„დიდი სჯულის კანონში“ ერთადერთი განწესება, რომელიც მეფის მაგინებელთა შესახებაა, მოციქულთა 84–ე კიანონია: „ვინცა ვინ აგინოს მეფესა, ანუ მთავარსა, თვინიერ სამართალისა, გუემისა თანამდებ იყავნ და უკეთუ მღდელ იყოს განიკუეთენ, ხოლო უკეთუ ერისკაცი – უზიარებელ იქმენინ”.1
ცხადია ეკლესია ადგენს რა ამ კანონს, მოქმედებს „კეისარს კეისრისა“–ს პრინციპით, ანუ ქრისტიანობა არათუ უარყოფს სოციალურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სისტემებს, არამედ განაწესებს, რომ: „მეფესა პატივ-სცემდით. მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა“ (1პეტ.2.17–18)
უნდა შევნიშნოთ, რომ მოცემული კანონის აკრძალვა – მეფის შეურაცხყოფის შესახებ – უპირობო მოთხოვნა არ არის: ერთის მხრივ ეხმიანება რა პავლე მოციქულის ეპისტოლეებს (1ტიმ.2.2; რომ.13.1–7) მოწოდების სიმაღლეზე აჰყავს ხელისუფლების პატივისცემა (ხელისუფლების შეურაცხყოფისათვის აწესებს რა იმ უმკაცრეს სასჯელს, რითაც ყველაზე მძიმე საეკლესიო დანაშაული ისჯება), მეორეს მხრივ გვიკონკრეტებს რა დანაშაულის გარემოებას და დასძენს „თვინიერ სამართალისა“ – გვთავაზობს ერთგვარ გამოსავალს და გვიცავს ხელისუფლების ბრმა მორჩილებისგან.
სანამ კანონის სიღრმისეულ განხილვაზე გადავიდოდეთ, მსურს რამდენიმე ზოგად საკითხს შევეხო: პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ კანონის ასეთი სიმკაცრე არ არის გამოწვეული მეფის მირონცხებულობის იდეით, რადგან: თავად კანონშივეა საუბარი არა მარტო მეფეზე, არამედ მთავარზეც და როგორც ქვემოთ ვიხილავთ განმმარტებლებთან, ამ სიტყვაში არამარტო მსხვილი ფეოდალები, არამედ ზოგადად კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელნი მოისაზრებიან და რარათქმა უნდა კიდევ იმიტომ, რომ ზემოთმოხმობილი მოციქულთა ეპისტოლენი და თვით ეს კანონიც დაწერილია იმ ეპოქაში, როდესაც ქრისტიანობა არათუ ოფიციალური სტატუსის, არამედ დევნის ქვეშ იყო. მეორე საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო ეს არის ტერმინი „გინება“ რომელის სინონიმადაც ქვემოთ ვიხმართ ტერმინს „შეურაცხყოფა.“ „გინება (injuria. Ύβρίζειν) –ფართო გაგებით ნიშნავს სხვისი უფლების ყოველგვარ განზრახ შებღალვას, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის პიროვნების დასამცირებლად და გამომდინარეობს მისი პიროვნების უპატივცემულობიდან. ვიწრო გაგებით კი პიროვნების ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედებაა“2 ჩვენს შემთხვევაში როგორც ვხდებით ტერმინის, ვიწრო გაგებასთან უნდა გვქონდეს საქმე (სიტყვიერი შეურაცხყოფა).
აქვე მინდა გაგაცნოთ განმმარტებელთა ის კომენტარები, რაც ამ კანონს შეეხება, რათა უფრო ცხადი გახდეს ჩვენი შემდგომი მსჯელობები:
ნიკოდიმ მილაში: მოციქულთა 84-ე კანონი განაწესებს, ერისკაცის უზიარებლობას და სასუიერო პირის მღვდლობიდან განკვეთას მეფის (βασιλέα) ან ერისმთავრის (მთავრის) (άρχοντα) შეურაცხყოფისათვის (გინებისათვის) (ύβρίζειν). ამ ბერძნულ სიტყვაში მოისაზრება არა ქმედითი შეურაცხყოფა, არამედ სიტყვიერი (ქართულ თარგმანში გინება). ამ კანონის განმარტებისას არქიმანდრიტი იოანე ამბობს, რომ შინაარსი ამ კანონისა შეიცავს იმ მაღალ მოთხოვნებს, რაც გამოიხატება ხელისუფლების პატივისცემა და მორჩილებაში და რაზეც საუბრობდნენ მოციქულები თავიაანთ ეპისტოლეებში. მოციქული პეტრე თავის პირველ ეპისტოლეში ამბობს: „თაყვანი ეცით მეფეს“ (2.17) მეფის, დიდებულებისა და საერთოდ კანონიერი ხელისუფლების შეურაცხყოფისათვის მოცემული კანონი აწესებს ისეთივე სასჯელს როგორც ყველაზე დიდი საეკლესიო დანაშაულებებისათვის. ამიტომ მორჩილებასა და პატივისცემას მეფისა და სხვა კანონიერი ხელისუფლებისას ეკლესია თავისი წევრებისათვის წმინდა მოვალეობად მიიჩნევს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ როგორც მოციქულთა ეპსტოლეები, ისევე ეს კანონებიც საუბრობენ თავისი დროის მეფეებზე, რომლებიც არამარტო წარმართები, არამედ ქრისტიანობის მდევნელებიც იყვნენ. ასე რომ თუ ასეთი მეფეების ძალაუფლება იყო ქრისტინთათვის წმინდა და ეკლესია თავისი მკაცრი კანონით იცავდა მეფეს გინებისაგან მაშინ როგორი თაყვანისცემა შეშვენის ქრისტიან მეფეს, რომელიც არის დამცვლი ქრისტიანობისა?3
ზონარა, არისტინე , ბალსამონი: აკრძალულია შეეწინააღმდეგო მეფესა და უფროსს. მაგრამ მითითება, როდესაც რამეს არასწორედ აკეთებენ არაა აკრძალული თუმცაღა მამხილებელი სიტყვები შეიძლება იყოს ძალიან მახვილი, და მხილებულისათვის საწყენი. უსამართლოდ მხილების უფლებას კანონი არ გვაძლვს, მაგრამ თუ სამართლიანად და მკაცრად ამხილებ კანონი არ გსჯის.4 (ამ სამი კომენტატორის მოსაზრებები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, სწორედ ამიტომ გავერთიანეთ.)
როგორც უკვე ვთქვით, მოცემულ კანონს არ ახასიათებს საკითხისადმი ცალმხრივი მიდგომა, საჭიროა განვიხილოთ კანონის ორივე მხარე:
ისტორიულადაც და სჯულდებითადაც, ხელისუფლების პატივისცემის საკითხი, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იღებს სათავეს. მოსეს სჯულში ვკითხულობთ: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.“ (გამოს.22.27) ამ პატივისცემის თვალსაჩინო ისტორიული მაგალითი კი ძველი აღთქმიდან არის დავითისა და საულის ურთიერთობა: დავითმა იცის, რომ მადლისმიერად თავადაა ცხებული, თავადაა უფლის თვალში ისრაელის კანონიერი მეფე, მაგრამ არსდროს არ ამცირებს საულის, როგორც ხელისუფლის ღირსებას. ეს დამოკიდებულება საუცხოოდ გამოჩნდება მაშინ, როდესაც დავითს საულის სიკვდილს შეატყობინებენ და მის რეგალიებს მოართმევენ. მეფის მკვლელსა და ღირსების ამყრელს დავითი სიკვდილით დასჯის, მიუხედავად იმისა, რომ მან სამეფო რეგალიები მოართვა. (2მეფ.1.9–15)
ახალ აღთქმაში კი ამ საკითხს ჩვეული სიღრმისეულობით ავითარებს პავლე მოციქული, რომალეთა მიმართ ეპისტოლის მე–13 თავში: „არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.“ (რომ.13.1) წმინდა იოანე ოქროპირი ამ მუხლის კომენტირებისას წერს: „ჯეროვნად ცხადჰყოფს, ვითარმედ სჯული ქრისტესი არა არს მიზეზ შფოთისა და უწესობისა, რომელ არს უმთავროება.“5 ანუ ქრისტიანობა არ უარყოფს სახელმწიფოებრივ წესრიგს, არ უარყოფს სამოქალაქო ხელისუფლების აუცილებლობას. უფრო მეტიც, პავლე მოციქული მოგვიწოდებს ვილოცოთ კიდეც ამ ხელისუფლებისათვის: „გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს, მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა” (1ტიმ.2.1–2) და თუ უნდა ვილოცოთ, ესეიგი ერთგვარად პასუხისმგებელნიც ვართ ამ ხელისუფლების წინაშე, მაშ რაღა გასაკვირია, რომ საეკლესიო კანონმდებლობა არეგულირებს კიდეც ქრისტიანის ურთიერთობას ქვეყნის მმართველობასთან.
მოციქულთა 84–ე კანონის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ეს უკანასკნელი დიდი სჯულიკანონის თემატურ საძიებელში (ძვ.ქართულად“ნაწილნი კანონებრივთა განწესებათანი“) რამდენიმე ადგილას არის მითითებული, კერძოდ: ნაწილი 9–ს(ცოდვათათვის ეპისკოპოსთა და მოყვასთა…) 36–ე თავში6 და ნაწილი 13–ის (ერიკაცთათვის) მე–14 თავში.7
იმდენად სახიფათოა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ქრისტიანთათვის, რომ არამარტო სიტყვიერ შეურაცხყოფის შემთხვევას, არამედ წერილობითი შეურაცხყოფის შემთხვევასაც საგანგებო ჩანართით ეხმიანება დიდი სჯულისკანონი:
იმ პერიოდისათვის, როდესაც ინფორმაციის გავრცელება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული , ხალხის ფართო მასებში ამბის გავრცელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა პოპულარულ, მარტივ ენაზე შესრულებული ნაწერები. რაღა თქმა უნდა ამ ნაწერებით ქვეყის მთელ ტერიტორიაზე შეიძლებოდა უცბად ამბის გავრცელება, ინფორმაციის სიტყვიერ გავრცელებაზე უფრო სწრაფადაც და ხარისხიანადაც. და თუ ამ ნაწერებში ხელისუფლება ილანძღებოდა, ეს სამოქალაქო არეეულობის მეტ საფუძველს ქმნიდა. ასეთ წერილებს „ფამოი“ (famosus libellus. φήμης βιβλία) ეწოდებოდა. მართალია საეკლესიო კანონმდებლობა, საეროსგან განსხვავებით უშუალოდ ფამოების საკითხს არ ითვალისწინებს, მაგრამ „დიდი სჯულის კანონის“ არაერთ რედაქციაში საგანგებოდ იყო მითითებული სამოქალაქო კანონმდებლობის ის წყაროები, რომელნიც ამ საკითხს ეხებოდნენ და საგანგებოდ არის განმარტებული თუ რას ნიშნავს ფამო: „ეწოდების მღდელმთავრისა, გინა სხვისა ვითარ–სახედცა მთავრობისა რაისამე ღირსქმნულისა საქიქებელ–საგინებელ–საგიებელად, ვიეთგამე აღწერილთა, რომელთა მოქმედ–მკითხველ–მსმენელ–თარგმანებელთა საზარელტა პატიჟთა აქადებენ სჯულნი“8 სასჯელი ელის არამარტო ფამოს შემქნელს, რამედ მის გამავრცელებელს და მომსმენსაც კი..
ყოველივე ზემოთქმულდან გამომდინარე ნათელია, რომ მოციქულთა 84–ე კანონი შინაარსობრივად მიგვითითებს იმაზე, თუ როგორ არ შეშვენის ქრისტიანს შფოთისთაობა და სამოქალაქო არეულობაში მონაწილეობა – რისი საფუძველი და უპირველესი გამოიხატულებაც ხელისუფლების შეურაცხყოფა, ანუ მის წინააღმდეგ ამხედრებაა.
რას გულისხმობს კანონის მეორე მხარე, როდესაც გვიკონკრეტებს დანაშაულს: „აგინოს თვინიერ სამართალიასა“? – როგორც კანონის კომენტარებში ვნახეთ (ზონარა) ეს განწესება სრულიადაც არ გამორიცხავს კეთილგონიერ მხილებას. სიცხადისათვის სასურველია პავლე მოციქული სიტყვები რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან (რომ.13.1) დავაკონკრეტოთ წმ.იოანე ოქროპირის განმარტებით: „ვინაითგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთვის არა იტყუს ვითარმედ ყოველი მთავარნი და ხელმწიფებანი ღვთისა მიერ დაიდგინებიან, არამედ თვით პატივი იგი მთავრობისა და ხელმწიფებისა, ღმრთივგანწესებულ არს.“9 – აქ წმიდა იოანე ოქროპირი არაჩვეულებრივი სიცხადით გვეუბნება რომ სახელმწიფოებრიობის პატივისცემასთან გვაქვს საქმე და არა კონკრეტულად რომელიმე ხელისუფლის ბრმა მორჩილებასთან, რადგან: „ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა“ (რომ.13.5) დიახ! ეს მორჩილება არ გულისხმობს შიშის გამო დუმილს, არამედ წარმოადგენს „გონებისათჳსცა იჭჳსა“–ს (ახ. ქართ.– სინდისის) ანუ ერთგვარი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის – აზროვნების საკითხს.
ეკლესიის ისტორიაში ვხვდებით მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ ამხელენ წმ. მამები ხელისუფალთა უზნეობას. მაგალითად თეოდორიტე კვირელმა შემოგვინახა იმპერატორ კონსტანციუსისა და რომის პაპ ლიბერიუსის საუბრაი, სადაც ლიბერიუსი პირდაპირ ამხელს იმპერატორს ათანასეს გადასახლებასთან დაკავშირებით და ეპისკოპოსების მოსყიოდვასა და დაშინებაში ადანაშაულებს: „ვინც ხელი მოაწერა, არ ყოფილან თვითმხილველები, არამედ შენგან მოსალოდნელი დიდების, შიშისა და უაპტიობის გამო გააკეთეს ეს.“10 ასევე უარყოფითად აფასებს თეოდორიტე კვირელი იულიანე განდგომილის მოღვაწეობას, უფრო მეტიც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი „ფამოის მყოფელად“ გვევლინება და წერს სიტყვას „იულიანეს წინააღმდეგ.“11 წმინდა მამათა ცხოვრებაში არაერთგზის შევხვდებით ასეთ ცნობებს, რომელნიც ამხელენ ხელისუფლების უზნეობას, მაგრამ რა თქმა უნდა ამ საქციელით ეს წმ. მამები საეკლესიო კანონმდებლობას არ არღვევდნენ, რადგანაც ეს მხილება არ იყო მოწოდება რევოლუციისაკენ, სამოქალაქო არეულობისაკენ.
საბოლოოდ რას ითვალისწინებს მოციქულთა 84–ე კანონი?
ყველა ზემოთმოყვანილი მსჯელობიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქრისტიანს არ შეშვენის ანარქისტული აზროვნება. ეკლესია წარმოადგენს რა დახვეწილ, ზეციურის მსგავსი იერარქიულობის მქონე ინსტიტუციას, კარგად იაზრებს სამოქალაქო სუბორდინაციის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი არეულობის, ანარქიზმის საფრთხეს და კრძალავს ხელისუფლების შეურახყოფას, ანუ არეულობას უპირისპირდება დასაწყისშივე, მეორეს მხრივ კი რეალური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში არ გამორიცხავ ხელისუფლების შეგონებას, მისი მისამართით ზნეობრივ მოწოდებებსა და მხილებასაც კი.
1.დიდი სჯულიკანონი. თბილისი1975. 225გვ.
2.იქვე.588გვ,
3.ПравилаСвятой Православной Церквис толкованиями Епископа Никодима (Милош) (www.holytrinitymission.org)
4. Апостольские правила (www.agioskanon.ru)
5. სამოციქულოს განმარტება. თბილისი2006. 129გვ.
6.დიდი სჯულიკანონი.ტბილისი1975.183გვ.
7.იქვე.207გვ.
8.იქვე. 183 გვ.
9.სამოციქულოს განმარტება. თბილისი2006.129გვ.
10.თეოდორიტე კვირელი. საეკლესიო ისტორია. თბილისი2008.144გვ.
11. Григорий Богослов. Собрание творений: в 2т. Т.1. — Мн.: Харвест, М.: АСТ, 2000. С. 21-24.
Комментариев нет:
Отправить комментарий