხანგრძლივი მონოლოგები, რომელიც გამოწვეული იყო იუდეველთა ფარისევლური და გაუკუღმართებული რელიგიურობის მიზეზით. მეორეს მხრივ, იუდეველებსაც ჰქონდათ პრეტენზიები. ისინი იესოს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ შაბათს ანუ უქმე დღეს კურნავდა ხალხს და არათუ აკრიტიკებდნენ, არამედ, როგორც იოანე მოციქული წერს, „ამისთვის სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაი მისი" (ინ. 5:16). (ეს ციტატა შეგნებულად მომყავს ძველქართულად, რადგან საქართველოს ბიბლიური საზოგადოების მიერ გამოცემული ბიბლიის ახალქართულ თარგმანში ამ მუხლში სიტყვები „ენება მოკლვაი მისი" გამოტოვებულია). იესოს კიცხავდნენ ასევე იმის გამოც, რომ არ იცავდა ზოგიერთ ყოფით იუდაურ რელიგიურ წეს-ჩვეულებას, მაგ., ჭამის წინ ხელბანვას (იხ. ლუკ. 11:38). მაგრამ იუდეველებში იესოს მოკვლის სურვილის უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ იესო „ღმერთს საკუთარ მამად იხსენიებდა და თავს ღმერთს უტოლებდა" (ინ. 5:18). სხვა ადგილას ასევე ნათლად არის აღნიშნული: „იუდეველები დრტვინავდნენ იმის გამო, რადგან (იესომ) თქვა: მე ვარ პური ზეციდან ჩამოსული" (ინ. 6:41). როცა ქრისტემ განაცხადა: „სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ", მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან" (ინ. 9:59). ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ იუდეველებს როცა იესომ თქვა: „მე და მამა ერთი ვართ". ამის გაგონებაზე „კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად" (ინ. 10:30). იუდეველებისთვის წარმოუდგენელი იყო იესოს ღმერთობა: „კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს" (ინ. 10:33) - მიმართავდნენ იესოს.
არც ქრისტეს მოციქულთა მიმართ ჰქონიათ იუდეველებს შეხმატკბილებული ურთიერთობა. ცნობილია, რომ იუდეველთა სინედრიონს პავლე მოციქულის მოკვლაც უნდოდა: „იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და შეფიცეს ერთმანეთს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ" (საქმ. 23:12). თავად პავლეც წერს ერთ ადგილას: „შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს" (საქმ. 26:21). ასევე პავლე დაწვრილებით აღწერს იუდეველთაგან მიღებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც: „ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა. სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს..." (2 კორ. 11:24-25). მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ პავლეს მაინც უყვარს იუდეველები, თავისი თანამემამულენი (თვისტომნი) და სწუხს იმის გამო, რომ მათ ქრისტე უარყვეს: „...დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის" (რომ. 9:2-3).
ასე რომ, დასანანია ასეთი აშკარა ტენდენციურობა ბ-ნი ლაშას საუბარში და მის მიერ იმის მტკიცება, რომ თითქოს ახალ აღთქმაში არ არის შესამჩნევი იუდაურ-ქრისტიანული დაპირისპირება. მას როგორც ქრისტიანობის მკვლევარს პავლე მოციქულის შემდეგი უცნობილესი სიტყვები მაინც უნდა სცოდნოდა: „ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის უგუნურებას" (1 კორ. 1:23). აპოკალიფსშიც კი იუდეველები საკმაოდ ნეგატიურად იხსენიებიან: „...თავს იუდეველებს უწოდებენ, მაგრამ არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან" (აპოკ. 2:9). სხვა ადგილას: „...რომლებიც თავს იუდეველებს უწოდებენ, მაგრამ არ არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ისე მოვუწყობ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე" (აპოკ. 3:9).
ამრიგად, როგორც ვნახეთ, ახალ აღთქმაში არის როგორც პრო-იუდაური ისე ანტი-იუდაური ციტატები. შესაბამისად, არასწორია მხოლოდ ერთი რომელიმე პოზიციის (ციტატების კრებულის) წინ წამოწევა ქრისტიანობის ამ უმთავრესი წერილობითი წყაროდან და დანარჩენების მიჩქმალვა. აქვე მცირე განმარტებასაც გავაკეთებ: როდესაც პავლე მოციქული ებრაელების მეშვეობით მთელი კაცობრიობის გადარჩენის შესაძლებლობაზე საუბრობს, ის, რასაკვირველია, გულისხმობს, რომ ეს ღვთის მიუწვდომელი სიბრძნისა და განგების ძალით ხდება და არა ებრაელთა დამსახურებით ან თუნდაც მათი სურვილით. იუდეველთა, საკუთარ თვისტომთა მიმართ შეუნელებელი სიყვარულის მიზეზით პავლეს იმავდროულად არც ებრაელთა დანაშაულიც ავიწყდება (ქრისტეს არმიღება), რის გამოც ისინი გაკიცხვას იმსახურებენ მოციქულის თვალში.
შუა საუკუნეების ცნობილ ანტი-იუდეველ საეკლესიო მწერალთა, იოანე ოქროპირის, ნეტარი ავგუსტინესა და იუსტინე ფილოსოფოსის შეცდომა, შესაძლოა, ის იყო, რომ ახალი აღთქმიდან მხოლოდ ანტი-იუდაური ციტატების საფუძველზე ანვითარებდნენ და აგებდნენ შესაბამის პოზიციას, დავიწყებას ეძლეოდა რა პეტრესა და პავლეს ე.წ. „პრო-იუდაური" სიტყვები (როგორც ჩვენ მათ პირობითად ვუწოდეთ). ნამდვილად არ იქნებოდა კარგი თუ ჩვენც, დღევანდელი თეოლოგები და რელიგიათმცოდნენი, ცალმხრივობის იგივე შეცდომას დავუშვებდით, ოღონდ შებრუნებულად: თუ შევეცდებით ახალი აღთქმის ტექსტიდან მოციქულთა მხოლოდ პოზიტიურ დამოკიდებულების „გამოყვანას" იუდეველთა მიმართ, განზე გავწევთ რა ამავე წერილობითი წყაროს საპირისპირო ციტატებს. მით უმეტეს არ იქნება კარგი თუ იმავდროულად ეკლესიის მამების ხედვასა და სულისკვეთებას ბიბლიის ტექსტთან დაპირისპირებულად წარმოჩენას შევეცდებით. ეკლესიის მამებს არაფერი ისეთი არ უთქვამთ, როდესაც იუდეველებს აკრიტიკებენ, რაც არ უთქვამთ და არ გულისხმობდნენ მოციქულებს. სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობს ქრისტიანობის მკვლევარი, ბ-ნი ლაშა ოთხმეზური და ისიც საკმაოდ არადამაჯერებლად. სამწუხაროა.

შენიშვნა 7
ბ-ნი ლაშას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა ამ გამოსვლაში ის არის, რომ იგი იუდაური რიტუალური სიწმინდის კანონებსა და მოსეს რჯულს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. იხ. მაგ. ფრაზა 21:43 წამიდან: „რიტუალური სიწმინდის კანონები (ანუ, დ.თ.) მოსეს რჯული"; ხოლო მე-7-8 წუთების მიჯნაზე წარმოთქმული სიტყვებით მარხვისა და რიტუალური სიწმინდის ცნებებია ერთმანეთთან გაიგივებული: „ჭამს ყველა საჭმელს კორნელიუსის სახლში ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ პეტრე არღვევს რიტუალურ სიწმინდეს, მოსეს აკრძალვებს".
აქაც ვლინდება იუდაიზმის საკმაოდ ზედაპირული ცოდნა. სინამდვილეში რიტუალური სიწმინდის კანონები მხოლოდ ერთ-ერთ განყოფილებას წარმოადგენს ხუთწიგნეულში გადმოცემული მოსეს რჯულისა. გარდა მოცულობითი არათანაფარდობისა, რიტუალური სიწმინდის კანონები კიდევ იმიტომ არ ნიშნავს (არ უდრის) მოსეს რჯულს, რომ ისინი (ეს კანონები) დამუშავებული და გადმოცემულია თალმუდში და არა მოსეს ხუთწიგნეულში, სადაც მას მხოლოდ ჩანასახობრივი სახე აქვს (ვრცლად ამ საკითხზე იხ. ქართველი მკითხველისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი წყარო: მოკლე ებრაული ენციკლოპედია (КЕЭ), ტომი 9, სტატია: Чистота и Нечистота Ритуальные // http://www.eleven.co.il/article/14689).
რა იყო რიტუალური სიწმინდე? მოვიყვანოთ მცირე პასაჟი შესაბამისი ნაშრომიდან ამ საკითხზე იმისათვის, რომ მკითხველს ზოგადი წარმოდგენა შეექმნას აღნიშნულ ცნებაზე: „ბიბლიურ ხანაში და მეორე ტაძრის პერიოდში მოქმედებდა რიტუალურ სიწმინდე-უწმინდურებასთან დაკავშირებული კანონები, ეს ყოველივე ეფუძნებოდა იდეას, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების შედეგად გამოიყოფა, ავადმყოფობას და ცხოველებთან შეხებას, შეუძლია ადამიანის უწმინდურ მდგომარეობაში მოყვანა. ამ დროს მას ეკრძალებოდა ტაძართან მიახლოებაც კი. ასევე დადგენილი იყო სექსუალური ურთიერთობებისგან თავშეკავება მეუღლის მენსტრუაციული ციკლის პერიოდში. ადამიანის რიტუალური სიწმინდის მდგომარეობაში დაბრუნება სხვადასხვა განმწმენდ რიტუალს (კარანტინი, წმინდა წყლის სხურება, თმის შეჭრა, ტანსაცმლის რეცხვა, წყალში რიტუალური შთაფლვა) შეეძლო, რის შემდეგაც მას უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ნორმალურ ოჯახურ თუ სატაძრო მსახურებაში" (Л. Шиффман. От Текста к Традиции. История Иудаизма в Эпоху Второго Храма и Период Мишны и Талмуда. М., Bibliotheca Judaica, 2002, გვ. 247).

შენიშვნა 8
ბ-ნ სიმონ ჯანაშიას შეკითხვაზე: „როდის გაიმიჯნა... და რა იყო ის გადამწყვეტი განსხვავება ამ ორ რელიგიას შორის, რაც შეიძლება ასე მნიშვნელოვანი იყო გამიჯვნის დროს?" ბ-ნი ლაშა საუბარს იწყებს რომაელების მიერ ახ. წ. 70 წლის შემდგომ იუდეველებისთვის ახალი გადასახადის, ე.წ. „ფისკი იუდაიჩის" დაკისრებაზე და რომის იმპერატორის მიერ იმის გამოცხადებაზე, რომ ვინც თავს არ თვლიდა იუდეველად შეეძლო ეს გადასახადი არ გადაეხადა, რის შემდეგაც იგი აცხადებს: „ესე იგი ეკონომიკური არგადახდა ტაქსასი, იწვევს აპოსტასიას" (რასაკვირველია, „აპოსტასიაში" ბ-ნი ლაშა გულისხმობს იუდაიზმისგან განდგომას). აქვე ის ახსენებს იუდეველთა აჯანყებას ბარ კოხბას მეთაურობით, რის შემდეგაც ებრაელებს (არა ქრისტიანებს) ეკრძალებათ იერუსალიმში ცხოვრება. ესეც, ალბათ, იმის წარმოსაჩენად ითქვა, თუ როდის მოხდა გამიჯნვა იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის, რადგან ლაშა აქვე ახსენებს იერუსალიმის ეკლესიას, რომლის წევრებიც უკვე არიან არა წინადაცვეთილი, არამედ წინადაუცვეთელი ქრისტიანები.
ამგვარ ფრაგმენტულ და არაარსობრივ პასუხს მოსდევს ბ-ნი ლაშას შემდეგი დასკვნა: „...ასე რომ, პოლიტიკური და ეკონომიური (უფრო ზუსტად, „ეკონომიკური", დ. თ.) პროცესები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა... ეს გამოიწვევს პრინციპში, რომ შეიქმნას უფსკრული, რომელიც დააშორებს ერთმანეთისგან (იუდაიზმსა და ქრისტიანობას, დ.თ.) და პატარა სექტას გარდაქმნის რელიგიად" (იხ. ჩანაწერის 25-ე წუთი).
დაუჯერებელია, რომ ქრისტიანობის მკვლევარმა ასე უპასუხოს ზემოთ დასმულ შეკითხვას, რადგან „გადამწყვეტი" და უპირველესი განსხვავება ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის არის ქრისტეს ღვთაებრიობის საკითხი, რაც იუდეველებმა არ აღიარეს. ყოვლად გაუგებარია ამ კითხვის პასუხად მხოლოდ რომაელთა მიერ ებრაელებისათვის დაკისრებული გადასახადების გადახდა-არგადახდის თემაზე საუბარი, რასაც მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა ქრისტიანულ-იუდაური გამიჯვნის პროცესში და თუ ავტორის აზრითაც ეს არ არის გადამწყვეტი მოვლენა, მაშინ მას სხვა ფაქტორებზეც უნდა ესაუბრა და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ამ ერთადერთი საკითხის ხსენებით.

შენიშვნა 9
ბ-ნ სიმონ ჯანაშიას ბოლო შეკითხვა ამგვარია: „...დღეს რითია საინტერესო ქრისტიანობა გარდა მათთვის, ვისთვისაც ეს არის რწმენის საგანი". ბ-ნი ლაშას პასუხი: „მე ვთვლი, რომ ამაზე საინტერესო შეიძლება არაფერი არ არის საერთოდ. ეს არის სათვალეები, რომლითაც ვუყურებთ სამყაროს და არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი მორწმუნე ხარ თუ არა ხარ მორწმუნე..."
სასიხარულოა, რომ ქრისტიანული რელიგია ბ-ნი ლაშასთვის ასე ძვირფასია, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც საქმე გვაქვს არაადეკვატურ და არასწორ პასუხზე. არაადეკვატური იმიტომ, რომ ქრისტიანობა „სათვალეები" (რომლითაც სამყაროს ვუყურებთ) შეიძლება იყოს მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც ის (ქრისტიანობა) „რწმენის საგანია", შეკითხვა კი სწორედაც რომ არ იგულისხმებოდნენ ასეთი კატეგორიის ადამიანები. არასწორია იმიტომ, რომ თუ ადამიანი არ არის მორწმუნე მისთვის ქრისტიანობა ნამდვილად არ იქნება „სათვალეები, რომლითაც ვუყურებთ სამყაროს", რადგან ქრისტიანობა რელიგიაა, რომლის გაზიარებაც არ შეუძლია ადამიანს, რომელიც „არ არის მორწმუნე".

დავით თინიკაშვილი
თეოლოგიის მაგისტრი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
(საგანი „მსოფლიო რელიგიები")
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий